დღეს ჩვენ აღვნიშნავთ „ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას, სულ რაღაც ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოების შედეგად, აქ, ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბორჯომის ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი - მილიარდს მიაღწევს.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ „ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას. სულ რაღაც ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოების შედეგად, აქ, ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა. მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი - მილიარდს მიაღწევს.
ამ პროექტისთვის გაღებული 120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა”, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ბორჯომი“ საქართველოს სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში.
„ბორჯომი“ არა მხოლოდ ისტორიულად პირველი, დარგის ლიდერი მინერალური წყლის კომპანიაა საქართველოში, იგი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში. აქ, ამ საწარმოში, „ბორჯომის“ 135-წლიანი ისტორია ხვდება მომავლის ტექნოლოგიებს და წარმოების თანამედროვე ევროპულ კულტურას; ქარხანა აგებულია ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო წარმოების თითოეული ეტაპი უმაღლეს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება. ეს არის ხიდი ჩვენს უნიკალურ მემკვიდრეობასა და პასუხისმგებლიან, მდგრად მომავალს შორის.
მისასალმებელია, რომ კომპანია მიღწეულზე არ ჩერდება და მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს, როგორიცაა „ბორჯომის“ ლიმონათი თუ წყლის ახალი ხაზები. ეს, ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ხელს უწყობს კომპანიის ამბიციური სტრატეგიული ხედვის განხორციელებას - დაიმკვიდროს თავი ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეც.
ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია პროექტის სოციალური ეფექტი. 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.