USD 2.7212
EUR 3.1740
RUB 3.4004
Tbilisi
"BM.GE" - ქართულმა ბანკებმა 2024 წელს ₾3.1 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს
Date:  898

საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 2024 წელს 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შედეგთან შედარებით 14%-ით (₾380 მლნ) მეტია.

ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ ზრდის ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია საპროცენტო შემოსავლებთან, საკრედიტო პორტფელის გაფართოებასთან და ხარჯების მართვასთან.

საპროცენტო შემოსავლები და საკრედიტო პორტფელის ზრდა

2024 წელს ბანკების საპროცენტო შემოსავალი 8.4 მილიარდი ლარი იყო, რაც 18%-ით მეტია 2023 წლის 7.2 მილიარდ ლართან შედარებით. ამ ზრდას ხელი შეუწყო სესხების მოცულობის მატებამ და საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ.

სესხებიდან მიღებული შემოსავალი 7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 17%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს. კორპორაციულ და საცალო დაკრედიტებაზე არსებული მოთხოვნა ბანკებისთვის შემოსავლის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.

2024 წლის დეკემბრისთვის ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 62.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით გაიზარდა.

არასაპროცენტო შემოსავლები:

გარდა საპროცენტო შემოსავლებისა, გაიზარდა საკომისიო და სხვა არასაპროცენტო შემოსავლები. ამ კატეგორიაში შედის გადარიცხვები, ციფრული საბანკო მომსახურება და სხვა საბანკო ოპერაციები. აღნიშნულმა თანხებმა 790 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან კი ქართულმა ბანკებმა 2024 წელს 816 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წლიურად 22%-ით, ანუ 149 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

საპროცენტო ხარჯები:

ბანკებმა 2024 წლის განმავლობაში კლიენტების დეპოზიტებზე 2.5 მილიარდი ლარის საპროცენტო სარგებელი გასცეს, რაც წლიურად 405 მილიონი ლარით, ანუ 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მთლიანობაში 2024 წელს ქართული ბანკების სადეპოზიტო პორტფელი 7.7 მილიარდი ლარით, ანუ 15%-ით გაფართოვდა და 58.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

საოპერაციო ხარჯები

საქართველოს ბანკების საოპერაციო ხარჯები 2024 წელს გაიზარდა, თუმცა ამ ზრდამ შემოსავლების ზრდის ტემპს ვერ გადაუსწრო, რის შედეგადაც ბანკებმა შეინარჩუნეს ეფექტურობის კოეფიციენტი ოპტიმალურ დონეზე. ხარჯების ზრდის მთავარი ფაქტორები მოიცავდა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხარჯებისა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების ზრდას.

2024 წელს ბანკების თანამშრომელთა ანაზღაურება და სხვა პერსონალური ხარჯები 1.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც 177 მილიონი ლარით, ანუ 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ადმინისტრაციული და საოფისე ხარჯები კი 423 მილიონი ლარი იყო (მატება 14%).

აქტივების შესაძლო დანაკარგებმა 314 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მოგების გადასახადის სახით კი ბანკებმა 561 მილიონი ლარი გადაიხადეს. ამ მხრივ მატებამ 69 მილიონი ლარი შეადგინა.

მთლიანობაში ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საბანკო სექტორის მოგება 380 მილიონი ლარით, 3.1 მილიარდამდე გაიზარდა.

წყარო:https://bm.ge/

society
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი და "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავა. მათივე ცნობით, ამავე საქმეზე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და პროექტის მენეჯერი, რომლებმაც "სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან". მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციითვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები.

ისინი [მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი და მენეჯერები] ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს ლაგი კაპიტალის მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი.

დასახელებულმა პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს ლაგი კაპიტალზე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

გამოძიება სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way