USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
"BM.GE"- რას ვვაჭრობთ რუსეთთან, რომელიც #3 სავაჭრო პარტნიორია?
Date:  515

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ $2.1 მილიარდი შეადგინა, რაც მცირედით, კერძოდ $21 მილიონით, ანუ 1%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდის მონაცემებით, საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმამდე არის გაზრდილი. მიმდინარე წლის ათ თვეში, რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრადაა გადახრილი იმპორტისკენ, რომელზედაც ბრუნვის თითქმის 72% მოდის. იანვარ-ოქტომბერში, რუსეთიდან იმპორტმა მილიარდ 481 მილიონი დოლარი შეადგინა, როცა ექსპორტი $580.3 მილიონს გაუტოლდა.

რას ვყიდულობთ რუსეთში?

ყველაზე დიდი ღირებულებით რუსეთიდან ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ვყიდულობთ, რაც გასაგებია, რადგან რუსეთი, ერთი მხრივ, ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელია, ხოლო რუსული ნავთობი, რომელიც არ არის სანქცირებული, უფრო იაფი ღირს, ვიდრე ევროპული. მიმდინარე წლის ათ თვეში, საქართველომ ბენზინის რუსეთიდან იმპორტში $438.2 მილიონი გადაიხადა, მაგრამ ამასთან, ამ ქვეყნიდან $122 მილიონის ნავთობის აირები, ანუ გაზი შემოვიტანეთ. მესამე ადგილს ფოლადის ნაწარმი იკავებს, რომლის იმპორტი საქართველოს $82.5 მილიონი დაუჯდა. რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტების ხუთეულში ასევე ვხვდებით $62.8 მილიონის ხორბალს და $39 მილიონის ქვენახშირის კოქსს.

რას ვყიდით რუსეთში?

რუსეთში ექსპორტზე უმეტესწილად ადგილობრივი წარმოების ღვინო გაგვაქვს. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართველმა მეღვინეებმა რუსეთში $161.2 მილიონის ღვინო გაიტანეს, როცა ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე სასმელების ექსპორტმა ქვეყანას $128.8 მილიონის შემოსავალი მოუტანა. ექსპორტით მესამე და მეოთხე ადგილს ასევე სასმელი იკავებს — მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტმა $68.1 მილიონი, ლიმონათების ექსპორტმა კი $53.4 მილიონი შეადგინა. ხუთეულში ასევე ვხვდებით სეზონურ ხილს, რაზედაც რუსეთმა $32.2 მილიონი დახარჯა.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჯამურად ყველა ქვეყანასთან $19 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის $1 მილიარდით, ანუ 5.5%-ით მეტია, ვიდრე შარშან და თან, წლის ამ პერიოდისთვის დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს, ანუ რეკორდს წარმოადგენს. შარშან, ბრუნვის ჯამურმა მაჩვენებელმა $21.7 მილიარდი შეადგინა და თუ იმპორტ-ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიმდინარე წელი, სავარაუდოდ, ამ მხრივაც რეკორდული იქნება.

საგარეო ვაჭრობა, რომელიც იმპორტის და ექსპორტის მონაცემებით ფორმირდება, კვლავ მკვეთრად იმპორტისკენაა გადახრილი, რაც საქართველოს ეკონომიკის ბუნებით აიხსნება. მიმდინარე წლის ათ თვეში, ექსპორტმა თითქმის $5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი $13.5 მილიონის ტოლი იყო. ექსპორტმა, შესაბამისად, წლიურად 7.4%-ით იმატა, როცა იმპორტი 4.8%-ითაა გაზრდილი. იმპორტის, ისევე, როგორც ექსპორტის ზრდა, უმეტესწილად მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება.

წყარო:https://bm.ge/

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way