USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
თბილისი
"FORBERS.GE" - თბილისის ზღვის ახალი ტალღა
თარიღი:  522
ჯინო ჰოლდინგის პრეზიდენტი ნოდარ გიორგაძე უკვე წლებია, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული ცენტრის, თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარებაზე ზრუნავს. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო აკვაპარკის შექმნის შემდეგ მისი მიზანი უნიკალური ზღვისპირა ურბანული პროექტის, თბილისის ბულვარის განხორციელებაა, რომლის ღირებულებაც 250 მილიონი ევროა.

ავტორი: ანინა ტეფნაძე 

ჯინო ჰოლდინგი უკვე მრავალი წელია, არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს. როგორია კომპანიის ისტორია? რა გზა გაიარეთ, სანამ მას შექმნიდით? 

ჯინო ჰოლდინგის აქტივობა საქართველოში 2012 წელს იწყება, როდესაც საქართველოში პირველი პროექტი ჯინო აკვაპარკი  შევქმენი. ეს პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევა და გამოცდილება იყო. ჩემი განვლილი ცხოვრება არ უკავშირდებოდა ბიზნესსაქმიანობას, ცხოვრების ნახევარი სახელმწიფო სამსახურში გავატარე. პროფესიით ფიზიკოსი, იურისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვარ, სხვადასხვა დროს ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და საჯარო თანამდებობებზე, ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს პარლამენტის წევრი და პრეზიდენტის მთავარი სამხედრო პოლიტიკური მრჩეველი. ვიყავი ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს ევროპულ სტრუქტურებში. მეამაყება, რომ პირველმა ავწიე საქართველოს დროშა ნატოში. ასევე გახლდით ომის ვეტერანთა მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დელეგატი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 2016 წლიდან კი საქართველოს საპატიო კონსული ვარ სლოვაკეთის რესპუბლიკაში. აქედან გამომდინარე, ბიზნესში წასვლის გადაწყვეტილება რომ მივიღე, ყველა გაოცებული იყო, მაგრამ 50 წლის ასაკში მივხვდი, რომ ან ახლა, ან — არასდროს, დრო იყო, დაგროვილი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა საკუთარი ბიზნესისკენ მიმემართა. 

თბილისის ზღვა შემთხვევით არ შემირჩევია. ქალაქის ცენტრთან შედარებით, ეს ნაკლებად დატვირთული ზონაა, რაც კომფორტული და სუფთა გარემოს შენარჩუნების განმაპირობებელი ფაქტორია — არის უნიკალური ბუნება, ხედები, ტყე-პარკი და, რაც მთავარია, ზღვა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ტარდებოდა კვლევები, სად იყო საუკეთესო კლიმატური პირობები გულ-სისხლძარღვთა დაავადების რეაბლიტაციისა და მკურნალობის მიმართულებით, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იყო ბაიკალი, ბიჭვინთა და თბილისის ზღვის ტერიტორია. თბილისის ზღვის ზედაპირი ხელს უწყობს ტენიანი ჰავის ფორმირებას, რაც სასარგებლოა რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. სწორედ ამიტომ, 1988-1989 წლებში გადაწყდა, აქ აშენებულიყო საერთაშორისო სარეაბილიტაციო-სამკურნალო ცენტრი. პროექტი ვერ შედგა, მაგრამ მიკროკლიმატი არსად წასულა.

ჩემმა იდეამ, სწორედ ამ ადგილას შემექმნა აკვაპარკი, თბილისის ზღვას, როგორც ფაქტობრივად აუთვისებელ კლიმატურ კურორტს, უსაზღვრო პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობა გაუჩინა. ამჟამად ჯინო აკვაპარკი ევროპის 10 საუკეთესო აკვაპარკს შორის არის დასახელებული – ის 16 ჰექტარზეა გადაჭიმული და 10 ღია და დახურულ აუზს, მრავალფეროვან ჯაკუზებს, 500-მდე სხვადასხვა სასრიალოსა და სხვადასხვა ატრაქციონს აერთიანებს.

ჯინო აკვაპარკი პოზიციონირებს არა როგორც სეზონური გასართობი ადგილი, არამედ დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. რა არის ის მთავარი ელემენტები, რამაც პროექტის წარმატება განაპირობა? 

ჯინო აკვაპარკი ოჯახების გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია წელიწადის ოთხივე სეზონზე. აქ არის სივრცეები როგორც ბავშვებისთვის, ისე — უფროსებისთვის, ჯინო სპა და ველნეს ცენტრი აერთიანებს 9 სხვადასხვა სახეობის საუნას და ვიზიტორებს მრავალფეროვან სამასაჟო პროცედურებს სთავაზობს. 2023 წელს ოპერირება დაიწყო აკვაპარკის გვერდით მდებარე 5-ვარსკვლავიანმა სასტუმრო Gino Seaside-მა, რომელიც 218 საინვესტიციო აპარტამენტს აერთიანებს. 

სასტუმროში, კომფორტული ნომრების გარდა, რესტორანი, ბარი, საკონფერენციო სივრცეები და აუზია განთავსებული.

ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი წლის შრომის შედეგად მივიღეთ განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც მკაცრად რეგულირდება და ითვალისწინებს მხოლოდ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას, რაც თავიდანვე გამორიცხავს დაუგეგმავ და არათანამიმდევრულ მშენებლობას და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული ურბანული სივრცის შექმნას. ჯინო ჰოლდინგის მიერ აკვაპარკის მშენებლობასა და განვითარებაში 45 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე განხორციელებულია და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. უშუალოდ სასტუმრო ჯინო სისაიდ თბილისში კი უკვე ინვესტირებულია 20 მილიონ ევრომდე.

ჩვენ ვგეგმავთ პროექტებს ზეგინდელი დღით, ვაშენებთ ხვალინდელს და ვცხოვრობთ დღევანდელობით. ჩვენი პროექტები არა მხოლოდ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს, არამედ ამსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომავლის სტანდარტებს აყალიბებს. ვქმნით პროექტებს ადამიანებისთვის, რომლებიც ყველასგან განსხვავებულ თანამედროვე საცხოვრებელ პირობებს მიიღებენ. 

როგორც ჩანს, თქვენი ახალი პროექტი თბილისის ბულვარიც თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარების დიდი სურათის ნაწილია. რა შეგიძლიათ ამ პროექტზე მოგვიყვეთ? 

 თბილისის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს დღეს არაერთი ურბანული გამოწვევა აწუხებთ: დაბინძურებული ჰაერი, მუდმივი საცობები, მოულოდნელად შეცვლილი ხედები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ყიდვის მომენტში არსებული ხედისგან, სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნების სიმცირე, მწვანე სივრცეებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აუცილებლად მივიჩნიეთ ისეთი თანამედროვე, გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი საცხოვრებელი სივრცეების შექმნა, როგორიც „თბილისის ბულვარია“. ეს იქნება ერთადერთი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, რომელიც მომხმარებელს ზღვასთან სიახლოვეს სთავაზობს. თბილისის ზღვის პანორამული ხედი არა მხოლოდ ესთეტიკური ღირებულების მატარებელია, არამედ ხარისხიანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი ელემენტიც. ამიტომ გრძელვადიანი და სტრატეგიული ქალაქგეგმარება უნდა ითვალისწინებდეს ამ ხედების შენარჩუნებას და ურბანული განვითარების ისეთ მოდელს, რომელიც დაბალანსებულად აერთიანებს ბუნებრივ გარემოსთან თანაარსებობას, მდგრად ინფრასტრუქტურას და მცხოვრებლების კომფორტს.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა უნიკალური სანაპირო ზოლი, სადაც იქნება პრომენადი. ჩემი ოცნება იყო, რომ თბილისში მსგავსი ბულვარი გვქონოდა. ეს არის დაახლოებით 8 000 კვ/მ სანაპირო ზოლი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, ისეირნონ, დაისვენონ, გაერთონ და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარონ დრო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი პროექტი არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონშიც არ არსებობს.

როგორი იქნება თბილისის ბულვარის მცხოვრებლების ყოველდღიური რეჟიმი და ცხოვრების სტილი?

 მე და ჩემი გუნდის წევრებს გვჯერა, რომ ცხოვრება არ უნდა დავყოთ ცუდ და კარგ ნაწილებად. ამიტომაც ვქმნით ისეთ ადგილებს, სადაც აქტიური, ჯანსაღი, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ბუნებრივად ერწყმის ადამიანის ყოველდღიურობას. მე მჯერა და მინდა სხვებიც დავარწმუნო, რომ სასიამოვნოსა და სასარგებლოს შერწყმა შესაძლებელია. მეტიც, „თბილისის ბულვარში“ ასეთი ყოფა ყოველდღიურობის ნაწილი გახდება და რადიკალურად შეცვლის თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესს.

ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ მათთვის, ვინც აქ იცხოვრებს, სიმშვიდე ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყოს — დადებითი განწყობა გაიტანონ აქედან და ის ქალაქსა თუ სხვადასხვა სოციალურ წრეში გაავრცელონ. ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ფული არაფერი არ არის, ფული ქაღალდია, თუ არ არის მოქმედებაში. მოქმედებაში არსებული ფული კი უბრალო ქაღალდი აღარაა. 

პროექტში იგეგმება საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურის კომბინაცია. როგორ გეგმავთ ამ კომპონენტების ინტეგრირებას?

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ბულვარი 250-მილიონიანი ჯამური ინვესტიციით ჯინო ჰოლდინგის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია. ეს პრაქტიკულად არის კურორტი ქალაქში, რომელიც ზღვაზე ცხოვრების ფენომენს, ხანმოკლე დასვენების გამოცდილებიდან ყოველდღიურ კომფორტად გარდაქმნის. ეს იქნება 30 ჰექტარზე გაშენებული ეკოქალაქი ქალაქში, რომლის ყველა კომპონენტში გათვალისწინებულია თანამედროვე მწვანე მიდგომები. მაგალითად, უმეტეს შენობებზე განთავსებული იქნება მზის ელექტროპანელები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ელექტროენერგიის გადასახადს, დაირგვება უნიკალური ჯიშის 3000 ხე, მოეწყობა მიწისქვეშა პარკინგები, ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ელექტრომანქანებით იქნება დაშვებული და ა.შ. 

პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. აქ განთავსდება სავაჭრო ცენტრი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gino Seaside Hotel Tbilisi, ორი დამოუკიდებელი სასტუმრო / აპარტ-სასტუმრო, სასტუმრო ბულვარი, ბიზნესცენტრი სამუშაო სივრცეებითა და ოფისებით, კლინიკა, რესტორნები, კაფეები, სკოლა, ბაღი, 1000 ავტომობილზე გათვლილი დამოუკიდებელი შენობა პარკინგისთვის, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი და ა.შ. რა თქმა უნდა, მოვაწყობთ სივრცეებს აქტიური დასვენებისათვის: მოედნებს, კორტებს, ველობილიკებსა და სავარჯიშო დარბაზებს. მსგავსი ინფრასტრუქტურა და სერვისები ორიენტირებულია მობინადრეთა სიმშვიდეზე, უსაფრთხოებისა და ექსკლუზიურობის განცდაზე, უძრავი ქონების ღირებულების ზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ვინ არიან თქვენი პარტნიორები ამ მასშტაბურ პროექტში?

თბილისის ბულვარის პროექტში ჩაერთო „საქართველოს ბანკი“, რომელიც აფინანსებს პროექტის ერთ ნაწილს, საცხოვრებელ ზონას, ხოლო მეორე ნაწილს აფინანსებს სლოვაკური სახელმწიფო ბანკი ექსიმ ბანკი, სლოვაკ ინვესტორთან ერთად. რაც შეეხება სხვა პარტნიორებს, ინფრასტრუქტურის ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, ასევე — მაღალი რეპუტაციის მქონე სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან. დამტკიცებული განვითარების გეგმის მიხედვით, ყველა ეს ელემენტი ერთიანობაში შექმნის სივრცეს, სადაც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება სასიამოვნო, კომფორტული და ნაყოფიერი იქნება. როდესაც ამ უბნის განვითარებაზე ვფიქრობდი, ამოსავალი ყოველთვის იყო ადამიანი, მისი საჭიროებების დაკმაყოფილება და ცხოვრების ხარიხის გაუმჯობესება. ბედნიერი ვიქნები, თუ ეს გამომივა.

სლოვაკეთს თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და საქართველოს გარდა, ამ ქვეყნის მოქალაქეც ხართ. რას გვეტყოდით სლოვაკეთზე და იქ მიმდინარე ბიზნესნიციატივებზე? 

სლოვაკეთში ჩემი ცხოვრება და ბიზნესსაქმიანობა 2003 წელს დაიწყო. უზომოდ მადლიერი ვარ სლოვაკეთის, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც შევძელი ჩემი ბიზნესიდეების განხორციელება, მნიშვნელოვანი პროექტების შექმნა და საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა. ჩემი ბიზნესსაქმიანობა სლოვაკეთში მოიცავს ტურიზმის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებს. ჰოლდინგს განხორციელებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის Gino Paradise Bešeňová — თერმული აკვაპარკი, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელი კომპლექსია და ყოველწლიურად 600 000-ზე მეტ ადამიანს მასპინძლობს. გარდა ბიზნესისა, აქტიურად ვმონაწილეობ საქველმოქმედო საქმიანობაში. დღევანდელი მდგომარეობით სლოვაკეთში ინვესტირებული მაქვს 130 მილიონი, ხოლო საქართველოში — 120 მილიონი ევრო. უახლოესი 5 წლის განმავლობაში ორივე ქვეყანაში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ინვესტირებული იქნება 300 მილიონ ევროზე მეტი.

1540x1080-1

რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ პროექტების შერჩევისას? 

ჯინო ჰოლდინგი მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს როგორც საქართველოში, ისე — სლოვაკეთში: აკვაპარკის გარდა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, გვაქვს სასტუმრო და ველნეს-ცენტრი ისტორიულ ქალაქ მცხეთაში Gino Wellness Mtskheta, ბუტიკ-სასტუმრო და ველნეს-ცენტრი ახალციხეში, რაბათის XI საუკუნის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე Hotel Gino Wellness Rabath-ი, სასტუმრო Gino Sunrise Batumi აჭარაში, ბათუმში, ხუთვარსკვლავიანი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსი თბილისის ცენტრში Gino Grand Hotel Melikishvili და ასე შემდეგ. სლოვაკეთში არსებული პროექტებიდან გამოვყოფ 

Hotel Gino Park Palace-ს, ბუტიკ-სასტუმროსა და რესტორანს ქალაქ ორლოვაში, რომელიც XVI საუკუნის სასახლეში მდებარეობს და რომელმაც უკვე ორჯერ მიიღო ევროპის საუკეთესო ისტორიული საქორწილო სასახლის ჯილდო. სასტუმროში განთავსებულია კაფე, ლობი-ბარი, ატრიუმი, რესტორანი, ველნეს- და ფიტნეს-ცენტრი, ბაროკოს სტილის სამლოცველო, საქორწილო პავილიონი და 6.5 ჰექტარზე გაშენებული ისტორიული ინგლისური ტყე-პარკი. სლოვაკეთში გვაქვს ასევე მზის ელექტროსადგურები, რომლებიც 2010-2011 წლებში მოვაწყვეთ. 

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომელთაც საქართველოსა და სლოვაკეთში ჩემს გუნდთან ერთად ვახორციელებ და რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დღევანდელი მდგომარეობით 250 მილიონი ევროა. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რადგან პროექტები ვითარდება და სიახლეები ემატება. ტრადიციულად, ინვესტორი ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს. მე ყოველთვის ვცდილობ, მიღებული მოგება ისევ ბიზნესში დავაბრუნო და რეინვესტირება მოვახდინო. ყველა პროექტს ვუყურებ ასე: რა სარგებელს მოუტანს ეს ადამიანებს და ქვეყანას. ამიტომაც ამბობენ ჩემზე, რომ ემოციური ინვესტორი ვარ.

ჯინო ჰოლდინგის ინვესტირების ძირითადი სფეროები ტურიზმი, გასართობი სექტორი და განახლებადი ენერგიაა. რა სიახლეებს გეგმავთ ამ მიმართულებებით? 

მიმდინარე პროექტებიდან ძალიან მნიშვნელოვანია 22-მილიონიანი საინვესტიციო ღირებულების მქონე სასტუმრო თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე. ბევრი მიზეზის გამო (ადგილმდებარეობა, ისტორიული შენობა) ეს ერთ-ერთი რთული პროექტი იყო. მიხარია, რომ უკვე ფინალში გავედით და მიმდინარე წლის ზაფხულში დავასრულებთ. ჯინო გრანდი იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ველნეს-სპა-ცენტრით, ფიტნესით, 0 სართულზე განთავსებული ბარით და ყველა საჭირო მომსახურებით, მათ შორის, 79 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგით. სასტუმროს მართვაზე მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან. 

კიდევ ერთ პროექტს ვგეგმავთ ბაკურიანში — ეს იქნება 5-ვარსკვლავიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო, რომლის მთავარი უპირატესობა გეოთერმული აუზებია. ბაკურიანში ერთადერთი ადგილია, სადაც გეოთერმული წყალი ამოდის და ზუსტად იქ შენდება ჩვენი სასტუმრო. მჯერა, რომ სრიალის შემდეგ გეოთერმული წყლის აუზში განტვირთვა დამსვენებლებისთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იქნება.

აკვაპარკის განვითარებასაც მუდმივად ვაგრძელებთ — გეგმაშია ყველაზე დიდი ტალღოვანი აუზის გადახურვა, რაც ზამთრის სეზონზე შიდა გამოსაყენებელ ფართს 3000მ²-ით გაზრდის. ეს საშუალებას მოგვცემს, ზამთრის სეზონზე ერთდროულად 2500 ვიზიტორს ვუმასპინძლოთ, ხოლო ზაფხულში ერთდროულად მისაღები ვიზიტორების რაოდენობა 5000-მდე გავზრდოთ.

სლოვაკეთის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკაშიც ვფიქრობთ ინვესტიციების ჩადებას და გარდაბანში 50 მვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ვაშენებთ. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 28 მლნ ევროა და უკვე ინვესტირებულია 3,5 მლნ ევრო. ენერგეტიკაში „ჯინო ჰოლდინგის“ საინვესტიციო აქტივობები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოს უზარმაზარ ენერგეტიკულ პოტენციალს შესძენს.

წყარო:forbes.ge

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.