USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«CNN» : „რატომ სურს ვლადიმერ პუტინს „მუდმივი ომი“
Date:  329

აშშ-ის სამაუწყებლო ტელეარხის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ბრიტანელი ანალიტიკოსის, ლონდონის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორის მარკ გალეოთის სტატია სათაურით „რატომ სურს ვლადიმერ პუტინს „მუდმივი ომი“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის პრეზიდენტის ხედვა უკრაინასთან მიმდინარე ომის მნიშვნელობაზე და მის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა ამბობს, რომ უკრაინის კონფლიქტი „მუდმივ ომად“ გადაიქცაო, მათ, როგორც წესი, მხედველობაში რაღაც ცუდი აქვთ. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისათვის, როგორც ჩანს, მიზანი სწორედ ეს არის. გასულ კვირას მან 30 სექტემბერი ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა - რუსეთის ფედერაციისათვის ახალი რეგიონების მიერთების დღედ.

მართალია, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს კრემლი ვერ აკონტროლებს, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა ისარგებლა შესაძლებლობით და კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინასთან ომი - „ეს არის ბრძოლა სამშობლოსათვის, ჩვენი სუვერენიტეტისათვის, სულიერი ფასეულობების, ერთობისა და გამარჯვებისათვის“. მისი აზრით, ეს იმდენად უკრაინასთან ბრძოლა კი არ არის, რამდენადაც გლობალური ომი დასავლეთთან, რომელშიც უკრაინა მხოლოდ ბრძოლის ერთ-ერთ ველს წარმოადგენს, თუნდაც განსაკუთრებით სისხლიანს. მან ილაპარაკა „დიდი სამამულო ომის“ აჩრდილზე (ასე უწოდებენ რუსები მეორე მსოფლიო ომს) და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ცივილიზაცია ისევ გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება და რომ დასავლურ გლობალისტურ ძალებს რუსეთის დანგრევა და განადგურება, დამონება სურთ.

ერთი მხრივ, ეს შეიძლებოფა რაღაც აპოკალიპტურ ალიბად მიგვეღო, რომ მან ჩააფლავა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში, რომლის მიზანს, თუ გავიხსენებთ, კიევის სწრაფი დაპყრობა და იქ პრორუსული მარიონეტული რეჟიმის ჩამოყალიბება წარმოადგენდა, სინამდვილეში კი „ოპერაცია“ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა და რუსეთის არმიის ძლიერების საფლავად გადაიქცა.

უფრო მეტიც: როცა ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოპერაციაზე ლაპარაკობს როგორც „ჩვენი სამშობლოს ბედისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ ბრძოლაზე“, ამას ის, როგორც ჩანს, გულწრფელად ამბობს, მაგრამ იგი მოსახლეობას ვერ სთავაზობს მომავლის მკაფიო ხედვას, ვერ აძლევს იმედს და უბრალოდ, აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთთან მტრულ ეგზისტენციალურ ომშია ჩაბმული, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

ეს საკმაოდ უღიმღამო პერპქეტივაა, მაგრამ, ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისით, მას აქვს თავისი აშკარა უპირატესობაც. რა თქმა უნდა, ომი რუსეთისათვის კატასტროფას წარმოადგენს - აშშ-ის სამთავრობო წყაროების ვარაუდით, რუსეთმა, შესაძლოა, უკვე დაკარგა 120 ათასი სამხედრო მოსამსახურე მოკლულის სახით და 170-180 ათასი - დაჭრილის სახით. გარდა ამისა, ეკონომიკური „ჭრილობების შეხორცებას“ წლები დაჭირდება. ომის უმძიმესი შედეგები მომდევნო თაობებზე იმოქმედებს.

უპირატესობა კი იმაშია, რომ „მუდმივი ომი“ შესაძლებლობას იძლევა ხელისუფლებამ - „გვიანი პუტინიზმის“ ეპოქაში - რეპრესიები გააძლიეროს, ომის გამართლების მიზნით და  მოსახლეობაზე ვლადიმერ პუტინის კონტროლის შესანარჩუნებლად. დღეს კრემლისათვის ე.წ. „სხვაგვარად აზროვნების“ ყველაზე უმნიშვნელო გამოვლინებაც კი სახელმწიფოს ღალატად აღიქმება. აუცილებელი ხდება „ტვინების გამორეცხვა“. მოსახლეობა უსიტყვოდ და კრიტიკის გარეშე უნდა დაეთანხმოს რესურსების გადანაწილებას სამხედრო სფეროს სასარგებლოდ. უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯები, წლევანდელთან შედარებით, 70%-ით იზრდება. ეს სამჯერ აღემატება ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს დაცვის ხარჯებს, ერთად აღებულს.

ბრძოლის ველზე ვლადიმერ პუტინს შეუძლია თქვას, რომ იგი იმარჯვებს და არ მარცხდება. უკრაინის არმიამ კონტრშეტევის დროს უკვე გაარღვია რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთის (ზაპოროჟიეს) ფრონტზე, ხოლო ჩრდილოეთში, დონბასის ფრონტზე, ბზარები შეიტანა. კიევს იმედი აქვს, რომ თუ ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფანს ორად ვერ გაჭრის და აზოვის ზღვაზე ვერ გავა (რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი), წინ საკმაოდ შორს მაინც წაიწევს, რომ იმავე დერეფანში არსებულ რკინიგზებს და ავტომაგისტრალებს მისწვდეს და არტილერიით დაბომბოს.

რამდენადაც უკვე შემოდგომის წვიმები ახლოვდება, გაურკვეველია, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი უკრაინის არმიისათვის ამ გეგმის განხორციელება. თუ კიევი შეყოვნდება, მოსკოვს „სულის მოთქმის“ შესაძლებლობა ექნება, რომ თავდაცვა განამტკიცოს, ჯარები გადაისროლოს და მომგებიანად განალაგოს. გარდა ამისა, კრემლს იმედი აქვს, რომ დასავლეთის სურვილი უკრაინისადმი დახმარების გაწევაზე შესუსტდება.

ჩვენ არ ვიცით, გულწრფელად სჯერა თუ არა ვლადიმერ პუტინს, რომ რუსეთი რაღაც „გამარჯვებას“ მაინც იპოვის უკრაინულ ფიასკოში ან უბრალოდ, გრძნობს, რომ მას მეტი ალტერნატივა აღარ აქვს და ჰგონია, რომ თავის მტრებზე მეტ ხანს იცოცხლებს. იგი ფიქრობს, რომ ხშირი ლაპარაკი „მუდმივ ომზე“ მისი მტრების დემორალიზებას იწვევს.

ვლადიმერ პუტინისათვის „მომგებიანია“ ერთი მომენტიც: უკრაინამ რომც შეძლოს და ტავისი ტერიტორიიდან უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი გააძევოს და სახელმწიფო საზღვარი არადგინოს, ეს რუსეთის ჯარებისათვის მხოლოდ ფრონტის ხაზის გადაადგილება იქნება სხვის ტერიტორიაზე. მოსკოვს ექნება შესაძლებლობა აღადგინოს თავისი ძალები, გაუშვას  დრონები და რაკეტები და ყველაფერი გააკეთოს უკრაინის აღდგენის ხელის შესაშლელად.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინმა დასძლია „ვაგნერის“ აჯანყება, რითაც აღკვეთა მის გარემოცვაში გაჩენილი ეჭვები - ხომ არ დაკარგა პრეზიდენტმა სისტემის მართვის უნარი, ხოლო ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დასასრულით პუტინმა ყველა გააფრთხილა: ასეთი ბედი ეწევა ყველას, ვინც კი მასზე ხელს აღმართავს.

სანქციები რეალურ ნეგატიურ გავლენას ახდენენ რუსეთის სამხედრო წარმოებაზე, მაგრამ მათ ომის ესკალაციის შეჩერება არ შეუძლიათ. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ არც რუსეთის ეკონომიკას არ ემუქრება კოლაფსი. დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსები მაინც ჩაეწერებიან მოხალისეებად და ბრძოლებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ - იმის მიუხედავად, რომ გენშტაბი აცხადებს, დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმებაო.

მოკლედ, არცერთი ომი მარადიულად არ გრძელდება, მაგრამ დღეისათვის მშვიდობა ჯერ ძალიან შორსაა - „ჰორიზონტს მიღმაა და მიუწვდომელია“.

წყარო:  https://edition.cnn.com/2023/10/03/opinions/why-putin-wants-a-forever-war-galeotti/index.html

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way