USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
თბილისი
«BBC» : „სომხეთი: დაუმორჩილებლობის აქცია და მთავრობის იმპიჩმენტის მოთხოვნა. საპროტესტო მარშის „თავუში სამშობლოსათვის“ მონაწილეები ერევანში ღამისთევით დაბანაკდნენ“
თარიღი:  362

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დაუმორჩილებლობის აქცია და მთავრობის იმპიჩმენტის მოთხოვნა: საპროტესტო მარშის „თავუში სამშობლოსათვის“ მონაწილეები ერევანში ღამისთევით დაბანაკდნენ“ (ავტორი - გრიგოლ ათანესიანი, BBC-ის კორესპონდენტი ერევანში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა 9 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრში გამართულ საპროტესტო მარშში, ლოზუნგით „თავუში სამშობლოსათვის“ და მთავრობისაგან აზერბაიჯანთან სადაო საზღვრის დემარკაციის შეჩერებას მოითხოვდა.

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მიტინგის დროს მარშის ორგანიზატორმა, თავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა სახელით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დაუყონებლივი გადადგომა ანუ ქვეყნის მთავრობის შეცვლა მოითხოვა. როცა ულტიმატუმის ძირითადი და დამატებითი დრო ამოიწურა,  ნიკოლ ფაშიანისაგან კი პასუხი ვერ მიიღო, ეპისკოპოსმა გამოაცხადა, რომ დემონსტრანტები ღამის გასათევად მოედანზე დარჩებიან.

„თუ თქვენთვის სამშობლო, სახელმწიფო და ჩვენი წამებული ბავშვების სისხლი და სიცოცხლე ძვირფასია, - მიმართა ბაგრატ გალსტანიანმა მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს, - მაშინ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ორი-სამი დღე, უნდა გავუძლოთ, უნდა ვეწამოთ და გავიმარჯვოთ. სხვა გზა არ არსებობს“.

მარში ერევნისაკენ: ხუთი დღე გზაში

საპროტესტო მარში „თავუში სამშობლოსათვის“ დაიწყო გასული კვირის შაბათს, აზერბაიჯანთან მოსაზღვრე თავუშის ოლქის (მარზის) სოფელ კირანციდან, როცა ასეულობით ადამიანმა მთავრობას საზღვრის დელიმატაცია-დემარკაციის პროცესისა  და ბაქოს წინაშე ცალმხრივი დათმობების შეჩერება მოსთხოვა.

„ჩვენ ხელისუფლებასთან უთანხმოების გამოხატვის სხვა ფორმა და მეთოდი არ გვაქვს“, - ამბობდა ბაგრატ გალსტანიანი ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ერევნისაკენ მომავალ გზაზე, - „ეს პრობლემა ეხება არა მარტო თავუშის ოლქში მდებარე რამდენიმე პატარა სოფელს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას“.

ორი კვირის წინ, სანამ დედაქალაქისაკენ ფეხით წავიდოდნენ, სასაზღვრო სოფლების მოსახლეობა ლოკალურად ცდილობდა პროტესტის გამოხატვას, მაგრამ წარუმატებლად, მიუხედავად იმისა, რომ აქციის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ, მთავრობის ყურადღების მისაქცევად, ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი ავტომაგისტრალი გადაკეტა.

სახალხო უკმაყოფილების მიზეზი გახდა ერევანსა და ბაქოს შორის დადებული შეთახმება სახელმწიფო საზღვრის შესახებ, რომელიც სომხეთის თავუშის ოლქსა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონს შორის არსებული მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციას და იქ  მდებარე ოთხი სოფლის აზერბაიჯანისადმი გადაცემას ითვალისწინებს. ასეთმა პერსპექტივამ კირანცში და სხვა საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებლების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. სომხურ მოსახლეობას ეშინია, რომ მათ სახლ-კარის დატოვება მოუწევთ იმ შემთხვევაში, როცა აზერბაიჯანი საზღვარს გააკონტროლებს.

გასულ კვირას სომეხმა სამართალდამცველებმა კირანცთან მისასვლელი გზები ჩაკეტეს და პროტესტის 30-მდე მონაწილე დააკავეს. სწორედ მაშინ გამოაცხადა არქიეპისკოპოსმა ბაგრატმა საპროტესტო მარშის „თავუში სამშობლოსათვის“ დაწყება, რომელსაც მხარი დაუჭირეს სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. მათ პარლამენტში ისეთი კანონპროექტი შეიტანეს განსახილველად, რომელიც ხელს შეუშლიდა მთავრობას აზერბაიჯანისადმი ტერიტორიის გადაცემაში. მმართველ პარტიას „სამოქალაქო შეთანხმებას“ დიდი ძალისხმევა დაჭირდა ამ კანონპროექტის უარსაყოფად.

ზოგიერთი კომენტატორი აღნიშნავს, რომ თავუშის მარშსა და 2018 წელს გამართულ ნიკოლ ფაშინიანის (იმ დროს ოპოზიციური დეპუტატის) მომხრეთა მარშს შორის გარკვეული პარალელები არსებობს: როგორც ცნობილია, მაშინდელმა პროტესტებმა სომხეთი „ხავერდოვან რევოლუციამდე“ მიიყვანა, ნიკოლ ფაშინიანმა კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.

თუმცა, მოვლენათა ასეთი მსგავსების მიუხედავად, პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის ახლო თანამებრძოლია, რწმენა გამოხატა, რომ მარშის მონაწილეები სომხეთის მოსახლეობისაგან ისეთ მტკიცე მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, რომ მოქმედ ხელისუფლებას საფრთხე შეექმნას. „სომხეთში მთავრობის შეცვლა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებით არის შესაძლებელი“, - განუცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებს.

„კმარა ერევნის ცალმხრივი დათმობები ბაქოს წინაშე!“

არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის მიერ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა გახდა ის სპონტანური პასუხი, რომელიც აზერბაიჯანისადმი ოთხი სასაზღვრო სოფლის გადაცემას მოჰყვა. ეს დასახლებული პუნქტები, საეკლესიო მრევლის სახით, თავუშის ეპარქიაში შედიან, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატი ხელმძღვანელობს.

ოთხი სოფლის გადაცემას შეიძლება მხოლოდ საბაბი ვუწოდოთ იმ მცდელობისა, რომელიც ქვეყნის ყველა უკმაყოფილო ძალის მობილიზებასა და გაერთიანებას მოახდენს, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით მის ცალმხრივ დათმობებს აზერბაიჯანისადმი და ამ დროს სანაცვლოდ არაფერს არ იღებს. უფრო მეტიც - ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება რეპრესიებს მიმართავს ოპონენტების მიმართ.

ნიკოლ ფაშინიანის ექვსწლიანმა მმართველობამ, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან 2020 წლის წაგებული ომისა და ყარაბაღის დატოვების შემდეგ, სომხეთში უკმაყოფილო ადამიანები მოამრავლა. მაგრამ წინა მცდელობები ოპოზიციის გაერთიანების მიზნით წარუმატებლად მთავრდებოდა - იმიტომ, რომ იმდროინდელი ოპოზიციური ლიდერები წინააღმდეგობრივი და არაპოპულარული პოლიტიკოსები იყვნენ - ყოფილი პრეზიდენტები და მათთან დაკავშირებული ფიგურები.

სულიერი აღორძინება თუ პოპულიზმის ახალი ვარიანტი?

მათგან განსხვავებით, უწმინდესი ბაგრატი (ასე უწოდებენ სომხეთში ეპისკოპოსებს) შედარებით ახალგაზრდაა, 52 წლის და ქარიზმატულ საზოგადო მოღვაწეს წარმოადგენს. მისი ბიოგრაფია არ არის „დალაქავებული“ ბოლო წლებში სომხეთში მომხდარი პოლიტიკური და კორუფციული სკანდალებით. გარდა ამისა, მღვდელმსახურს ვერავინ ვერ ჩათვლის ვერც „პრორუსულ“ მოღვაწედ, რაც დღევანდელ სომხეთში სასირცხვილო პოზიციად ითვლება - იგი დასავლეთში სწავლობდა და მსახურობდა, კანადაში და დიდ ბრიტანეთში.

ეს ყველაფერი განაპირობებს ნიკოლ ფაშინიანის პარტიის შეშფოთებას, ამიტომაც მასთან ახლოს მდგომმა მედიარესურსებმა ნელ-ნელა „თავუშის მარშის“ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყეს - მისი მონაწილეები და მხარდამჭერები რუსულ სპეცსამსახურებთან და მაფიასთან თანამშრომლობაში დაადანაშალეს, თუმცა რაიმე მტკიცებულებების გარეშე.

ამასობაში კი არქიეპისკოპოსი აცხადებს, რომ მის მიერ ინიცირებული მარში სამშობლოსა და ღირსების შესანარჩუნებლად არის მიმართული. „სულიერებისა და უფლის ერთგულმა ნამდვილმა სომხეთმა ყალბ და ფეისბუქურ სომხეთზე უნდა გაიმარჯვოს“, - პირობას დებს უწმინდესი ბაგრატი.

მაგრამ ხელისუფლების მომხრეთა და მის მოწინააღმდეგეთა გარდა, სომხეთში არის უამრავი ადამიანი, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან როგორც მთავრობით, ისე ოპოზიციით. მათთვის არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის საპროტესტო მარში და მოწოდებები „სულიერი სომხეთისათვის“ - პოპულიზმის კიდევ ერთ სახესხვაობას წარმოადგენს, კონკრეტული პლატფორმის, რეალური მიზნებისა და სიტუაციის სერიოზული ანალიზის გარეშე. მათ თვალში „თავუშის მარში“ ნიკოლ ფაშინიანის „მარშისაგან“ მხოლოდ უფრო მეტი კონსერვატიული ესთეტიკით განსხვავდება.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/crgywpn0w7jo

 

თბილისი
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.