USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
თბილისი
TAУ - თბილისის საარტილერიო სასწავლებელი
თარიღი:  1457

1991 წლის 23 ივნისის დილით, თბილისში, დიმიტრი უზნაძის 117-ე ნომერში, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც უცნაური ამბავი ხდებოდა:

„26 ბაქოელი კომისრის სახელობის თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო წითელდროშოვანი, წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი სასწავლებლის” (TBAKKOKЗУ) უფროსი, გენერალ-მაიორი ვალერი ციგანენკო 154-ე გამოშვების კურსდამთავრებულებს დიპლომებსა და უმცროსი ოფიცრის - ლეიტენანტის წოდებებს საზეიმო ვითარებაში გადასცემდა.

სამოყვარულო ვიდეოკამერის ობიექტივში მოხვედრილ მაღალჩინოსან სამხედროებსა და ახალბედა საბჭოთა ოფიცრებს სახეზე დიდად საზეიმო განწყობა არ ეწერათ. ისინი სამხედრო ფიცს რეალურად სხვა ქვეყანაში დებდნენ - საქართველოში, სამიოდე თვის წინ დამოუკიდებლობის აღდგენა რომ გამოაცხადა იმ დემოკრატიული რესპუბლიკის საფუძველზე, რომლის განადგურებაშიც ზუსტად 70 წლის წინათ აქტიურად მონაწილეობდა მე-11 წითელი არმიის აღმოსავლეთის ბრიგადის წითელი კურსანტების მე-6 პოლკი, რომელთა მემკვიდრეებიც ახლა მომაკვდავ „საბჭოთა სამშობლოს“ საზეიმოდ ჰპირდებოდნენ ერთგულ სამსახურს.

ცერემონიაზე დამსწრე კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების რიგებს წითელი დროშები და ლოზუნგები დაჰყურებდა - Счастливого пути вам, молодые лейтенанты!!! Офицер - профессия героическая და ა. შ. საზეიმო პროცესის დასასრულისას, ტრადიციისამებრ, ოღონდ უკანასკნელად, ახლადგამომცხვარმა ოფიცერებმა წითელ დროშას მუხლი მოუყარეს და წამოდგომისას "პლატცზე" სიმბოლურად ჰილზები მოაბნიეს, რომელთაც მაშინვე ონავარი ბავშვები შეესივნენ ასაკრებად. სასწავლებლის უფროსმა საზეიმო მარშირების ბრძანება გასცა. ორკესტრმა Прощание славянки დაუკრა და დაიძრა „რუსის ჯარი“! დაიძრა და გასვლის წინ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში ქვა ქვაზე არ დატოვა - საბრძოლო მოქმედებების პროვოცირებით დაწყებული, ინფრასტრუქტურის განადგურებით, ყაზარმების ტუალეტებში კაფელის აყრით და მათთვის „საფირმო“ უნიტაზებში ბეტონის ხსნარის ჩასხმით დამთავრებული. ამას ვერც თბილისის საარტილერიო სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გადაურჩა.

თბილისის საარტილერიო სასწავლებლის სახელწოდება და აბრევიატურა ხშირად იცვლებოდა, მაგრამ თბილისელების მეხსიერებაში იგი მაინც კამოს ქუჩაზე მდებარე ტაუ-ს სახელით შემორჩა. მისი ისტორია ფორმალურად 1992 წლის იანვარში დასრულდა, როდესაც დსთ-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის №02/03.01.1992 ბრძანების საფუძველზე სასწავლებელი რუსეთის ფედერაციის ქალაქ ეკატერინბურგში გადაიტანეს. სვერდლოვსკის უმაღლეს სატანკო-საარტილერიო პოლიტიკურ სასწავლებელთან გაერთიანების შემდეგ მას ეკატერინბურგის უმაღლესი სამეთაურო-საარტილერიო სასწავლებელი ეწოდა. თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელის საქართველოდან გასვლისას, 20-მდე ქართველი კურსანტი სამშობლოში დარჩნენ და დამოუკიდებელი საქართველოს ახლადგახსნილ საოფიცრო კურსებს შეუერთდნენ.

ეკატერინბურგის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი 2011 წელს რეორგანიზაციის შედეგად დაიშალა და კურსანტები რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლებლებში გადაიყვანეს. იგი უკანასკნელი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი აღმოჩნდა, რომელიც პროფილურად ამზადებდა მხოლოდ არტილერიის ოფიცრებს.

 

„მუშურ-გლეხური წითელი არმიის“ მეთაურთა თბილისური სასწავლებლის მრავალსახელიანი ეპოქა - 1921-1969 წწ.

 

„Наш лозунг должен быть один — учиться военному делу настоящим образом, ввести порядок на железных дорогах... Необходимо, создать порядок и нужно создать всю ту энергию, всю мощь, которые создадут лучшее, что есть у революции.“ 1918 წლის 7 მარტს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის VII ყრილობაზე ვლადიმერ ლენინის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები ფრთიან ფრაზად გაჰყვა საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის სამეთაურო კადრების მომზადებისა და სამხედრო აღმშენებლობის საქმეს. იგი ყველგნ იყო გამოფენილი - სამხედრო სასწავლებლების, სამხედრო ნაწილების, ინსტიტუტებისა თუ უნივერსიტეტების სამხედრო კათედრების სასწავლო აუდიტორიებსა თუ ტაქტიკური მომზადების ცენტრებში. რა თქმა უნდა, თბილისის საარტილერიო სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე მოწყობილი სააღლუმო ტრიბუნის ფასადზეც ვლადიმერ ლენინის ბარელიეფთან ერთად ამ ციტატას საპატიო ადგილი ეჭირა.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს მე-11 არმიის შემადგენლობაში მყოფ №1 აღმოსავლეთის ბრიგადის მე-6 პოლკის სარატოველ კურსანტებს ტაბახმელას პოზიციებზე შუბლით შეასკდნენ საქართველოს სამხედრო სკოლის იუნკრები და მტრის მოგერიება შეძლეს, თუმცა უთანასწორო ბრძოლების შემდეგ, 24 თებერვლის ღამით ქართული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გიორგი კვინიტაძის ბრძანებით არმიამ, სახალხო გვარდიამ და იუნკრებმა მცხეთის პოზიციებისკენ დაიხიეს. 25 თებერვალს თბილისში წითელ არმიასთან ერთად სარატოველი კურსანტებიც შემოვიდნენ. ტრადიციისამებრ, მათ ბინა პლეხანოვის პოსპექტზე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სკოლის ყოფილ შენობაში დაიდეს.

1921 წლის 14 აპრილს მე-11 არმიის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს ბრძანებით კურსანტთა მე-6 პოლკის ბაზაზე შეიქმნა „მე-2 ქვეით მეტყვიამფრქვევეთა სამეთაურო კურსები“, რომელსაც იმავე წლის 25 მაისს ეწოდა „ბაქოს მე-13 ქვეით მეტყვიამფრქვეეთა სამეთაურო კურსები“.

 

 

ამავდროულად, 1921 წლის 14 მაისს საქართველოს სსრ რევოლუციური კომიტეტის ბრძანებით შეიქმნა ქართული წითელი არმიის უმცროს მეთაურთა ერთწლიანი მოსამზადებელი კურსები, რომელსაც შემდგომ „ქართული წითელი არმიის გაერთიანებული სამხედრო სკოლა“ ეწოდა და იგი ვაკეში, ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში (დღევენდელი მე-9 საავადმყოფოს ყოფილი შენობა) იყო განთავსებული.

 

რევკომის ბრძანება #51. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

1922 წლის მარტში უკვე საქართველოს სსრ „გაერთიანებული სამხედრო სკოლის“ მეთაურად დაინიშნა ცნობილი ჩეკისტი, ილარიონ ტალახაძე, ხოლო სკოლის სამხედრო კომისრად ̶საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბორის ძნელაძე, რომლის ძირითადი ამოცანა კომკავშირის რიგებიდან ქართული წითელი არმიის სამეთაურო რგოლის შევსება იყო.

1922 წლის 22 ოქტომბერს მეტყვიამფრქვევეთა სამეთაურო კურსებს, „ბაქოს მე-13 ქვეითთა სკოლა“ ეწოდა და ორწლიან სწავლებაზე გადავიდა.

1923 წლის 27 თებერვალს კი საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის №6 ბრძანებით, საბრძოლო წარმატებებისთვის სკოლას წითელი დროშის ორდენი მიენიჭა და „ბაქოს 21-ე ქვეითთა სკოლა“ ეწოდა.

ამ წლებში ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების: საქართველოს სსრ, სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ გაერთიანებული სამხედრო სკოლები თბილისში იყვნენ განთავსებული და საველე სწავლებებს ბაქოს მე-13 და შემდგომ 21-ე ქვეით სკოლასთან ერთად სურამისა და ნავთლუღის სასწავლო ბანაკებში გადიოდნენ.

 

გაერთიანებული სამხედრო სკოლის კურსანტთა და მეთაურთა ჯგუფი. სხედან პირველ რიგში, მარცხნიდან მეორე - ალექსანდრე მჭედლიშვილი, კოსნტანტინე ლესელიძე. ზის მეორე რიგში, მარჯვნიდან მეორე - დავით ქარუმიძე. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი, ია მჭედლიშვილის კოლექცია.

 

1922-1924 წლებში აღმოსავლეთის კურსანტთა ბრიგადაში შემავალი ბაქოსა და „ქართული წითელი არმიის გაერთიანებული სამხედრო სკოლის“ კურსანტები აქტიურად მონაწილეობდნენ ხევსურეთის, გურიისა და 1924 წლის საერთო ანტისაბჭოთა აჯანყებების ჩახშობაში, სადაც თავი განსაკუთრებით გამოიჩინა ახალგაზრდა ბოლშევიკმა, საარტილერიო განყოფილების კურსანტმა და შემდეგ უმცროსმა მეთაურმა - კონსტანტინე ლესელიძემ.

 

ტფილისის ქვეითთა სკოლა. 1926 წელი. მეორე რიგში, მარჯვნიდან პირველი ზის - ვასილ მჟავანაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, "ივერიელი", ნინა მჟავანაძის კოლექცია.

 

1924 წლის პირველ ოქტომბერს „ბაქოს ქვეითთა სკოლის“ რეორგანიზაციის შედეგად მას „თბილისის ქვეითთა სკოლა“ (ТПШ) ეწოდა.

1927 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირის სამხედრო რევოლუციური საბჭოს გადაწყვეტილებით „თბილისის ქვეითთა სკოლა“ „ამირეკავკასიის ქვეითთა სკოლად“ (ЗПШ) გადაკეთდა და მის შემადგენლობაში შევიდა ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ცალკეული სამხედრო-სასწავლო სასწავლებლები, გაერთიანებული სამხედრო სკოლები და კავკასიის წითელდროშოვანი არმიის სამხედრო-პოლიტიკური სკოლა.

1929 წელს „ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლაში“ საარტილერიო განყოფილების ბაზაზე შეიქმნა საარტილერიო დივიზიონი, რაც პირველი ნაბიჯი გამოდგა სკოლის საარტილერიო პროფილის განვითარების გზაზე. ამავე წლის 10 თებერვალს საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით „ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლას“ რევოლუციური წითელი დროშის ორდენი მიენიჭა, ხოლო 1929 წლის 20 ნოემბერს საბჭოთა კავშირის რევოლუციური საბჭოს №362 ბრძანებით სკოლას „26 ბაქოელი კომისრის“ სახელი ეწოდა.

1935 წლის ოქტომბერში რეორგანიზაციის შედეგად „26 ბაქოელი კომისრის სახელობის ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლა“ „ამიერკავკასიის გაერთიანებულ სამხედრო სკოლად“ (ЗОВШ) გადაკეთდა. 1937 წლის 16 მარტს კი ამ უკანასკნელს კვლავ შეუცვალეს სახელი და „26 ბაქოელი კომისრის სახელობის თბილისის სამხედრო სასწავლებელი“ დაარქვეს.

1937 წელი თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორიაში ისეთივე კატასტროფული აღმოჩნდა, როგორც მთლიანად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრისა თუ სხვა გასამხედროებული სტრუქტურებისა, რომელთაც დაუნდობლად გადაუარა მასობრივი რეპრესიების ტალღამ. ცენტრში ჩატარებული მკაცრი წმენდისა და მარშალ ტუხაჩევსკისა და „მუშურ-გლეხური წითელი არმიის“ უმაღლეს მეთაურთა საჩვენებელი დასჯის კვალდაკვალ არმიის რიგებში მასობრივი წმენდა ყველა სამხედრო ოლქში გაიშალა.

1937 წლის 15 ივლისს დააპატიმრეს სასწავლებლის ყოფილი უფროსი პავლე ლუნევი, რომელიც სამხედრო სასწავლებელს 1933 წლიდან 1937 წლამდე მეთაურობდა, იგი სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ 1937 წლის 29 სექტემბერს გაასამართლა და „კონტრრევოლუციური ტროცკისტული, ტერორისტული, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა, რაც მომდევნო დღესვე სისრულეში იქნა მოყვანილი.

შინსახკომის მიერ გამოგონილი „კონტრრევოლუციურ სამხედრო ორგანიზაცია“ საჭირო ელემენტი იყო ასევე გამოგონილი „ტროცკისტული“, „მემარჯვენე“, „მენშევიკური“ და ნაციონალისტური ცენტრებისა და ორგანიზაციების ალიანსის სცენარისთვის წონისა და საშიში შეთქმულების ელფერის მისაცემად. ამ ორგანიზაციის „გამოვლენის“ ოპერაციას ემსხვერპლა სამხედრო სასწავლებლის მოქმედი და ყოფილი კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი:

იოაკიმე ბაქრაძე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის მომდევნო უფროსი. მას ბრალად დასდეს რომ „1930 წლიდან იყო არალეგალური, სამხედრო კონტრევოლუციური, ტროცკისტული, ჯაშუშური, მავნებლური, ტერორისტული, მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, საქართველოს გამოყოფა საბჭოთა კავშირიდან და საქართველოს დამოუკიდებელი, ბურჟუაზიულ-დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენა.“ 1938 წლის 13 ივლისს შინსახკომის სამეულმა მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 14 ივლისს.

 

მიხეილ ჭავჭანიძე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის უფროსის თანაშემწე. დააპატიმრეს 1937 წლის 17 ივნისს. 19 სექტემბერს მას სამხედრო კოლეგიამ „არმიაში კონტრრევოლუციური, ტროცკისტული საქმიანობის გამო“ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1937 წლის 20 სექტემბერს.

 

მიხეილ სოკოლოვი - სასწავლებლის უფროსის თანაშემწე. დააპატიმრეს 1937 წლის 31 ივლისს. სამხედრო კოლეგიამ 1937 წლის 30 სექტემბერს „კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდებით მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე დღეს.

სიმონ ბელოვი - სასწავლებლის ხაზინადარი. დააპატიმრეს 1937 წლის 5 აგვისტოს. 1937 წლის 30 სექტემბერს გაასამართლა სამხედრო კოლეგიამ და „კონტრრევოლუციური, ტროცკისტული ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე დღეს.

გიორგი მიხაილოვსკი - სასწავლებლის სასწავლო განყოფილების გამგის თანაშემწე. დააპატიმრეს 1937 წლის 6 აგვისტოს. 1937 წლის 1 ოქტომბერს სამხედრო კოლეგიამ გაასამართლა „კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით და დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე დღეს.

 

პავლე გოროშენკო - სასწავლო ნაწილის უფროსის თანაშემწე, მაიორი. „კონტრრევოლუციური, ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობისა და ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს ჯაშუშობის“ ბრალდებით 1937 წლის 26 დეკემბერს შინსახკომის სამეულმა მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 3 იანვარს.

ნაზარ ტერ-ანანიანი - თბილისის სამხედრო სასწავლებლის ტაქტიკის პედაგოგი. დააპატიმრეს1937 წლის 6 აგვისტოს. 1937 წლის 30 სექტემბერს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ „კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე ღამით.

შალვა ჩავლაძე - სამხედრო სასწავლებლის პედაგოგი, კაპიტანი. ბრალად დასდეს „კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის წევრობა, რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ამზადებდა სამხედრო გადატრიალებას საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად“. 1938 წლის 28 აპრილს შინსახკომის სამეულმა მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 30 აპრილს.

 

გრიგოლ თოდუა - სამხედრო სასწავლებლის პედაგოგი, კაპიტანი. ბრალად დასდეს რომ ის „კონტრრევოლუციურ მემარჯვენე ორგანიზაციაში გადაიბირა ხალხის მტერმა მიხეილ ჭავჭანიძემ და მავნებლობდა თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტთა მომზადებისას, რაც მიმართული იყო წითელი არმიის თავდაცვისუნარიანობის შესასუსტებლად“. 1938 წლის 28 აპრილს შინსახკომის სამეულმა მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 30 აპრილს.

ონისიმე ლეშკაშელი - სამხედრო სასწავლებლის ასეულის მეთაური, კაპიტანი. ბრალად დასდეს, რომ „იყო კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის წევრი, 1918-21 წლებში მოხალისედ მსახურობდა მენშევიკურ არმიაში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში“. 1937 წლის 28 დეკემბერს შინსახკომის სამეულმა მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 3 იანვარს.

რომან აბაშიძე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის ოცეულის მეთაური, ლეიტენანტი. 1937 წლის 9 ნოემბერს შინსახკომის სამეულმა მას დახვრეტა მიუსაჯა ბრალდებით, რომ „ხალხის მტრის, ჭავჭანიძის დავალებით მუშაობდა წითელი არმიის სიძლიერის შესასუტებლად და იზიარებდა სამშობლოს მოღალატის, მიხეილ ჭავჭანიძის კონტრრევოლუციურ და ნაციონალისტურ შეხედულებებს“. დახვრიტეს 1937 წლის 11 ნოემბერს.

 

დავით ქარუმიძე - 1922 წელს სამხედრო სასწავლებელში საარტილერიო განყოფილების ხელმძღვანელი. დაპატიმრებისას მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამხედრო პედაგოგად. ქარუმიძეს იშხნელთან და გოგი ალექსი-მესხიშვილთან ერთად ბრალად ედებოდა პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის მეთაურობით „გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობა და საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად მუშაობა კაპიტალისტური წესწყობილების აღდგენის მიზნით“. მათ „მეფისა და მენშევიკების არმიაში“ სამსახურიც გაუხსენეს და 1937 წლის 11 აგვისტოს, შინსახკომის სამეულმა („ტროიკა“) ყველას დახვრეტა მუსაჯა.

 

პლატონ ქარაზანაშვილი - იგი 1920-იან წლებში აქტიურად მუშაობდა სამხედრო სასწავლებლების სისტემაში. დაპატიმრების დროს ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონის სამხედრო კომისარი, პოლიტხელი იყო. მას ბრალად დასდეს, რომ „იყო კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელიც გეგმავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას“. 1938 წლის 21 ივნისს შინსახკომის სამეულმა მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 22 ივნისს.

სამხედროების მასობრივ განადგურებაში სამხედრო კოლეგიის მხრიდან მონაწილეობდნენ - მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო, ხოლო შინსახკომის სამეულიდან - გოგლიძე, რაფავა, წერეთელი, ტალახაძე და მოროზოვი. 1955-1956 წლებში ყველას განაჩენი გააუქმეს და „საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო“.

1938 წლის 31 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის სამხედრო სასწავლებლებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა; სასწავლებელი მთლიანად საარტილერიო პროფილის გახდა და ეწოდა - „26 ბაქოელი კომისრის სახელობის თბილისის სამთო-საარტილერიო სასწავლებელი“ (ТГАУ). აქედან მოყოლებული, სასწავლებელს თავისი არსებობის მანძილზე პროფილი აღარ შეუცვლია და იგი საბჭოთა არმიისთვის მხოლოდ არტილერიის სამეთაურო კადრებს ამზადებდა. საარტილერიო სასწავლებლის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული იყო შემდგომში გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი და საბჭოთა ზესაიდუმლო კოსმოდრომების უფროსი, გალაქტიონ ალფაიძე.

1941 წლის 22 ივნისს ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც მთელი საბჭოთა კავშირი საომარ რელსებზე გადაეწყო, თბილისის სამთო-საარტილერიო სასწავლებელს სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ახალი ამოცანა დაუსახა, რაც უმცროს მეთაურთა დაჩქარებული წესით მომზადებას გულისხმობდა და წელიწადში ერთი გამოშვების ნაცვლად სამ გამოშვებას მოითხოვდა. სასწავლებელში ხვდებოდნენ ასევე არმიაში მობილიზებული ის მოქალაქეები, რომელთაც შესაბამისი სამოქალაქო განათლება ჰქონდათ და ოთხთვიანი მომზადების შემდეგ პირდაპირ ფრონტზე იგზავნებოდნენ. სასწავლებლის კურსანტთა ოთხი გაძლიერებული დივიზიონიდან (ბატალიონი) ერთი მუდმივად ირიცხებოდა 34-ე ცალკეული ქვეითი ბრიგადის (ОСБР) შემადგენლობაში, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთ კავკასიაში ქალაქ ორჯონიკიძესთან (ვლადიკავკაზი) ბრძოლებში.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში თბილისის სამთო-საარტილერიო სასწავლებელმა 6 000-ზე მეტი არტილერიის ოფიცერი მოამზადა და გააგზავნა ფრონტზე, საიდანაც:

62,5 % - რუსი, უკრაინელი და ბელორუსი იყო,

20,3 % - ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი,

17,2% - სხვადასხვა ეროვნების.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის, 1945 წლის 19 აგვისტოს თბისლისის სამთო-საარტილერიო სასწავლებელს ომის განმავლობაში საბჭოთა არმიისთვის საოფიცრო კადრების მომზადებისა და საბრძოლო დამსახურებისთვის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა წითელი დროშის ორდენი მიანიჭა, რაც მოგვიანებით მის სახელწოდებაშიც აისახა და 1956 წელს მას “თბილისის წითელდროშოვანი საარტილერიო სასწავლებელი” ეწოდა (ТКАУ).

1946 წლიდან საბჭოთა სამხედრო სასწავლებლები და, მათ შორის, თბილისის საარტილერიო სასწავლებელიც ისევ არასაომარ მდგომარეობაზე გადავიდა. სასწავლებელში კვლავ დაბრუნდა სამწლიანი სწავლების კურსი და მისაღებ კონტიგენტში სამოქალაქო საშუალო სკოლის კურსდამთავრებულების რაოდენობა მაქსიმალურად გაიზარდა. სასწავლებელში რუსულ ენასა და პარტისტორიასთან ერთად გაძლიერებულად ისწავლებოდა ტექნიკური მიმართულების საგნები.

სამხედრო პროფესიული მიმართულებით ისწავლებოდა:

საარტილერიო-საცეცხლე მომზადება,

საარტილერიო დაზვერვა,

ტაქტიკა,

ტოპოგრაფია,

სამწყობრო მომზადება,

საარტილერიო დანადგარების ექსპლოატაცია.

სასწავლებელში მოქმედებდა ფიზკულტურისა და სპორტის კათედრაც. 1950-1960-იან წლებში თბილისის საარტილერიო სასწავლებელი იღებდა და ამზადებდა კურსანტებს საბჭოთა კავშირის სატელიტი ქვეყნებიდანაც, განსაკუთრებით - მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკისა და ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკიდან.

1950-იანი წლების სამხედრო-პოლიტიკურმა მოვლენებმა, დესტალინიზაციამ, 9 მარტის დარბევამ და განსაკუთრებით - ეროვნული დივიზიების დაშლამ, მნიშვნელოვნად შეამცირა ამიერკავკასიის რესპუბლიკების, მათ შორის, ქართველი ახალგაზრდების ინტერესი სამხედრო სამსახურისა და განათლებისადმი, რაც პირდაპირ აისახა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში შემსვლელთა რაოდენობაზეც. ამავდროულად, შეიძლება ითქვას, საბჭოთა კავშირში არსებული სხვადასხვა სახეობის ჯარების სამხედრო სასწავლებლებში საქართველოს სსრ-დან ფაქტობრივად აღარავინ მიდიოდა. ეს ტენდენცია განმსაზღვრელი აღმოჩნდა მომდევნო ათწლეულების რეალობისთვისაც. საბჭოთა საქართველოში სამხედრო კარიერისა და განათლებისადმი ინტერესი არც ამ პერიოდში გაზრდილა, რისი ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი საბჭოთა არმიის ზედა ეშელონებში კორუფციისა და კლანური ინტერესების გაჩენაც იყო.

თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი - 1969-1992 წწ.

პოსტსტალინურ პერიოდში საბჭოთა კავშირის სახმელეთო ჯარების სარაკეტო და საარტილერიო ძალებს 10 საგანმანათლებლო დაწესებულება ჰქონდა, მათ შორის:

აკადემია

1. ლენინგრადის ლენინის ორდენოსანი, წითელდროშოვანი, კალინინის სახელობის სამხედრო საარტილერიო აკადემია.

სამეთაურო სასწავლებლები

  • კოლომნის ლენინის ორდენოსანი, წითელდროშოვანი, ოქტომბრის რევოლუციის სახელობის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი.
  • ლენინგრადის ლენინის ორდენოსანი, წითელდროშოვანი, წითელი ოქტომბრის სახელობის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი.
  • ოდესის ლენინის ორდენოსანი, ფრუნზეს სახელობის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი.
  • სუმის ორგზის წითელდროშოვანი, ფრუნზეს სახელობის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი.
  • თბილისის წითელდროშოვანი, წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი, 26 ბაქოელი კომისრის სახელობის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი.
  • ხმელინცკის არტილერიის მარშალ იაკოვლევის სახელობის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი.

სამეთაურო-საინჟინრო

  • ყაზანის, არტილერიის მარშალ ჩისტიაკოვის სახელობის სარაკეტო ჯარების უმაღლესი სამხედრო სამეთაურო-საინჟინრო სასწავლებელი.
  • სარატოვის წითელდროშოვანი, წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი, საბჭოთა კავშირის გმირის, გენერალ-მაიორ ლიზიუკოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო-საინჟინრო სასწავლებელი.

სსრკ მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო (ГРАУ).

საინჟინრო ინსტიტუტი

  • პენზის წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი, არტილერიის მარშალ ვორონოვის სახელობის უმაღლესი საარტილერიო საინჟინრო სასწავლებელი.
  • ტულის, ლენინისა და ოქტომბრის რევოლუციის ორდენოსანი, ტულის პროლეტარიატის სახელობის, უმაღლესი საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებელი.

1969 წელს საბჭოთა პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ძირეული რეფორმები გაეტარებინა საკადრო და სამხედრო განათლების სისტემაში. გადაწყდა სამხედრო სასწავლებლებში უმაღლესი სამოქალაქო განათლების კომპონენტის დამატება, რათა ახალგაზრდა ოფიცრებს სამხედრო სპეციალურ განათლებასთან ერთად უმაღლესი სამოქალაქო განათლებაც მიეღოთ. შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამები და სასწავლებლებს დაემატა კათედრები, რომელიც ძირითადად უმაღლეს საინჟინრო და ტექნიკურ სპეციალობებს აძლევდა კურსდამთავრებულს. გაიზარდა სწავლების ვადაც და სამი წლის ნაცვლად სასწავლებლები ოთხწლიან სწავლებაზე გადაერთო.

 

სპორტული ღონისძიება სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე.

 

მორიგი ცვლილებები მოხდა თბილისის საარტილერიო სასწავლებელშიც; 1969 წლის 1 ივნისს, მას „თბილისის წითელდროშოვანი, 26 ბაქოელი კომისრის სახელობის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი“ (ТВАККУ) ეწოდა.

სამხედრო სპეციალური განათლების არსებულ კათედრებს დაემატა სამოქალაქო კათედრები:

უმაღლესი მათემატიკის,

თეორიული მექანიკის,

მანქანების დეტალებისა და მასალათა გამძლეობის,

ფიზიკის,

ქიმიის,

უცხო ენების,

ისტორიის,

მარქსიზმ-ლენინიზმის,

პარტიულ-პოლიტიკური მუშაობის (ППР).

სასწავლებელში ასევე ფუნქციონირებდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის კათედრა, სადაც გაერთიანებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობის სექციები. შეიქმნა სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების ექსპლოატაციისა და მართვის კათედრა, სამხედრო სპეციალურ საგნებს დამატა სამხედრო ფსიქოლოგია და სამხედრო ხელოვნების ისტორია, რომელიც სასწავლებლების შიდა მოხმარების კურსი იყო და მასში განხილული იყო წარმატებული საბრძოლო ოპერაციები. კურსანტები სწავლობდნენ მთლიან სახმელეთო შეიარაღებასაც.

საარტილერიო სასწავლებელში სწავლის მსურველს უნდა ჩაებარებინა მისაღები გამოცდები, რომელიც ძირითადად ტექნიკურ საგნებს, ფიზიკასა და მათემატიკას მოიცავდა. ასევე, ძირითად საგამოცდო საგნად ითვლებოდა რუსული ენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ფიზმომზადების გამოცდას, რომელიც მომავალ კურსანტს მკაცრ ნორმატივებს უწესებდა.

სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ კურსანტები, პირველ რიგში, ერთთვიანი დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსს გადიოდნენ ვაზიანის სასწავლო ცენტრში და სასწავლო წლის დასაწყისში, სამხედრო ფიცის მიღების შემდეგ, ირიცხებოდნენ პირველ კურსზე. კურსანტის სამხედრო ფორმის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი სამხრეები იყო, რომელსაც არტილერისტის შავი ფერის სამხრეებზე ორი პარალელური ყვითელი არშია დაუყვებოდა და 1970-იანი წლებიდან კურსანტის აღმნიშვნელი ასო „K“ დაემატა.

თბილისის საარტილერიო სასწავლებელში მუდმივად იყო ოთხი სასწავლო დივიზიონი (საერთო საჯარისო და სხვა დანაყოფების მიხედვით ბატალიონის დონე). თითო კურსი შედგებოდა ერთი დივიზიონისგან. დივიზიონის პირად შემადგენლობას დაახლოებით 300 კურსანტი შეადგენდა და სასწავლებელში კურსანტების რაოდენობა მუდმივად 1200-მდე იყო. სასწავლო დივიზიონები იყოფოდა 3 სასწავლო ბატარეად (ასეული), ხოლო ბატარეები 4 სასწავლო ოცეულად.

საბჭოთა სასწავლო სტანდარტებით, სამხედრო სასწავლებლების სამეთაურო შემადგენლობას მოეთხოვებოდა მათდამი დაქვემდებარებულ სასწავლო დანაყოფების სამეთაუროდ ერთი წოდებით მეტი ჰქონოდა, ვიდრე ეს დასაშვები იყო საბრძოლო ნაწილებში. მაგალითისთვის, საარტილერიო სასწავლებლის დივიზიონის მეთაურის თანამდებობაზე მხოლოდ წოდებით პოლკოვნიკი შეიძლება დანიშნულიყო, როდესაც საბრძოლო ნაწილში დივიზიონის მეთაურობისთვის მაიორის ან პოდპოლკოვნიკის წოდებაც საკმარისი იყო.

კურსანტთა სასერჟანტო შემადგენლობა შემდეგნაირად კომპლექტდებოდა: კურსანტს სერჟანტის წოდებას ან სასწავლებლის მეთაურობა ანიჭებდა მაღალი აკადემიური მოსწრების და დისციპლინის გათვალისწინებით და/ან თუ კურსანტს გარკვეული დრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში ან სასერჟანტო სკოლაში ჰქონდა ნამსახურები და იქიდან იყო თავისივე განცხადების საფუძველზე სასწავლებელში შესული უმაღლესი სამხედრო განათლების მისაღებად.

თბილისის საარტილერიო სასწავლებელმა უმაღლესი სასწავლებლის წოდების მინიჭების შემდეგ, 1969 წლიდან 1992 წლამდე ხუთი უფროსი გამოიცვალა:

1968-1971 წლები - გენერალ-მაიორი ალექსი იგნატიევი,

1971-1975 წლები - არტილერიის გენერალ-მაიორი ვლადიმერ ბაევი,

1975-1985 წლები - არტილერიის გენერალ-მაიორი ვლადიმერ შუვალოვი,

1985-1988 წლები - გენერალ-ლეიტენენტი ვლადიმერ დენისენკო,

1988-1992 წლები - გენერალ-მაიორი ვალერი ციგანენკო.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საარტილერიო სასწავლებლის სასწავლო წარმატებები, რომელიც მას საბჭოთა საარტილერიო თუ სამხედრო სასწავლებლებისგან გამოარჩევდა და პოპულარობა მოუტანა, ძირითადად ვლადიმერ შუვალოვის მუშაობასთან იყო დაკავშირებული.

 

გენერალ-მაიორი ვლადიმერ შუვალოვი ესალმება სასწავლებლის კურსდამთავრებულს.

 

კურსანტები საცეცხლე და საბრძოლო მომზადებას უმეტესწილად ვაზიანის სამხედრო პოლიგონის სასწავლო ცენტრში გადიოდნენ, რომელზეც მიბმული იყო ყარაიაზის საარტილერიო დირექტრისა. წელიწადში ორჯერ ეწყობოდა გაძლიერებული სწავლებები სხვადასხვა სახის საარტილერიო და სარაკეტო დანადგარებზე. საარტილერიო სასწავლებლის კურსანტებს პირველი კურსის ბოლოს უკვე პრაქტიკულად ასწავლიდნენ, როგორ უნდა გაენადგურებინათ ტანკი პირდაპირი გასროლით, რისთვისაც 100 მმ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხ MT-12 „Рапира“-ს იყენებდნენ, რომელსაც არტილერისტები „სნაიპერულ ქვემეხს“ ეძახდნენ. პირდაპირი სროლის სწავლება შედგებოდა 2 ამოცანისგან N 1- უძრავი ტანკის განადგურება და N2 - მოძრავი ტანკის განადგურება. კურსანტებს ასევე ასწავლიდნენ ღია და დახურული პოზიციებიდან საარტილერიო ცეცხლის მართვას და თავდაცვით ნაგებობებში გამაგრებული მოწინააღმდეგის განადგურებას. სასწავლებლის ტერიტორიაზე მოქმედებდა საარტილერიო სასწავლო-მოსამზადებელი კომპლექსი, რომელიც აღჭურვილი იყო სპეციალური საარტილერიო ტრენაჟორებით და კურსანტები მუდმივად გადიოდნენ პრაქტიკულ მომზადებას.

 

სწავლება საარტილერიო პოლიგონზე.

 

ვაზიანის და გარეჯის პოლიგონების ზონა.

 

საარტილერიო სასწავლებლის ინსტრუქცია ისევე, როგორც სხვა სახეობის ჯარების სამხედრო სასწავლებლებისა, ომის დაწყების შემთხვევაში ითვალისწინებდა კვლავ ოფიცერთა დაჩქარებული გამოშვების კურსებზე გადასვლას და მოქმედი კურსანტების სამხედრო ნაწილებში მაშინვე გაგზავნას. სასწავლებლის საბრძოლო მომზადების დონის მიხედვით პირველ კურსდამთავრებულს შეეძლო ათეულის მეთაურობა, მეორეს - ოცეულის, მესამეს - ბატარეის (ასეული) ხოლო ბოლო კურსის კურსანტს საომარ და კრიტიკულ მდგომარეობაში პირდაპირ საარტილერიო დივიზიონის (ბატალიონი) მეთაურად დანიშნავდნენ.

სასწავლებელში მოქმედებდა ე. წ. პოლიტხელის თანამდებობა, რომელიც პასუხისმგებელი იყო კურსანტების პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მომზადებაზე. ტარდებოდა პატრიული ღონისძიებები. ხშირად სტუმრობდნენ პარტიული და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელები. სასწავლებელში მუდმივად ატარებდნენ ლექცია-საუბრებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები.

 

პოლიტმეცადინეობა "ლენინურ კუთხეში".

 

1980 წლის 2 დეკემბერს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, თბილისის უმაღლეს საარტილერიო სასწავლებელს საბჭოთა არმიისთვის სამეთაურო კადრების მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წითელი ვარსკვლავის ორდენი მიენიჭა და სახელწოდებაში, რა თქმა უნდა, ისევ შევიდა ცვლილებები; მას „თბილისის წითელდროშოვანი, წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი, 26 ბაქოელი კომისრის სახელობის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი“ (ТВАККОКЗУ) ეწოდა.

კავკასიაში თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის გარდა საბჭოთა არმიის კიდევ 4 უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი იყო:

  • ბაქოს, აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს სახელობის უმაღლესი საერთო საჯარისო, სამეთაურო სასწავლებელი (БВОКУ).
  • ბაქოს სამხედრო-საზღვაო მოსამზადებელი სასწავლებელი (БВМПУ).
  • ორჯონიკიძის, საბჭოთა კავშირის მარშალ ერემენკოს სახელობის, უმაღლესი საერთო საჯარისო, ორგზის წითელდროშოვანი, სამეთაურო სასწავლებელი (ОрджВОКУ).
  • ორჯონიკიძის, მარშალ პლიევის სახელობის უმაღლესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო, სამეთაურო სასწავლებელი (ОВЗРКУ).

 

 

გვიან საბჭოთა პეროდში, როდესაც საქართველოსა და ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკების ოკუპაციიდან, წინააღმდეგობის მოძრაობების განადგურებიდან და 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიების პერიოდიდან დიდი დრო იყო გასული და მეხსიერებაც საგულდაგულოდ წაშლილი, ხოლო 1950-1970-იანი წლების თაობის უმეტესობას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ საბჭოთა კავშირი მათი ერთადერთი სამშობლო და „მისამართი“ იყო, საქართველოს სსრ-ში „საბჭოთა პატრიოტიზმი“ და სამხედრო შემართება მაინც ძალიან დაბალი რჩებოდა, რაც სამხედრო საქმის შესწავლის მსურველების სიმცირეშიც აისახებოდა. კავკასიელების, განსაკუთრებით საქართველოს სსრ-დან მიღებული კურსანტების რაოდენობა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში სტაბილურად მცირე იყო. მაგალითისთვის, თბილისის უმაღლეს საარტილერიო სასწავლებელში მოდიოდნენ სომხეთის სსრ-დან, აზერბაიჯანის სსრ-დან, ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკებიდან - ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან, დაღესტანიდან და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ საარტილერიო სასწავლებელი საქართველოში იყო, მასში ქართველების რაოდენობა 2-3 %-ს არ აღემატებოდა. სასწავლებლის დაახლოებით 1 200 კურსანტიდან, უკეთეს შემთხვევაში, ქართველების რიცხვი 50 თუ იყო ხოლმე.

 

სკკპ ცეკას გენერალური მდივანი - ლეონიდ ბრეჟნევი ესალმება თბილისის საარტილერიო სასწავლებლის სასწავლო დივიზიონის მეთაურს, პოლკოვნიკ - ოთარ ლესელიძეს.

 

თბილისის უმაღლესი საარტელერიო სასწავლებლის კურსდამთავრებულს (ისევე, როგორც ყველა სხვა სახეობის ჯარის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს) სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ენიჭებოდა უმცროსი ოფიცრის - ლეიტენანტის წოდება, ასევე შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის ინჟინრის კვალიფიკაცია და განაწილებით იგზავნებოდა საბჭოთა არმიის საარტილერიო და სარაკეტო ჯარების საბრძოლო ნაწილებში ოცეულის მეთაურად. ახალბედა ოფიცრებს ანაწილებდნენ როგორც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე „ვარშავის ხელშეკრულების“ ქვეყნებისა და „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის“ ტერიტორიებზე განთავსებულ დანაყოფებში.

უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის სასწავლო პროგრამა და საბრძოლო მომზადება კურსდამთავრებულს აძლევდა უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის შესაბამისი წოდებების გავლის საშუალებას და შესბამისად - ლეიტენანტის, უფროსი ლეიტენანტისა და კაპიტნის კომპეტენციას, რაც სამეთაუროდ დაქვემდებარებულ დანაყოფებში აისახებოდა შემდეგნაირად: სასწავლებლის კურსდამთავრებულ ოფიცერს შეეძლო, ემეთაურა საარტილერიო ოცეულისთვის, ბატარეისთვის (ასეული) და დივიზიონისთვის (ბატალიონი). ამის შემდეგ მაიორის წოდებაზე წარდგენილი ოფიცერი წერდა განცხადებას ლენინგრადის უმაღლეს საარტილერიო აკადემიაში გაგზავნის თაობაზე და შესაბამისი გამოცდების ჩაბარებისა და მისი პირადი საქმის შესწავლის შემდეგ ირიცხებოდა უმაღლეს სამხედრო საარტილერიო აკადემიაში მსმენელად. აკადემიაში სწავლის ხანგრძლივობა შეადგენდა 3 წელს და მისი დამთავრებისა და სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ოფიცერი დაწინაურებული უბრუნდებოდა საბრძოლო ნაწილს ან გადაჰყავდათ გენერალური შტაბის შემადგენლობაში.

აკადემიის კურსდამთავრებულ არტილერიის ოფიცერს შეეძლო, ემეთაურა მსხვილი საარტილერიო დანაყოფებისთვის. მისი კომპეტენცია სწვდებოდა - საარტილერიო პოლკის და დივიზიის მეთაურობას, ხოლო უფროს ოფიცერთა შემადგენლობის პოლკოვნიკის უმაღლესი სამხედრო წოდების მიღების შემდეგ, ოფიცერს შეეძლო განაცხადის გაკეთება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემიაში სწავლაზე, რაც მის პირად საქმესა და სამსახურებრივ გამოცდილებაზე იყო დამოკიდებული. გენშტაბის აკადემია ოფიცერს აძლევდა როგორც გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდებების მიღების, ასევე მსხვილი საარმიო თუ საშტაბო თანამდებობების დაკავების საშუალებას.

დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე; ტაქტიკისა და სტრატეგიის გაკვეთილები

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს არმიისა და ეროვნული გვარდიის შექმნის პროცესში, რისთვისაც დიდი რაოდენობით კვალიფიციური სამხედრო საქმის სპეციალისტები იყო საჭირო, ქართული შეიარაღებული ძალები სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მართალია, ყოფილ საბჭოთა არმიაში მომსახურე ქართველმა ოფიცრებმა, პირველ რიგში არტილერისტებმა, სამშობლოში დაბრუნება და ეროვნულ სამხედრო დანაყოფებში მუშაობა დაიწყეს, მაგრამ გამოცდილი კადრების დეფიციტი მაინც აშკარა იყო. ფაქტობრივად არ მოიპოვებოდა უმაღლესი სამხედრო განათლების მქონე ოფიცრობა (რეალურად ასეთები თითზე ჩამოსათვლელი იყო). განსაკუთრებული ნაკლებობა იყო ავიაციის, სამხედრო-საზღვაო, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, კავშირგაბმულობის, სატანკო და სხვა სახეობის ჯარებში. საერთო საჯარისო მიმართულების ოფიცრების ყველა თაობა კი, რომელთაც უმაღლესი საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებლები ჰქონდათ დამთავრებული და დამოუკიდებელი საქართველოს არმიას შეუერთდნენ, დაახლოებით სამ ათეულ ოფიცერს არ აღემატებოდა. ქართული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, არტილერიის ოფიცრები გადაემზადებინა და, პირველ რიგში, ქვეითი ნაწილებისა და სხვა სახეობის ჯარებში გაეგზავნა სამსახურისთვის.

1990-იან წლებში საქართველოს ავტონომიურ ერთეულებში რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით გაჩაღებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა კიდევ უფრო მწვავედ დააყენა არა მარტო ოფიცრების, არამედ საბჭოთა პერიოდში ზევადიანი სამხედრო სამსახურის გამოცდილებისა და საბრძოლო ნაწილებში ნამსახურები რეზერვისტების პრობლემა. „ცენტრის“ პოლიტიკის შედეგად, „დათბობისა“ და „უძრაობის“ პერიოდის ქართველ წვევამდელებს სამხედრო-სავალდებულო სამსახური ძირითადად საბჭოთა კავშირის სამშენებლო ჯარების სამშენებლო ბატალიონებში (Стройбат – строительный батальон) ჰქონდათ გავლილი, სადაც საბრძოლო და საცეცხლე მომზადება ფაქტობრივად არ ტარდებოდა. საერთო საბრძოლო ნაწილებში მოხვედრილი ქართველი ახალგაზრდები კი ხშირად ამჯობინებდნენ და ახერხებდნენ, რომ სამეურნეო დანაყოფებში გადაბარგებულიყვნენ და სამწყობრო რეჟიმისათვის თავი აერიდებინათ.

 

ეროვნული გვარდიის პირველი ნაწილები.

 

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამობილიზაციო რესურსის შესწავლამ აჩვენა, რომ პრაქტიკულად ახლადშექმნილ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვს არ გააჩნდა ტანკისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მეთაურები, მსროლელები, მეტყვიამფრქვეები, სნაიპერები და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულების სამხედრო-სავალდებულო სამსახურგავლილები.

პრობლემის გადაჭრის მიზნით 1992 წლის 1 აპრილს თავდაცვის მინისტრ - ლევან შარაშენიძის ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა დახელოვნებისა და ზემდეგთა მომზადების კურსები“, რომლის უფროსად დაინიშნა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებული (1975 წ.) ვიცე-პოლკოვნიკი თენგიზ შუბლაძე. კურსები ყოფილი საარტილერიო სასწავლებლის ტერიტორიაზე განთავსდა. მოგვიანებით, საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1993 წლის 15 თებერვლის №7/23 დადგენილების საფუძველზე თავდაცვის მინისტრ - გიორგი ყარყარაშვილის 1993 წლის 28 მაისის № 267 ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს რეპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია“, რომელსაც კვლავ პოლკოვნიკი (შემდგომ გენერალ-მაიორი) შუბლაძე ჩაუდგა სათავეში.

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში არტილერიის მიმართულებით პედაგოგებისა თუ სამეთაურო შემადგენლობის ნაკლებობა არ იყო, გაერთიანებულ სამხედრო აკადემიას, ახალი რეალობიდან გამომდინარე, სერიოზული პრობლემები გააჩნდა, რაც არტილერისტების გარდა, სატანკო, მოტომსროლელი, შინაგანი ჯარისა და მესაზღვრეების მომზადებას მოითხოვდა. განადგურებული ინფრასტრუქტურის პრობლემასთან ერთად, არ არსებობდა სხვადასხვა სახეობის ჯარის ოფიცრების მოსამზადებელი სასწავლო პროგრამებიც.

მიუხედავად 1990-იანი წლების ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემებისა, გენერალმა შუბლაძემ და აკადემიის სამეთაურო შემადგენლობამ მაინც შეძლეს სასწავლო პროგრამების მოძიება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გაერთიანებულმა სამხედრო აკადემიამ 1997 წლის 12 ივლისს ოფიცერთა პირველი ნაკადი გამოუშვა. გაერთიანებული სამხედრო აკადემიის პროგრამით სულ ოფიცერთა შვიდი გამოშვება შედგა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაწყებული რეფორმების ფარგლებში 2001 წლის 10 სექტემბერს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიას სახელი შეეცვალა და „საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია“ ეწოდა, ხოლო 2003 წლის 20 თებერვალს დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა არაერთ ბრძოლაში გამოიჩინეს თავი, მათგან სამი შემთხვევა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია:

1993 წლის 15-16 მარტს სოხუმის დაცვის ბრძოლებში, საქართველოს სახმელეთო ძალების არტილერიის უფროსის, თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებულ (1972 წ.) ემზარ ჭოჭუას მეთაურობით ქართველმა არტილერისტებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგე მხარის შემტევ ნაწილებს და თითქმის პირწმინდად გაანადგურეს. მოწინააღმდეგის დანაკარგი რამდენიმე ასეულ მებრძოლს ითვლიდა, რამაც მათ რიგებში პანიკა გამოიწვია და სოხუმი დროებით გადარჩა. ამ მნიშვნელოვანი საბრძოლო წარმატების თარიღი - 15 მარტი მომდევნო წლებში ქართული არტილერიის დღედ გამოცხადდა. მომდევნო თვეებში რუსული მხარის ძირითად საზრუნავს სწორედ ქართველი არტილერისტების განიარაღება წარმოადგენდა, რასაც მიაღწიეს კიდეც სამშვიდობო შეთანხმებებში ჩადებული პუნქტების საშუალებით. სოხუმის დამცველები მძიმე შეიარაღებისა და არტილერიის გარეშე დარჩნენ, რამაც ფაქტობრივად გადაწყვიტა ომის ბედი.

1996 წლის 6 აგვისტოს რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს დაიწყო უმნიშვნელოვანესი სამხედრო ოპერაცია - „ჯიჰადი“, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკა „იჩქერიის“ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა (1972 წ.) ასლან მასხადოვმა დაგეგმა და პირადად ხელმძღვანელობდა. მასხადოვის მეთაურობით ჩეჩენმა მებრძოლებმა რიცხობრივად და შეიარაღების მხრივ დიდი უპირატესობის მქონე რუსეთის ფედერალური ჯარების ნაწილები დაამარცხეს. 14 აგვისტოს ჩეჩნები თავიანთ დედაქალაქ გროზნოს, ქალაქებს - არღუნსა და გუდერმესს მთლიანად აკონტროლებდნენ, ხოლო 31 აგვისტოს ხასავიურთის სამშვიდობო ხელშეკრულებით რუსეთის ფედერალურმა ძალებმა მთლიანად დატოვეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორია. ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების დამსახურებით 1997 წლის 27 იანვარს ასლან მასხადოვი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებში იჩქერიის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

 

თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი - ასლან მასხადოვი ოჯახთან ერთად.

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა (1982 წ.) დევი ჭანკოტაძემ და მისმა არტილერისტებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს რუსული საოკუპაციო ჯარების სამხედრო კოლონებს, გაანადგურეს ათეულობით მძიმე ტექნიკა, ასევე გაანადგურეს ცხინვალში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა და საბრძოლო მარაგები. მნიშვნელოვანია, რომ გენერალ ჭანკოტაძის შემუშავებულმა ახლებურმა ტაქტიკამ, რაც საარტილერიო გათვლების, თვითმავალი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარების არა სტაციონალურ განლაგებას, არამედ მუდმივ მოძრაობას ითვალისწინებდა, დიდი უპირატესობა მოუტანა ქართველ არტილერისტებს და საბრძოლო შეტაკებებში დანაკარგი თითქმის არ ჰქონიათ. მისივე გადაწყვეტილებით საარტილერიო გათვლებს მუდმივად საბრძოლო მხარდაჭერას უწევდა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით აღჭურვილი კვადროციკლების ჯგუფები, რამაც რუსულ ავიაციას საშუალება არ მისცა, იერიში მიეტანა საარტილერიო დანაყოფებზე. საბრძოლო დამსახურებისთვის ბრიგადის გენერალ ჭანკოტაძეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა და 2009 წლის 5 მარტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა.

თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის ისტორია კარგი მაგალითია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალი სამხედროების აღზრდა და სამხედრო განათლება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საარტილერიო სასწავლებელში ქართველი ახალგაზრდების ძალიან მცირე ნაწილი მიდიოდა, ეს რესურსი მაინც საკმარისი გამოდგა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართული არტილერიის შესაქმნელად, რომელმაც ყველა კრიტიკულ მომენტში შეასრულა მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რასაც ვერ ვიტყვით სხვადასხვა სახეობის ჯარების სამეთაურო შემადგენლობაზე, რომელთა აღზრდაც და განვითარებაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თითქმის ნულიდან მოუწია ქართულ სახელმწიფოს. ამ ნაკლმა არაერთხელ იჩინა თავი საბრძოლო მოქმედებების დროს.

საყურადღებო ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში და, განსაკუთრებით, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების სამხედრო აკადემიებში სწავლის მსურველი ქართველი ახალგაზრდების რაოდენობა, რისი გამოსწორებაც აუცილებელია, რადგან ბოლო ათწლეულების გამოცდილებამ მკაფიოდ დაგვანახა ის საფრთხეები, რის გასამკლავებლადაც დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქართულ სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები და საუკეთესო განათლების მქონე ოფიცრები.

დავით ხვადაგიანი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.

წყარო:http://archive.ge/

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის