USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
ზურაბ ბატიაშვილი - ლიბიის კრიზისის „სირიიზაცია“: საფრთხეები და გამოწვევები
თარიღი:  1026

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თუ აქამდე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში (სირიაში) მოსკოვის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, ბოლო პერიოდში სამხედრო სიტუაცია ანკარის სასარგებლოდ შეიცვალა ლიბიაში, სადაც 2020 წლის გაზაფხულიდან დაძაბულობის ეპიცენტრმა გადაინაცვლა.

ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ადგილზე მებრძოლ მხარეთა დახმარების მიზნით ჩაერთო არაერთი უცხო ქვეყანა, რომლებიც დიდი ხანია ერთმანეთს უპირისპირდება ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში. ამან კი საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია და კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია გამოიწვია. ლიბიის კონფლიქტი ნელ-ნელა სირიის სამოქალაქო ომს (მოხდა კონფლიქტის „სირიიზაცია“) დაემსგავსა, სადაც უცხო ქვეყნები ე.წ. Proxy-ების (ადგილზე საკუთარი მომხრეები) საშუალებით იბრძვიან.

ეს სამოქალაქო ომი  არაერთ საფრთხესა და გამოწვევას ქმნის როგორც რეგიონში, ისე - მის გარეთ.

 სამოქალაქო ომის ესკალაცია

2011 წელს დიქტატორ კადაფის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ლიბიაში ძალაუფლების ვაკუუმი გაჩნდა, რასაც სამოქალაქო ომი, არასტაბილურობა, დიდი მსხვერპლი და ქვეყნის დანაწევრება მოჰყვა.

2019 წლისთვის „ლიბიის ეროვნული არმიის“ ლიდერი, გენერალი ხალიფა ჰაფთარი (რომელსაც მხარს უჭერენ რუსეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბული საემიროები, საფრანგეთი და იორდანია) გამაგრდა ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში და უცხოელი მოკავშირეების დახმარებით 2019 წლის აპრილიდან მოყოლებული იერიში მიჰქონდა დედაქალაქ ტრიპოლიში გამაგრებულ გაეროს მიერ აღიარებულ ფაიაზ ალ-სარაჯის მთავრობაზე (რომელსაც მხარს უჭერენ თურქეთი, კატარი და იტალია).

სხვადასხვა ქვეყნიდან მიწოდებული რუსული სამხედრო ტექნიკასთან ერთად ჰაფთარს ეხმარებიან უცხოელი მებრძოლებითაც, მათ შორის, აჯანყებულების მხარეს იბრძვის ათასობით სუდანელი მებრძოლი, ასადის რეჟიმის სირიელი სამხედროები და 2019 წლის დეკემბრიდან რუსული „ვაგნერის“ მებრძოლებიც. გაეროს მოხსენების მიხედვით, ამ უკანასკნელთა რაოდენობა 800-1200 კაცს შორის მერყეობს.

გენერალი ჰაფთარი აიღებდა კიდეც ტრიპოლის (ბრძოლები უკვე ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობდა), რომ არა 2019 წლის დეკემბრიდან თურქეთის მეტად ენერგიული და სწრაფი ჩარევა სიტუაციაში ანკარამ, რომელიც სირიის კონფლიქტითაცაა დაკავებული და ეკონომიკაშიც სერიოზული პრობლემები აქვს, ლიბიისთვისაც მოიცალა. მან ამ ქვეყანაში ათასობით პროთურქი სირიელი მებრძოლის, სამხედრო ინსტრუქტორებისა და თურქული წარმოების თანამედროვე იარაღის (მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება. გაეროს ლიბიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ღასან სალამეს განცხადებით, ეს კონფლიქტი არის „ყველაზე დიდი დრონების ომი ისტორიაში“) გაგზავნით შეძლო არა მხოლოდ ტრიპოლის პროთურქული მთავრობის გადარჩენა, არამედ ბევრ ადგილას კონტრშეტევაზეც გადავიდა და 2020 წლის მაისში კონტროლი დაამყარა ტუნისის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, ალ-ვატიას საჰაერო ბაზაზე. პროთურქულმა ძალებმა ასევე გაყარეს მოწინააღმდეგეები დედაქალაქ ტრიპოლის გარეუბნებიდან და აიღეს ქ. ტარჰუნა, რითაც ფაქტობრივად დაიკავეს ქვეყნის დასავლეთი ნაწილი, ხოლო ივნისის დასაწყისში მიადგნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქ. სირტს.

ამგვარად, პროთურქული ძალები მიუახლოვდნენ ქ. სირტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ნავთობით მდიდარ საბადოებს. სირტის აღების შემთხვევაში, მათ ეხსნებათ გზა როგორც ამ საბადოებისკენ, ისე აჯანყებულთა მთავარ ქალაქ ბენღაზისკენ.

შექმნილ სიტუაციაში 6 ივნისს ეგვიპტემ წამოაყენა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება. თუმცა, თურქეთმა და ლიბიის პროთურქულმა მთავრობამ უარი თქვეს ამ შეთავაზებაზე.

თურქეთისა და პროთურქული ძალების გააქტიურების საპასუხოდ რუსეთმა მაისის ბოლოს სამხედრო თვითმფრინავები სირიიდან (ხმეიმიმის ბაზა) ლიბიის ტერიტორიაზე გადაისროლა, რითაც პროთურქული ძალებისთვის სამხედრო თვალსაზრისით სერიოზული საპირწონე შექმნა. თუმცა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები, „ვაგნერის“ მებრძოლებისგან განსხვავებით, ამ ეტაპამდე არ ჩართულან აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში.

ასეთ სიტუაციაში ანკარა არ ჩქარობს მოსკოვთან ღია კონფრონტაციაში შესვლას და ოფიციალურ განცხადებებში ლიბიის კრიზისის წარმოქმნაში არაბულ ქვეყნებს ადანაშაულებს, რომელთა უკანაც, ცხადია, რუსეთი დგას. თუმცა, მეორე მხრივ, აძლიერებს საკუთარ სამხედრო ყოფნას რეგიონში. ანკარამ 11 ივნისს ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროს გასწვრივ, ჩაატარა დიდი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მისი სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ. ეს ნაბიჯი მკაფიო სიგნალია მოწინააღმდეგეთათვის, რომ ანკარა არ აპირებს უკანდახევას და იგი, საჭიროების შემთხვევაში, არ მოერიდება სამხედრო ესკალაციას.

11 ივნისს ხმელთაშუა ზღვაში ჩატარებული სამხედრო წვრთნების ამსახველი რუკა, რომელიც თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა

უფრო მეტიც, თურქეთის პროსახელისუფლებო გაზეთ „Yeni Şafak“-ის ინფორმაციით, ანკარა, ადგილზე ძალთა ბალანსის სათავისოდ შეტრიალების მიზნით განიხილავს ორი სამხედრო ბაზის დაარსების შესაძლებლობას ლიბიის ტერიტორიაზე.

ლიბიის სამოქალაქო ომს დღემდე ათასობით ადამიანის (მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის) სიცოცხლე შეეწირა. ასიათასობით ლიბიელი იქცა ლტოლვილად (ზოგიერთი მონაცემებით, მთელი მოსახლეობის დაახლოებით მესამედი). ფაქტობრივად მოშლილია ჯანდაცვისა და განათლების სისტემები. აღარ ფუნქციონირებს სახელმწიფო ინსტიტუტები. ქვეყანაში უკვე წლებია გამეფებულია ქაოსი და განუკითხაობა. კონფლიქტმა ეთნიკური შეფერილობაც მიიღო (ერთი მხრივ, არაბული ტომები და, მეორე მხრივ, თურქული, ჩერქეზული და ბერბერული წარმოშობის ჯგუფებ).

ამასთან, ჩაიშალა ლიბიის საკითხზე დღემდე შემდგარი არაერთი მოლაპარაკება და მიღწეული შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ლიბია, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, იქცა ე.წ. “Failed State”-ად („არშემდგარი სახელმწიფო“), აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგით.  

 სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ლიბიაში

 ლიბიის მნიშვნელობა და მხარეთა ინტერესები

ლიბია მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ამის გამო მის მიმართ ინტერესი არასოდეს იკლებს.

უპირველეს ყოვლისა, ლიბია მდიდარია ბუნებრივი რესურსებით - ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსების თვალსაზრისით აფრიკის უმდიდრესი ქვეყანაა (2010 წელს დღეში 1,6 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდნენ). ამასთან, იგი, სპარსეთის ყურისგან განსხვავებით, გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს ევროპასთან. შესაბამისად, აქედან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უფრო იაფი და უსაფრთხოა. ამგვარად, ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი სწორედ ეს რესურსებია.

ლიბიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები

აღსანიშნავია, რომ ლიბია გეოგრაფიულად გასასვლელია აფრიკის სხვა ქვეყნებისაკენ, სადაც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ასევე სურთ საკუთარი გავლენის გავრცელება.

რამდენადაც არასტაბილური ლიბია შესაძლოა გახდეს ევროპის მიმართულებით ლტოლვილთა ახალი ნაკადების დაძვრის ადგილი, ევროპის ქვეყნების ინტერესშია, რომ აქ მშვიდობამ დაისადგუროს. თუმცა, ასეთი ვითარება ხელსაყრელია რუსეთისთვის, რომელიც საერთაშორისო არენაზე ცნობილია თავისი შანტაჟის პოლიტიკით და რომელსაც სირიის შემდეგ საკუთარი გავლენის ქვეშ ლიბიის მოქცევაც უნდა.

შეერთებული შტატები თავიდან ჰაფთერის მხარეს იჭერდა და დროდადრო ბომბავდა ჯიჰადისტების პოზიციებს, ბოლო დროს კი უფრო მოსკოვის საწინააღმდეგო პოზიციას იკავებს. მაგალითად, 26 მაისს აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა ევროპასა და აფრიკაში, გენერალმა ჯეფ ჰერიგენმა განაცხადა, რომ რუსული ქმედებები რეალურ საფრთხეს ქმნის ევროპის სამხრეთ ფლანგზე. თუმცა ვაშინგტონს, მეორე მხრივ, არ სურს რადიკალური ჯგუფების გაძლიერება რეგიონში და ამდენად ლიბიის საკითხზე მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა და რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს.

თურქეთის ინტერესებში, ბუნებრივი რესურსების (ლიბიისა და ხმელთაშუა ზღვის ნავთობი და ბუნებრივი აირი) გარდა, არის ოსმალური მემკვიდრეობა (ლიბია 1551-1911 წლებში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა). 2020 წლის 14 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ ლიბია ოსმალური მემკვიდრეობაა, სადაც დაახლოებით 1 მილიონი თურქული წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს და რომ ანკარა ჰაფთერს არ მისცემს მათი განადგურების საშუალებას. 

ამასთან, საგულისხმო ფაქტია, რომ თურქეთმა 2019 წლის 27 ნოემბერს სარაჯის მთავრობასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ორი ქვეყნის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები ხმელთაშუა ზღვაში. აქედან გამომდინარე, მათ ახალ საზღვაო საზღვრებში ბუნებრივი რესურსების მოპოვების უფლებაც ენიჭებათ. მაგრამ ეგვიპტეს, საბერძნეთსა და კვიპროსს უკანონოდ მიაჩნიათ ეს ხელშეკრულება და თვლიან, რომ ილახება მათი ეროვნული ინტერესები.

 თურქეთ-ლიბიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები 2019 წლის 27 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით

 თურქეთის სურვილს, გახდეს სუნიტური სამყაროს ლიდერი (ამ საქმეში მისი მოკავშირე რეგიონში მოქმედი საერთო სუნიტური მოძრაობა „ძმები მუსლიმებია“), ძლიერ წინააღმდეგობას უწევს საუდის არაბეთი და მის გარშემო შემოკრებილი სხვა არაბული ქვეყნები - ეგვიპტე (კაირო განსაკუთრებით შეშფოთებულია „მუსლიმი ძმების“ პოზიციების გაძლიერებით მეზობელ ლიბიაში, მიიჩნევს რა ამ ორგანიზაციას ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად საკუთარი უსაფრთხოებისთვის), იორდანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამიტომ ეს ქვეყნები ბუნებრივად თურქეთის მოწინააღმდეგე ჰაფთერს მიემხრნენ.

ამ ქვეყნების ჯგუფს მიემხრო საფრანგეთიც, რომელიც ტრადიციულად ეჭვიანობს ხმელთაშუა ზღვაზე თურქეთის გავლენის გაძლიერებაზე. მსგავსი მიდგომა აქვთ ისრაელს, საბერძნეთსა და კვიპროსსაც, რომლებიც ასევე ანტითურქულ ბანაკში მოიაზრებიან.

ლიბიაში სამოქალაქო ომში ჩართული მხარეებისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს ქვეყანა ტერიტორიულად ძალიან დიდია - თითქმის 1,8 მილიონი კვ. კმ., (ანუ თურქეთზე დაახლოებით 2,5-ჯერ დიდია). შესაბამისად, სამხედრო უპირატესობის მოპოვების შემთხვევაშიც კი ძალზე გაჭირდება ამხელა ტერიტორიების ეფექტიანი კონტროლი.

საფრთხეები და გამოწვევები  

ლიბიის „სირიიზაცია“ აჩვენებს, რომ ნებისმიერი ე.წ. “Failed State” („არშემდგარი სახელმწიფო“) ძალზე მოწყვლადია და რეალურად დგას ერთმანეთთან დაპირისპირებული უცხო ძალების ჩარევის საფრთხის წინაშე. ლიბიის შემდეგ შესაძლოა დადგეს სხვა მსგავსი ქვეყნის ან ქვეყნების (იემენი, ლიბანი და ა.შ.) ჯერი, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას;

თუ რუსეთმა ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე მას არ შესწევს ძალა ლიბიაში აქტიურად ჩაერიოს, მან შესაძლოა იფიქროს სხვა მიმართულებით სამაგიეროს გადახდაზე თურქეთისთვის და ასეთი ადგილი შესაძლოა იყოს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა (მათ შორის, სირიაც). მით უმეტეს, ამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში (იდლიბში) უკვე შეინიშნება რუსულ-სირიული ძალების გააქტიურება;

რამდენადაც ლიბიის საკითხზე არ არსებობს შეთანხმება რუსეთსა და თურქეთს შორის, ეს კონფლიქტი, სირიის სამოქალაქო ომის მსგავსად, ქმნის რუსეთ-თურქეთის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს, რაც არ შედის საქართველოს ინტერესებში;

ამ მომენტისთვის არც ერთ მებრძოლ მხარეს არ აქვს პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტის ძალა. ამიტომ საკმაოდ რეალურია ლიბიის ორ ან ორზე მეტ ნაწილად დე ფაქტო გაყოფის საფრთხე. ასეთი პრეცედენტის დაშვებამ კი შესაძლოა „დომინოს ეფექტი“ გამოიწვიოს რეგიონში, სადაც საზღვრები ხშირ შემთხვევაში ხელოვნური და პირობითია;

ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორი იქნება აქ მებრძოლი ათასობით სირიის ოპოზიციის ჯიჰადისტი მებრძოლების შემდგომი ბედი. საბრძოლო მოქმედებების დასრულების ან შეჩერების შემდეგ მათი ნაწილი შესაძლოა ევროპაში გადასვლასაც შეეცადოს. ეს კი შექმნის დამატებით საფრთხეებს და გამოწვევებს ევროპული ქვეყნებისთვის;

ასეთ სიტუაციაში მყოფი ლიბია  საიმედო თავშესაფარს წარმოადგენს არა მხოლოდ სირიიდან ჩასული ჯიჰადისტი მეომრებისთვის. მათი აქ დამკვიდრების შემთხვევაში, ლიბია შესაძლოა იქცეს კიდევ ერთ ძლიერ ჯიჰადისტურ კერად და მიზიდულობის ცენტრად ექსტრემისტული ჯგუფებისთვის, რომელთაც  ბუნებრივი რესურსების (ნავთობი და ბუნებრივი აირი) რეალიზაციის შედეგად სავარაუდოდ სერიოზული ფინანსური წყაროებიც გაუჩნდებათ. ყოველივე ამის შედეგად კი, როგორც ეს მოხდა ერაყსა და სირიაში „დაეშის“ დამკვიდრების შემდეგ, ჯიჰადისტებმა შეიძლება დაიწყონ როგორც რადიკალური იდეოლოგიის ექსპორტი მოწყვლად ქვეყნებსა და თემებში, ისე ახალი მებრძოლების მიზიდვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი აუცილებლად მხედველობაშია მისაღები ამ მიმართულებით საქართველოს სამწუხარო გამოცდილება;

საქართველოს ინტერესებში არ შედის ლიბიის „სირიიზაცია“ და, განსაკუთრებით, იქ რუსეთის გავლენის გაზრდა, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა აქაც დადგეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების საკითხი (როგორც ეს იყო სირიის შემთხვევაში);

ცნობილია, რომ სირიაში მყოფ ჯიჰადისტურ ორგანიზაციებში გაერთიანებული არიან იქ საომრად წასული საქართველოს მოქალაქეებიც. ამ ეტაპზე უცნობია, გადავიდა თუ არა მათი ნაწილი ლიბიაში. თუმცა, თუ სირიაში მათთვის სიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა მათთვის ლიბია სერიოზული ალტერნატივა გახდეს, ყველა თავისი უარყოფითი შედეგით.

წყარო:https://www.gfsis.org/

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.