USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
«IDR - Indian Defense Review» (ინდოეთი): „ინდოეთი, საქართველო და სომხეთი: კავშირები წარსულში და თანამედროვე გეოპოლიტიკა“
თარიღი:  238

ინდური სამხედრო ჟურნალი „ინდიან დეფენს რევიუ“ (Indian Defense Review - IDR) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ინდოეთი, საქართველო და სომხეთი: კავშირები წარსულში და თანამედროვე გეოპოლიტიკა“ (ავტორი - არუნანშ გოსვამი).

პუბლიკაციაში განხილულია ინდოეთ-საქართველო-სომხეთის კავშირები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში: ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის მიერ ინდოეთში მცხოვრები სომეხი ვაჭრის აღა-შამირისათვის (ქართული წყაროებით - იაკობ შახრიმიანი, სომხური წყაროებით - შამირ სოოლტანუმიან-შამირიანი) თავადიშვილობის მინიჭება და მისთვის ლორეში მამულის დამტკიცება. როგორც ირკვევა, იაკობ შახრიმიანს ინდოეთის მფლობელი ინგლისის მთავრობისათვის უთხოვია საქართველოს მფარველობა და გარკვეული დეკლარაციაც წარუდგენია. ერეკლეს მეორეს ბრძანებით, ინდოეთში გაიგზავნა თბილისელი აზნაური რაფიელ დანიბეგაშვილი...

ისტორიული კავშირები...

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი ჩანაი, რომელსაც ადრე მადრასი ერქვა. აქ, ქალაქის სომხურ სასაფლაოზე განისვენებს ვაჭარი-მილიონერი აღა შამირი (სომხურად - შამირ სოლტანუმიან-შამირიანი, ქართულად - იაკობ შახრიმიანი), რომელმაც  მე-18 საუკუნეში დიდი როლი შეასრულა ინდოეთის, საქართველოსა და სომხეთის ერთმანეთთან დაკავშირებაში. თავისი სიმდიდრით ის არამარტო ეხმარებოდა ინდოეთის კარნატიკის რეგიონის იმდროინდელ მმართველს, არამედ საქართველოს მეფეს ერეკლე მეორესაც კი, რომელმაც თავის მხრივ, აღა შამირს და მისი ოჯახის წევრებს თავადიშვილობის წყალობის სიგელი უბოძა (სტატიაში ციტირებულია ერეკლე მეორის ბრძანების ტექსტი) და ქართველ მოგზაურს რაფიელ დანიბეგაშვილს ინდოეთში გაატანა. სამწუხაროდ, რაფიელი იმ დროს ჩავიდა ინდოეთში (1795 წელს), როცა აღა შამირი უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო, თუმცა სიგელი მის მემკვიდრეს დაუტოვა. მოგვიანებით რაფიელ დანიბეგაშვილმა ინდოეთში მოგზაურობის შესახებ წიგნიც გამოსცა. იაკობ შახრიმიანის გარდაცვალების 100 წლისთავი 1894 წელს თბილისში სომეხმა ჟურნალისტებმა აღნიშნეს.

... და თანამედროვე გეოპოლიტიკა

დიახ, ინდოელ-სომეხ-ქართველმა თავადმა ნამდვილად განამტკიცა სამი ხალხის მეგობრობა, მაგრამ ეს მაინც უკვე ისტორიას მიეკუთვნება. ალბათ, საინტერესოა, როგორია დღევანდელი პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობა ინდოეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის?

ინდოეთს არ აქვს მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში, მაგრამ იბდოეტის ელჩი სომხეთში (რეზიდენციით ერევანში) იმავდროულად აკრედიტებულია საქართველოშიც. ინდოეთის ურთიერთობა ორივე სახელმწიფოსთან მეგობრულია. ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთის გეოპოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას წარმოადგენს, ეკონომიკის მოცულობით მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია, ჰყავს სიდიდით მეორე არმია მსოფლიოში, ხოლო დემოკრატიის მხრივ - მსოფლიოში უდიდესი დემოკრატიული მმართველობის სისტემა აქვს. და ბოლოს, ინდოეთი ბირთვული სახელმწიფოა.

როგორც მაიკლ რუბინი - American Enterprise Institute-ს მეცნიერ-თანამშრომელი წერს, „ინდოეთი აჩვენებს, რომ კავკასიური დიპლომატია მხოლოდ რუსეთის, თურქეთისა და ირანისთვის არ არის განკუთვნილი. შეიძლება ითქვას, არჩევანი რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის ემსგავსება არჩევანის გაკეთებას ინფარქტს, ინსულტს და კიბოს შორის. სიტუაცია კავკასიაში იცვლება. ინდოეთს შეუძლია კავკასიური დემოკრატიის მოკავშირე იყოს“.

ნიუ-დელი მზად არის კავშირების გასაღრმავებლად სომხეთთან და საქართველოსთან, მაგრამ არსებობს პრობლემები. ერთი მხრივ, ინდოეთის ახლო თანამშრომლობა რუსეთთან ნიუ-დელის კავკასიელი მეგობრების შეშფოთებას იწვევს, მაგრამ მეორე მხრივ, მოსკოვთან მეგობრობა ინდოეთისათვის ტრადიციულია. მაშ როგორ შეუძლია ინდოეთს თავისი სამი მეგობრის „გაბედნიერება“? პასუხი ასე შეიძლება გამოიხატოს: ინდოეთმა თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს და უნდა შეეცადოს, რომ ხელი შეუწყოს და გააუმჯობესოს რუსეთის ურთიერთობა საქართველოსთან და სომხეთთან.

საქართველოც და სომხეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს წარმოადგენენ და რუსეთთან ისტორიული კავშირები აქვთ, თუმცა ამჟამად მათ რუსეთი გეოპოლიტიკური მიზეზების გამო არ მოსწონთ.

საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს რუსეთთან - იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შედეგად კრემლმა მისი სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება განახორციელა (ქართული ვერსიის თანახმად). და მაინც საქართველოს დღევანდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობა მოსკოვთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.

სომხეთი, რომელსაც უფრო მეტი მჭიდრო კავშირები ჰქონდა რუსეთთან, ვიდრე საქართველოს, ნელ-ნელა უახლოვდება „დასავლურ ბლოკს“, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი არ დაეხმარა ერევანს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს და არაფერი გაუკეთებია სომხეთის ინტერესების დასაცავად.

ინდოეთის ინტერესებში შედის მეგობრული დამოკიდებულების განმტკიცება ამ ორივე სახელმწიფოსთან. ამ მიზნით ნიუ-დელი ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ისარგებლოს.

რატომაა აუცილებელი სამივე ქვეყნის ერთად მუშაობა

საქართველო და სომხეთი მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყნები არიან, რომლებსაც დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ორი მუსლიმანური სახელმწიფო - თურქეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრებათ. თურქული საფრთხე არამარტო საქართველოს და სომხეთს ემუქრება, არამედ ინდოეთსაც - იმიტომ, რომ მეზობელი პაკისტანი, უპასუხისმგებლო ბირთვული სახელმწიფო, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოკავშირეს წარმოადგენს. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი [ნებით თუ უნებლიედ], საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უპირისპირდება: 2016 წლის ოქტომბერში, როცა თურქი ლიდერი რიზეში - საქართველოდან 100 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში - სიტყვით გამოდიოდა, მან განაცხადა: „ჩვენი ფიზიკური საზღვრები განსხვავდება ჩვენი გულის საზღვრებისაგან... განა შეიძლება რიზესა და ბათუმის ერთმანეთისაგან დაშორება?“. [ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და აჭარის ავტონომიის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს].

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მთავრობა მუდმივად აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველო სუვერნიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და, შესაძლოა, რეჯეფ ერდოღანის განცხადება არასწორად იქნა აღქმული, თურქი ლიდერის სიტყვები  მაინც იწვევს ქართველების შეშფოთებას: ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ აჭარა საქართველოს კუთვნილ რეგიონს წარმოადგენს.

რეჯეფ ერდოღანი ღიად უარყოფს სომხების გენოციდის ფაქტს და მხარს უჭერს აზერბაიჯანს. ანკარა მნიშვნელოვნად დაეხმარა ბაქოს, როცა აზერბაიჯანი ყარაბაღში სომხეთს ეომებოდა. ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმზე რეჯეფ ერდოღანმა ასე განაცხადა: „დღეს ნური-ფაშასა და ენვერ-ფაშას, ასევე კავკასიის არმიის მამაცი ჯარისკაცების სულები ბედნიერები არიან“. გენერლები ნური-ფაშა და ენვერ-ფაშა ცნობილნი არიან სომეხთა მასობრივი მკვლელობებით.

რეჯეფ ერდოღანმა თავის გამოსვლაში ასევე შეადარა ერთმანეთს ჩანაკალე და ქაშმირი და მხარი დაუჭირა პაკისტანს ქაშმირის ინდური ნაწილის კუთვნილებაში - მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის დახმარებით მუსლიმანი ტერორისტები ინდუს ქაშმირელებს ხოცავენ.

თურქეთის, აზერბაიჯანისა და პაკისტანის ურთიერთკავშირი შეშფოთებას იწვევს არამარტო ინდოეთში და სომხეთში, არამედ გარკვეულწილად საქართველოშიც.

დემოკრატიული ინდოეთი მხარს უჭერს სომხეთის გეგმებს შავი ზღვისა და სპარსეთის ყურეს შორის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე (ირანის გავლით), რომელიც საშუალებას მისცემს ინდოელ ბიზნესმენებს თავიანთი პროდუქცია გაიტანონ სომხეთში, საქართველოში, ევროპაში და რუსეთში. ამ დერეფანს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დერეფანს, რომლის მონაწილე აზერბაიჯანია.

ათასობით ინდოელი სტუდენტი სწავლობს სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით სამედიცინო პროფილით. ეს ნიშნავს, რომ ინდოელ ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში. ინდოეთი ქართული და სომხური პროდუქციის გასაღების უზარმაზარ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ორივე სახელმწიფოს ინვესტიციები საკმაოდ დიდი მოცულობისაა, განსაკუთრებით კვების სფეროში. „ქართული პიცა“ (აჭარული და იმერული ხაჭაპური), ასევე „სომხური ლავაში“ დიდი მოწონებით სარგებლობენ ნიუ-დელის, მუმბაისა და ინდოეთის სხვა ქალაქების რესტორნებში.

ინდოელები - საშუალო კლასის წარმომადგენლები - სულ უფრო მეტად აქტიურობენ ახალი ქვეყნების გაცნობაში. მათთვის სომხეთი და საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებსაც ინდოელი ტურისტები  საუკეთესოდ თვლიან. ნიუ-დელსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები უკვე ხორციელდება, მალე დაიწყება ერევანთანაც. ამ მხრივ სამივე სახელმწიფოს ცა ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობისთვის უსაზღვრო სივრცეს წარმოადგენს.

წყარო: https://www.indiandefencereview.com/spotlights/india-georgia-and-armenia-past-closeness-and-present-geopolitics/

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.