USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«Известия» : „ევროკავშირი, მიხეილ სააკაშვილის გამო, თბილისზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს“
дата:  174

რუსულ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „რთული პარტნიორი: ევროკავშირი, მიხეილ სააკაშვილის გამო, თბილისზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს“ (ავტორი - ქსენია ლოგინოვა), რომელშიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაა განხილული, ევროპარლამენტის მიერ ამ დღეებში მიღებული რეზოლუციის ფონზე. პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება:

„პოლიტიკური ვენდეტა“

ევროპარლამენტის დეპუტატებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, რომელიც პატიმრობაში 2021 წლიდან იმყოფება და ითხოვენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოს ყოფილ ლიდერს სათანადოდ უმკურნალოს და პატივი სცეს მის უფლებებს და პირად ღირსებას“. დოკუმენტში აღნიშნულია „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, რაც პირად ვენდეტას [შურისძიებას] ნიშნავს. „ამიტომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ საკითხი ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების შემოღების თაობაზე, რომელსაც არსებითი როლი მიუძღვის „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაურესებაში“.

„ნოტამდე საქმე არ მისულა“

ევროპარლამენტის სხდომაზე პოლონეთმა წინადადება შეიტანა, რომ დეპუტატები მხოლოდ რეზოლუციით არ შემოიფარგლონ და საქართველოს სრულფასოვანი დიპლომატიური პროტესტიც გამოუცხადონ. ვარშავის ინიციატივას მხარი ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, უნგრეთის გარდა. შესაბამისად, რადიკალური ზომა მიღებული არ იქნა. ამის მიუხედავად, ევროპარლამენტის ცალკეულმა დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს - ანდრიუს კუბილიუსმა, რასა იუკნიავიჩენემ და სხვებმა.

თავის მხრივ, თბილისმა ბრიუსელს პასუხი გასცა: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რეზოლუციაში ნახსენები სიტყვა „ვენდეტა“ ცინიზმის უმაღლესი გამოვლინებაა - ისე გამოდის, რომ თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაული არ აქვს ჩადენილი, თითქოსდა მის მიერ შექმნილ სისტემას მსხვერპლი არ გამოუწვევია“. თბილისის  მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტარები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებას შანტაჟის ენით ელაპარაკონ. როცა საქმე ეხება ტყუილებს, სიყალბეს და დამნასავეტა მფარველობას, რასაკვირველია, ასეთი რეზოლუცია სერიოზული არ არის. არცერთი ქართველი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ამ ტონით საუბარს არ დაუშვებს, როგორითაც ჩვენს ქვეყანასთან ე.წ. მეგობრები ლაპარაკობენ“.

„სიყვარულიდან კრიტიკამდე...“

თავდაპირველად თბილისის ევროკავშირთან ურთიერთობა აღმავალი ტემპით მიდიოდა - 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრუოლებას, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, შემდეგ ქართველებმა უვიზო რეჟიმიც მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების შენგენის ზონაში წასასვლელად. ბრიუსელი აღიარებდა, რომ საქართველო ინტეგრაციული თვალსაზრისით, საქართველო ბევრად წინ უსწრებდა მოლდოვას და უკრაინას. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ ბრიუსელსა და თბილისს შორის თითქოსდა „შავმა კატამ გაირბინა“: „გასულ წელს ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა „ჩამორჩენილ“ უკრაინას და მოლდოვას, „მოწინავე“ საქართველოს კი უარი განუცხადა - 12 პირობა (სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა, პოლიარიზაციის შესუსტება, დეოლიგარქიზაცია...) წაუყენა და უთხრა, როცა ამათ დააკმაყოფილებ, მაშინ შეიძლება კანდიდატი გახდეო. ცხადია, ასეთი გადაწყვეტილება თბილისისთვის ძალიან საწყენი იყო.

თანდათანობით საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკაზე მკვახე პასუხის გაცემა დაიწყო. კერძოდ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროდეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ამხილეს... ქართველებს აღიზიანებთ ბრიუსელის შეძახილები, რომ თბილისი ჯეროვნად არ ეხმარება კიევს და არ სურს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გახსნას.

არასწორად მოექცნენ...

„ამჟამინდელი გამწვავების მიუხედავად, მთლიანობაში ბრიუსელისა და თბილისის ურთიერთობებში მაინცდამაინც ახალი არაფერი ხდება“, - ამბობს „იზვესტიასთან“ საუბარში არჩილ სიხარულიძე, თბილისელი პოლიტოლოგი.

„საქართველოში არის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ევროპის ფინანსური და ლოჯისტიკური მხარდაჭერით მუშაობს. ამ ჯგუფს ევრდეპუტატების გარკვეული რაოდენობა კურირებს, ანდრეას კუბილიუსის ჩათვლით. შესაბამისად, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის საპირწონის როლს ასრულებენ. ანუ მიმდინარეობს დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და დასავლეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს შორის. ევროპარლამენტის წარმომადგენლები თვლიან, რომ თბილისმა მათ ყველაფერზე თავი უნდა დაუქნიოს და დაეთანხმოს, თორემ ქართველებს ევროპული პერსპექტივა არ ექნებათ. რასაკვირველია, ამას ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“, ოპოზიციის ნაწილი და ქართული საზოგადოების უმრავლესობა. ცხადია, მმართველ პარტიაში ესმით, რომ საზოგადოებაში ურთიერთსაწინააღმდეგო განწყობები ბატონობს: ერთი მხრივ, ქართველებს სურთ ევროპულ ოჯახში იყონ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპას ყველაფერში დავეთანხმოთ. ოპოზიცია, იმის ნაცვლად, რომ ამომრჩევლებთან იმუშაონ, უპირატესობას აძლევს გარეშე ძალას და ევროკავშირთან დახმარების თხოვნას: ისინი მიხვდნენ, რომ ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და გადაწყვიტეს, რომ „ქართულ ოცენებას“ გარედან ებრძოლონ, გადაიბირონ ევროპოლიტიკოსები თუ ევროდეპუტატები თავიანთ მხარეზე და საქართველოს ხელისუფლებას ცუდი იმიჯი შეუქმნან. გარდა ამისა, მმართველ პარტიას აქტიურად ებრძვის უკრაინის პოლიტიკური ელიტა დავით არახამიას სახით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ადამიანებს არ ესმით, თუ სად გადის საზღვარი „ქართულ ოცნებასა“ და ქართველ მოქალაქეებს შორის. საკითხის ასე დასმა - „ან მიხეილ სააკაშვილი, ან ევროპა“ - ძალიან დიდი სისულელე და გულუბრყვილობაა. იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის: ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავეა და ის საპყრობილეში უნდა იჯდეს“.

ევროსკეპტიციზმი გაჩნდა იმის გამო, რომ ბევრი ქართველი დარწმუნებულია - ბრიუსელი მათ არასწორად, დაუმსახურებლად მოექცა. მაგალითად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს: მისცეს მოლდოვას და უკრაინას, საქართველოს კი, რომელიც მათზე რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო, არ მიანიჭეს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ბრიუსელმა ამით „ქართულ ოცნებას“ დაარტყა, მაგრამ დარტყმა ქართველ ამომრჩევლებზე გამოვიდა: მათ სჯეროდათ, რომ ევროპარლამენტი ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს და პატიოსან დასკვნებს აკეთებს. საბოლოო ჯამში კი ამ რწმენას „წყალი შეუდგა“. ევროპარლამენტარების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო ზეწოლას ვერ გაუძლებს და ქედს მოიდრეკს, მაგრამ ამით ზიანს ისინი საკუთარ თავს აყენებენ. ალბათ, მოვა დრო და ევროდეპუტატები მიხვდებიან, რომ მათ უხეში შეცდომა დაუშვეს, როცა საქართველოს წევრობის კანდიდატს სტატუსი არ მიანიჭეს“.

მოსკოვის თავშეკავებული პოზიცია

„ბრიუსელი პოსტსაბჭოთა სივრცეში ტრადიციულ პოლიტიკას ატარებს, „ევროპული ოცნების“ ჩარჩოებში“, - თვლის ნატალია ერიომინა, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი.

„საქართველო ასოცირებულ წევრს წარმოადგენს და შესაბამისად, ბრიუსელი თავისებურ შეფასებას აძლევს თბილისის მოძრაობას ევროპულ გზაზე და საქართველოს სურვილს - გახდეს  ევროკავშირის წევრი - პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. ბრიუსელის აზრით, რაც უფრო მეტად დაშორდება თბილისი მოსკოვს, საქართველო მით უფრო დემოკრატიული გახდება. ფაქტია, რომ ორ ქვეყანას შორის ბიზნესში თანამშრომლობა გრძელდება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. სამწუხაროდ, ევროპარლამენტი ითხოვს რუსეთთან კავშირების გაწყვეტასაც და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც და ჰგონია, რომ საქართველო იმიტომ „გაიჭედა“ ევროპულ გზაზე, რომ ევროკავშირის ყველა მითითებას არ ასრულებს.

სინამდვილეში კი თბილისი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და პარალელურად აცხადებს, რომ მისი საგარეოპოლიტიკური ევროატლანტიკური ორიენტაცია არ შეცვლილა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასეთი ბალანსის სახე მონახა: ერთი მხრივ, აჩვენებს მოსახლეობას, რომ მთავრობა ეროვნულ ინტერესებს იცავს და როცა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას არ  წყვეტს, ამით ზრუნავს ეკონომიკაზე და უფრთხილდება, მეორე მხრივ კი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ განზრახული აქვთ თანამშრომლობის გაღრმავება და განმტკიცება ევროკავშირთან

რასაკვირველია, ამ დროს რისკის ქვეშ ექცევიან ქართველი მილიარდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც უკვე იგრძნო ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან. ზეწოლის ასეთი მეთოდები გაგრძელდება, რომ საქართველო ბრიუსელის მოთხოვნებზე დათანხმდეს. ეს ევროკავშირის ტრადიციული პოლიტიკაა: იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ევრონტეგრაცია სურთ, უნდა შეასრულონ ის, რასაც ბრიუსელიდან ეუბნებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ დასჯიან. მოსკოვი ასეთ სიტუაციაში თავშეკავებულ პოზიციას იჩენს. გასაგებია, რატომაც: რუსეთი სურს, რომ საქართველომ უკრაინის მიმართ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს“.

წყარო: https://iz.ru/1471869/kseniia-loginova/slozhnyi-partner-evrosoiuz-pytaetsia-nadavit-na-tbilisi-iz-za-saakashvili

მოამზადა სიმონ კილაძემ

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати