USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
თბილისი
ყაზახეთის, კოსოვოსა და მაროკოს ჯარები ღაზის სექტორში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების პირველ ნაწილებს შორის აღმოჩნდნენ. ეს ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივაა
თარიღი:  485

პირველმა ხუთმა ქვეყანამ გაგზავნა თავისი ჯარები ღაზის სექტორში რეგიონში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების (MSS) ფორმირებისთვის — ამის შესახებ აღნიშნული ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯასპერ ჯეფერსმა განაცხადა.

„მოხარული ვარ დღეს გამოვაცხადო, რომ პირველმა ხუთმა ქვეყანამ — ინდონეზიამ, მაროკომ, ყაზახეთმა, კოსოვომ და ალბანეთმა — გამოყო ჯარები საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში სამსახურისთვის. ორმა ქვეყანამ — ეგვიპტემ და იორდანიამ — აიღო ვალდებულება პოლიციის წვრთნაზე,“ — განაცხადა ჯეფერსმა ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე.

„მშვიდობის საბჭოს“ ინფორმაციით, ღაზის სექტორის გარდამავალი პერიოდის ახალ პოლიციაში, რომელმაც „ჰამასის“ მებრძოლების ნაცვლად კანონიერება უნდა დაიცვას, უკვე 2000 პალესტინელი ჩაეწერა. პოლიციაში მიღება მხოლოდ დღეს გაიხსნა.

MSS-ის გეგმის მიხედვით, რომელიც გაეროს სანქციით მოქმედებს, რეგიონში სულ 20 000 სამხედრო განთავსდება, ხოლო ახალი სამართალდამცავი ორგანოებისთვის 12 000 პოლიციელი მომზადდება. საერთაშორისო ძალები თავდაპირველად სექტორის სამხრეთით, რაფაჰში განლაგდებიან, იქ ადგილობრივ ძალოვანებს გადაამზადებენ, შემდეგ კი კონტროლს ეტაპობრივად გააფართოებენ.

დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ცხრა ქვეყანამ — ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ, ბაჰრეინმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, უზბეკეთმა და ქუვეითმა — ერთობლივად 7 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანეს ღაზის სექტორის დახმარების პაკეტში. მან დასძინა, რომ თავის მხრივ, ვაშინგტონი „მშვიდობის საბჭოში“ 10 მილიარდ დოლარს გადარიცხავს.

მსოფლიო ბანკის, გაეროსა და ევროკავშირის 2025 წლის თებერვლის შეფასებით, ღაზის სექტორის აღსადგენად 50 მილიარდ დოლარზე მეტია საჭირო.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) 75 მილიონ დოლარს გამოყოფს რეგიონში საფეხბურთო პროექტებისთვის. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში წელს აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.

გაეროსა და ევროკავშირის რეაქცია

გაეროში „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივას თავშეკავებითა და სიფრთხილით ხვდებიან. იანვარში, გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის წარმომადგენელმა ტრამპის ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ქვეყნებს „აქვთ უფლება გაერთიანდნენ ნებისმიერ ფორმატში“.

ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაამატეს, რომ გაერო რჩება „ერთადერთ სტრუქტურად, რომელსაც აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, გააერთიანოს ყველა სახელმწიფო“. ზოგიერთი დასავლელი დიპლომატი შიშობს, რომ „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს გაეროს როლსა და მუშაობას.

ტრამპი კი აცხადებს, რომ აშშ აპირებს სახსრების გამოყოფას გაეროს „გასაძლიერებლად“ და მისი „სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად“. მისი თქმით, „მშვიდობის საბჭო“ გააკონტროლებს ორგანიზაციის საქმიანობას და თვალყურს ადევნებს, რომ მან „ჯეროვნად იმუშაოს“.

ევროკომისიამ (EC) „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარი დუბრავკა შუიცა მიავლინა. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ევროკომისიის წარმომადგენელი მონაწილეობს იმ სტრუქტურის შეხვედრაში, რომელსაც ბევრი ევროპული მთავრობა საერთაშორისო სამართლისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკომისიას არ აქვს მანდატი, მსგავს ღონისძიებებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები წარმოადგინოს.

ნორვეგია და ნობელის პრემია

დღევანდელ სხდომაზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ნორვეგია დათანხმდა „მშვიდობის საბჭოს“ ერთ-ერთი ღონისძიების მასპინძლობას. ამავდროულად, მან ოსლოს კიდევ ერთხელ უსაყვედურა იმის გამო, რომ „ნობელი“ არ მიუღია.

„როდესაც დავინახე ჩანაწერი სიტყვებით: 'მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ნორვეგია...', ვიფიქრე, რომ იტყოდნენ, ნობელის პრემიას მაძლევენ-მეთქი... და გავიფიქრე: როგორც იქნა, ყველაფერი სწორად გააკეთეს. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მე სიცოცხლეების გადარჩენა მინდა. ჯილდოები არ მჭირდება,“ — თქვა ტრამპმა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი დააზუსტეს, რომ ამ გაზაფხულზე ქვეყანას ნამდვილად სურს უმასპინძლოს პალესტინელების დახმარების კომიტეტის სხდომას, თუმცა ტრამპის „მშვიდობის საბჭოსთან“ შეერთებას ნორვეგია არ აპირებს.


სურათი: SAUL LOEB / AFP

მსოფლიო
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის