USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«Московский комсомолец» (რუსეთი): „რატომ მიიღო რეჯეფ ერდოღანმა უკრაინისათვის „აზოვის“ მეთაურების გადაცემის გადაწყვეტილება“
Date:  

იმ დროს, როცა თურქული პრესა დუმილით უხვევს გვერდს 7 ივლისს რეჯეფ ერდოღანის მიერ ვლადიმერ ზელენსკისათვის უკრაინული ნაცბატალიონის „აზოვის“ მეთაურთა გადაცემის ფაქტს და მისი კომენტირება არ ხდება, რუსულ პრესაში პირიქით - „აზოველების“ უკრაინაში დაბრუნება საკმაოდ აქტიურად განიხილება და ექსპერტების კომენტარები ქვეყნდება - იმ მიზეზით, რომ მომხდარი ფაქტი პირდაპირ ეხება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასაც.

კრემლის შეფასებით, ანკარის მიერ გადადგმული ნაბიჯი გასულ წელს ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, რომლის თანახმად, „აზოველები“ თურქეთში ომის დასრულებამდე უნდა ყოფილიყვნენ ე.წ. „შიდა პატიმრობაში“, ახლა კი, როცა ისინი უკვე უკრაინაში არიან, მათ კვლავ შეუძლიათ იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთის საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. რატომ გადადგა რეჯეფ ერდოღანმა ასეთი ანტირუსული ნაბიჯი იმ დროს, როცა მას თავის რუს კოლეგასთან - ვლადიმერ პუტინთან - კარგად ჩამოყალიბებული ურთიერთობა აქვს?

გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ (Московский комсомолец) 10 ივლისის ნომერში სათაურით „რატომ მიიღო რეჯეფ ერდოღანმა უკრაინისათვის „აზოვის“ მეთაურების გადაცემის გადაწყვეტილება“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ექსპერტ იასარ ნიაზბაევთან, რომლის თქმით, „ამ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე მიზეზი არსებობდეს.

პირველი - ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ თურქეთს მძიმე შეიარაღება სთხოვა (თვითმავალი ჰაუბიცები Т-155). არსებობს ვარაუდი, რომ ანკარამ უარი უთხრა, რადგანაც ეს რუსეთთან დამოკიდებულების დაძაბვას გამოიწვევდა და ამის ნაცვლად მასპინძელმა სტუმარ ვოლოდიმირ ზელენსკის ჟესტი გაუკეთა: პრეზიდენტი თურქეთში ჩავიდა და უკან „ცარიელი ხელით“ ხომ ვერ გაუშვებდა? ამიტომ მან „აზოვის“ მეთაურები „შინა პატიმრობიდან“ გაათავისუფლა  და ვოლოდიმირ ზელენსკის გააყოლა. აქვე ვიტყვი, რომ საერთოდ, აზოველები“ თურქეთში თავს საკმაოდ კარგად გრძნობდნენ, მათ კიევი უხდიდა ფულს საცხოვრებელი ბინის დაქირავებაში და კვება - ჩაცმა-დახურვისათვის, ისინი თავისუფლად ხვდებოდნენ არამარტო თურქეთში ჩასულ უკრაინელ პოლიტიკოსებს, არამედ თავიანთი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილნი იყვნენ.

მეორე - შესაძლოა ამ ჟესტით თურქეთმა თავის ნატოელ მოკავშირეებს აჩვენა, რომ ის პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს და მას როცა ჭირდება, შეუძლია რუსეთთან დადებული შეთანხმებაც კი დაარღვიოს ისე, რომ რუსეთი საქმის კურსშიც კი არ ჩააყენოს. ნატოს სამიტის წინ ასეთი პოლიტიკის დემონსტრირება მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთს ვილნიუსში გარკვეულ პრეტენზიებს წაუყენებენ. 

მესამე - თურქეთს უკრაინული მარცვლეულის გატანის შესახებ გარიგების შენარჩუნება სურს, რუსეთს კი მისი გაუქმება. რამდენიმე თვის წინ მოსკოვი დაეთანხმა ანკარის თხოვნას და შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისამდე გააგრძელა, მაგრამ ახლა მისი პროლონგაციის წინააღმდეგია. თურქეთმა თავისი ნაბიჯით რუსეთს მიანიშნა, რომ თუ გაჯიუტდება, ანკარას ბევრი ცუდის გაკეთება შეუძლია რუსეთისათვის.

არის კიდევ მეოთხე ვარიანტი: სირიაში რუსებმა თურქეთის მოქმედება შეზღუდეს და არ არის გამორიცხული, რომ ანკარამ საპასუხო რეაქცია გამოავლინა“.

კითხვაზე, რას გააკეთებს კრემლი და საერთოდ, რამდენად შესაძლებელია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაურესება, ექპერტი პასუხობს:

„რუსეთს დღეს არ აწყობს თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობის გაუარესება, ამიტომ მოსკოვი იძულებული გახდება რაღაც-რაღაცეები მოითმინოს. რუსეთი ხომ თურქეთის ტერიტორიის გავლით საკმაოდ მნიშვნელოვან პროდუქციას იღებს. საერთოდ კი, რასაკვირველია, ორივე მხარეს აქვს ზეწოლის ბერკეტები და როცა მოისურვებენ, მაშინ აამოქმედებენ. თურქულ პრესაში ამ ფაქტს ნაკლები ყურადღება ექცევა, რადგან „აზოველების“ უკრაინისთვის გადაცემის ფაქტი მათთვის, რუსებისაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. თურქებს ახლა თავიანთი პრობლემებიც ბევრი აქვთ“.

„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ჟურნალისტი ესაუბრება აგრეთვე ცნობილ რუს პოლიტოლოგს სერგეი მარკოვს, რომლის აზრით, რეჯეფ ერდოღანს ასეთი ანტირუსული ნაბიჯი ახლო მომავალში უკან ნეგატიურად შეუბრუნდება.

„თურქეთის პრეზიდენტის მოქმედება, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია. იგი ამ ნაბიჯით თავისი პოლიტიკური კაპიტალის დიდ ნაწილს კარგავს. როგორც გახსოვთ, ვლადიმერ პუტინი რეჯეფ ერდოღანს რეკლამას უწევდა და ამბობდა, რომ იგი სიტყვის კაცია და დაპირებებს ყოველთვის ასრულებსო. ახლა ასეთი განცხადების გაკეთება კრემლისთვის უკვე უხერხული იქნება, რადგან თურქმა ლიდერმა საჯაროდ, ყველას დასანახად დაარღვია რუსეთთან დადებული პირობა, რომ „აზოვის“ მეთაურები თურქეთში კონფლიქტის დასრულებამდე იქნებოდნენ“, - ამბობს სერგეი მარკოვი.

კითხვაზე, თუ რით უპასუხებს თურქეთის მოქმედებას რუსეთი, ექსპერტი პასუხობს:

„ალბათ, რუსეთის რეაქცია ვლადიმერ პუტინის დუმილი იქნება რეჯეფ ერდოღანის ნაბიჯის მიმართ. ყველა მიხვდება, რომ იგი თურქ კოლეგას არაფერში აღარ ენდობა. ბევრი უცხოელი ლიდერი იფიქრებს, რომ თუ რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან - რუსეთის ავტორიტეტულ პრეზიდენტთან - დადებულ პირობას არ ასრულებს, მაშინ ის არც სხვებთან არ შეასრულებს. ესე იგი, თურქეთის პრეზიდენტისადმი ნდობის ფაქტორი დაბლა იწევს.

ვფიქრობ, რომ კრემლი რაღაც სიმბოლურ ანტითურქულ ნაბიჯს არ გადადგამს. რუსეთი დაინტერესებულია, რომ თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს. ემოციების გამოვლენა საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, მომხდარი ფაქტი არასასიამოვნოა, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაზე „აზოველების“ გადაცემა გადამწყვეტ გავლენას არ მოახდენს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მომგებიანია „თურქული საჩუქარი“ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, სერგეი მარკოვი ამბობს, რომ „უკრაინის პრეზიდენტისათვის ეს ფაქტი ხმამაღალ საინფორმაციო მოვლენას წარმოადგენს. მას ახლა, როცა კონტრშეტევა წარუმატებელია, ისეთი რამ ჭირდება, რომელიც უკრაინელთა თვალში მის რეაბილიტაციას მოახდენს. იგი აუცილებლად ისარგებლებს ამ ფაქტით, საკუთარი ავტორიტეტისა და გავლენის წარმოჩენის მიზნით“.

წყარო: https://www.mk.ru/politics/2023/07/09/ekspert-obyasnil-pochemu-erdogan-prinyal-reshenie-otdat-ukraine-komandirov-azova.html

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way