USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
Тбилиси
«Сбрин-Инфо» (სერბეთი): „არის თუ არა „სამხრეთის ფრონტის“ გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ? ეს საქართველოში არჩევნების შემდეგ გადაწყდება“
 1053

სერბული პოპულარული ელექტრონული გაზეთი „სბრინ-ინფო“ (Сбрин-Инфо) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „არის თუ არა „სამხრეთის ფრონტის“ გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ? ეს საქართველოში გადაწყდება“ (ავტორი - ჯორჯე მილოშევიჩი). მასალაში მოცემული შეფასება-დასკვნები შესაძლოა ანტიდასავლურად და პრორუსულად ჩაითვალოს, თუმცა ქართველი მკითხველისათვის მაინც საინტერესო უნდა იყოს.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეოთხედი საუკუნე გავიდა, სამხრეთ კავკასიაში კი სიტუაცია დღემდე სტაბილური არ არის: აქ 25 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა - კონფლიქტები სეპარატისტულ რეგიონებში (აფხაზეთში, „სამხრეთ ოსეთში“, მთიან ყარაბაღში), ომები (რუსეთ-საქართველოს შორის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის). კავკასია დენთის კასრზე ზის - იმიტომ, რომ კონფლიქტები „გაყინულია“ და მოგვარებული არ არიან, ამიტომ ყოველთვის შესაძლებელია ახალი ძალით იფეთქონ და რეგიონი, რომელიც სხვადასხვა გარე ძალების ინტერესების სფეროს წარმოადგენს, ისევ მწვავე დესტაბილიზაციის კერა გახდეს.

საქართველო და სომხეთი დიდი ხანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი - უპირველეს ყოვლისა იმ მიზეზით, რომ ორივე სახელმწიფო მოსკოვისა და დასავლეთის დედაქალაქების ინტერესების სფეროს წარმოადგენს, რაც გავლენას ახდენს მათ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. რეგიონის მდგომარეობა ბევრად არის განპირობებული სომხეთსა და საქართველოში არსებული სიტუაციით.

სომხეთი უკმაყოფილოა მთიანი ყარაბაღის დაკარგვით აზერბაიჯანთან ომის შედეგად, ერევანი თითქოსდა ტრადიციულად მოსკოვის სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება, მაგრამ დღეისათვის რეალურად მოკავშირეობიდან თითქმის არაფერი აღარ დარჩა: ერთი მხრივ, კრემლი უკმაყოფილოა სომხეთის პროდასავლური გადახრით, მეორე მხრივ, სომხეთსაც აქვს სასაყვედურო რუსეთის მიმართ: ერევანს იმედები გაუცრუვდა, როცა რუსეთი აზერბაიჯანთან ომში არ დაეხმარა (სომხეთიც და რუსეთიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის - ОДКБ-ის წევრები არიან). შესაბამისად, ოფიციალური ერევანი (ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა) კრემლს მიანიშნებს, რომ არ არის გამორიცხული სომხეთი ОДКБ-ის შემადგენლობიდან გავიდეს.

საქართველოში შექმნილ სიტუაციას შეიძლება ეწოდოს „მყუდროება ქარიშხლის წინ“. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელმაც, პროგნოზების თანახმად, ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. საქართველო ან დარჩება თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ან დასავლეთის დანამატი გახდება, რომლის შემდეგ, ვაშინგტონისა და ბრიუსელის წაქეზებით, შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტში ჩაებას და ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ „მეორე, სამხრეთის ფრონტი“ გახსნას. ქვეყნის მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერები და სახელმწიფოს ხელმძღვანელები (პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე) ამ საფრთხეზე ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ

საქართველოში არსებული სიტუაცია დიდი ხანია რთულია, ბოლო დროს კი კიდევ უფრო გამწვავდა პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ („უცხოური აგენეტების“) კანონის მიღების გამო. ოპოზიცია მმართველ პარტიას „პრორუსულობაში“ და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებს. მდგომარეობას ისიც ძაბავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის მეთაურად თავის დროზე (2017 წელს) სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იქნა არჩეული, დღეს მმართველ პარტიას უპირისპირდება. ანუ უთანხმოება თვით ხელისუფლების უმაღლეს პირებს შორის არსებობს: პრეზიდენტი ოპოზიციის მხარდამჭერად გამოდის და პროდასავლური ორიენტაცია აქვს. იგი მთავრობას და პრემიერ-მინისტრს - ისევე როგორც ოპოზიცია - „რუსეთუმეობაში“ ბრალს სდებს. რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოს არც რუსეთისა და არც დასავლეთის გავლენის ქვეშ არ უნდა იყოს. (...)

თავის მხრივ, ოპოზიცია, რომელსაც მხარს დასავლეთი უჭერს, არჩევნებამდე ახალ საპროტესტო აქციებს გეგმავს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი ხმას „ევროპულ მომავალს“ (ანუ ოპოზიციას) მისცემს, პრორუსული პარტია „ქართული ოცნება“ კი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების (ევროატლანტიზმის) ღალატის გამო, დამარცხდება და ხელისუფლებას ჩამოშორდება.

ბუნებრივია, მმართველი პარტია თვლის, რომ ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს და ამომრჩევლის დეზორიენტირებას ეწევა.  მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი არჩევნებში მხარს დაუჭერს თავისუფლებას, ღირსებას და დამოუკიდებელი, ანუ ქართული ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებას. „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ოპოზიცია ქართველი ხალხის მხარეზე არ დგას: მთავრობის კურსის მოწინააღმდეგებს სურთ ქვეყანა მცდარი გზით წაიყვანონ და ომის მორევში ჩაითრიონ - ისეთივე გზით, როგორსაც უკრაინა დაადგა და რომელმაც თავისი ანტირუსული პოლიტიკით საბოლოოდ რუსეთთან ომი გამოიწვია. „დღეს ყოველ ქართველს მხოლოდ ერთი რამ სურს - მშვიდობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება“, - ასეთია მმართველი პარტიის თვალსაზრისი. (...)

დასავლეთი საქართველოს მთავრობას ეჭვის თვალით უყურებს, განსაკუთრებით ზემოთ ნახსენები ე.წ. პრორუსული  „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ. აშშ-მა ქვეყანას ფინანსური დახმარება შეუჩერა და აცხადებს, რომ მთავრობის წევრებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა თვლის, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟს წარმოადგენს.

რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა და ქვეყანას დიდი პოლიტიკური ზიანი მიაყენა, იგი ისევ ჩანს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა ამჯერად პატიმრის როლში. მას ქართველი სამართალდამცველები თანამდებობის ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებენ (პრეზიდენტობის დროს). შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური კარიერა თვითონვე გაიფუჭა დაუსრულებელი სკანდალებით უკრაინაში, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ - პატიმრობიდან გათავისუფლების მუდმივი თაღლითური მცდელობებით და ავადმყოფობის იმიტაციით... ნებისმიერ შემთხვევაში, იგი ქარტულ პოლიტიკაში საეჭვოა დაბრუნდეს, თუნდაც მისმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში გაიმარჯვოს (რაც ძნელად წარმოსადგენია).

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები დრო რჩება. რა თქმა უნდა, ოქტომბრის ბოლომდე შეუძლება ბევრი რამ მოხდეს და შეიცვალოს, ამიტომ არჩევნების სედეგების პროგნოზირება ძნელია. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ შემოდგომამდე დასავლეთი საქართველოს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მიაქცევს - უკრაინის ომის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების, ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული სიტუაციისა და სხვა რიგი საერთაშორისო ფაქტორების გამო (...).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე და ნაწილობრივ, სომხეთის შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, გაჩნდება თუ არა სამხრეთის ფრონტის გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ. ამაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხელისუფლების დასავლური ცენტრები. აშკარაა, რომ უახლოეს დროში რუსეთ-უკრაინის ომის არ შეწყდება და არც მისი დარეგულირების მკაფიო ნიშნებიც არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე უდიდეს დანაკარგებს განიცდის. ამ ომში ერთმანეთს ხოცავს ისტორიულად ორი ახლობელი, ქრისტიანული და უპირატესად მართლმადიდებელი სლავური ხალხი. მათ შორის კონფლიქტის პროვოცირება დასავლეთის ქვეყნებმა მოახდინეს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. სწორედ ისინი არიან ჩართულნი ომში კიევის რეჟიმის სასარგებლოდ, რომელიც ხელისუფლებაში თვითონ მათ მოიყვანეს.

წყარო: https://srbin.info/pocetna/aktuelno/da-li-preti-otvaranje-juznog-fronta-protiv-rusije-stvar-se-lomi-u-gruziji/

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати