USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Тбилиси
ISFED - თვითმმართველობების Facebook გვერდებზე მმართველი პარტიის წარმოჩენა გახშირდა
дата:  435

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მართველი პარტიის სოციალურ ქსელებსი აქტიურობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

"თბილისი პოსტი"  უცვლელად გთავაზობთ კვლევის შედეგებს:

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  ნაწილი ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდების გამოყენებით 2020 წლის აპრილიდან მმართველი პარტიის სასარგებლო კამპანიაში ჩაერთო. მმართველი პარტიის გარდა, ცალკეული მუნიციპალიტეტები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სასარგებლო კამპანიაშიც არის ჩართული.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების 133 ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდი, მათგან 69 მერიის და 64 საკრებულოს გვერდები.

2019 წელს 69 მერიის „ფეისბუქ“ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებში პარტია „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია მხოლოდ ერთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ოთხჯერ, 2019 წლის მარტში, სექტემბერში და დეკემბერში იყო გამოქვეყნებული. რაც შეეხება საკრებულოებს, 64 გვერდიდან პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით 5 საკრებულოს გვერდის მიერ ჯამში 13 პოსტი გამოქვეყნდა.

სურათი დრამატულად იცვლება 2020 წლის აპრილიდან, როდესაც საკრებულოების და მერიების ოფიციალურმა „ფეისბუქ“ გვერდებმა პარტია „ქართული ოცნების“ კონტექსტში პოსტების გამოქვეყნება ინტენსიურად დაიწყეს, რასაც საერთო ინსტრუქციით მოქმედების ელფერი აქვს.

მაგალითად, 2020 წლის მაისში, მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერიების „ფეისბუქ“ გვერდებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია სისხლის დონაციის აქციის შესახებ, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ აქციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ საკრებულოების დეპუტატები. საკრებულოების სხვა პარტიების წევრების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

-----

   

-----

2020 წლის იანვრიდან დღემდე 20 მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში პარტია „ქართული ოცნება“ 29-ჯერ ახსენეს ნეიტრალურ, ან პოზიტიურ კონტექსტში. ხოლო საკრებულოებმა ასეთი 54 პოსტი გამოაქვეყნეს. პარტიის სახელი ხშირად საკრებულოს წევრების აფილაციის კონტექსტში არის გამოყენებული, თუმცა წარსულში ასეთი პრაქტიკა არ ყოფილა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები სხვა არცერთ პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდატს არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრები სხვა პოლიტიკური პარტიების წევრებიც არიან.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მუნიციპალიტეტების ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდების ამგვარი აქტივობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიის გამიჯვნის ვალდებულების პრინციპს და საჯარო რესურსების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენების რისკებს ზრდის.

საგულისხმოა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის ერთ-ერთი სამიზნე ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდების მონიტორინგი იყო, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ თვითმმართველობების ვებ და სოციალური მედიის პლატფორმები (ვებ-გვერდი და „ფეისბუქ“ გვერდი) ცალკეული გამონაკლისის გარდა პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებოდა და მათი მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობების შესახებ მხოლოდ მოქალაქეთა ინფორმირება იყო, რაც ანგარიშვალდებულების კარგ მაგალითს წარმოადგენდა. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოვლენილი ტენდენცია - მმართველი პარტიის და მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მუნიციპალიტეტების საინფორმაციო პლატფორმების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად და საჯარო რესურსების არამიზნობრივად გამოყენებად უნდა შეფასდეს.

მართალია, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება და „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პერიოდიდან მოქმედებს,  მაგრამ საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შიდა კანონმდებლობის გარდა უნდა განიმარტოს მოქმედი საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით. ამ მხრივ, კი უმნიშვნელოვანესია ეუთოს კოპენჰაგენის 1990 წლის დოკუმენტით დაწესებული  სტანდარტი - საჯარო რესურსებზე თანაბარი წვდომა პოლიტიკური პარტიებისთვის და მკაფიო ზღვარის არსებობა სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიას შორის[1].

სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმური საქმიანობა განცალკევებული უნდა იყოს მმართველი პარტიის საქმიანობისგან, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში. იურიდიული და ეთიკური სტადარტები იმგვარად უნდა იყოს გატარებული, რომ შესაძლებელი იყოს თვითმმართველობების საქმიანობის მკაფიო განსხვავება პარტიული საქმიანობისგან. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა სოციალური მედიის ოფიციალურ პლატფორმებზე თავი უნდა შეიკავონ მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ფარული რეკლამირებისაგან. 

ანგარიში მომზადებულია „ფეისბუქზე“ არსებულ ღია წყაროებზე დაკვირვებითმონიტორიგის 

ხელსაწყოდ გამოყენებულია Facebook-ის კუთვნილი სოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle.

 სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება 

ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითშეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების 

სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტისდა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებითსტატიის შინაარსზე 

პასუხისმგებელია მხოლოდსამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

 (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არასახავდეს დონორების პოზიციას. 

წყარო:http://www.isfed.ge/

 

Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати