USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ზურაბ ბაქრაძე: თბილისი რომ მორგებული იყოს მოქალაქეთა საჭიროებებზე და მოთხოვნებზე, ის პრინციპულად ევროპული ქალაქი იქნებოდა
თარიღი:  1514

ქალაქგანვითარების პოლიტიკა და ურბანული პრობლემები ბოლო 30 წელია თბილისის მთავარ გამოწვევად იქცა. ქაოტური საცხოვრებელი არეალები, საზოგადოებრივი სივრცის უგულებელყოფა, ქალაქის სისტემების მწვავე პრობლემები, ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რამაც თბილისი დიდი ხანია გახადა ქალაქი, რომელიც არათუ არ არის მორგებული მოქალაქეთა მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, უფრო მეტიც - ხელს უწყობს მოსახლეობის ცხოვრების გართულებას და სოციალურ უთანასწორობას.

რა წარმართავს დღეს ქალაქგანვითარების პოლიტიკას, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაზე და რატომ დაკარგა თბილისმა კავშირი წარსულთან და ხედვა - მომავალთან, ამის შესახებ ურბანისტს, ბატონ ზურაბ ბაქრაძეს გავესაუბრეთ.  

- ბატონო ზურაბ, თუ გადავავლებთ თვალს თბილისის განაშენიანების ისტორიას რა სპეციფიკით გამოირჩევა თბილისის განაშენიანება მას შემდეგ, რაც ის დიდი ქალაქი გახდა?

- თბილისი დიდი ქალაქი გახდა მე - 19 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა.1801 წლიდან, როდესაც საქართველოს რუსეთს შეუერთდა, თბილისმა დაიწყო ნახტომისებური ექსტენციური განვითარება, ტერიტორიული გაფართოვება, რაც  პირველ რიგში დაკავშირებული იყო სამხრეთ კავკასიაში  მეფისნაცვლის რეზიდენციის არსებობასთან. გარდა იმისა, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქი იყო, მან  შეიძინა რეგიონული ცენტრის ფუნქციაც. დიდი ქალაქების არსებობა, მათ შორის ევროპაშიც, დაკავშირებულია ინდუსტრიალიზაციის პროცესთან. ევროპაში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო ცოტა უფრო ადრე. საქართველოში კი ინდუსტრიალიზაცია დაკავშირებულია ქვეყნის რუსეთთან შეერთებათან, რასაც მოჰყვა ქალაქის ნახტომისებური ზრდა. საუბარი იმაზე, თუ  რა ტიპის ქალაქი იყო იქამდე თბილისი არარელევანტურია და არ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი ქალაქის  გაგებისთვის, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ  მე-19 საუკუნის დასაწყისამდე თბილისი იყო პატარა პროვინციული აღმოსავლური ქალაქი.

- რა არის შემორჩენილი თბილისში  ძველი პროვინციული აღმოსავლური ქალაქიდან?

- საზოგადოებრივ სივრცეთა სისტემა - ქუჩათა ქსელი, რაც არის ძალიან ძველი და, ასევე, სარდაფები. მიწისზედა განაშენიანება მთლიანად მე-19 საუკუნეს უკავშირდება. სარდაფები უფრო ადრინდელია, რადგან შენობებს ძირითადად დანგრეულ ნაგებობებს დააშენებდნენ ხოლმე. ეს ძირითადად დაკავშირებულია აღა მაჰმად ხანის შემოსევასთან, რაც გამოიწვია ერეკლე მეფის კავშირმა რუსეთთან. იმის გამო, რომ ირანის ქვეშევრდომმა ქართველმა მეფემ გაბედა და კავშირი დაამყარა რუსეთთან, იგი შემოიჭრა თბილისში, პირწმინდად გადაწვა და დაანგრია თბილისი, რამდენადაც მე ვიცი, ამიტომაც აღარ არსებობს უფრო ადრინდელი და ძველი საცხოვრებელი ზედა ნაგებობები.

რაც შეეხება ქალაქის განვითარებას მე - 19 საუკუნის დასაწყისიდან, მას ჰქონდა ინდუსტრიალიზაციისთვის დამახასიათებელი ტიპიური ქუჩათა ქსელი შეუფერებელი თბილისის რელიეფთან. დაიგეგმა მართკუთხა ქუჩათა ქსელი, რაც დამახასიათებელი იყო მთელი ევროპისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, რომელიც იმ დროს ევროპული ტიპის ქვეყანა იყო, გარეგნულად მაინც. ქუჩათა ეს ქსელი  ხელოვნურად დაედო ძალიან რელიეფურ ქალაქს - თბილისს. ეს, პირველ რიგში, ეხებოდა გარეთუბანს, ე.ი. დღევანდელ მთაწმინდას, სოლოლაკს თითქმის ვერამდე. მარცხენა სანაპირო აითვისეს „ნოი ტიფლისში“ ჩამოსახლებულმა გერმანელებმა, რომლებიც 1817 წელს გადასახლდნენ  რუსეთის იმპერიაში  სამხრეთ გერმანიიდან და ასე მოხვდნენ საქართველოშიც. ისინი ცხოვრობდნენ პლეხანოვზე, ვარანცოვზე, ასევე დიდუბის გარკვეულ ნაწილშიც. თითქმის მთელი მარცხენა სანაპირო აითვისა ჩამოსახლებულმა გერმანულმა ერთობამ. მარცხენა სანაპიროზე, სადაც ბრტყელი რელიეფია, მართკუთხა ქუჩათა ქსელი და მისი შესაფერი განაშენიანება უფრო ადვილად ერგებოდა იქაობას, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე, რთული რელიეფის გამო, სადაც იყო ბევრი ხევი, მათ შორის სოლოლაკისა და ზემელის, მთლიანად გადაასწორა მართკუთხა ქუჩათა სისტემამ.

- რა კონცეფციას ექვემდებარებოდა განაშენიანების ეს სისტემა, როგორ აისახა ის ქალაქის არქიტექტურაზე, ურბანულ წყობაზე?

ვინაიდან რუსეთი თვითონ იყო ამ თვალსაზრისით ევროპის პროვინცია, ხოლო საქართველო კი რუსეთისა, მშენებლობის სტილიც, შესაბამისად შეეფერებოდა პროვინციის პროვინციას. მშენებლობებს ძირითადად წარმართავდა სომხური კაპიტალი, რადგან სომხები შეადგენდნენ თბილისის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. მე - 19 საუკუნის ყველა ის სტილი, რომელიც განვითარებული იყო რუსეთში, პირდაპირ გადმოდიოდა საქართველოში. ეს იყო ევროპასთან დაბრუნება, ე.ი. საზოგადოებრივი ცხოვრების წინსვლა. თუ არქიტექტურის მიხედვით თბილისი ევროპის პროვინცია იყო, საინჟინრო თვალსაზრისით, თბილისის განაშენიანება გაცილებით ჩამოუვარდებოდა მას, რადგან ჩვენთან საინჟინრო საქმე ძალზე დაბალ დონეზე იყო. თბილისის განვითარებას მართალია ახასიათებდა პროვინციალიზმი, მაგრამ თუ მას შევადარებთ მთელი საქართველოს განვითარებას წინა 3-4 საუკუნეში, ეს იყო საოცარი ნახტომი წინ.

თბილისის განაშენიანებისთვის, დამახასიათებელი შიდა ეზოები, რომელსაც რატომღაც იტალიურ ეზოებს უწოდებენ, იყო განაშენიანების ამ სისტემის უშუალო ორგანული ნაწილი. აივნების კულტურა, რაც უცხოა ევროპისთვის, თბილისში შესაძლოა დაკავშირებული იყოს დასავლეთ საქართველოს ოდასა და კახურ სახლთან, თუმცა შესაძლოა ასევე  თურქეთთან - ქუჩის მხარის აივნები იმ პერიოდის თბილისში ძალიან პოპულარული და გავრცელებული იყო.

როგორ აისახება ეთნოსის ხასიათი ქალაქის განაშენიანებაზე?

- სამწუხაროდ, არავის ჩაუტარებია მსგავსი კვლევა და არ არსებობს შესაბამისი მონაცემები. ასეთი ავტომატიზმი ჩემთვის უცნობია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთი მეორეს განაპირობებენ. ერთის მხრივ განაშენიანების სისტემა, განაშენიანების სტრუქტურა აირეკლავს სამეზობლოების, პატარ-პატარ პატარა თემების ცხოვრებას, მეორეს მხრივ, პირიქით, განაშენიანების სტრუქტურა განაპირობებს ამ თემების ცხოვრებას. რადგან განაშენიანების სისტემა გადმოღებული იყო რუსეთიდან, ხოლო იქ ევროპიდან, სამეზობლოების ცხოვრებაც მნიშვნელოვანწილად იყო ფორმირებული შესაბამისი სოციალური სტრუქტურით (ვინმეს თუ სახლში ზანდუკი ჰქონდა ქართული ორნამენტებით ან მოჩუქურთმებული დედაბოძი, მაგალითად, ფორაქიშვილების დარბაზში, ეს სრულებით არ უკავშირდება არც რუსეთს და არც ევროპას, ეს ინტერიერის ნაწილებია და გავლენას არ ახდენს განაშენიანების ხასიათზე). განაშენიანების სტრუქტურა გარეთუბანში, რომელიც მორგებული იყო ქუჩათა მართკუთხა ქსელს, არსებითად განსხვავდებოდა შუა საუკუნეების, მე-5 საუკუნეში დაარსებული ძველი ქალაქის განაშენიანებისგან. გარდა ამისა, შუა საუკუნეების ქალაქი ბევრად პატარა იყო   მთელ დანარჩენ ქალაქზე, რომელიც განვითარდა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნის შუამდე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისში უკვე სრულიად სხვა ეტაპი იწყება. ეს დამახიათებელი იყო როგორც მთელი ევროპისთვის, ასევე მთელი საბჭოეთისთვის და შესაბამისად საქართველოსთვისაც.

- ამ პერიოდს უკავშირდება თბილისის კორპუსული განაშენიანება?

- დიახ, თუმცა ეს არ იყო საბჭოური მოვლენა, ეს იყო მოვლენა, რომელიც გამოიწვია გარკვეულმა ძვრებმა ევროპაში 20 საუკუნის 20 -იან წლებში. 1933 წელს ათენში არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესმა (CIAM) მიიღო ათენის ქარტია, რომელიც უცნაურია, მაგრამ  გამოქვეყნდა მიღებიდან 10 წლის შემდეგ. ომის დამთავრებისთანავე ქალაქგანვითარება მნიშვნელოვანწილად ამ ქარტიის მიხედვით დაიწყო. ეს იყო „კორპუსების ქალაქები“, ჩვენთან ცნობილი - მასივები. ამ პერიოდში გაჩნდა ჩვენთან საბურთალოს, დიღმის, თემქის მასივები. მოგვიანებით მათ დაემატა გლდანი ვარკეთილი და სხვები. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი თითქმის ყველგან აღბეჭდილია „კორპუსების ქალაქებით“ და მას მოდერნის ქალაქმშენებლობად მოიხსენიებენ. „კორპუსული“ განაშენიანება მხოლოდ საბჭოთა ქალაქებისთვის არ იყო დამახასიათებელი. ძველი ქალაქის ნგრევა რთულია და ამიტომ „კორპუსთა ქალაქები“  ძირითადად აშენდა ჩამოყალიბებული ქალაქების განაპირას. ევროპაში მათ  მაშინვე მიიღეს  „მეორე ხარისხის“ საზოგადოების საცხოვრებლების სახე. თბილისში, ისევე როგორც მთელ საბჭოეთში, ეს სხვაგვარად წარიმართა - მოსახლეთათვის უფასო მასობრივმა მშენებლობამ არ გამოიწვია საზოგადოების სივრცითი სეგრეგაცია, რადგან ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, ადამიანს გაეუმჯობესებინა საცხოვრებელი პირობები.

ამის შემდეგ ქალაქგანვითარებამ ევროპაში ტრანსფორმაცია განიცადა - ისინი გადავიდნენ მშენებლობის ახლებურ ყაიდაზე. ეს დაიწყო XX საუკუნის 70-ანი წლებიდან და 80 იან წლებში გამოიკვეთა ქალაქგანვითარების სულ სხვა მიმართულება. ეს არ მოხდა საბჭოეთში, და ამდენად არც საქართველოში. ევროპის ქალაქები დაუბრუნდნენ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პერიმეტრული განაშენიანებას ჩამოყალიბებული ფასეულობების შენარჩუნებით, რაც ჩვენთან დღემდე არ მომხდარა. მეორე მსოფლიო ომამდე თბილისის განაშენიანება იყო პერიმეტრული და ის, გარეგნულად მაინც, ევროპული ქალაქი იყო. ასეა განაშენიანებული, მაგალითად, პლეხანოვი, სოლოლაკი, ვაკე, საბურთალოს ერთი ნაწილი.

- ის ქაოსური მდგომარეობა, რაც გვაქვს დღეს თბილისში, საბჭოური განაშენიანების მძიმე მემკვიდრეობითაც არის განპირობებული? რამ დაასვა ყველაზე დიდი დაღი თბილისს?

არა, ეს არ არის საბჭოური მოვლენა. ეს პროცესი დაიწყო 90 იანი წლებიდან მოყოლებული, თუმცა უკვე 2000 წლებიდან მოხდა ძალიან სწრაფი, ნახტომისებური განვითარება ქაოსისკენ. ამას იწვევდა კორუფცია,რაშიც ჩართული იყვნენ ქალაქის მმართველობები თავიანთი არქიტექტურის სამსახურებით. XX საუკუნის 90-იან წლებში იყიდებოდა მიწის თითოეული გოჯი, საზოგადოებრივი სივრცეები, მტკვრის ზედაპირებიც კი -  ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა.მაგალითად, ვაკე-საბურთალოს გზაზე და გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ზოლში იმ დროს გაყიდულ მიწებზე  გაჩნდა ავტოგასამართი სადგურები, რომლებიც სრულიად შეუფერებელია ამ ადგილებისთვის. მაშინ მე არ ვცხოვრობდი საქართველოში, მაგრამ მქონდა კავშირი ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან - იყიდებოდა ყველაფერი, მაგრამ ხაზინა იმდენად ცარიელი იყო, რომ არქიტექტურის სამსახურში ფაქსის აპარატიც კი არ ჰქონდათ. ყველაფერი სახლში მიჰქონდათ. ამის შემდეგ, 2003 წლიდან საქართველოს ხელისუფლებას ვიღაცამ ურჩია ხაზინის შევსებაზე ზრუნვა, რადგან ხაზინის ფული, ჩვენში, არსებითად ხელისუფლების ფულია. ქალაქის მმართველობაში მთავარი მოტო გახდა, „იშოვე ფული შენთვის, მაგრამ ქალაქის ხაზინაშიც შემოიტანე“ - ეს პრინციპი გრძელდება დღემდე,  გაჩნდა გადასახადები, თანხა შედის ხაზინაში, მაგრამ ეს უკვე სახელმწიფოებრივად მოწესრიგებული ანგარებაა, რაც ხელს უშლის ქალაქის გონივრულ განვითარებას.

- რა არის დღეს ყველაზე მკვეთრად გამოხატული და მწვავე ურბანული პრობლემები თბილისში? როგორ ხდება ქალაქგანვითარების პროცესის მართვა?

- ეს არის ქალაქის ცვლილება კერძო პირთა ანგარებითი ინტერესების საფუძველზე. განვითარების არანაირი კონცეფცია, თბილისს არ აქვს, რადგან გაქრა ცნება „საზოგადოებრივი“, როგორც ასეთი. მაგალითად, თბილისის განვითარება არ მიმდინარეობს საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებისა და განვითარების მიმართულებით. რატომ არსებობს თბილისში ტროტუარები, სადაც მანქანები დადიან და დგანან? ჭავჭავაძის გამზირი თითქმის ერთადერთი ქუჩაა, სადაც აღარ დადიან ან დგანან ტროტუარზე ავტომანქანები, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ეს ხდება სხვაგან თითქმის ყველგან. ესეც საზოგადოებრივი ცნობიერების დეფიციტზე ლაპარაკობს. დღეს თბილისის განვითარებისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივის უგულებელყოფა, ეს ძალიან მძიმე საკითხია. ქალაქი არის ადგილი თემის, ადამიანთა ეგზისტენციური ადგილი, სადაც თითოეული მხოლოდ ცალკე ინდივიდი კი არ არის, არამედ  ქმნის გარკვეულ საზოგადოებასაც. დღეს თბილისში ხდება ამის სრული უგულებელყოფა და ეს ეტყობა ყველაფერს, დაწყებული საზოგადოებრივი სივრცეებიდან დამთავრებული საცხოვრებელი არეალებით. ამის შედეგია კერძოსა და საზოგადოებრივს შორის პოლარობის შესუსტება, რაც ქალაქური ცხოვრების გაუფასურებაა. როგორ წარიმართება დღეს მშენებლობები ინვესტორთა მიერ? ისინი იღებენ მშენებლობის ნებართვებს, აშენებენ საცხოვრებელ სახლებს მხოლოდ და მხოლოდ ანგარებისთვის და სრულიად არ ენაღვლებათ, იქ რა ხდება მას მერე, რაც მშენებლობა დამთავრდება. ამისი შედეგია, რომ არ გვაქვს გამართული საქალაქო სისტემები: ქუჩები და რეკრეაციული ზონები ყველასთვის, საკმარისი საჯარო საბავშვო ბაღები და სკოლები.

- მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ დიდი პერიპეტიების შედეგად დამტკიცდა, ვერ შეაჩერა ის პრობლემები, რაც აქვს ქალაქს?

-პრინციპულად არაფერი შეცვლილა.მთავარი წარმმართველი, რაც არის თბილისის განვითარებისთვის, საზოგადოებრივის უგულებელყოფაა. ამის აღმოფხვრა ვერ შეძლო ვერც ამ მიწათსარგებლობის გენერალურმა  გეგმამ, ვერც მისმა წინამორბედმა, პოსტსაბჭოურმა პირველმა გეგმამ.  მთელი სისტემა კერძო ადამიანის ანგარებაზეა აწყობილი, მასზეა მორგებული კანონებიც და აღმასრულებელი სისტემაც. 

ეს არ არის კარგი გენერალური გეგმა, მაგრამ აქვს კარგი ნაწილებიც, მაგალითად, ამ გეგმამ ერთი კარგი რამ გააკეთა. დააწესა განაშენიანების საზღვარი, მაგრამ როგორც კი გენგეგმა დამტკიცდა თავისი განაშენიანების საზღვრებით, მაშინვე დაიწყეს ამ საზღვრების დარღვევა, ისევე როგორც  ზონებისთვის სტატუსების შეცვლა ამ დოკუმენტში ცვლილებების შეტანით. მაგალითისთვის ავიღოთ ლაგუნა ვერას მომიჯნავე ტერიტორია, რომელსაც შეუცვალეს ზონის სტატუსი იმის გამო, რომ ვიღაცას სურს იქ ორი უზარმაზარი „კორპუსი“ აშენდეს. გამოდის, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქაღალდი, რომელიც როცა სჭირდებათ გამოსადეგია, როცა სჭირდებათ - გადააკეთებენ  და რასაც უნდათ იმას ჩაწერენ. ერთმა საკრებულოს თანამშრომელმა მითხრა, გენგეგმის მიღებამდე თვეში 60 ცვლილებას ვახდენთო. დარწმუნებული ვარ ახლაც ასე გრძელდება, უბრალოდ ამას არავინ იტყვის. 

ერთ მაგალითს კიდევ მოვიყვან - არსებობს ასეთი მცნება სარეკრეაციო ქვეზონა 2, რომელშიც შეიძლება თითქმის ყველაფრის აშენება „ზონალური შეთანხმებით“. „ზონალური შეთანხმება“, რომელიც შევიდა მიხეილ სააკაშვილის დროს შექმნილ 2005 წლის კანონში, ჯერ კიდევ არსებობს. ამ ქვეზონაში ძირითად და „ზონალური შეთანხმებით“ დაშვებულ გამოყენებათა ჩამონათვალი რომ წაიკითხოთ, ნახავთ, რომ არსებითად ყველაფრის აშენება  შეიძლება სარეკრეაციო ქვეზონა 2 -ში, რაც მას რეკრეაციის ფუნქციას უკარგავს. მოქმედ მიწათსარგებლობის გენგეგმაში კი სარეკრეაციო ტერიტორიების უმეტესობა არის სარეკრეაციო ქვეზონა 2. თუ მართლა რაიმეს გაკეთება სურთ, უნდა შეიცვალოს ის წესი, რომელიც არეგულირებს მშენებლობებს სარეკრეაციო ზონებში.  

-  რამდენად არის მორგებული დღეს ქალაქი მოქალაქეთა საჭიროებებზე, მოთხოვნებზე?

- მორგებული რომ იყოს თბილისი იქნებოდა პრინციპულად ევროპული ქალაქი. ეს აუცილებლად გამოიხატებოდა მისი სტრუქტურების თავისებურებებში. ის იქნებოდა ისეთი ქალაქი, როგორიც იყო თბილისი  საბჭოეთამდე - თავისი ქუჩების სისტემით და პერიმეტრული განაშენიანებით, სადაც იყო მოქმედი სამეზობლოები და პატარა სკვერები. სამეზობლოები ძალიან გააფუჭა საბჭოურმა გამჭიდროვებამ, როცა ერთ ბინაში რამდენიმე ოჯახს შეასახლებდნენ ხოლმე. ამან წარმოშვა ეგრეთწოდებული „კომუნალკები“ და გამოიწვია, ერთი მხრივ, საცხოვრებელი ეზოების ძლიერი გადატვირთვა,ხოლო მეორე მხრივ კერძო სივრცეების დეგრადაცია. პირველ მსოფლიო ომამდე არსებული თბილისი იყო ქალაქი, რომელიც შეიძლებოდა კარგი თანამედროვე ქალაქი გამხდარიყო. ქალაქის ეს მოდელი, ე.ი. მოდერნამდელი ქალაქი ძალზე „ელასტიურია“. მაგალითად, ის იტანს ცხოვრების ახალ ყაიდაზე ბინების მოდერნიზებას, სართულიანობის გაზრდას და ა.შ. თბილისს გონიერი ხელისუფლება რომ ჰყოლოდა ან ყავდეს, შეიძლებოდა ამ „ელასტიურობის“ კარგად გამოყენება.

-ერთ პრობლემას მინდა შევეხოთ, ეს არის სასაფლაოების ზრდა ქალაქის ცენტრში, მაგალითად, საბურთალოზე, სადაც საცხოვრებელი ზონები და სასაფლაო უკვე ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს. 

- სასაფლაო არის ჩვენი საზოგადოების სახე, თითქოს სარკეში გვახედებს, იქ  ჩანს, ვინ ვართ ჩვენ.  საბურთალოს სასაფლაოზე რომ შეხვიდეთ ნახავთ, რომ  წარმოუდგენელი ქაოსია. იმის მაგივრად, რომ შუაში ყოფილიყო გზა, როგორც იყო დაგეგმილი, დღეს გზის ნაცვლად  პატარა ბილიკიღაა, იმიტომ რომ ვიღაცამ სთხოვა სასაფლაოს დირექტორს, თუ ძმა ხარ, ერთი მიცვალებულიც დასამასაფლავებინეო. ჭირისუფალი  სასაფლაოზე რომ მივიდეს, სხვა სასაფლაოებს  უნდა გადააბიჯოს. რაც შეეხება სასაფლაოების სიდიდეს, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ქალაქის სიდიდესთან, თუმცა კრემაციის არარსებობაც იწვევს იმას, რომ ძალზე დიდი ტერიტორიები სჭირდება სასაფლაოებს. ამას გარდა არის კიდევ ერთი მიზეზი - ადამიანები, თადარიგის დაჭერის მიზნით, იკავებენ რამდენიმე ადგილს, მომავლისთვის. რა თქმა უნდა პრობლემაა, როდესაც სასაფლაოები და საცხოვრებელი ზონები ასე მიუახლოვდა ერთმანეთს. ამას ისევე არ არეგულირებს ქალაქის მმართველობა, როგორც მაგალითად საცხოვრებელ განაშენიანებას თავისი სკოლებით და  საბავშვო ბაღებით.

ბოლო 30 წელიწადში რამდენი საჯარო სკოლა ან საბავშვო ბაღი აშენდა? ეს არის საზოგადოებრივის ცნების დაკარგვა - შენდება საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრები და კერძო სასაფლაოები რასაც შემოაქვს ფული კერძო ჯიბეში და ხაზინაში. საჯარო საბავშვო ბაღი და სკოლა, ფულს ხომ ვერ შემოიტანს. ამიტომ  რაც იმართება ანგარებით, იმას აქვს მწვანე შუქი ანთებული, მათ შორის სასაფლაოებსაც.

- რა პერსპექტივას ხედავთ, როგორ განვითარდება მომავალში ქალაქის განაშენიანება, სადამდე შეიძლება მივიდეს, რამ შეიძლება შეაჩეროს ეს ქაოსი? 

-  არ მაქვს საიმედო პროგნოზი. სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა ადამიანი მთლიანად დაკარგავს სახეს. ადამიანი სოციალური არსებაა, ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა ამას. დღეს გავრცელებული განაშენიანების ყაიდით ადამიანს ძალიან ეწყობა ხელი, რაც შეიძლება ეგოისტურად, გათითოკაცებულად იგრძნოს თავი. ადამიანს სრულებით არ აინტერესებს როგორი სამეზობლო შეიქმნება მის აშენებულ სახლში, მას აინტერესებს მხოლოდ ფული, რასაც მიიღებს მშენებლობიდან. სოციალური შეკავშირებულობა აუცილებელია საცხოვრებლისთვის, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, ამიტომაც ინვესტორი არ აშენებს ისეთ საცხოვრებლებს, სადაც შესაძლებელი იქნება შეკავშირებულობა და ქალაქის მმართველობა მას ამაში ხელს უწყობს. გინახავთ ახალაშენებული საცხოვრებლები, რომელთაც აქვთ შიდა ეზო? არა, ეს არ არის არც ინვესტორის, არც ქალაქის მმართველობის ინტერესი.

რამდენიმე ათეული წელია, ევროპული ქალაქგანვითარება დაადგა შენარჩუნებადი განახლების გზას. განაშენიანების თვალსაზრისით, უნდა შეინარჩუნო ის რაც ფასეულია, მაგალითად, სოციალურად ჯანსაღი საცხოვრებლები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ქსელი და ა.შ. ეს ყველაფერი აცოცხლებს ქალაქს, რომლის განვითარებაც მათი ფასეულობების შენარჩუნებით უნდა მოხდეს. საზოგადოებას უნდა შეეძლოს ჰქონდეს თვალხილული ისტორია, როგორ გარემოში  ჩამოყალიბდა და განვითარდა იგი. ის უნდა ხედავდეს ამ პროცესს, ის მისი ნაწილი უნდა იყოს. სამომავლო გეგმაც უნდა ჰქონდეს ისეთი, რაც შეეფერება ღირსეულ ადამიანს. ქალაქი ყველაზე  უფრო კარგად აჩვენებს სოციალური იდეალების სიცოცხლისუნარიანობას, მაგალითად, თანასწორობისა. სინამდვილეში, ყველა მოქალაქე თანასწორია. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია, მაგრამ იმავდროულად თანასწორია, როგორც მოქალაქე. ჩვენ ვქმნით ერთობას, რამდენადაც ერთმანეთის განსხვავებულობას ვაღიარებთ და ამის საფუძველზე ერთმანეთს ვცემთ პატივს. მმართველი ელიტებისთვის ეს ასე არაა, ქალაქის მმართველობა არ უწყობს ხელს, არ უბიძგებს მოქალაქეებს თანასწორობისაკენ. მეტიც, ის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგვახსენებს, თუ ვინაა ძლიერი ამა ქვეყნისა და ვინ მხოხავი მატლი - ავტობუსის ზოლში მოდის მანქანით ვიღაც, ვინც იქ არ უნდა მოდიოდეს. ასეთი მაგალითი უამრავია.

- ახლა გვიანია ახალ მოდელებზე გადაწყობა? გამოსავალი რა არის?

- გამოსავალი არის ორმხრივი პასუხისმგებლობა. ერთის მხრივ უნდა გაიზარდოს და აღმოცენდეს  სწორი, ღირსეული განვითარების პრინციპი მოქალაქეებში. მათ თვითორგანიზებით უნდა შეძლონ იპოვნონ ერთმანეთი და დაუპირისპირდნენ საზოგადოების განვითარების საწინააღმდეგო იმპლუსებს. მნიშვნელოვანია ნამდვილი სამოქალაქო აქტივიზმი და ჩვენ უნდა ვცადოთ მისი განვითარება. მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური მმართველობის ორიენტაცია. მაგალითად, თბილისის მერიამ წამოიწყო ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა. ეს არის ძალიან სწორი და კარგი პოლიტიკა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ქვეითთა პატივისცემა, ბევრი შუქნიშანი, რომ ქვეითი არ ჩაძვრეს და არ აძვრეს ქუჩის ზედაპირიდან და ა.შ. ეს პოლიტიკა ხელს შეუწყობს, რომ ქალაქი იყოს მორგებული ადამიანზე, მაგრამ ეს უნდა გავრცელდეს სხვა სფეროებზეც. მეორე მხრივ, კეთდება ისეთი რამეები, რაც თვითონ სწორ პოლიტიკასაც აზარალებს, მაგალითად, გამოცხადებული ახალი მშენებლობები ლაგუნა ვერეს მიმდებარედ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრანსპორტის ახალ პოლიტიკას.

ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაცია, ნამდვილი თვითთმმართველი ერთეულების - კომუნების შექმნა. ამას ევროპაში რვა საუკუნის ისტორია აქვს, ჩვენთვის ახალია. საბჭოთა სისტემამ, ცენტრალიზებულმა ქვეყანამ მოკლა თვითმმართველობა,  ჩვენ ამ ცენტრალიზმის შთამომავლები ვართ და ვხედავთ, რომ ელიტებს არაფრით არ უნდათ ცენტრალიზმის ხელიდან გაშვება. უნდა გადაიდგას თამამი ნაბიჯები, არ უნდა შეეშინდეთ შეცდომების. თვითმმართველი ერთეულები დაუშვებენ შეცდომებს, მაგრამ უმჯობესია შეცდომების დაშვება და ამ ინსტიტუტის გაძლიერება.

- არსებობს სპეციალისტების მოსაზრება, იმისთვის, რომ ეს ქაოსი შეწყდეს, უნდა მოხდეს ქალაქის  გაფართოვება, გაშლა. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ახლა გაჩნდა ახალი ტენდენცია, სუბურბანიზაცია. სუბურბანული განვითარება ევროპაში კანონმდებლობით არის აკრძალული, ჩვენთან კი მწვანე შუქი აქვს ანთებული. ჩვენთან ადამიანები გადადიან საცხოვრებლად სუფთა ჰაერზე, მაგალითად, ლისის ტბასთან, სადაც აფუჭებენ შესანიშნავ ლანდშაფტს, რაც იყო ყოველთვის, რამდენიმე წელიწადში იქ ისეთივე ჯუნგლი შეიქმნება, რაც მივიღეთ სპორტის სასახლესთან, ოღონდ ერთსართულიანი სახლებისა. ჩვენ მივიღებთ სუბურბიას, რომელსაც არ შეუძლია იყოს ქალაქი და არ არის სოფელი. იქ ვერ  განვითარდება  საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი,  ყველა ოჯახში უნდა იყოს რამდენიმე მანქანა გადასაადგილებლად, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას. ეს დასახლებები ჩნდება იმიტომ, რომ თბილისში გავაფუჭეთ ყველაფერი, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა,  ახლა ამ ქალაქიდან თვითონ გავრბივართ და  უკვე ვაფუჭებთ გარემოს ქალაქის ირგვლივ. ქალაქი უნდა იყოს კომპაქტური გარკვეულ ფარგლებში და ქვეყანაში უნდა ვითარდებოდნენ სხვა პატარა ქალაქები. გაცილებით უფრო თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული მოსახლეობა მთელ საქართველოში, ვიდრე ახლაა. ჩვენი მოსახლეობის 1/3 ერთ ქალაქში ცხოვრობს, ეს ძალზე მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას. სამწუხაროდ, ჩვენ ავირჩიეთ და გავაგრძელეთ საბჭოური ცენტრალიზმი, რაც ძალიან შორსაა სივრცითი მოწყობის ევროპული ყაიდისგან.

თბილისის დღევანდელი განვითარება ძალიან სერიოზული პრობლემაა. სანამ ქალაქის მმართველობა არის ფულის მოგებაზე დახარბებული ინვესტორების სერვის-ცენტრი, არაფერი შეიცვლება. ასეთმა მმართველობამ  შექმნა პირობები, როცა ამ ქაოსში მოქალაქე ზარალდება. საჭიროა ჩვენ, მოქალაქეებმა გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა, გამოვიღოთ ხელი, რომ შევინარჩუნოთ და იმავდროულად სწორად განვავითაროთ ქალაქი.

თამუნა ნიჟარაძე

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.