USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«DW - Deutsche Welle» (გერმანია): „ევროპარლამენტის არჩევნები: როგორ გავლენას მოახდენს მისი შედეგები უკრაინისადმი დახმარებაზე“
дата:  703

 „ევროპის პარლამენტის არჩევნებში, რომელიც 6-9 ივნისს უნდა ჩატარდეს (პირველად „ბრექსიტის“ შემდეგ), მემარჯვენე პოპულისტების გამარჯვებას პროგნოზირებენ“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW - Deutsche Welle) გამოაქვეყნა სათაურით „ევროპარლამენტის არჩევნები: როგორ გავლენას მოახდენს მისი შედეგები უკრაინისადმი დახმარებაზე“ (ავტორი - ვიქტორია ვლასენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევროკავშირის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება  პოლიტიკური ძალების ლანდშაფტი, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გავლენას მოახდენს არა მარტო ევროკავშირის საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკაზეც, მათ შორის უკრაინისადმი მხარდაჭერაზეც.

ევროპის პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს - იმიტომ, რომ ასეთი უფლება ეროვნული პარლამენტების პრეროგატივას წარმოადგენს. თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკავშირის წარმომადგენლობითი ორგანო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინიცირებული კანონპროექტებისა და საკანონმდებლო რეზოლუციების მიღებაში, გავლენას ახდენს ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ამტკიცებს ევროკომისიის შემადგენლობას, ანუ ხმას აძლევს ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელების კანდიდატურებს.

ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობის მიერ მიღებულ რეზოლუციებში, რომელიც კიევის მიმართ სამხედრო, ფინანსური-ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა იყო გამოხატული, ყოველთვის აუცილებელ მხარდაჭერას იღებდა უმრავლესობის მხრიდან. მათზე არსებით გავლენას ვერ ახდენდნენ ის პროკრემლური პოზიციები, რომლებსაც ულტრამემარჯვენე ფრაქციის „იდენტურობისა და დემოკრატიის“ წევრები და ზოგიერთი ცალკეული დეპუტატები გამოხატავდნენ.

მაგრამ უკვე სულ მალე შეიძლება სიტუაცია მკვეთრად შეიცვალოს.

პოპულისტთა გავლენის საფრთხე

საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) მონაცემების მიხედვით, ივნისის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში შეიძლება მნიშვნელოვანი გადახრა მოხდეს მარჯვნისაკენ - იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრ ბევრ ევროპულ ქვეყანაში წარმატებას აღწევენ მემარჯვენე-პოპულისტური და მემარჯვენე-რადიკალური პარტიები, ხოლო მემარცხენე-ცენტრისტები და „მწვანეები“ გავლენას კარგავენ.

ექსპერტების პროგნოზით, ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობის ორი ძირითადი ფრაქცია - „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალისტ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ არჩევნების შედეგად ევროპარლამენტში, ალბათ, ადგილებს დაკარგავენ, თუმცა „სახალხოპარტიელები“ მაინც შეინარჩუნებენ ყველაზე დიდი ფრაქციის პოზიციას. ეს ნიშნავს, რომ მათ ისევ ექნებათ უფლებამოსილება დღის წესრიგის განსაზღვრისა და ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელის შერჩევაში (ანუ შესაძლოა მის პრეზიდენტად ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენი დარჩეს). იმავდროულად მოსალოდნელია, რომ პოზიციებს დაკარგავენ ცენტრისტები ფრაქციიდან „გაანახლე ევროპა“, აგრეთვე დასუსტდება ფრაქცია „მწვანეები//ევროპის თავისუფალი ალიანსი“.

მაგრამ როგორც პროგნოზებით ჩანს, მომავალ არჩევნებში მთავარი გამარჯვებული, სავარაუდოდ, გახდება მემარჯვენე-რადიკალური ფრაქცია „იდენტურობა და დემოკრატია“. არ არის გამორიცხული, რომ თავისი წევრების რაოდენობით ის ევროპარლამენტში მესამე ფრაქცია იქნება „სახალხოპარტიელებისა“ და „სოციალისტ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ შემდეგ. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წევრთა რიცხვს ფრაქცია „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტებიც“ (მემარჯვენე „რბილი“ ევროსკეპტიკოსები) გაზრდიან და მას ზოგიერთი ფრაქციისგარეშე მყოფი დეპუტატებიც (ნაციონალისტური პარტიის წევრები თავიანთ ქვეყნებში) შეუერთდებიან, მაშინ ულტრამემარჯვენე და მემარჯვენე პოპულისტების გავლენა ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში შესამჩნევად მოიმატებს.

რაც არ უნდა მოხდეს, უკიდურეს შემთხვევაშიც კი, როგორც „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ (ЕРС) ექსპერტები პროგნოზირებენ, „ნაციონალისტური და მემარჯვენერადიკალური ევროდეპუტატები ადგილების მეოთხედს დაიკავებენ. „ასეთი პერსპექტივა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ ევროკავშირის მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია ხელი შეუშალოს ინტეგრაციას და ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას იმ დროს, როცა გეოპოლიტიკა და მუდმივი კრიზისები ევროპარლამენტისაგან უფრო მეტი ერთობისა და სიმტკიცის გამოვლენას მოითხოვს“, - გამაფრთხილებლად ამბობენ ექსპერტები..

რამდენად სერიოზულია იმის საფრთხე, რომ არჩევნების შედეგად ევროპარლამენტი უკრაინისადმი მხარდაჭერას შეამცირებს? და ეს შეიძლება თუ არა მოხდეს იმ დროს, როცა კიევი რუსეთთან ომშია ჩაბმული და ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს?

„ამის მუქარა ძალიან დიდია“, - აღიარებს ნატალი ტოჩი, რომის (იტალია) საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტის დირექტორი. როგორც მან განმარტა DW-სთვის გაკეთებულ კომენტარში, მემარჯვენე პარტიები უფრო მეტ ყურადღებას საშინაო საკითხებს უთმობენ, ღიად თუ ფარულად ატარებენ პროკრემლურ პოლიტიკას და იგნორირებენ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის“. გარდა ამისა, ისინი ნაკლებად დამთმობნი არიან და კომპრომისებზე არ თანხმდებიან ევროკავშირის შიგნითაც, ისინი ხელს უშლიან გადაწყვეტილების მიღებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სანქციების გამოცხადება, თავდაცვითი პოლიტიკა ან ევროკავშირის გაფართოება. სწორედ ამიტომაც, თუ რადიკალები ევროპარლამენტში ადგილების მაღალ რაოდენობას მიიღებენ, მათი წარმატება ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი დახმარებას რისკებს უქმნის“, - ხაზს უსვამს ნატალი ტოჩი.

მემარჯვენეთა იძულებითი კომპრომისები

თუმცა იმის ვარაუდები, რომ მემარჯვენერადიკალური პარტიების ანტიუკრაინული პოზიცია ავტომატურად გადაიქცევა მათ პოლიტიკად ევროპარლამენტის ლეგისლატურულ პერიოდში, ალბათ, შეცდომა იქნებოდა. ასეთ თვალსაზრისს გამოხატავს როჯერ ჰილტონი, სლოვაკური ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის მეცნიერ-თანამშრომელი: „ივნისის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტებმა მაღალი შედეგები რომც აჩვენონ, უკრაინისადმი მხარდაჭერის კრახი მაინც არ მოხდება, ევროკავშირში მაინც იქნება კიევის საკმარისი მომხრე“, - აღნიშნა ექსპერტმა DW-სთან საუბარში.

როჯერ ჰილტონი ამას იმით ხსნის, რომ მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლების საქმიანობა, თუ ევროპარლამენტში იქნებიან არჩეულნი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოახერხებენ ისინი თავიანთ პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხების განხორციელებას, მაგალითად, მიგრაციისადმი მკაცრ კონტროლს: „მხარდაჭერის მისაღებად ისინი იძულებულნი იქნებიან ითანამშრომლონ ევროპარლამენტის სხვა დეპუტატებთან, ვთქვათ, „სახალხოპარტიელებთან“. ანუ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მემარჯვენე-რადიკალ ევროდეპუტატებსაც მოუწევთ, რაც დადებით გავლენას მოახდენს უკრაინის მხარდამჭერი აქტების მიღებაზე“.

თავის მხრივ, ნატალი ტოჩი დასძენს, რომ ევროპარლამენტში მემარჯვენე-რადიკალების მიერ ძლიერი ანტიუკრაინული ლობის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის ის ფაქტის, რომ თვით ამ პარტიებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს უკრაინასთან მიმართებით. „მათ სხვადასხვა ხედვები აქვთ ძალიან ბევრ საკითხზეც - ტრანსატლანტიკური ურთიერთობაზე, მიგრაციაზე, ეკონომიკურ უსართხოებაზე და ა.შ.“, - განმარტავს ექსპერტი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ნეგატიური გავლენა

გარდა ამისა, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოთქმული ანტიუკრაინული რიტორიკა ყოველთვის არ რეალიზდება მათ კონკრეტულ მოქმედებებში.

„ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ, რომ პოპულიზმი ძალიან ხშირად ადგილს პრაგმატულ მიდგომებს უთმობს. ავიღოთ, ვთქვათ, „დიდი შვიდეულის“ მაგალითი, თუ როგორ უჭერენ მხარს მისი წევრები უკრაინას იტალიის პრემიერ-მინისტრის, მემარჯვენე პოპულისტის  ჯორჯია მელონის თავმჯდომარეობით, ან გავიხსენოთ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი, რომლის ძალისხმევით განხორციელდა უკრაინისადმი 61-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღება... „თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვარაუდების იმედზე ყოფნა არ ღირს. მთავარი რეალური მოვლენა  წინ არის: ევროპარლამენტში რადიკალური პარტიების პოლიტიკა ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში“, - ამბობს ნატალი ტოჩი, - „მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგიერთი ევროპელი მემარჯვენე ნაციონალისტი მეტ-ნაკლებად მაინც მხარს უჭერს უკრაინას, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ისინი, სავარაუდოდ, სწრაფად შეიცვლიან თავიანთ პოზიციას - უკრაინის საწინააღმდეგოდ“.

წყარო: https://p.dw.com/p/4fe1g

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати