USD 2.6729
EUR 2.8469
RUB 2.8628
თბილისი
ზვიად გამსახურდია - ქართველთა და ჩერქეზთა ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს
თარიღი:  535
1864 წლის 21 მაისს სოჭის მახლობლად მდებარე სოფელ ქბაადაში, ანუ გუბაადუში გაიმართა რუსეთის იმპერიის არმიის სამხედრო აღლუმი 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე რუსეთ-კავკასიის ომის დასრულების აღსანიშნავად (სურათზე აღლუმისათვის რუსის ჯარის მზადებაა აღბეჭდილი). აღლუმი ჩაიბარა მეფისნაცვალმა, დიდმა მთავარმა მიხეილ რომანოვმა. მან სოფელს რომანოვსკი დააარქვა, ხოლო 30-ოდე წლის მერე კრასნაია პოლიანა ”მშვენიერი მინდორი” უწოდეს (აქ პუტინმა ზამთრის ოლიმპიადა ჩაატარებინა მსოფლიოს ოლიმპიურ კომიტეტს და შეურაცხყო აქედან აყრილი ჯიქების ხსოვნა).
 
ამ ომის მიმდინარეობისას რუსეთმა დაიპყრო მთელი ჩრდილოეთ კავკასია და სამხრეთ კავკასიის უდიდესი ნაწილი, მიწის პირისაგან აღგავა ასობით სოფელი და დაბა, დაანგრია ციხეები, მოსახლეობის შიმშილით ამოხოცვის მიზნით ყოველ წელიწადს მოსავლის აღების წინ წვავდა ყანებს, გაანადგურა ტყეები და კულტურული ნარგაობა, წაასხა მილიონობით სული პირუტყვი, გაჟლიტა ასეულ ათასობით კავკასიელი: ჩერქეზები (ადიღელები და ყაბარდოელები), უბიხები, ყარაჩაელ-ბალყარელები, ოსები, ვაინახები (ჩეჩნები და ინგუშები), დაღესტნელები (ხუნძები, ყუმიკები, ანდიელები, დიდოელები, ლაკები, დარგუელები, ლეზგები და სხვანი), აზერბაიჯანელები, აფხაზები და ქართველები, მათ ნაბინავარზე კი დაასახლა რუსები, უკრაინელები, სომხები, ბერძნები, გერმანელები და სხვანი. ამან რადიკალურად შეცვალა მთელი კავკასიის ეთნიკური და ენობრივი რუკა.
 
1859 წელს შამილის ტყვედ ჩაბარების შემდეგ დაიწყო და 1864 წლის 21 მაისის მერე კატასტროფული მასშტაბი მიიღო კავკასიის მოსახლეობის მასობრივმა გაძევებამ სამშობლოდან, რაც ცნობილია მუჰაჯირობის სახელწოდებით (არაბულად მუჰაჯირეთ ”გასახლებას” ნიშნავს). ამ დეპორტაციის დროს ასეულ ათასობით ადამიანი (ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები) დაიხოცა შიმშილისაგან, ინფექციური სნეულებებისაგან, რუსის ხიშტისა და ტყვიისაგან, ოსმალო და სხვა ეროვნების გემების მფლობელთა სიხარბის მიზეზით (მათ რუსეთი და ოსმალეთი ფულს უხდიდნენ მუჰაჯირთა გადაყვანაში, ისინი კი შუა ზღვაში გემიდან ისროდნენ უმწეო ადამიანებს და უკან ბრუნდებოდნენ ახალი ნაკადის ზღვაში ჩასაძირად და ფულის მისაღებად).
 
სწორედ 1859-1864 წლების პერიოდში და მოგვიანებითაც აღმოჩნდა რამდენიმე მილიონი კავკასიელი ოსმალეთის იმპერიაში (ამჟამინდელი თურქეთის, სირიის, ერაყის, ისრაელის, იორდანიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სერბეთის, ალბანეთისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე). ოსმალეთმაც სცადა ხელის მოთბობა უიღბლო კავკასიელების უმწეობით და ისინი ძირითადად დაფანტა იმ ზონებში, სადაც თავისთვის სამხედრო საფრთხეს ხედავდა: ქურთებით, არაბებით, ქრისტიანი მეზობლებით დასახლებულ მხარეებში. მიზანი ცხადად ჩანდა - ომის შემთხვევაში ოსმალებს შეეძლოთ მებრძოლი სულისკვეთებით განთქმული კავკასიელების გამოყენება საზარბაზნე ხორცად.
ამ პროცესს შეეწირა მთელი უბიხი ხალხი, ჩერქეზთა ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობა და სხვები. ისინი დღეს უკვე ან სრულებით არ არსებობენ, ანდა გაქრობის პირას არიან.
 
არც რუსეთის იმპერიას, არც საბჭოთა კავშირს და არც ამჟამინდელ რუსეთის ფედერაციას არ დაუგმიათ კავკასიის 150-წლიანი ომი და მისი კატასტროფული შედეგები. ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც ეს გააკეთა, საქართველოა, რომლის პარლამენტმა ხუთიოდე წლის წინ მიიღო საგანგებო დადგენილება ჩერქეზთა გენოციდის დაგმობის შესახებ, თუმცა უფრო ადრე, 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ოფიციალურად გამოხატა გულისტკივილი და დაგმო ჩერქეზთა ძალდატანებითი დეპორტაცია. აქვე გთავაზობთ მის 1991 წლის მაისის მიმართვას ჩერქეზი ხალხისადმი, რომელიც მაშინვე გამოქვეყნდა ქართულ და რუსულ გაზეთებში (”საქართველოს რესპუბლიკა” და ”სვობოდნაია გრუზია”). მიმართვის ტექსტი შეადგინა ამ სტრიქონების ავტორმა, ხოლო ჩერქეზულ ენაზე თარგმნა ქართველთა ჩერქეზმა რძალმა, ქალბატონმა თამარ უჯუხუმ.
 
1991 წლის 21 მაისს ქ. მაიკოპსა (ადიღე) და ქ. ნალჩიკში (ყაბარდო-ბალყარეთი) გაიმართა ხალხმრავალი მიტინგები მუჰაჯირობის შედეგად დაღუპულ ჩერქეზთა ხსოვნის აღსანიშნავად. ორივე მიტინგში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან გაემგზავრა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორი დელეგაცია: დეპუტატები ბიმურზა აფრასიძე-დადეშქელიანი, ანზორ კუდბა, თეიმურაზ გვანცელაძე, ჩერქეზოლოგი, დოცენტი ვაჟა შენგელია, ცხუმელი ისტორიკოსი, დოცენტი ვახტანგ ჭანია, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მერაბ ანთაძე, ცნობილი მთარგმნელი და ქართულ-ჩერქეზული ოჯახის შემქმნელი მიხეილ ბეროშვილი და სხვ. ორივე ქალაქში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ჩერქეზულ ენაზე წაიკითხეს პროფესიონალმა კავკასიოლოგებმა, ბატონმა ვაჟა შენგელიამ და ამ სტრიქონების ავტორმა.
 
ჩერქეზებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა 2 მთავარმა გარემოებამ:
1. არცერთ სხვა პოლიტიკოსს, არც ადიღელს, არც ყაბარდოელს, არც რუსს და არც ვინმე სხვას მანამდე ოფიციალურად არ დაუგმია მუჰაჯირობის საშინელება;
2. მიტინგებზე გამოსული ადგილობრივი პატრიოტებიც კი მომიტინგეებს რუსულ ენაზე მიმართავდნენ, ქართველმა სტუმრებმა კი ჩერქეზულად გამოხატეს სათქმელი.
დაუვიწყარი იყო მიმართვის კითხვისას მსმენელთა რეაქცია - სტადიონების გადაჭედილ ტრიბუნებზე მსხდომი ადამიანები სულგანაბული გვისმენდნენ, ხოლო კითხვის დასრულებას მოჰყვა საოცრად მქუხარე და ხანგრძლივი ოვაციები შეძახილებთან ერთად:
”გაუმარჯოს საქართველოს!”
”გაუმარჯოს გამსახურდიას!”
”ჩვენ გვიყვარს ქართველები!”
 
მიტინგების შემდეგ ხალხი ხელიდან გვტაცებდა თბილისიდან ჩატანილ გაზეთ ”სვობოდნაია გრუზიას” იმ ნომრის ეგზემპლარებს, რომელშიც ხსენებული მიმართვა იყო გამოქვეყნებული, გვეხვეოდნენ, მადლობას გვიხდიდნენ, მოკითხვას გვაბარებდნენ ბატონ ზვიადთან.
იმ დღეს ნალჩიკში გამართულ შეხვედრაზეც და ბანკეტზეც ყაბარდოული ეროვნული მოძრაობა ”ადიღა ხასას” წარმომადგენლებს, რომელთა ნაწილი გაუაზრებლად თუ გააზრებულად მხარს უჭერდა აფხაზურ ანტიქართულ პოზიციას, დავურიგეთ ოფიციალური ცნობები აფხაზეთში არსებული რეალური ვითარების შესახებ, ვუპასუხეთ მათ უამრავ კითხვას. ამის შედეგად ახალგაზრდებმა და უფროსების ნაწილმა ირწმუნა ჩვენი და გამოთქვეს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა, ჩვენ კი დავპირდით, რომ ვიშუამდგომლებდით მათთვის მწვავე პრობლემებზე ბალყარულ ეროვნულ მოძრაობა ”თიორეს” ლიდერებთან მოსალაპარაკებლად (”თიორესთან” ჩვენ უკვე გვქონდა არაჩვეულებრივად კარგი ურთიერთობა და ეს იცოდნენ ყაბარდოელებმაც). სამწუხაროდ, იმ დღეს დაწყებული კონტაქტების გაღრმავებისათვის დრო აღარ გვეყო - 7 თვეში თბილისში ყველაფერი თავდაყირა დადგა, რასაც შედეგად აფხაზეთის ოკუპაციაც მოჰყვა...
 
ქვემოთ გთავაზობთ ბატონ ზვიად გამსახურდიას მიმართვის სრულ ტექსტს:
 
ძვირფასო ჩერქეზო დებო და ძმებო!
 
21 მაისი ტრაგიკული თარიღია თქვენს ისტორიაში, მთელი კავკასიის ისტორიაში. სწორედ 1864 წლის 21 მაისს დასრულდა რუსეთის იმპერიის მრავალწლიანი ომი კავკასიის ხალხთა დასამორჩილებლად. ამ დღეს დაკარგა ჩერქეზეთმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
 
რუსეთ-კავკასიის ომმა მრავალი ათასი ჩერქეზისა და კავკასიის სხვა ხალხთა წარმომადგენლების სიცოცხლე შეიწირა. ბედმა მრავალტანჯულ ჩერქეზებს კიდევ ერთი მწარე განსაცდელი მოუმზადა. მაშინდელი მსოფლიოს ორი პირსისხლიანი იმპერიის - რუსეთისა და ოტომანთა იმპერიების - გარიგების შედეგად, ასეულ ათასობით ჩერქეზს მუჰაჯირთა მწარე ბედი არგუნეს, კავკასიის მშობლიური მიწა-წყალი დაატოვებინეს და იძულებული გახადეს მაშინდელი თურქეთის სხვადასხვა კუთხეში გადასახლებულიყვნენ, ნაწილი კი დარჩა კავკასიაში და რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხთა მძიმე ხვედრი გაიზიარა. ამ დროიდან, საუკუნეზე მეტია, რაც ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში ცხოვრობენ ჩერქეზები, რომელთაც დღემდე არ გაჰქრობიათ ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე.
 
ქართველი ხალხი დიდი გულისტკივილით შეხვდა თავისუფლებისმოყვარე ჩერქეზ ხალხთა ტრაგედიას. მე-19 საუკუნის გამოჩენილმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გამოხატეს ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა კეთილშობილი და მამაცი ჩერქეზების მიმართ მათი მშობლიური მხარიდან გასახლების გამო.
 
ჩვენს დროს ჩერქეზმა მწერალმა, საქართველოს მკვიდრმა მ. ლოხვიცკიმ (აჯუკ-გირეიმ) თავისი შესანიშნავი რომანით „მეხთატეხა“, რომლის მეორე ნაწილიც ახლახან გამოვიდა თბილისში, კიდევ ერთხელ მწვავედ განგვაცდევინა ჩერქეზთა ტრაგედია.
 
ქართველი და ჩერქეზი ხალხების ურთიერთობას გულწრფელი პატივისცემა ახასიათებს. ქართველის წარმოდგენაში ჩერქეზი მუდამ იყო და არის რაინდული ბუნების ადამიანი, ჭეშმარიტი კავკასიელის საუკეთესო თვისებებით დამშვენებული პიროვნება.
 
უნდა აღინიშნოს ჩვენი საუკუნის გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა და მწერალთა დიდი დაინტერესება ჩერქეზული ენებით და კულტურით, ისტორიითა და ფოლკლორით.
 
დღეს ჩვენ, ქართველები, ვისაც ჩერქეზებთან გენეტიკური ნათესაობა და საერთო კავკასიური შეგნება გვაერთიანებს, პატივს მივაგებთ სამშობლოს თავისუფლებისათვის დაცემულ ჩერქეზთა ხსოვნას. გვწამს, რომ კავკასიის უძველეს მკვიდრთა - სინდების, კერკეტებისა და მეოტების - შთამომავალი ჩერქეზები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ კავკასიისა და მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში.
გვჯერა, რომ ქართველთა და ჩერქეზთა ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ეს კი მთელი კავკასიის ერთიანობისა და წარმატებების მტკიცე გარანტია იქნება.
 
ძვირფასო ჩერქეზებო!
 
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი სამშობლოს უკეთესი მომავლისაკენ თქვენს მისწრაფებაში.
 
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 9 მაისი"
წყარო: მატიანე
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.