საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 2024 წელს 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შედეგთან შედარებით 14%-ით (₾380 მლნ) მეტია.
ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ ზრდის ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია საპროცენტო შემოსავლებთან, საკრედიტო პორტფელის გაფართოებასთან და ხარჯების მართვასთან.
2024 წელს ბანკების საპროცენტო შემოსავალი 8.4 მილიარდი ლარი იყო, რაც 18%-ით მეტია 2023 წლის 7.2 მილიარდ ლართან შედარებით. ამ ზრდას ხელი შეუწყო სესხების მოცულობის მატებამ და საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ.
სესხებიდან მიღებული შემოსავალი 7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 17%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს. კორპორაციულ და საცალო დაკრედიტებაზე არსებული მოთხოვნა ბანკებისთვის შემოსავლის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.
2024 წლის დეკემბრისთვის ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 62.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით გაიზარდა.
არასაპროცენტო შემოსავლები:
გარდა საპროცენტო შემოსავლებისა, გაიზარდა საკომისიო და სხვა არასაპროცენტო შემოსავლები. ამ კატეგორიაში შედის გადარიცხვები, ციფრული საბანკო მომსახურება და სხვა საბანკო ოპერაციები. აღნიშნულმა თანხებმა 790 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან კი ქართულმა ბანკებმა 2024 წელს 816 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წლიურად 22%-ით, ანუ 149 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
საპროცენტო ხარჯები:
ბანკებმა 2024 წლის განმავლობაში კლიენტების დეპოზიტებზე 2.5 მილიარდი ლარის საპროცენტო სარგებელი გასცეს, რაც წლიურად 405 მილიონი ლარით, ანუ 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მთლიანობაში 2024 წელს ქართული ბანკების სადეპოზიტო პორტფელი 7.7 მილიარდი ლარით, ანუ 15%-ით გაფართოვდა და 58.3 მილიარდ ლარს მიაღწია.
საოპერაციო ხარჯები
საქართველოს ბანკების საოპერაციო ხარჯები 2024 წელს გაიზარდა, თუმცა ამ ზრდამ შემოსავლების ზრდის ტემპს ვერ გადაუსწრო, რის შედეგადაც ბანკებმა შეინარჩუნეს ეფექტურობის კოეფიციენტი ოპტიმალურ დონეზე. ხარჯების ზრდის მთავარი ფაქტორები მოიცავდა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხარჯებისა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების ზრდას.
2024 წელს ბანკების თანამშრომელთა ანაზღაურება და სხვა პერსონალური ხარჯები 1.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც 177 მილიონი ლარით, ანუ 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ადმინისტრაციული და საოფისე ხარჯები კი 423 მილიონი ლარი იყო (მატება 14%).
აქტივების შესაძლო დანაკარგებმა 314 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მოგების გადასახადის სახით კი ბანკებმა 561 მილიონი ლარი გადაიხადეს. ამ მხრივ მატებამ 69 მილიონი ლარი შეადგინა.
მთლიანობაში ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საბანკო სექტორის მოგება 380 მილიონი ლარით, 3.1 მილიარდამდე გაიზარდა.
წყარო:https://bm.ge/
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.