USD 2.7288
EUR 3.1602
RUB 3.4651
Tbilisi
«BBC» : „ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირება: მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი სცენარები“
Date:  119

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირება: მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი სცენარები“ (ავტორი - ჯეიმს ლენდეილი), რომელშიც განხილულია კონფლიქტის პერსპექტივა და გაანალიზებულია მისი სავარაუდო სცენარები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამჟამად ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მხოლოდ ორი სახელმწიფო მონაწილეობს. როგორც გაერომ, ასევე სხვა ქვეყნებმა დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს, მაგრამ რა მოხდება, თუ მოწოდებებს არცერთი მხარე ყურადღებას არ მიაქცევს, კონფლიქტი გამწვავდება და გაფართოვდება?

ვისაუბროთ მოვლენების განვითარების რამდენიმე სავარაუდო და ყველაზე უარეს სცენარებზე.

აშშ-ის ჩართვა კონფლიქტში

მიუხედავად იმისა, რომ აშშ უარყოფს რაიმე მონაწილეობას ისრაელის მხარდაჭერაში, ირანი აშკარად თვლის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მოიწონეს, ან უკიდურეს შემთხვევაში, ფარულად და ჩუმად მაინც მხარი დაუჭირეს ისრაელის ავიადარტყმების გეგმას.

ირანს შეუძლია დარტყმები მიაყენოს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ობიექტებს, მაგალითად, ისეთებს, როგორებიცაა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების ბანაკი ერაყში, სპარსეთის ყურეში მდებარე სამხედრო ბაზები და რეგიონში არსებული აშშ-ის დიპლომატიურ მისიები. გარდა ამისა, მართალია, ირანის მხარდამჭერი „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ამჟამად დასუსტებულნი არიან (ღაზაში და ლიბანში), მათი სამხედრო დაჯგუფებები ერაყში მწყობრში რჩებიან და ძველებურად საფრთხეს წარმოადგენენ. ირანს შეუძლია ისინი აშშ-ის წინააღმდეგ აამოქმედოს.

ცხადია, აშშ შიშობდა, რომ ასეთი თავდასხმები შესაძლებელია და ამიტომ ვაშინგტონმა რეგიონში პერსონალის ნაწილი შეამცირა, ირანი კი მკაცრად გააფრთხილა, რომ თუ ამერიკის კუთვნილი რომელიმე ობიექტი დაზარალდება, ვაშინგტონი თეირანს საპასუხო დარტყმას მიაყენებს.

როგორ განვითარდება მოვლენები, თუ ირანის სარაკეტო შეტევა თელ-ავივში ან იერუსალიმში, ან ისრაელის სხვა ქალაქებში აშშ-ის მოქალაქეების დაღუპვას გამოიწვევს?

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ალბათ, კონფლიქტში ჩარევა მოუწევს. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დიდი ხანია ბრალს სდებენ, რომ მას აშშ-ის ჩათრევა სურს ირანთან ბრძოლაში.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ირანის ზოგიერთი ბირთვული ობიექტის  მიწისზედა ნაგებობა „აისბერგს ჰგავს“, რომლის დიდი ნაწილი მიწისქვეშ მდებარეობს, დაახლოებით 80-100 მეტრის სიღრმეზე. მაგალითად, ფორდოს ურანის გამამდირებელი ქარხანა. ისრაელს ასეთი ობიექტების გასანადგურებლად იარაღი (ავიაბომბები) არ აქვს. სამაგიეროდ, აქვს ამერიკას. დონალდ ტრამპმა თავის ამომრჩევლებს აღუთქვა, რომ არ დაიწყებს „მორიგ ომს“ ახლო აღმოსავლეთში. ამასთან ბევრი რესპუბლიკელი მხარს უჭერს ისრაელის მთავრობას, რომელიც თვლის, რომ სწორედ ახლაა შესაძლებელი ირანის რეჟიმის დამხობა.

მაგრამ თუ აშშ საომარი მოქმედებების აქტიური მონაწილე გახდება, ეს კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციას ნიშნავს გრძელვადიანი და, სავარაუდოდ, ძალიან დამანგრეველი შედეგებით.

სპარსეთის ყურის ქვეყნების პოზიცია

თუ ირანი ვერ შეძლებს ზარალის მიყენებას ისრაელის კარგად გამაგრებული ობიექტების მიმართ, მაშინ თეირანი, ალბათ, თავის რაკეტებს სპარსეთის ყურის უფრო მოწყვლად სამიზნეებზე გადაამისამართებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე, რომლებიც, თეირანის აზრით, წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ მის მტერს - ისრაელს.

რეგიონში ენერგეტიკის უამრავი ინფრასტრუქტურა არსებობს. 2019 წელს ირანი საუდის არაბეთის ნავთობსაბადოების აფეთქებებში დაადანაშაულეს, ხოლო 2022 წელს თეირანის იემენელმა მოკავშირეებმა - ჰუსიტებმა ირანული წარმოების რაკეტებით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს დაარტყეს. მართალია, ბოლო დროს ირანის ურთიერთობა რეგიონის რიგ ქვეყნებთან გარკვეულწილად გაუმჯობესდა, მაგრამ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ავიაბაზებია განთავსებული და ზოგიერთი მათგანი ფარულად მონაწილეობს ისრაელის თავდაცვის უზრუნველყოფაში - აძლევს მონაცემებს ირანის რაკეტების შესახებ - ისე, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.

მოკლედ, თუ ირანი სპარსეთის ყურის რომელიმე ქვეყანას შეუტევს, მისი თავდასხმის ობიექტს შეუძლია ამერიკას დახმარება მოსთხოვოს - ავიაციის ან სამხედრო ხომალდების სახით. ნათელია, რომ ასეთ შემთხვევაში სიტუაცია გამწვავდება.

ისრაელი ვერ შეძლებს ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურებას

რა იქნება, თუ ისრაელის შეტევა საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდება და ირანი ბირთვულ პროგრამას მიწისქვეშ არსებული ქარხნებში მაინც გააგრძელებს? რა მოხდება, თუ 400 კილოგრამ ურანს, რომელიც საკმარისია ათამდე ბირთვული მუხტის დასამზადებლად, ირანი შეინარჩუნებს?

ექსპერტები თვლიან, რომ ირანის მიერ გამდიდრებული ურანი მიწისქვეშ, ღრმად ინახება გასაიდუმლოებულ შახტებში. რა თქმა უნდა, ყურადსაღებია, რომ ისრაელის ავიაშეტევის შედეგად რამდენიმე ირანელი ფიზიკოსი - ბირთვული იარაღის სპეციალისტი დაიღუპა, მაგრამ არავითარ ბომბსა და რაკეტას არ შეუძლია ირანის გამოცდილებისა და ცოდნის განადგურება ბირთვული ფიზიკის დარგში.

რა მოხდება, თუ ისრაელის შეტევებით ირანი დარწმუნდება, რომ ერთადერთი შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ახალი დარტყმები, ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შექმნას ბირთვული იარაღი?

რა მოხდება, თუ ირანის ახალი სამხედრო ლიდერები უფრო ჯიუტები და ნაკლებად თავშეკავებულები აღმოჩნდებიან, ვიდრე მათი დაღუპული წინამორბედები?

ასეთ შემთხვევაში ისრაელი, როგორც მინიმუმი, ახალ შეტევებს განახორციელებს და მთელ რეგიონს დარტყმების უსასრულო ციკლში ჩაითრევს. ისრაელის ამგვარ სტრატეგიას მკვეთრი დასახელება აქვს - „გაზონების გაკრეჭვა“.

გლობალური ეკონომიკური შოკი და პუტინის სიხარული

ნავთობზე ფასი უკვე სწრაფად იზრდება.

რა მოხდება, თუ ირანი შეეცდება ორმუზის სრუტის დაბლოკვას და ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხებას? ან თუ არაბეთის ნახევარკუნძულის მეორე მხარეს - იემენელი ჰუსიტები, რომლებიც ირანის მოკავშირეები არიან და რისკიანი მოქმედებებით გამოირჩევიან - წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს გააორმაგებენ და ბაბ-ელ-მანდების სრუტეს („ცრემლების ჭიშკრის“) ჩაკეტავენ?

მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოსახლეობა ისეთაც განიცდის ცხოვრების დონის დაცემას და კეთილდღეობის კრიზისს. ნავთობზე ფასების ზრდა ხელს შეუწყობს ინფლაციას გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში, რომელსაც ისედაც პრობლემები აქვს დონალდ ტრამპის სატარიფო ომის გამო.

და მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ ერთადერთი პიროვნება, რომლისთვისაც მომგებიანია ნავთობზე ფასების ზრდა - ეს არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მოხარული იქნება, თუ როგორ მდინარესავით შევა რუსეთის ხაზინაში მილიარდობით დოლარი უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად.

ირანის რეჟიმი დაეცემა, გაჩნდება ვაკუუმი

რა მოხდება, თუ ისრაელი შეძლებს თავის გრძელვადიანი მიზნის მიღწევას - ხელს შეუწყობს ირანის მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდას და ისლამური რევოლუციის რეჟიმის დაცემას ირანში?

პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მტკიცებით, მის მთავარ სამიზნეს ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება წარმოადგენს. მან მიმართა „ირანელ ამაყ ხალხს“ და განაცხადა, რომ ისრაელის შეტევა „მათ გზას უკვალავს თავისუფლებისაკენ“, ბოროტი და დესპოტური რეჟიმის დასამხობად.

ირანის მთავრობის დამხობა შეიძლება რეგიონის ზოგიერთი ქვეყნისათვის მიმზიდველი პერსპექტივა იყოს, განსაკუთრებით ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, მაგრამ როგორ ვაკუუმს შექმნის აიათოლების ხელისუფლების კრახი? რა მოულოდნელი და გამოუცნობი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში? როგორი იქნება ირანული სამოქალაქო ომი რელიგიური ელფერით?

ბევრს ახსოვს, რა მოუვიდა ერაყს და ლიბიას სადამ ჰუსეინისა და მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ. სამწუხაროდ, ასე ხდება ხოლმე, როცა ძლიერ ცენტრალიზებული მთავრობები ეცემიან - ყველაზე მეტად მოსახლეობა იჩაგრება.

ამრიგად, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ სახეს მიიღებს კონფლიქტი უახლოეს დღეებში: როგორ გააგრძელებს პასუხის გაცემას ირანი და შეძლებს თუ არა აშშ როგორმე ისრაელის შეჩერებას. ამ ორ კითხვაზე პასუხი ბევრად განისაზღვრავს მოვლენების შემდგომ განვითარებას.

tbilisi
კალაძის განცხადებები 17 ივნისის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესი ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკურ შემოწმებას, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შეფასებას მოიცავს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას, შეცვლას. კრიტიკას ვერ უძლებს სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამიტომ, სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველ რიგში, მას ვაწესრიგებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად მოწმდება. მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში, ღამის საათებში (02:00-დან 06:00-მდე) გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით, სრულად შეიზღუდება. მსგავსი პროფილაქტიკური ღონისძიებები ხელს უწყობს პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა.

მისი თქმით, ახალი გვირაბის მიმდებარედ განხორციელდა უკუშევსების სამუშაოები და უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც მოეწყო.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვაკის რაიონში დავასრულეთ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები. მოძრაობა გახსნილია, ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. როდესაც ახალ გვირაბს ვხსნიდით, აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი, რაც დარჩენილია, ეს არის გვირაბის მიმდებარედ უკუშევსების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებულია. გვირაბის თავზე მოეწყო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც, ტერიტორია აღდგა პირვანდელი სახით და არსებული სივრცე სრულად განახლდა. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ტერიტორიაზე დავიწყებთ გამწვანების სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა პროექტის მიზანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხელს უწყობს დედაქალაქში თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას.

„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს უფრო უსაფრთხო, თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას. ასევე, სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებასთან ერთად, საზოგადოებისთვის საცხოვრებელი გარემოს ხარისხის ამაღლებასაც ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე, მოქალაქეებს მოუწოდა, დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.

მისივე განმარტებით, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„გარემოზე, მათ შორის, ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით მოაწყო ელექტროდამტენები - დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების 100-მდე ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის. აღნიშნული ადგილები წარმოადგენს მნიშვნელოვან სერვისს ელექტროტრანსპორტის მფლობელთათვის და მათი მიზნობრივი გამოყენება აუცილებელია ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, თუმცა, მიუხედავად პერმანენტული მონიტორინგისა და დაჯარიმებებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ პარკირების ადგილებს, რომლებიც ასევე შესაბამისად მონიშნულია, იკავებენ ავტომობილები, რომელთაც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ, რაც დარღვევაა და პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დარღვევას მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში და შესაბამისი სამსახური ავტომობილებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანს.

„მინდა, ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თბილისი კიდევ უფრო სუფთა, ცოცხალი და ეკომეგობრული ქალაქი გახდეს. თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ შემთხვევებზე ვიმოქმედებთ, გვექნება ძალიან პრინციპული დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხელისუფლება ახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას ქვეყანაში. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, ელექტრომობილების განბაჟება, საპარკინგე ადგილები და დამუხტვა უფასოა.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული ტერიტორია, მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქს დაუბრუნდა და მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

მისივე თქმით, იქ, სადაც არსებობს მწვანე სივრცეების შენარჩუნების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტი მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ერთ-ერთი ბოლო მონაცვლეობა, რომელიც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად განხორციელდა, საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთია, სადაც, ასევე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ტერიტორიაც დაუბრუნდა ქალაქს და ახლა იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აქვე მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყოს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშს და განტვირთვას შეძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეების დაცვა-შენარჩუნება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად, რაც ჩვენს დედაქალაქს უხდება, რეკრეაციული სივრცეებია. მათი დაცვა-შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა დედაქალაქის გენერალური გეგმა დავამტკიცეთ, ათეულობით ჰექტარ სამშენებლო ტერიტორიას მიენიჭა ისეთი სტატუსი, სადაც მშენებლობა დაუშვებელია და იქ მხოლოდ მწვანე საფარი, ტყეები, პარკები, სკვერები, სპორტული მოედნები და სხვა რეკრეაციული სივრცეები უნდა მოეწყოს. ასევე, გავამკაცრეთ კანონმდებლობა ხე-ნარგავების უკანონო გაჩეხა-განადგურებისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემსუბუქებისთვის კი გატარდა არაერთი რეფორმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ მსგავსი ადგილმონაცვლეობის განხორციელება მუნიციპალიტეტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

„ისეთი არეალების გამოსყიდვა დავიწყეთ, რომელიც წლების წინ გასხვისებული იყო სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებისთვის. ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული - მოგვიწია ადგილმონაცვლეობები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტს დაებრუნებინა ტერიტორიები და მოეწყო მწვანე სივრცეები. ასეთი ტერიტორიებია: დიღმის ტყე-პარკის ნაწილი, კუს ტბის ასასვლელთან არსებული ტერიტორია, ვაკის პარკის ტერიტორიის ნაწილი, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებული სკვერის ნაწილი და ა.შ. მომდევნო წლებში მსგავს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. თბილისს აქვს უდიდესი რესურსი იმისა, რომ მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს უბნებში. გვახსოვს მავნე პრაქტიკა - რამდენი სპორტული მოედანი, პარკი, სკვერი გასხვისდა სამშენებლო სამუშაოებისთვის. 2017 წლიდან დავამთავრეთ ეს პრაქტიკა და დავიწყეთ ასეთი სივრცეების დაბრუნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way