USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«ISW - Institute for the Study of War» (აშშ): „ვაგნერის“ ანტისამთავრობო ამბოხების შეფასება“
Date:  261

მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აქტიურად მიმდინარეობს ორი დღის წინ, 25 ივნისს რუსეთში მომხდარი „შეიარაღებული გადატრიალების“ მცდელობის განხილვა, შეფასება-კომენტირება და სამომავლო მოვლენების პროგნოზირება.

დასავლური წყაროების დასკვნა-შეფასებებში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და პირადად პრეზიდენტის რეპუტაციამ და ავტორიტეტმა დიდი დარტყმა მიიღო - ნათელი გახდა, რომ  ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილი მბრძანებლური ვერტიკალი მდგრადი და მტკიცე კი არ არის, არამედ მყიფე და მოწყვლადი.

რუსული პრესა კი პირიქით წერს და აღნიშნავს - რუსეთის ლიდერმა აჩვენა, რომ მას სისხლისღვრა არ სურს და ყველა კრიზისული სიტუაციისადმი გამკლავება შეუძლია (თუმცა რუსეთის მასმედიის მასალებზე საუბრისას მხედველობაში უნდა გვქონდეს ის გარემოება, რომ იქაური პრესა ხელისუფლების მნიშვნელოვანი კონტროლის ქვეშ იმყოფება).

 ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ (ISW - Institute for the Study of War) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით „ვაგნერის“ ანტისამთავრობო ამბოხების შეფასება“ (ავტორები - კაროლინა ჰარდი, ანჟელიკა ევანსი, მეისონ კლარკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კრემლი ყველანაირად ცდილობდა „ვაგნერისათვის“ ეფექტური და სწრაფი პასუხი გაეცა - მობილიზება გაუწია „როსგვარდიის“ სპეცრაზმებს (ყოფილ „ომონს“’), მაგრამ ისინი ევგენი პრიგოჟინის მომხრეებთან ბრძოლაში რატომღაც არ ჩაბმულან - მაშინაც კი, როცა კერძო სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვში სამხედრო დანიშნულების მქონე მნიშვნელოვანი ობიექტები ხელში ჩაიგდო და რამდენიმე ვერტმფრენი ჩამოაგდო. სხვათა შორის, „ვაგნერის“ მოსკოვური ლაშქრობისათვის“ ხელი არ შეუშლია არც რამზან კადიროვის ქვედანაყოფებს, რომელმაც პომპეზურად გამოაცხადა რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად ვლადიმერ პუტინისადმი ერთგულება, სინამდვილეში კი უმოქმედოდ იდგა. მოკლედ, „ვაგნერი“ მოსკოვამდე აუცილებლად მივიდოდა და ეს ვლადიმერ პუტინმა კარგად დაინახა. სწორედ მისი თხოვნით ჩაერია საქმეში ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც მძაფრი სიტუაცია მეტ-ნაკლებად განმუხტა.

რუსულმა სამთავრობო წყაროებმა ხაზი გაუსვეს, რომ შეიარაღებული ამბოხება არანაირ გავლენას არ მოახდენდა ფრონტის ხაზზე დისლოცირებულ რუსეთის ჯარებზეო, მაგრამ „ვაგნერელთა“ მოქმედებამ დაადასტურა, რომ კრემლი ზურგში (როსტოვის, ვორონეჟის, ლიპეცკის ოლქებში) რეზერვების დეფიციტს განიცდის [სხვათა შორის, იყო ცნობა, რომ ერთ-ერთი ქვედანაყოფი ამბოხებულთა მხარეზე გადავიდა]. შესაბამისად, რუსულ წყაროებში გამოიხატა შიში, რომ არმიაშიც მსგავსი რამ მოხდებოდა - დაუმორჩილებლობა დაიწყებოდა და ჯარის ბრძოლისუნარიანობა შესუსტდებოდა, რითაც უკრაინელები ისარგებლებდნენ.

იმ შეთანხმების მიხედვით, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით იქნა მიღწეული და რომელიც კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააჟღერა, როგორც ჩანს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ლიკვიდირებული იქნება - მისი პირადი შემადგენლობა, კონტრაქტის საფუძველზე, რუსეთის რეგულარული არმიის შემადგენლობაში ჩაირიცხება. ანუ პრაქტიკულად მოხდება ის, რაც თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს სურდა - „ვაგნერელთა“ სრული გაკონტროლება.

რუსეთის შიდაპოლიტიკურ მოვლენებში ბელარუსის პრეზიდენტის ჩარევამ და მისი ძალისხმევით მიღებული გადამწყვეტი შედეგი ვლადიმერ პუტინისათვის, უეჭველია, დამამცირებელ ფაქტს წარმოადგენს, ხოლო თვითონ ალექსანდრე ლუკაშენკოსათვის - საკმაოდ  მომგებიანს. კაცმა რომ თქვას, ბელარუსის ლიდერს „ვაგნერი“ სათავისოდ ადრეც აქვს გამოყენებული: გავიხსენოთ 2020 წლის ივლისი, როცა ბელარუსის უშიშროებამ, საარჩევნო კამპანიის დროს პროვოკაციის მოწყობის ბრალდებით, რამდენიმე ვაგნერელი დააკავა. შემდეგ ისინი ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინის თხოვნით გაათავისუფლა და „რუსეთში გააძევა“.

კრემლი ამჟამად უკიდურესად არამდგრადი წონასწორობის მდგომარეობაშია. ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული გარიგება არა გრძელვადიან, არამედ მოკლევადიან გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს სერიოზული ნაკლოვანებები გამოავლინა. ამასთან, ჩვენი აზრით, ის ვერსია, რომ „ვაგნერელთა“ ბუნტი, კრემლის რეაქცია და ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობა თითქოსდა წინასწარ დადგმული და კრემლის მიერ ინსცენირებული იყო, აბსურდულს წარმოადგენს. ამბოხებამ გამოავლინა რუსეთის უშიშროება-უსაფრთხოების სტრუქტურების უუნარობა დროულად გამოეყენებინათ თავიანთი ძალები შიდა საფრთხეების აღსაკვეთად. ამრიგად, ძირი გამოეთხარა სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების მონოპოლიას.

ევგენი პრიგოჟინის „სამართლიანობის მარშმა“, ანუ სწრაფმა და დაუბრკოლებელმა წინსვლამ მოსკოვისაკენ აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილ ვერტიკალში ბზარები და სიცარიელეები არსებობს: თურმე კერძო არასახელმწიფოებრივ სტრუქტურას, მთელი სახელმწიფო სისტემის საწინააღმდეგოდ, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეუძლია.

„ვაგნერელთა“ მხრიდან ანტისამთავრობო შეიარაღებულმა გამოსვლამ აჩვენა რუსეთის სამხედრო რეზერვების დეგრადაცია, რომელიც ამჟამად თითქმის მთლიანად ფრონტზეა გადასროლილი და ქვეყნის შიგნით ყველაფერი ახალწვეულების იმედზეა მიტოვებული, მათ შორი საზღვრებიც.

კრემლი ცდილობდა საინფორმაციო უპირატესობა მოეპოვებინა და „ვაგნერელებს“ ყველაზე ბნელი ფერებით წარმოსახავდა, თუმცა როსტოველებს ევგენი პრიგოჟინისადმი არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და რიგ შემთხვევაში თბილად ესალმებოდნენ კიდეც. მოკლედ რომ ვთქვათ, ადგილობრივი მოსახლეობა „ვაგნერელებს“ თანაუგრძნობდა, მაგრამ იმავდროულად ვლადიმერ პუტინსაც არ აკრიტიკებდნენ.

და ბოლოს, 23-24 ივნისის მოვლენები, მართალია, მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ პერსპექტივაში, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად დაასუსტებს ვლადიმერ პუტინის მთავრობას და ხელს შეუშლის რუსეთის სამხედრო მოქმედებების წარმატებულ განვითარებას უკრაინაში.

წყარო: https://understandingwar.org/backgrounder/russian-offensive-campaign-assessment-june-24-2023

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way