USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
BBC : „სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ იქნებიან“: როგორ რეაგირებენ დონალდ ტრამპის ახალ ტარიფებზე მსოფლიოში“
Date:  551

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო ანალიტიკური მიმოხილვა სათაურით „სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ იქნებიან“: როგორ რეაგირებენ დონალდ ტრამპის ახალ ტარიფებზე მსოფლიოში“.

„დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ ე.წ. „გაზრდილი ტარიფების“ შემოღების შესახებ მთელ მსოფლიოში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ვაშინგტონის მიერ გამოცხადებულმა სავაჭრო ომის ნეგატიურ შედეგებისა და საპასუხო ზომების მიღების თაობაზე ლაპარაკობენ როგორც ევროპაში, ისე აზიაში. აშშ-ის ზოგიერთი ახლო მოკავშირისათვის ახალი ბაჟების დაწესება მოულოდნელი აღმოჩნდა“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ბრძანებულების თანახმად, ახალი ტარიფები გამოყენებული იქნება ყველა სახელმწიფოს მიმართ. აშშ-ის საბაზო ანუ მინიმალური საბაჟო გადასახადი იმპორტირებულ საქონელზე ამჟამად 10%-ს შეადგენს. ცალკეული სახელმწიფოების მიმართ დადგენილია ბევრად უფრო მაღალი ტარიფები: ჩინეთისათვის - 34%, ევროკავშირისათვის - 20%, იაპონიისათვის - 24%, ინდოეთისათვის კი - 26%.

საფრანგეთი: „დაზარალებულებს დავეხმარებით“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი ამერიკელი კოლეგისა და ნატოელი მოკავშირის ნაბიჯს „დაუნდობელი და დაუსაბუთებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება სერიოზული სახით აისახება ევროპის ეკონომიკაზე. მან ელისეის სასახლეში ფრანგული ეკონომიკის იმ სექტორის წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც სხვებზე მეტად დაზარალდნენ აშშ-ის მიერ შემოღებული ახალი ტარიფების გამო, კერძოდ, მეღვინეობის ინდუსტრიის ბიზნესმენები და მათ სახელმწიფო სუბსიდიებით დახმარება აღუთქვა. სხვათა შორის, ბევრი მათგანი უკვე ადრეც იყო გაზრდილი ტარიფების მსხვერპლი, მაგალითად, ჩინეთისაგან. „ევროკავშირი აშშ-ში 500 მილიარდის პროდუქციის ექსპორტს ახდენს და მათგან დაახლოებით 70%-ზე ახალი ტარიფები იმოქმედებს, თუმც ეს ციფრო ჯერ კიდევ დაზასუტებელია“, - თქვა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის მეთაურის განცხადებით, დღეს ევროკავშირის ქვეყნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთ გუნდად გამოსვლა ამერიკული ტარიფებისაგან თავის დასაცავად. ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ძალა ევროპულ ბაზარშია, რომელიც 450 მილიონ მომხმარებელს ითვლის და ეს ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ამერიკული ბაზარი.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ფრანგ ბიზნესმენებს შეაჩერონ ფრანგული ინვესტიციების ჩადება აშშ-ის ეკონომიკაში მანამ, სანამ არ იქნება შემუშავებული მომდევნო გადაწყვეტილებები ახალ პირობებში.

ევროკავშირი: „ვაფრთხილებთ დონალდ ტრამპს...“

როგორც ევროპის კომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება „მსოფლიო ეკონომიკისადმი მიყენებულ სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს. მისი შედეგი საშინელება იქნება მილიონობით ადამიანისათვის მთელ მსოფლიოში, - აღნიშნა მან „ევროკავშირი - ცენტრალური აზიის“ სამიტზე გამოსვლისას, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ ევროპა საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ვაშინგტონი ბრიუსელთან მოლაპარაკებას არ მოისურვებს.

„ჩვენ უკვე ვამთავრებთ მუშაობას კონტრზომების პირველ პაკეტზე, რომელიც ევროპულ ფოლადზე აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს ეხება. ახლა კი ვემზადებით შემდგომი კონტრზომების მისაღებად - ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი ბიზნესის დასაცავად - იმ შემთხვევისათვის, თუ მოლაპარაკება ჩაიშლება ან საერთოდ არ გაიმართება“, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ირლანდიის ვიცე-პრემიერმა საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ „ევროკავშირმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და პასუხი აწონილ-დაწონილად უნდა გასცეს“, თან დაამატა, რომ „ირლანდია მზადაა გადაწყვეტილების ძიებისათვის აშშ-სთან მოლაპარაკების საფუძველზე“.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ - იგი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელიც იანვარში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო ვაშინგტონში - განაცხადა, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება ტარიფების ზრდის თაობაზე „არასწორი ნაბიჯია“ და  იტალიელებს აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკასთან შეთანხმებას მიაღწიოს და სავაჭრო ომი თავიდან აიცილოს“.

„ჩვენ არ გვსურს სავაჭრო ბარიერების ზრდა. ჩვენ არ გვსურს სავაჭრო ომი, რომელიც ჩვენს ხალხს გააღარიბებს, მსოფლიოში კი სამომავლოდ სახიფათო დაძაბულობას შექმნის“, - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ ქრისტერსონმა.

პეკინი: „სავაჭრო-სატარიფო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ“

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გამოხატულია მუქარა, რომ პეკინი აუცილებლად მიიღებს საპასუხო მკაცრ ზომებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

„სავაჭრო და სატარიფო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, პროტექციონიზმი კი გამოსავალი არ არის“, - ხაზგასმულია დოკუმენტში, - ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი სეცდომა და სავაჭრო დავები ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთანაც, კონსულტაციების გზით უნდა გადაწყვიტოს - თანასწორობის, ურთერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებელის საფუძველზე“.

იაპონია: „რა დავაშავეთ?“

იაპონიის პრემიერ-მინისტრის სიგერუ ისიბას განცხადებით, ტოკიო უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ ამერიკამ იაპონია „დასასჯელთა სიაში მოაქცია“. „ტარიფების ზრდა ნეგატიურ გავლენას მოახდენს ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებზე, მსოფლიო ეკონომიკაზე და მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაზე“.

სიგერუ ისიბამ იაპონელ ბიზნესმენებს აღუთქვა, რომ იპოვის დროსა და შესაძლებლობას, რათა პირადად სთხოვოს დონალდ ტრამპს მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა.

სამხრეთ კორეა: „შესაძლოა გლობალური სავაჭრო ომის დაიწყოს...“

„რამდენადაც სიტუაცია ძალიან სერიოზული ხდება - არის ნიშნები იმისა, რომ შეიძლება გლობალური სავაჭრო ომი დაიწყოს, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს სავაჭრო კრიზისის ნეგატიური შედეგების გადასალახავად“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხან დოკ სუმ.

მთავრობამ განკარგულება გასცა ექსტრენული ზომების მისაღებად დაზარალებული კომპანიების დახმარების მიზნით, რომელშიც კორეული საავტომობილო ფირმებიც შედიან, - აღნიშნულია ქვეყნის მრეწველობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში.

ავსტრალია: „დონალდ, შენ მეგობრები გყავს?“

„მეგობრები ასე არ იქცევიან“, - ასეთნაირად შეაფასა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება საბაჟო ტარიფების გაზრდის თაობაზე ენტონი ალბანეზემ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

„თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი და ტრამპის მიერ გაჟღერებული ტარიფები არანაირი ლოგიკით არ აიხსნება და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება პარტნიორობის საფუძვლებს ჩვენს ქვეყნებს შორის“, - ღრმა სინანულით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და მოსახლეობას აღუთქვა, რომ მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად ქმედით ზომებს მიიღებს.

კანადა: „აშშ ჩვენი მეზობელია, მაგრამ...’

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის თქმით, „მართალია, აშშ ჩვენი მეზობელია, მაგრამ იძულებულნი ვართ არაკეთილმოსურნე მეზობელს მისივე მეთოდებით ვუპასუხოთ“. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოტავა იმოქმედებს მიზანმიმართულად და თავისი ეკონომიკური ძალის გამოყენებით“.

ისრაელი: „ამას ნამდვილად არ ველოდით“

ისრაელმა, რომელმაც ამას წინათ ყველა თავისი საბაჟო გადასახადი გააუქმა ამერიკული პროდუქციის იმპორტზე, „შოკშია ჩავარდნილი“ „დასჯილთა სიაში“ მოხვედრითა და მის წინააღმდეგ 17%-იანი ტარიფის დაწესებით, - წერს ისრაელის მასმედია.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ამერიკა ლმობიერებას გამოიჩენდა ისრაელის მიმართ, რომელმაც საერთოდ გააუქმა ტარიფები ამერიკულ იმპორტზე, მაგრამ შევცდით“, - ციტირებს ისრაელის პრესა ერთ-ერთი სამტავრობო მაღალჩინოსნის ნათქვამს.

„კრემლი დასჯილთა სიაში არ ჩანს“

სადაა რუსეთი? არც დონალდ ტრამპის სიაში და არც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული დამატებით მასალებში  იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით რუსეთი არ ფიგურირებს.

როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ქეროლაინ ლევითმა განაცხადა ერთ-ერთი გამოცემის - Axios-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთი სიაში იმიტომ არ არის, რომ ამერიკას შემოღებული აქვს მკაცრი ანტირუსული სანქციები, რაც რუსეთთან ვაჭრობას გამორიცხავს.

პრეს-მდივნის თქმით, სიაში არ იქნა შეტანილი კუბა, ბელარუსი და ჩრდილოეთ კორეა, რომელთა მიმართაც ასევე ძალიან ხისტი სანქციებია დაწესებული და სავაჭრო ემბარგო  მოქმედებს.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cm2ez0v9d7lo

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way