USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Тбилиси
«Myśl Polska» (პოლონეთი): „რუსეთისა და უკრაინის არმიების საზაფხულო და საშემოდგომო ოპერაციები: კიევის ჯარი მძიმე მდგომარეობაშია“
дата:  506

„შემოდგომის წვიმებით გამოწვეული უგზოობის წინ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე ბრძოლების სიმწვავეს გარკვეულწილად შეანელებს, უკრაინის არმია მძიმე მდგომარეობაშია - კიევის ჯარები თითქმის ყველა მიმართულებით უკან იხევენ. ქვედანაყოფების უმეტესობა პრაქტიკულად სისხლგამოცლილი და დაქანცულია, სტრატეგიული რეზერვები კი გამოფიტული. უკრაინის არმიის დანაკარგები მაღალია, მორალური სული კი - დაბალ დონეზე, ჰყვავის დეზერტირობა, წარმატების რწმენა და იმედი ფაქტიურად გამქრალია. რა თქმა უნდა, რუსეთის ჯარებიც დიდ ზიანს განიცდიან, განუწყვეტელი ბრძოლებით ისინიც დაიქანცნენ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ კრემლი ჯერ კიდევ ინარჩუნებს შემტევ პოტენციალს“, - ნათქვამია პოლონეთის ყოველკვირეულ გაზეთ „მისლ პოლსკა“-ში («Myśl Polska» - „პოლონეთის აზრი“, გამოდის 1941 წლიდან - რედაქცია 1992 წლამდე ლონდონში იყო, ამჟამად კი ვარშავაშია) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთისა და უკრაინის არმიების საზაფხულო და საშემოდგომო ოპერაციები“ (ავტორი - ქშიშტოფ პოდგურსკი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

რუსეთის არმიის ტაქტიკა და სტრატეგია

ორი წლის წარუმატებლობის შემდეგ, რუსული არმიის სტრატეგიას უკვე შეიძლება წარმატებული ვუწოდოთ, მაგრამ, ობიექტურად თუ ვიტყვით, ტერიტორიული შენაძენები მაინცდამაინც დიდად და შთამბეჭდავად არ მოჩანს. თუმცა საქმე მათში არ არის. დასავლელ ანალიტიკოსთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთის არმიის ზაფხულ-შემოდგომის ოპერაციების მთავარ მიზანს არა იმდენად ტერიტორიის დაკავება წარმოადგენდა, რამდენადაც უკრაინის ჯარების რაც შეიძლება მეტი განადგურება. შესაბამისად, უკვე შესამჩნევია, რომ კიევმა საკუთარი რეზერვები უკვე ამოწურა: ლოკალური კრიზისები გადაზრდილია ოპერატიული მნიშვნელობის კრიზისების სერიაში და თუ ზამთარში რუსები შეტევას იმავე ინტენსიურობით გააგრძელებენ, უკრაინის არმია სტრატეგიული დონის კრიზისში აღმოჩნდება.

კურსკი - უკრაინის „არდენები-1944“

დღეს ცხარე დავა მიმდინარეობს - რამდენად სწორი და გამართლებული იყო აგვისტოში უკრაინის ჯარების შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში? სამხედრო ხელოვნების თვალსაზრისით, უკრაინის არმიის შეტევა კურსკის ოლქზე დიდ ავანტიურას წარმოადგენს - უაზრო ნაბიჯს, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ზიანის გარდა, კიევისათვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია.

კურსკის ოპერაციას, რომლის უპირველესი მიზანი ქალაქ კურჩატოვში მდებარე ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდება იყო, უკრაინელებისათვის იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც გერმანელებისთვის ანტვერპენის ნავსადგურის დაკავების ოპერაციას ჰქონდა, რომელიც გერმანელებმა ბელგიაში, არდენის მთებში 1944 წლის დეკემბერში წამოიწყეს და რომელიც საბოლოოდ, ნაცისტთა ჯარების უკანდახევით და განადგურებით დასრულდა. არდენების ოპერაცია მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდალმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ასეთნაირად შეაფასა: „ეს იყო სერიოზული შეცდომა - განწირულთა შეტევა, რომელმაც თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია“.

მეორე მიზანი, რომელიც უკრაინის ქვედანაყოფებს ჰქონდათ დასახული, ეს იყო რუსეთის არმიის ნაწილების მაქსიმალური მიზიდვა კურსკის ოლქში, რაც ნიშნავდა დონბასიდან რუსეთის ჯარების კურსკის ფრონტზე გადასროლას და აღმოსავლეთის ფრონტზე რუსების შეტევის შესუსტებას, რაც უკრაინელებს კონტრშეტევაზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემდა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა.

კურსკის ოლქში შეჭრის დროს მიღწეული პირველი წარმატებების შემდეგ, როცა კიევის კარგად გაწრთვნილმა და ბრძოლებში გამოცდილმა ელიტურმა ბრიგადებმა რუსი მესაზღვრეებისა და სუსტად მომზადებული საარმიო ქვედანაყოფების წინააღმდეგობა გატეხეს, უკრაინელები ჩიხში აღმოჩნდნენ. მართალია, მათ მოახერხეს სასაზღვრო ქალაქ სუჯას დაკავება და რაიონის ნაწილობრივ გაკონტროლება, მაგრამ მათი შემდგომი წინსვლა შეჩერებული იქნა. მოკლედ, უკრაინელებს რუსებისათვის ხელების შეკვრა ჰქონდათ დაგეგმილი, პირიქით კი მოხდა - კურსკის ოპერაციით თვითონ აღმოჩნდნენ ხელფეხშეკრულნი.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:

ოქტომბრის პირველ დღეებში მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ უკრაინის ომში ოპერატიულ ინიციატივას უდაოდ რუსული მხარე ფლობს. რუსები აკონტროლებენ ფრონტის ხაზს და სიტუაციას. უკრაინული მხარე ღრმა თავდაცვაში იმყოფება, მან უკვე თითქმის ამოწურა თავისი რეზერვები. დონბასის ფრონტის ბევრ უბანზე უკრაინის ჯარები უკვე უკანდახეულები არიან იმ გამაგრებული ზღუდეებიდან, რომლებსაც ისინი ათი წლის განმავლობაში აშენებდნენ, 2014 წლიდან დაწყებული. საზაფხულო-საშემოდგომო შეტევის შედეგად რუსეთის არმიამ დაიკავა ქალაქი-ციხე-სიმაგრეები კრასნოგოროვკა და უგლედარი, ხოლო ტორეცკისა და პოკროვსკის დაცვას უკრაინელები ძალების უკანასკნელი დაძაბვით ცდილობენ.

რუსეთის არმია მოქმედებს ბომბდამშენი და საარმიო ავიაციის მხარდაჭერით. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ავიაციას რეგულარულად და საკმარისი რაოდენობით ამარაგებს პლნირებადი მოდულის მქონე ბომბებით, რომელთა წობა 250 კილოგრამიდან 3000-მდეა. სწორედ სამხედრ-საჰაერო ძალები წარმოადგენენ რუსეთის სახმელეთო ოპერაციების წარმატების „გასაღებს“.

რუსეთის არმია ასევე მარაგდება საკმარისი რაოდენობის საარტილერიო საბრძოლო მასალებით და უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით). რუსული არტილერია, ნატოს სარაკეტო-საარტილერიო სისტემებთან შედარებით ნაკლები სროლის სიშორის მიუხედავად, ეფექტურად არიან რეორგანიზებულები. ამჟამად რუსული რეაქტიული სისტემები, ქვემეხებთან და ჰაუბიცებთან ერთად, ჰაერიდან დრონების მხარდაჭერით, საკმაოდ შედეგიანად მოქმედებს.

ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის არმიის აშკარად სისტემური განადგურებისა და ვხედავთ, რომ მისი ტაქტიკური კრიზისები ოპერატიულ კრიზისებად ტრანსფორმირდნენ. უკრაინის არმია „შიმშილობს“ - ვერ იღებს რეგულარულ შევსებას ცოცხალი ძალით, აკლია სამხედრო ტექნიკა, მორალური და საბრძოლო სული დაბალია, განსაკუთრებით იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც ფრონტზე იძულებით იქნენ გაწვეულნი.

რუსეთის არმიის ზაფხულ-შემოდგომის  შეტევა, მართალია, ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მან, სარდლობის მიერ დასახული ამოცანები ძირითადად უკვე შეასრულა. ამ მხრივ 2024-2025 წლების ზამთრის კამპანია გადამწყვეტი იქნება.

წყარო: https://myslpolska.info/2024/10/07/rosyjska-letnio-jesienna-operacja-ofensywna/

 

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати