USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
RFI//КоммерсантЪ//«Московский комсомолец (საფრანგეთი/რუსეთი): მასალები ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
Date:  384

ქართველი მსახიობის, მომღერლისა და რეჟისორის ვახტან კიკაბიძის გარდაცვალების ფაქტი საკმაოდ ფართოდ გაშუქდა უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში - კომენტარები და ნეკროლოგები გამოქვეყნდა ბრიტანული, გერმანული, ფრანგული ტელერადიოკომპანიების (BBC news, Deutsche Welle, RFI – Radio France Internationale…) ვებ-გვერდებზე, ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტები და ა.შ.

როგორც ფრანგული Radio France Internationale-ს პუბლიკაციაში „საქართველოში საბჭოთა კინოსა და ესტრადის ლეგენდა ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა“ კორესპონდენტი რეჟის ჟენტე აღნიშნავს, „ვახტანგ კიკაბიძე, მეტსახელად „ბუბა“, საბჭოთა კინემატოგრაფიისა და ქართული საბჭოთა კინოს წმინდანად იყო აღიარებული. იგი ასევე ჰიტად ქცეული მრავალი სიმღერის ავტორსაც წარმოადგენდა. ბუბას სტატუსი დადასტურდა 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავთა მოედანზე“ მისი ვარსკვლავის გახსნით. ამის მიუხედავად, მან დაგმო ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა და 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გადაწყვიტა რუსეთში აღარ დაბრუნებულიყო. ვახტანგ კიკაბიძემ ასევე გააკრიტიკა რუსეთი უკრაინის ომთან დაკავშირებითაც“, - ნათქვამია პუბლიკაციაში (წყარო: https://www.rfi.fr/fr/culture/20230115-le-g%C3%A9orgien-vakhtang-kikabidze-l%C3%A9gende-du-cin%C3%A9ma-et-de-la-vari%C3%A9t%C3%A9-sovi%C3%A9tiques-est-mort).

და მაინც ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების ფაქტს განსაკუთრებით ყველაზე მეტი ყურდღება მიაქცია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების - რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მასმედიამ, მათგან კი გამორჩეულად - რუსულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, რაც სრულიად ბუნებრივია: ვახტანგ კიკაბიძეს ყველაზე კარგად, საქართველოს შემდეგ, რუსეთში იცნობდნენ (საბჭოთა პერიოდის ჩათვლით).

გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:

გაზეთმა „კომერსანტმა“ («КоммерсантЪ») გამოაქვეყნა სტატია-ნეკროლოგი სათაურით „მიმინოს პრინციპი - ვახტანგ კიკაბიძე როგორც საბჭოთა კინოს არქეტიპი“ (ავტორი - მიხეილ ტროფიმენკოვი), რომელშიც ვკითხულობთ: კოლორიტული და ფაქტურული მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე ყოველთვის მოთხოვნად იყო - გიორგი დანელიას ფილმების გარდა, იგი სხვადასხვა უამრავ ფილმში იყო გადაღებული. და მაინც მისი კარიერა მკვეთრად თავისებურია... მოდით, ობიექტურები ვიყოთ: ვახტანგ კიკაბიძე არ იყო გამოჩენილი დრამატული მსახიობი და, კაცმა რომ თქვას, მას არც ჰქონდა ამის პრეტენზია. ნეგატიურად ნუ გაიგებთ, მაგრამ იგი განწირული იყო ფაქტურული, ანუ მკვეთრად გამოხატული თვისებებით, რომლებიც მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრდება.

ვახტან კიკაბიძე გადაღებული იყო როგორც საბჭოთა სათავგადასავალო ფილმებში („მე გამომძიებელი“ – 1972 წ., „დაკარგული ექსპედიცია“ – 1975 წ., „ტაასი“ უფლებამოსილია განაცხადოს“ – 1984 წ.), ასევე უნგრულშიც  - „ფსევდონიმი: ლუკაჩი“ (1976 წელს), რომელშიც იგი ესპანეთში 1936 წელს მოქმედი მოხალისე-ინტერნაციონალისტურ-ანარქისტული რაზმის მეთაურის, გენერალ ბონავენტურა დურუტის როლში, რომელიც მადრიდის მისადგომებთან იღუპება. სხვათა შორის, ეს ფილმი დაუმსახურებლად არის დავიწყებული.

რაც შეეხება ბუბას საესტრადო დიდების გამოყენებას, მისი სავიზიტო ბარათია „ვერისუბნის მელოდიები“ (1974 წ.), რომელიც რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ გადაიღო. ფილმ-მიუზკლში ვახტანგ კიკაბიძემ შთამბეჭდავად შეასრულა მედროგე პავლეს როლი.

კიდევ ერთხელ: ბუბა არ იყო დრამატული მსახობი, მაგრამ მან შეძლო უფრო დიდი მსახიობი გამხდარიყო - მითი, არქეტიპი, სიმბოლო, საბჭოთა კინოს სახე. და ეს მოხდა მისი სეხვედრით გიორგი დანელიასთან: ტრაგიკომედიამ „არ იდარდო (1969 წ.) ვახტანგ კიკაბიძე სწრაფად გადააქცია მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილ ადამიანად.

გიორგი დანელიამ და ვახტანგ კიკაბიძემ ერთად ოთხ ფილმზე იმუშავეს, მაგრამ ყველა  გაფერმკრთალდა მას შემდეგ, რაც ბუბამ „მიმინოში“ (1977 წ.) ვალიკო მიზანდარის როლი შეასრულა.

ვალიკო გახდა საბჭოთა ინტერნაციონალიზმის განსახიერება და ეროვნული განსაკუთრებულობის სიმბოლო. ვალიკომ საკუთარ თავში გააერთიანა როგორც ეროვნული თავმოყვარეობა, ასევე ეროვნული თვითკრიტიკა და ქართველი ხალხის მსოფლიო დონის გულშემატკივრობა. იგი ჰოლანდიურ გაყინულ ქათმებს ეზიდებოდა ვერტმფრენით და თეთრ ავიალაინერებზე ოცნებობდა... დადგა დრო, როცა მან თავისი ქუდი („კეპკა-აეროდრომი“) საერტაშორისო პილოტის ელეგანტურ უნიფორმაზე გადაცვალა. მას ზალიან სურდა ლარისა ივანოვნას ნახვა და ამისათვის მოსკოვურ ცივ საღამოს საზაფხულო შტიბლეტებში იყინებოდა... ამაყად მიაბიჯებდა „მწვანე კროკოდილით“ ხელში უცხოურ აეროპორტში და ტელეფონით თელ-ავივში მყოფ უცნობ, მაგრამ მაინც თანამემამულე ებრაელთან ქართულად მღეროდა... მას არ უყვარდა ცუდი ადამიანები იმდენად, რომ მათ დანახვაზე „ჭამაც არ შეეძლო“ და როცა ერთხელ „ცუდ პიროვნებასთან შეხვედრას თავი აარიდა, შემთხვევით ჭაღი გატეხა“...

და აქტუალურ კითხვაზე - „მაინც რა იყო ასეთი საბჭოთა კავშირი?“ - მიუხედავად იმისა, რასაც ბუბა ამბობდა ყოფილ სახელმწიფოზე სიცოცხლის ბოლო წლებში, შეიძლება ასეთი პასუხი გაეცეს: „ეს იყო მიმინო“ (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/5772360).

 

გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ (Московский комсомолец») რამდენიმე მასალას აქვეყნებს ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებასთან და მის შემოქმედებასთან დაკავშირებით:

ა) სტატიას სათაურით „ვახტანგ კიკაბიძე სიცოცხლის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის ერთგული დარჩა“ (ავტორი - მარინა პერევოზკინა). პუბლიკაციაში აღნიშნულია გარდაცვლილის დიდი როლი საბჭოთა კინემატოგრაფიისა და ესტრადის განვითარებაში. „ვახტანგ კიკაბიძის სიკვდილი დიდად სამწუხარო ფაქტია. ამბობენ, რომ გარდაცვლილებზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო, თუმცა არის ამ ფრაზის სხვა რედაქციაც: „გარდაცვლილზე არაფერი არ უნდა თქვა სიმართლის გარდა“, - წერს ავტორი და იხსენებს მომღერლის ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, უკრაინისადმი მხარდაჭერას და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილ სოლიდარობას (წყარო: https://www.mk.ru/politics/2023/01/15/kikabidze-do-konca-zhizni-sokhranil-vernost-saakashvili-naveshhal-v-tyurme.html).

ბ) ინტერვიუს თბილისის ალ.გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორთან ნიკოლაი სვენტიცკისთან სათაურით „ბუბას თბილისელის მაღალი წოდება ჰქონდა, ეს კასტას ნიშნავს“ (ესაუბრება ჟურნალისტი მარინა რაიკინა).

„რასაც ვახტანგ კიკაბიძის შესახებ ამბობენ და მას პოლიტიკას უკავშირებენ, ყველაფერი თითიდან გამოწოვილი ტყუილია - მაგალითად, რუსეთის მიმართ მისი ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ. მას საყვედურობდნენ, რომ რუსეთით ისარგებლა, მაგრამ ეს მართალი არ არის. იგი უფასოდაც ხშირად მღეროდა. რუს ხალხს არასოდეს არ ლანძღავდა, უყვარდა რუსები და არ ყოფილა ისეთი კონცერტი, მას რომ რუსულ ენაზეც არ ემღერა. მაგრამ მას ხშირად უხერხულ სიტუაციაშიც აყენებდნენ. მაგალითად, ხუთი წლის წინ ბათუმში ბუბას იუბილე აღინიშნა, იგიგამოვიდასცენაზე და თქვა, რომ რადგანაც დარბაზში ბევრი რუსია, რუსულადაც ვილაპარაკებ და ვიმღერებო“. მართლაც, რუსულადაც იმღერა და ქართულადაც.. ამ დროს გამოვარდა დიმიტრი გორდონი და დაიწყო ყვირილი უკრაინის შესახებ. ბუბა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა - მისი იუბილეა და ამ დროს პოლიტიკა... იგი თბილისელი კაცი იყო, ინტელიგენტი, თბილისელები კი აპრიორულად არავის არ ლანძღავს. თბილისელობა - ეს კასტაა, ამ წოდებას ყველა ვერ ამართლებს“, - ამბობს ნიკოლაი სვენტიცკი ინტერვიუში (წყარო: https://www.mk.ru/culture/2023/01/15/direktor-russkogo-teatra-v-tbilisi-razveyal-mify-ob-otnoshenii-kikabidze-k-rossii.html).

გ) ინტერვიუს რუს პროდიუსერ იოსებ პრიგოჟინთან სათაურით „რა განსხვავებაა ვახტანგ კიკაბიძესა და მაქსიმ გალკინს შორის: „ბუბას პოზიცია ჩემთვის გასაგებია“ (ესაუბრება ირინა ბობროვა).

ინტერვიუში ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ვახტანგ კიკაბიძესთან არამარტო მრავალწლიანი მეგობრობა, არამედ ნათესაობა აკავშირებს, იგი მისი ქალიშვილის - დანაის ნათლიაც არის: „ჩვენ ბუბა უსაზღვროდ გვიყვარდა, მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და უთანხმოების მიუხედავად“.

- თქვენი ურთიერთობა არ გართულებულა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო?

- რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში ურთიერთობის აწყობა რთულია... მე ჩემი პოლიტიკური ხედვა მაქვს, იმას კი თავისი ჰქონდა, თუმცა ეს ხელს არ გვიშლიდა... ვთვლი, რომ ჩვენ ყველა ცივილიზებულ ადამიანებად უნდა დავრჩეთ და ძველი კავშირები არ უნდა გავწყვიტოთ მე მას ყოველთვის დიდი პატივისცემით ვუყურებდი... ზოგჯერ ვდაობდით კიდეც, მაგრამ ჩარჩოები არ დაგვირღვევია. მე ჩემს პოზიციას ვიცავდი, ის კი თავისას. ზოგჯერ ჩემი არგუმენტები უფრო ძლიერი იყო, ზოგჯერ კი მისი. ვახტანგ კიკაბიძე ჭკვიანი ადამიანი იყო და მე არ შემეძლო ჩემი ხედვა მისთვის თავს მომეხვია.

ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს მოქალაქე იყო. მას დღევანდელი რუსეთისაგან, ზოგიერთებისაგან განსხვავებით, არაფერი არ მიუღია. იგი არ სარგებლობდა სახელმწიფო დოტაციებით, არ მუშაობდა რუსეთის ფედერალურ ტელეარხებში, არ გამოდიოდა მათი ეთერით. მან გააკეთა თავისი არჩევანი და ქართველ ხალხთან დარჩა - 2008 წლის შემდეგ რუსეთში არცერთხელ არ ყოფილა. მას არ მოსწონდა ის, რაც ჩვენთან რუსეთში ხდებოდა, არ მოსწონდა ჩვენი ხელისუფლება. მას რომ ცინიკურად ეთვალთმაქცა - ჩამოსულიყო რუსეთში, ფული აეღო კონცერტებში, შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულიყო და [რუსეთი ელანძღა]... არა, ის რუსეთში [ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში] არ ჩამოდიოდა. ამიტომ ვახტან კიკაბიძე ამ მხრივ სხვებისაგან განსხვავდება, მაგალითად, მაქსიმ გალკინისაგან, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო და პირველ არხში“ მუშაობდა. ვახტანგი რუსეთში არ ცხოვრობდა, მას აქ ბინაც არ ჰქონდა, ის არ სარგებლობდა დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების წყალობით.

მე არ მსურს ადამიანების შეძულება და მათი ერთმანეთთან წაკიდება. ჩემთვის ვახტანგ კიკაბიძის პოზიცია გასაგებია, რომელსაც პატივს ვცემ. როგორიც არის, არის. მე მას ასე ვუთხარი: „არ მინდა და არც არასოდეს არ მოვისურვებ ჩვენს დაშორებას“. ვახტანგ კიკაბიძეს ცხოვრებაში ბევრი რამ ჰქონდა გამოცდილი და ნანახი. მას ჰქონდა იმის უფლება, რომ თავისი თვალსაზრისი წარმოეჩინა. აი, დღეს, ყველა რუსული ფედერალური ტელეარხი მასზე ლაპარაკობს და მისი ფილმების კადრებს აჩვენებს. იმიტომ, რომ იგი დიდი პიროვნებაა. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს წარსულს ხაზი გადავუსვათ, ჩვენს ისტორიას“ (წყარო: https://www.mk.ru/social/2023/01/15/iosif-prigozhin-nazval-raznicu-mezhdu-kikabidze-i-galkinym.html).

ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა „ნეზავისიმაია გაზეტაში“ (Независимая газета) სათაურით „მიმინომ რუსეთთან კავშირები გაწყვიტა, მაგრამ რუსების ხსოვნაში დარჩა“, „როსიისკაია გაზეტაში“ (Российская газета) – „მისი წლები: ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნა“ და სხვა გამოცემებში.

მასალა მოამზადა სიმონ კილაძემ

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way