რუსეთის სამთავრობო გაზეთ „როსსიისკაია გაზეტაში“ (Российская газета) დაბეჭდილია სტატია სათაურით „კომუნისტები არ არიან: როგორ დავათვალიერე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი“, რომელშიც ავტორის, რუსი ჟურნალისტის იგორ ელკოვის საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
საქართველოში პოლიტიკური შემოდგომა რადიკალური ოპოზიციისათვის ყველაზე რთულ დროში შედის: ელექტორატი დაღლილია.
„უკვე მომაბეზრებელია ეს ყველაფერი“, - ამბობს თემური, რომელიც ჩქარი მატარებლის თბილისი-ზუგდიდის ვაგონში ჩემთან ერთად ზის, - „მეორე კვირა სულ ერთიდაიგივე მესმის: ბიულეტენები, პროცენტები, მოპარული ხმები, გაყალბება... რაღაც ახალი მაინც თქვან! აი, შენ რომ ჩემი მეზობელი იყო და მე ყოველდღიურად სულ ბიულეტენებზე გიყვიროდე, რა მოხდება? - იგი ერთი წამით ჩაფიქრდა. ჰო, მართლაც რა მოხდება? ვკარნახობ: „შენ ხმას ჩაგიწყდება, მე კი ნერვიულობა დამჩემდება... და ეს ყველაფერი საარჩევნო ბიულეტენების გამო!“.
ვაგონში ბევრმა გაიცინა - როგორც ჩანს, ჩუმად გვისმენდნენ. საქართველოში ყველა ყველაფერზე იჩენს ინტერესს. შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთნონ საუბარში და პირდაპირ „შენობით“ მოგმართონ.
ახლა კი პოლიტიკური ერთიანობის მოკლე მომენტს გაგაცნობთ: მთავრობამ და ოპოზიციამ - ერთმანეთის დაუძინებელმა მტრებმა - ორივემ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ორივე მხარის მილოცვაში ძნელია რაღაც არასტანდარტულის მოძიება, თუმცა ერთმა მაინც მოახერხა მსგავსი რამ ეთქვა - პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა. პირდაპირ გისოსებიანი ფანჯრების მქონე საავადმყოფოს პალატიდან მან მორიგი „საინტერესო ისტორია“ გაამჟღავნა: თურმე მისთვის დონალდ ტრამპს დაურეკავს და უთქვამს - „მიშა, პრეზიდენტის არჩევნებში მინდა მონაწილეობა მივიღო და როგორ ფიქრობ, როგორი შანსები მაქვს, ამერიკაში რატომღაც არ მენდობიანო!“. და როგორ ფიქრობთ, რა უთხრა მიშამ? - „მე მხარს გიჭერ, მიდი, შენი მჯერაო“.
თუ გგონიათ, რომ მე სასაცილო პოლიტიკურ ანეკდოტს გიყვებით, ძალიან სცდებით. ნაავადმყოფარ მიხეილ სააკაშვილის მოგონებებს და განცხადებებს ბეჭდავენ სერიოზული გამოცემები და ქართული ტელევიზიის ეთერშიც გადაიცემა ხოლმე. გაინტერესებთ, როდის დაურეკა მას ტრამპმა? ახლა კი არა, ათი წლის წინათ!
„სულელია ეგ შენი მიშა სააკაშვილი“, - არაპოლიტკორექტულად მიხსნის გორელი გიორგი, - ჩვენთან, გორში, ქალაქის ცენტრში იოსებ სტალინის ძალიან გრანდიოზული, ლამაზი ძეგლი იდგა. იყო თავისთვის, არავის არაფერში ხელს არ უშლიდა. აი, შეხედე, ტელეფონით თავის დროზე სპეციალურად გადავუღე სურათი. მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით კი ძეგლი აიღეს და ახლა ამხანაგი სტალინის ქანდაკება გორის ერთ ქარხანაში მიწაზე დევს. სხვათა შორის, მე ეს ფაქტიც მაქვს დაფიქსირებული. აი, ნახე, თუ არ გჯერა. როგორ შეიძლება ნორმალურ ადამანს ასეთი რამ თავში აზრად მოუვიდეს?“.
მოკლედ, ამდენი ლაპარაკის შემდეგ ზუგდიდში აღარ წავედი და მატარებლიდან გორის სადგურზე ჩამოვედი. კაცმა რომ თქვას, ამდენი მიტინგები და აქციები მეც მომბეზრდა, ისინი რაღაც უინტერესო გახდნენ, რუტინულად გადაიქცნენ. მომინდა პროვინციაში გავლა, უბრალო ხალხთან ახლოს ყოფნა. კითხვა დამებადა - ყველა პოზიცია-ოპოზიციაზე ლაპარაკობს და სად არიან ამ დროს გამოცდილი ამხანაგები, კომუნისტები? რატომ არიან ჩუმად?
ყოველგვარი ირონიის გარეშე: ქართველ კომუნისტებზე ბევრი რამ კარგი მქონდა გაგებული - ისინი გამოდიან მოწოდებებით, რათა საქართველომ და რუსეთმა ერთად, მშვიდობიანად და თანხმობაში იცხოვრონ, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინონ...
სად მოვძებნო კომუნისტები? გორში წადიო, მირჩიეს თბილისელებმა. გორი თბილისიდან დასავლეთით, 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იქ, ქალაქის ცენტრში სტალინის პროსპექტი თურმე ჯერ კიდევ არსებობს. იქვეა მისი ბავშვობის სახლი და ბიუსტიც, სადაც, ალბათ, ყვავილებს მიიტანენ, იქ დგას მისი საყვარელი რკინიგზის ვაგონიც.
ოჰო, თუ ვაგონიც იქ არის, მაშინ წავედი და ეგაა.
და აი მე უკვე გორში, იოსებ სტალინის სახელობის პროსპექტზე მივაბიჯებ.. ალბათ, აუცილებელია გითხრათ, რომ ნამდვილად არ ვარ სტალინისტი, მაგრამ ვაღმერთებ ისტორიას. ძალიან მომწონს და მიყვარს, როცა მსოფლიო მოვლენებს ისტორიული საბედისწერო ლიდერების თვალით შევხედავ ხოლმე (თუნდაც ისინი ტირანები, ბელადები და კერპები იყვნენ). წარმოიდგინეთ: ქართულ მიყრუებულ პროვინციაში მცხოვრები ღარიბი ხარაზის ოჯახში დანადებული ვაჟი ისეთი ადამიანი გახდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ანგარიშს უწევდა. ფენომენია, აბა რა არის? როგორ ცხოვრობდა იგი აქ, რას ხედავდა, რა პირობებში გაატარა თავისი ფეხშიშველი ბავშვობა?
მოკლედ მთავარზე: სტალინის მუზეუმმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა - შევედი და საათნახევარი შეუმჩნევლად გავიდა. სტალინის საყვარელი ვაგონიც ვნახე, ისევე როგორც მისი მამისეული სახლი.
კომუნისტებს კი არ შევხვედრივარ.
როგორც ამიხსნეს, საბჭოთა სიმბოლიკის გამო მხეცური ჯარიმებია დაწესებული, ხოლო თუ მეორედ შეგნიშნავენ, 15-დღიანი პატიმრობა. აბა, კომუნისტები ჩაქუჩ-ნამგლის გარეშე სადმე გინახავთ? ჰოდა, ვერც გორში ვერ ნახავთ.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა: საქართველოში 7 ნოემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და მხოლოდ ერთი თარიღია დღესასწაული - დიდმოწამე წმინდა გიორგის ხსენების დღე, 23 ნოემბერი, მაგრამ მანამდე გაძლება ხომ მინდა ქართული მიტინგომანიის ფონზე...
წყარო: https://rg.ru/2024/11/07/protesty-naskuchili.html
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?
- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.
- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?
- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?
- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.
- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.
წყარო:https://bm.ge/