USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
"BM.GE" - რა რეგულაციები ამოქმედდება ბიზნესისთვის 2025 წელს?
Date:  1325

2025 წელს ბიზნესი გაზრდილი საგადასახადო წნეხით და ახალი რეგულაციებით ხვდება. რეგულაციების ნაწილი ქართული ოცნების პარლამენტმა წლის ბოლოს დაჩქარებული წესით მიიღო, ხოლო რეგულაციების ნაწილი წინა წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება.


1-ელი იანვრიდან ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾500,000-ის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს

სესხის აღებისას, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ცვლილებები ამოქმედდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ.

1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ღირებულება იზრდება

თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთი იზრდება. საუბარია ერთ სიგარეტის კოლოფზე აქციზის 20 თეთრით, 1.70-დან 1.90 ლარამდე გაზრდაზე. ხოლო 15 თეთრით 1.85 ლარამდე გაიზრდება ასევე აქციზის განაკვეთი გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე.

1-ელი იანვრიდან სათამაშო ბიზნესისთვის მოგების გადასახადი იზრდება

2025 წლიდან იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ, მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ.

1-ელი იანვრიდან თბილისში, პიკის საათებში, დისტრიბუციის მანქანების მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში დილის 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება. აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.

1 იანვრიდან ერთი ავტომობილის რეექსპორტისთვის საფასური 150 ლარით გაიზრდება - შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები ძვირდება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება. კერძოდ, მნიშვნელოვნად იზრდება საექსპერტო შემოწმებისთვის, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის შევსებისთვის ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის მომსახურების საფასური. საექსპერტო შემოწმება როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ, ასევე, მის ფარგლებში იზრდება 70 ლარით, ხოლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერის საფასური ძვირდება 80 ლარით.

1-ელი იანვრიდან 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანების და ავტობუსების იმპორტი იკრძალება

2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების იმპორტი აიკრძალება. იმპორტის შეზღუდვა ევრო-5 სტანდარტზე საქართველოს გადასვლასთან დაკავშირებით წესდება.ამ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში აიკრძალება იმ სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მითითებულ სტანდარტს.

4 იანვრიდან გარკვეულ ავტომობილებს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენებაზე შეამოწმებენ

მომავალი წლიდან გზისპირა ზონებში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამზიდავების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. კერძოდ, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

1-ელი თებერვლიდან პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი/ექსპორტი/რეალიზაცია დარეგულირდება

1-ელი თებერვლიდან საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. კანონპროექტის მიხედვით, ნებართვებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს. საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

1-ელი თებერვლიდან სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათი უქმდება

1 თებერვლიდან სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრებიან ნებისმიერ ხელშეკრულებაში, რომელთაც გააფორმებენ კომპანიებთან და მეწარმე იურიდიულ პირებთან, მათთვის შეღავათი შენარჩუნდება მხოლოდ მაშინ თუკი კონტრაქტს გააფორმებენ სხვა ფიზიკურ პირთან, რომელიც მეწარმის სტატუსს არ ატარებს.

1-ელი აპრილიდან თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია ამოქმედდება

2025 წლის პირველი აპრილიდან თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ, პროდუქციაზე ბრენდების ლოგოები, განმასხვავებელი ფერები და აღწერები აღარ იქნება განთავსებული. ბრენდის სახელი შეფუთვაზე უნიფიცირებული შრიფტით იქნება დაწერილი, ხოლო შეფუთვის ფერი და იერსახე სტანდარტიზებულად ერთნაირი იქნება. 2025 წლის 1 მარტამდე შესაძლებელია თამბაქოს ნაწარმის დღეს არსებული ფორმით შემოტანა და 2025 წლის 1 აპრილამდე მისი რეალიზაცია.

1-ელი ივნისიდან ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

2025 წლის 1-ელი ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-ლარიდან 10 000-ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ასევე პირველი ივნისიდან 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება და დასაშვები მხოლოდ ავტობუსებით იქნება.

წყარო:https://bm.ge/

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way