„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, არხის დახურვის გადაწყვეტილება არ მიუღია.
ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „მთავარი არხის“ დირექტორ გიორგი გაბუნიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. ასევე, ოქუაშვილი საუბრობს გაბუნიასა და არხის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ტელეკომპანიის გაკოტრებაზე.
„გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ „მთავარი არხის“ დახურვის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია და გიორგი გაბუნიას ეს განცხადება, არის ცილისწამება ჩემს მიმართ და ნიკა გვარამიას გეგმის ნაწილი, რათა მათი საქმე და ინტერესი შეფუთული იყოს ისე, როგორც გიორგი გაბუნიამ წარმოადგინა.
„მთავარ არხთან“ დაკავშირებული პრობლემური საკითხი, რომელიც ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ ასე მოულოდნელად გამოიტანეს დღეს საჯაროდ, არ ემსახურება არხის ინტერესებს და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ რამდენიმე თვეა, იგივეა.
სულ რამდენიმე დღის წინ, მქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტთა ჯგუფთან და მათაც ვუთხარი, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია. მეტიც, ჩემს მიერ გამოითქვა მზადყოფნა, შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინო არხს მისი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
„მთავარი არხის“ პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა - ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე. მათი საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ მე პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვაწარმოებ რამდენიმე მიმდინარე საერთაშორისო დავას და კომიკური და ლოგიკას მოკლებულია გიორგი გაბუნიას მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული ცუდად შეფუთული ბრალდება ჩემი ივანიშვილთან რაიმე კავშირის შესახებ. მე პირიქით დავსვამდი შეკითხვებს ნიკა გვარამიას უხვი და დაუბრკოლებელი დაფინანსების წყაროებისა და საკითხს „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ ქცევის შესახებ.
როგორც სჩანს „მთავარი არხის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ და ამისათვის სამწუხაროდ შეარჩიეს სწორედ ის მძიმე პერიოდი, რომელიც დღეს საქართველოში დგას.
ჩემი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“, - აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/