COVID 19-ის პირველი ლოქდაუნის შემდეგ, ხალხმა ნელ-ნელა ახალი ჰობი შეიძინა და აღმოჩნდა, რომ უცხო ენების შესწავლა მათი ყველაზე ხშირი არჩევანია. Visual Capitalist-ის მიხედვით, იაპონური ყველაზე პოპულარული ენაა, რომლის სწავლაც ამერიკელებს და კანადელებს სურთ. შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისიდან ჩრდილოეთ ამერიკელები იაპონურ პოპ-კულტურას თაყვანს სცემენ. ბოლო დროს კი დასავლელების მოთხოვნამ ანიმეების მიმართ წლის განმავლობაში 33%-ით მოიმატა და ალბათ ამანაც განაპირობა ენის მიმართ გაზრდილი ინტერესი.
კიდევ ერთი ქვეყანა - ბელიზია, სადაც ყველაზე მეტმა ადამიანმა ჩინური ენის შესწავლა გადაწყვიტა. 2000 წლის აღწერის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 1% ჩინელია. ჩინელების იმიგრაცია ბელიზში 1800-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო, როდესაც ჩინელები ქვეყანაში სამუშაოდ ჩავიდნენ. სულ ახლახან კი ტაივანელი მიგრანტებიც დასახლდნენ ბელიზში და ბიზნეს საქმიანობებიც წამოიწყეს.
ამასობაში, სამხრეთ ამერიკაში - პერუსა და ჩილეში - კორეული ენის სწავლის დიდი ინტერესი გამოიკვეთა. ენის მიმართ ასეთი ინტერესი ქვეყანაში აჩვენებს, როგორ შეუძლია მედიას და ხელოვნებას ენების გავრცელებას შეუწყოს ხელი - ზოგჯერ სრულიად მოულოდნელადაც კი!
გასაკვირი არაა, რომ ინგლისური ევროპაში ყველაზე პოპულარული ენაა - კონტინენტის 34 ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ინგლისურ ენას ფლობს. მაგრამ მცირედი განსხვავებებიც არსებობს - მაგალითად, დანიაში ყველაზე მეტად გერმანულს სწავლობენ. უფრო მეტიც, დანიის სამხრეთით პატარა რეგიონში გერმანული უმცირესობების ოფიციალური ენაა. ამ ტერიტორიაზე 20 ათასი ეთნიკური გერმანელი ცხოვრობს, მათგან 8 ათასისთვის კი გერმანული მშობლიური ენაა.
გაერთიანებულ სამეფოში ესპანური პირველ ადგილზეა. საინტერესო ასევე ისაა, რომ ესპანური თავად ესპანელებისთვისაც ყველაზე პოპულარული ენაა, ცხადია, სწავლის თვალსაზრისით. შესაძლოა, ეს იმიტომ, რომ ესპანეთში ბრიტანელი მიგრანტების მაღალი მაჩვენებელია. "ბიბისის" მიხედვით, დღეს ესპანეთში 300 ათასი ბრიტანელი მიგრანტი ცხოვრობს.
და ბოლოს, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული ენებია:
ინგლისური - საუბრობს 1,132 მილიარდი ადამიანი
ჩინური - საუბრობს 1,117 მილიარდი ადამიანი
ჰინდი - საუბრობს 615 მილიონი ადამიანი
ესპანური - საუბრობს 534 მილიონი ადამიანი
ფრანგული - საუბრობს 280 მილიონი ადამიანი
არაბული - საუბრობს 274 მილიონი ადამიანი
ბენგალური - საუბრობს 265 მილიონი ადამიანი
რუსული - საუბრობს 258 მილიონი ადამიანი
პორტუგალიური - საუბრობს 234 მილიონი ადამიანი
ინდონეზიური - საუბრობს 199 მილიონი ადამიანი.
bm.ge
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.