წინამდებარე კვლევა შეიქმნა შვედეთის საერთაშორისო გავნითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს სააგენტოს თვალსაზრისს.
ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი
საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება გადაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექანიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს. © საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 2020 წელი
ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი
საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ადვილი, თუმცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კონფრონტაცია ახალ ფაზაში შევიდა. ომის შემდეგ მალევე რუსეთმა აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ და საქართველომაც საპასუხოდ წინ წამოსწია რუსეთისათვის მტკივნეული საკითხები.
2010 წლის 20-21 მარტს თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ძირითადად ჩერქეზთა გენოციდის საკითხზე იმსჯელეს. ჩერქეზი (მათში საკუთრივ ჩერქეზების გარდა იგულისხმებიან ადიღეელები და ყაბარდოელებიც - ზ.ბ.) ხალხის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს.
2011 წელს ამგვარმა თხოვნამ იმატა და საბოლოოდ, მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 20 მაისს მიიღო რეზოლუცია No 4701-Iს „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ“. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი ადგენს აღიარებულ იქნეს „რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და ისტორიული სამშობლოდან განდევნა გენოციდის აქტად“.
ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ მალევე, 2011 წლის 1 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 95 დეპუტატის მხარდაჭერით (არც ერთი წინააღმდეგი), მიიღო დადგენილება No 4989-რს „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, რის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას ეთხოვა ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის შექმნა.
საქართველოს პარლამენტის ეს გადაწყვეტილება იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ჩერქეზების გენოციდი. მაშინდელი მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ქმედება იყო „ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“ და ყველა კავკასიელი ხალხის „ძალიან აშკარა პოლიტიკური“ მხარდაჭერა. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი ასევე განიხილავდა ჩეჩნების გენოციდის შესაძლო აღიარების საკითხსაც.
საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების წლისთავზე, 2012 წლის 21 მაისს, ანაკლიაში დაიდგა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ისე ჩერქეზი სტუმრები სირიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ანაკლიაში მემორიალის დადგმის ხარჯებისთვის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 265 ათასი ლარი გამოიყო. სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოში 2012 წლის შემოდგომაზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. პროცესი არა მხოლოდ შეჩერდა, არამედ აღიარების მართლზომიერების საკითხზეც კი დაიწყო მსჯელობა. 2013 წლის 26 სექტემბერს თბილ
ისში პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია „ჩერქეზების გენოციდის აღიარება: მიზანი და შედეგები“, რომელმაც თავი მოუყარა საქართველოში მოქმედ არაერთ პრორუსულ ორგანიზაციასა და პირს. მათ იმსჯელეს საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების არამართებულობაზე, ამ ნაბიჯს უწოდეს „ამერიკულ პროექტი“, გააკრიტიკეს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს თავად გენოციდის მოწყობის ფაქტი, ღიად გაიმეორეს კრემლის ნარატივი დასავლეთის „მტრული ზრახვების“ თაობაზე, დააფიქსირეს ანტიდასავლური და ანტითურქული პოზიციები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოითხოვეს საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 20 მაისის დადგენილების დენონსაცია.
საბოლოო ჯამში, დენონსაცია არ მომხდარა. თუმცა, დაწყებული პროცესი სრულად გაიყინა და გაურკვეველია, თუ რა იქნება მომავალში ამ მიმართულებით.
საერთაშორისო გამოძახილი გენოციდის აღიარებაზე
ოფიციალური თბილისის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების შემდეგ საქართველოს იმიჯი დადებითისკენ შეიცვალა როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლების თვალში. საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქზეთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღებას უცხოეთიდან საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ჩამოსული ჩერქეზებიც ესწრებოდნენ. მათი ემოცია იყო ერთდროულად ცრემლიანიც და სიამაყით სავსეც.
ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩერქეზთა კონგრესის წარმომადგენელმა რუსლან კეშმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში განაცხადა: „147 წლის წინ ჩვენი ქვეყანა რუკიდან გაქრა. და ის დღემდე არ არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენი ხალხის 90 პროცენტზე მეტი საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნილია და ვერ ბრუნდება სამშობლოში. გენოციდის აღიარება ჩვენთვის დაბრუნების, ხელახლა დაბადების, იმედის საწყისია“.
საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება იმ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს გენოციდი არ უღიარებია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც ცდილობს არ გააღიზიანოს ოფიციალური მოსკოვი. ჩერქეზები კი ყველანაირად ეხმარებოდნენ მას 1992-1993 წლებში მიმდინარე აფხაზეთის ომის დროს და გენოციდის აღიარებას მისგანაც ითხოვდნენ. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ჩერქეზებს შორის გარკვეული უთანხმოება და ბზარიც კი გაჩნდა.
მოგვიანებით ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თემას გაგრძელება მოჰყვა უკრაინაში, როდესაც 2014 წლის 16 ივნისს ამ ქვეყნის რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ რადაში შეიტანა დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას.15 მართალია, მაშინ ამ ინიციატივას გაგრძელება არ მოჰყოლია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დაძაბულობის ხარისხს რუსულ-უკრაინული ურთიერთობებში, არაა გამორიცხული, რომ უკრაინელი დეპუტატები ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდნენ.
გენოციდის აღიარების გამოძახილი თურქეთში
რაოდენობრივად ყველაზე მეტი ჩერქეზი (მათ რიცხვში ხშირად აფხაზებსაც მოიაზრებენ) თურქეთში ცხოვრობს. ამიტომ საინტერესოა, როგორი გამოძახილი ჰქონდა საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას.
თურქეთის ჩერქეზული დიასპორის აზრი ორად გაიყო. ერთნი, რომლებიც უფრო პროაფხაზურად იყვნენ განწყობილი, საქართველოს ამ ქმედებას არ მიესალმნენ და ეს იმ მდგომარეობით ახსნეს, რომ 2008 წლის შემდეგ თბილისს რუსეთისთვის პრობლემების შექმნა სურდა. უფრო პრაგმატული იყო მეორე ჯგუფი, რომელიც არა მხოლოდ მიესალმა თბილისის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს, არამედ თანამშრომლობაზეც წამოვიდა.
2011 წლის 11 ნოემბერს სტამბოლში გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მირზა (პაპუნა) დავითაიას შეხვედრა ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, რომელიც სტამბოლში სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების, გენოციდის მემორიალის დადგმის და თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ. ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რომ ასრულდა მათი დიდი ხნის სურვილი – მოხდა ჩერქეზთა გენოციდის აღიარება. ამავე დროს, მათ ქართველ და ჩერქეზ ხალხებს შორის მზარდ პოზიტიურ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
ამგვარად, არაერთი სირთულის მიუხედავად, ყინული დაიძრა. ამის შემდეგ კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა გამყოფი ხაზები ორ ჯგუფს შორის.
მოგვიანებით შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ჩერქეზული უფლებების ინიციატივის“ პრეს-სპიკერმა მურათ ოზდენმა გამოაქვეყნა სტატია „2-საათიანი შეხვედრა საქართველოს დიასპორის მინისტრთან“, სადაც მან ღიად და დეტალურად აღწერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი.
კერძოდ, მისი შეფასებით:
- საქართველო გახდა გაეროს წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა გენოციდი. ეს არის ჩერქეზებისთვის ოქროს ხონჩით მირთმეული მონაპოვარი და არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით მიიღო საქართველომ ეს გადაწყვეტილება;
- საქართველო ამაზე არ შეჩერებულა და თბილისში გახსნა ჩერქეზული კულტურის ცენტრი. ჩერქეზთა ისტორიისა და გენოციდის თაობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები საქართველოს არქივებში ინახება. საქართველომ ეს არქივები მკვლევრებისთვისაც გახსნა;
- ანაკლიაში დაიდგმება გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი და საქართველოს დიასპორის მინისტრმა შემოგვთავაზა მემორიალის შესარჩევ ჟიურიში მონაწილეობა; - ჩერქეზებმა სახელმწიფო დონეზე პირველად მოვიპოვეთ მოკავშირეები;
- ახლა ჩერქეზული დიასპორის აქტიურობის დროა. საქართველოს მაგალითი უკვე არსებობს და მასზე დაყრდნობით ჯერ თურქეთის, შემდეგ კი სხვა ქვეყნების პარლამენტებს უნდა მოვთხოვოთ გენოციდის აღიარება!
მსგავსი პოზიცია დააფიქსირა თურქეთის ჩერქეზული საზოგადოებების ფედერაციის ხელმძღვანელმა ნუსრეთ ბაშმაც, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს ჩერქეზთა გენოციდის აღიარებისა და გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის დადგმის გამო. მან ამავე დროს მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთი გენოციდის ფაქტისადმი წაყრუების პოლიტიკის გამო.
საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ფაქტის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდა თურქეთის ჩერქეზული დიასპორა მეორე აღიარების მიღების კუთხით. მათ ამ მიზნით 2013 წელს მთელი თურქეთის მასშტაბით დიდი კამპანია და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი მოუწოდებდნენ თურქეთის პარლამენტს აღედგინა ისტორიული სამართლიანობა და ეცნო ჩერქეზების გენოციდი.
დიასპორის მეორე ნაწილმა საქართველოს მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება შეინარჩუნა. ესენი იყვნენ ძირითადად რუსეთთან დაკავშირებული პირები და ორგანიზაციები, რომლებთანაც შესაბამისი მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჯერ კიდევ 2010 წლის 20-21 მარტს ჩერქეზების საკითხზე თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია რუსეთში ამერიკული სპეცსამსახურების პროექტად მიიჩნიეს. ამ ფაქტს და საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის შესაძლო აღიარებას, ასევე აღიარების შესაძლო შედეგებს ვრცელი ანტიქართული წერილი მიუძღვნა კრემლთან დაახლოებულმა პოლიტოლოგმა ანდრეი ეპიფანცევმა, რომელიც სასწრაფო წესით თარგმნეს და გამოსცეს თურქულად, რათა წინ აღდგომოდნენ, მათი გადასახედიდან, მოსალოდნელ გართულებებს თურქეთის ჩრდილოკავკასიურ დიასპორაში.
დიასპორაში სირთულეები მანამდეც რომ არსებობდა, ცნობილი ფაქტია. ეს სირთულეები კი რუსეთ-საქართველოს ომისა და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ დაიწყო. 2009 წელს ფაქტობრივად გაიხლიჩა თურქეთის ჩრდილოკავკასიური დიასპორა. თუ მანამდე ყველა მათი ორგანიზაცია გაერთიანებული იყო საერთო „კავკასიური საზოგადოებების ფედერაციაში“, 2009 წელს, ანუ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მათ გამოეყოთ აფხაზური საზოგადოებები, რომლებმაც დააარსეს ცალკე გაერთიანება „აფხაზური საზოგადოებების ფედერაციის“ სახით, რომელიც გარკვეულ დაპირისპირებაში მოვიდა „კავკასიური საზოგადოებების ფედერაციასთან“. ამ უკანასკნელის მიზანი ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებლობაა, მაშინ, როცა აფხაზური საზოგადოებები მხოლოდ აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობას“ უჭერდნენ მხარს.
როგორც ჩანს, ამ უკანასკნელებს შესაბამისი სიგნალი მიუვიდათ მოსკოვიდან. ზოგადად, თურქეთის ჩერქეზულ და, განსაკუთრებით, აფხაზურ დიასპორაზე დიდია რუსეთის გავლენა. ისინი რეგულარულად ხვდებოდნენ რუსეთის ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს პოზიციების შეჯერების მიზნით. საინტერესო ფაქტია, რომ რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვიც, რომელიც 2016 წლის 19 დეკემბერს მოკლეს ანკარაში, ხშირად ხვდებოდა სწორედ თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს. მან ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას, რომელიც 2015 წლის 16 დეკემბერს ქ. ანკარაში გაიმართა, განაცხადა, რომ თურქეთის აფხაზებს არ შეეხებოდათ ის სავიზო შეზღუდვები, რის შემოღებასაც მოსკოვი იმ პერიოდში აპირებდა თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის საპასუხოდ.
თურქეთის პრორუსულად განწყობილმა აფხაზურმა (ზოგჯერ ჩერქეზულმაც) ორგანიზაციებმა და პირებმა არაერთხელ დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ფაქტის მიმართ. საინტერესოა, რომ თურქეთის პრორუსული აფხაზური ძალები, საქართველოს პრორუსული ძალების მსგავსად, ოფიციალური თბილისის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს მოიხსენიებდნენ „ამერიკულ პროექტად“, რომელმაც, მათი შეფასებით, სერიოზული განხეთქილება შეიტანა თურქეთის საერთო-ჩერქეზულ მოძრაობაში. ისინი მკაცრად აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და მათზე „აყოლილ“ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებს.
მოგვიანებით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რუსეთისა და თურქეთის ჩერქეზების გზები საბოლოოდ გაიყო. მაგალითად, 2016 წლის 18 მაისს თურქეთის ჩერქეზებს, რომლებიც ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ნალჩიკში მიემგზავრებოდნენ ჩერქეზთა გენოციდის დღის აღსანიშნავად, არ მისცეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, მაშინ, როდესაც მათ ყველა საჭირო დოკუმენტები (მათ შორის, ვიზებიც) წესრიგში ჰქონდათ და სიებიც წინასწარ იყო გადაცემული. მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი ეთქვათ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე და შემდგომში იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ.
ამის გარდა, საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ გამოიწვია თურქეთის ჩერქეზების გააქტიურება კიდევ ერთი მიმართულებით – ისინი ამგვარ აღიარებას უკვე აქტიურად ითხოვენ თურქეთის პარლამენტისგან. თუ ადრე ეს შედარებით დაბალ დონეზე კეთდებოდა, ახლა ეს თემა უფრო მაღალ დონეზე განიხილება. ბოლო ასეთი მიმართვა იყო 2020 წლის 25 თებერვალს, როდესაც ჩერქეზული საზოგადოებების ფედერაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მუსტაფა შენთოფს.
შეხვედრაზე ჩერქეზული საზოგადოებების ფედერაციის პრეზიდენტმა ნუსრეთ ბაშმა ისაუბრა რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ფაქტზე და თურქეთის პარლამენტსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა. ამასთან, ბაშმა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს.
თურქეთის ჩერქეზთა ეს გააქტიურება არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის პარლამენტი აღიარებს მათ გენოციდს. თუმცა, არავინ იცის მომავალში რა მიმართულებით განვითარდება რუსეთ-თურქეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო ესკალაციის შემთხვევაში არაა გამორიცხული ჩერქეზთა მოთხოვნამ აქტუალობა შეიძინოს.
დასკვნები:
- საქართველო გახდა პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აღასრულა ჩერქეზი ხალხის დიდი ხნის წადილი და აღიარა რუსეთის იმპერიის მიერ ამ ხალხის მიმართ ჩადენილი გენოციდი;
- საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება გახდა პრეცედენტი, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომში შესაძლებელია მსგავსი ნაბიჯები გადადგან სხვა ქვეყნებმაც, რითაც შეიძლება გარკვეული უხერხულობა შეექმნას რუსეთს საერთაშორისო არენაზე;
- აღნიშნული ქმედებით უკეთესობისკენ შეიცვალა საქართველოს იმიჯი ჩერქეზ და სხვა ჩრდილოკავკასიელ ინტელექტუალებში, ასევე ჩერქეზულ დიასპორებში;
- საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით;
- ჩერქეზებსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაჩნდა მნიშვნელოვანი ბზარი;
- საბოლოოდ გაიყო თურქეთის ჩერქეზული დიასპორისა და პრორუსული აფხაზური დიასპორის გზები;
- 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების გამო ჩერქეზების გენოციდის აღიარებას არ მოჰყოლია ლოგიკური გაგრძელება (თუნდაც ჩეჩნებისა და ინგუშების მიმართულებით);
- როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ ბუნებრივი შეშფოთება გამოიწვია მოსკოვში;
- რუსეთთან დაკავშირებული კონკრეტული ორგანიზაციები და ცალკეული პირები საქართველოში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში ცდილობდნენ დისონანსი შეეტანათ ამ პროცესში. ამ კუთხით საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს ძალები და პირები საქართველოსა და თურქეთში, რომლებიც ერთმანეთს არც კი იცნობენ, მსგავს არგუმენტებს (და ზოგჯერ ლექსიკასაც კი) იშველიებდნენ პრორუსული პოზიციების დასაცავად. ცხადად გამოჩნდა, რომ ისინი ერთი ცენტრიდან (მოსკოვიდან) იმართებოდნენ;
- ამ მომენტისთვის საქართველოში ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობების მიმართულებით (თუნდაც კულტურისა და განათლების მხრივ) არ არსებობს სტრატეგია, პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ბუნდოვანია მისი მომავალი.