USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
«Комсомольская правда»: „ამბოხების ერთი დღე: ვინ გადაარჩინა სინამდვილეში რუსეთი და ვინ შეაჩერა „ვაგნერელთა“ კოლონა?“
Date:  384

რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ (Комсомольская правда) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამბოხების ერთი დღე: ვინ გადაარჩინა სინამდვილეში რუსეთი და ვინ შეაჩერა „ვაგნერელთა“ კოლონა?“ (ავტორი - ალექსანდრე გრიშინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დივანზე მოხერხებულად მჯდომმა და ნოუთბუქებით შეიარაღებულმა არმიამ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შაბათს ან გაყუჩებული იყო, ან „ვაგნერის“ დირექტორს აქებდა და მისი „მოსკოვური ლაშქრობისგან“ რაღაც დიდ შედეგს ელოდებოდა, უკვე კვირას, როცა ევგენი პრიგოჟინის გეგმა ვერ განხორციელდა, საპირისპირო განცხადებების გაკეთება დაიწყო - ხელისუფლებამ ყველაფერი ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო - მასთან მოლაპარაკება არ უნდა დაეწყოო. ზოგიერთები, სხვათა შორის, იმასაც ფიქრობენ, რომ რუსეთი თურმე ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაურჩენია.

მართლაცდა, სადაო არაა, რომ ალექსანდრე გრიგორევიჩმა თავისი დიდი როლი შეასრულა კრიზისის გადაწყვეტაში. პირველ რიგში იმით, რომ მან კომუნიკაციის არხი შექმნა: „ვაგნერის“ ხელმძღვანელებს იგი არაერთი ათეული წელია პირადად იცნობს. მაგრამ ალექსანდრე ლუკაშენკო ევგენი პრიგოჟინს თავის პირობებს კი არ ეუბნებოდა, არამედ იმ ადამიანის სიტყვებს უმეორებდა, რომელმაც რთულ სიტუაციაში სიმტკიცე შეინარჩუნა და როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად მოქმედებდა.

ეს ადამიანი იყო ვლადიმერ პუტინი. სინამდვილეში სწორედ მან შეძლო ამ ისტორის მშვიდობიანად დასრულება.

შეიძლებოდა თუ არა „ვაგნერის“ განადგურება ძალისმიერი მეთოდებით? რა თქმა უნდა. დამეთანხმებით, რომ კოლონა, რომელიც გზატკეცილზე მარშით მოძრაობს, საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენს. პრიგოჟინი რომ კრემლში პუტინის ნაცვლად მჯდარიყო, ეჭვი არ მეპარება, იგი ამბოხებულთა კოლონას ნამდვილად გაანადგურებდა. და საერთოდ, ყოველი  გენერალიც პუტინის  ადგილზე იგივეს გააკეთებდა. მადლობა ღმერთს, რომ მათგან ვერცერთი პრეზიდენტის როლს ვერ შეასრულებდა და კიდევ ერთი მადლობა უფალს, რომ იქ, კრემლში, სწორედ ვლადიმერ პუტინი ზის და სხვა არა.

თუ თქვენ აქამდე არ შეგინიშნავთ, მაშინ მე გეტყვით, რომ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება, მით უმეტეს, არ სურს საქმის სისხლისღვრამდე მიყვანა. იგი პოლიტიკურ ოპონენტებთან და ამპარტავან ოლიგარქებთანაც კი ცდილობს  საქმე მშვიდობიანად მოაგვაროს და ოპონენტს გონივრულობისაკენ უხმობს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პრეზიდენტი ყველა მათგანს, თავისი გარემოცვის ჩათვლით, ჭკვიან ადამიანებად თვლის და დარწმუნებულია, რომ ისინი სრულიად ნორმალურად იქცევიან (თუმცა, ჩვენში დარჩეს და ბევრი მათგანი ყოველთვის ვერ გებულობს არათუ მინიშნებებს, არამედ უბრალო რუსულ სიტყვებსაც კი). პრეზიდენტი ხისტ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა სხვა მეთოდი ამოიწურება. და როცა მიიღებს, იშვიათად თუ ცვლის, უძლურია ხვეწნა-მუდარები და თხოვნები..

გახსოვთ, რამდენ ხანს ელოლიავებოდა უკრაინას? იმიტომ რომ სისხლის დაღვრა არ სურდა და ნამდვილად თვლიდა უკრაინელებს მოძმე ხალხად (ახლა როგორ თვლის, არ ვიცი), მაგრამ რადგანაც „ტოვარიშჩ ბერია ვიშიოლ იზ დოვერია“, პრეზიდენტმაც უკან აღარ დაიხია.

ვლადიმერ პუტინისათვის „პრიგოჟინელებიც“ ასეთივე გზადაბნეული ადამიანები არიან, რომელთა განადგურებას იგი არავითარ შემთხვევაში არ გეგმავდა და არ იძლეოდა რადიკალურ ბრძანებებს, სანამ ეს მოსათმენი იყო - სხვათა შორის ბორის ელცინისაგან განსხვავებით, რომელმაც მსგავსი ბრძანება 1993 წელს გასცა და რომლის მწარე გემოს საზოგადოება დღესაც გრძნობს. განა სასიამოვნოა ბრძანების გაცემა რამდენიმე ათასი რუსი ადამიანის მოკვლის მიზნით? არავის არ ვუსურვებ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. მაგრამ განა პრეზიდენტმა მერყეობა უნდა გამოიჩინოს, როცა ისინი „წითელ ხაზებს“ გადაკვეთენ და რეალურად დაემუქრებიან ქვეყნის უსაფრთხოებას? დიახ, ასეთი ბრძანება, ალბათ, გაცემული უნდა ყოფილიყო. ამიტომაც აშკარად არ ღირს თავზე ნაცრის წაყრა და მოთქმა-გოდება. ყველაფერი გაკეთდა ოპტიმალური სცენარით.

რასაკვირველია, „პრიგოჟინელები“ რუსულ სახელმწიფოს ორხელისუფლებიანობისა და  სამოქალაქო ომის ზღურბლამდე ვერ მიიყვანდნენ - მათ ამისათვის არც ხალხისაგან არ ექნებოდათ მხარდაჭერა და არც სახელმწიფო ორგანოებისაგან, მაგრამ სისხლისღვრამდე სიტუაცია, ალბათ, მართლაც მივიდოდა. ამიტომაც არ ღირს „ნიანგის ცრემლების“ დაღვრა, როგორც ამას აკეთებენ ყველაზე „ადექვატური“ უკრაინული ტელეგრამ-არხები და რუსი ლიბერალები, რომლებიც წერენ და გაიძახიან - რუსეთის პრეზიდენტმა რეპუტაცია შეილახა და პრესტიჟი დაკარგაო ასეთ სიტუაციაში. პირიქით - რუსეთმა თავისი ავტორიტეტი უფრო განიმტკიცა და აჩვენა, რომ ის ყოველ კრიზისს უმკლავდება - შინაგანსაც და გარეგანსაც.

რუსეთმა მორიგი გამოცდა გაიარა, ვლადიმერ პუტინმა კი მორიგი „ქრაშ-ტესტი“ (ანუ ტესტი შეტაკებაზე) ჩააბარა.

და უნდა დავიმახსოვროთ ორი რამ: პირველი - ვლადიმერ პუტინი არ ირჩევს გარეგნულად ეფექტურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ყოველთვის დგას ეფექტურობის პოზიციაზე. მეორე - მას კარგი მახსოვრობა აქვს: ახსოვს, თუ ვინ სად როდის რას აკეთებდა. 24 ივნისის შემდეგ მე მხოლოდ განმიმტკიცდა ის რწმენა, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ისეთი ლიდერი ჰყავს, როგორიც ჭირდება. წინ მივდივართ, მტრების გულის გასახეთქად.

წყარო: https://www.kp.ru/daily/27520.5/4783913/

 

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way