USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
თბილისი
ყავის წარმოშობის ისტორია
თარიღი:  5980

"ჯოჯოხეთივით ცხელი, ტარტაროზივით შავი, ანგელოზივით წმინდა და სიყვარულივით ტკბილი", - ასე ახასიათებდა ყავას ტალეირანი. ეს უნიკალური სასმელი უამრავი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისეთივე განუყოფელი, როგორიც დილის საუზმე ან სულაც წყალი და ჰაერი. სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ყავა ენერგიის ულევი წყაროა, ის ამხნევებს და ტონუსს მატებს ადამიანს.

ყავის სამშობლოდ ეთიოპიაა აღიარებული. შემორჩენილია ლეგენდა ეთიოპიელ მწყემსზე, რომელმაც შემთხვევით გაუსინჯა გემო ყავას: დაკვირვებულმა მწყემსმა შეამჩნია, რომ ყოველთვის, როდესაც მისი თხები ერთი პატარა ბუჩქის ფოთლებსა და ნაყოფს შეჭამდნენ, თავს უფრო მხნედ გრძნობდნენ. მწყემსმა თვითონაც გასინჯა ნაყოფი, რომელსაც უსიამოვნო გემო ჰქონდა, მაგრამ ერთი კარგი თვისება აღმოაჩნდა, ენერგიას მატებდა. მწყემსის შემდეგ ამ უცნაური ნაყოფის გასინჯვა იქვე არსებული მონასტრის წინამძღვარმაც მოისურვა. მალე კი ამ ნაყოფისაგან მომზადებულ სითხეს ბერებს ასმევდა, რომ ხანგრძლივი წირვა-ლოცვისათვის გაეძლოთ და მსახურებაზე არ ჩასძინებოდათ. ლეგენდა გვამცნობს, რომ ცოტა ხანში ყავის ნახარშის გამოყენება ჩვეულებად ექცა მონასტრის ახლომახლო მცხოვრებ მოსახლეობასაც, სულ მალე კი ამბავი გამამხნევებელ სასმელზე მთელ იმ არემარეში გავრცელდა. სასმელს, რომელსაც ყავის მარცვლებისაგან ამზადებდნენ, სახელად "კოფე" დაარქვეს, იმ ადგილის ("კაფას") სახელწოდების მიხედვით, სადაც ეს მცენარე აღმოაჩინეს. 

ყავა ეთიოპიიდან წითელი ზღვისგავლით შემოტანილი იქნა არაბეთში იგი განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდა იემენში. ორი საუკუნის განმავლობაში იემენი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ყავა გაჰქონდა მსოფლიო ბაზარზე. ყავა სწრაფად ვრცელდებოდა მთელ ისლამურ ქვეყნებში, თურქი დიპლომატების საშუალებით მან ევროპაში შეაღწია მე-17 საუკუნეში. 1652 წელს პირველი საჯარო ყავის სახლები გაიხსნა ლონდონში, 1672 წელს პარიზში, ხოლო მე-18 საუკუნეში დაიწყეს ყავის ხის მოყვანა ცენტრალურ ამერიკაში.ბრაზილიაში ყავა მოხვდა ცოტა მოგვიანებით, 200 წლის შემდეგ და 1834 წლიდან ყავა გახდა ამ ქვეყნის სოფლისმეურნეობის ძირითადი კულტურა და შემოსავლის წყარო.

პირველად რუსეთში ყავა შემოიტანა პეტრე დიდმა.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ყავა თვით წინასწარმეტყველმა მუჰამედმაც კი დააგემოვნა და მძიმე სენისაგან განიკურნა. აღმოსავლეთის ქვეყნების მკვიდრთა ყავისადმი სიყვარული სავსებით გასაგებია - კოფეინის აღმგზნები ეფექტის გამო ყავა მათთვის სპირტიანი სასმლის ალტერნატივად იქცა. როგორც ცნობილია, ყურანი სპირტიანი სასმლის დალევას კრძალავს.

XVI საუკუნის ქრონიკებს თუ ვენდობით, მეფე გუსტავ პირველმა ტყუპ ძმას, რომლებსაც ბრალად სახელმწიფო დანაშაული ედებოდათ, სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, მაგრამ ერთი პირობით: სიკვდილამდე ერთ-ერთ მათგანს მხოლოდ ჩაი უნდა ესვა, ხოლო მეორეს - ყავა. ამ თავისებური ექსპერიმენტით სურდათ, განესაზღვრათ, რომელი სასმელი უფრო მავნებელი იყო ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ორივე ძმას ერთნაირი პირობები შეუქმნეს: თითოეულს ყოველდღიურად ასმევდნენ ყავის ან ჩაის კუთვნილ ულუფას. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ექსპერიმენტი მსჯავრდადებულთათვის საუკეთესო შედეგით დასრულდა, რადგან ორივემ დიდხანს იცოცხლა: მან, ვინც ჩაის მიირთმევდა, 83 წლამდე, ხოლო მეორემ - 87 წლამდე.

ამის შემდეგ ყავა შვედების ეროვნულ სასმლად იქცა. ევროპაში ყავის გავრცელება XVII საუკუნის შუა წლებიდან მასობრივად დაიწყო: ვენეცია, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ჰამბურგი - ყველგან იხსნებოდა ახალ-ახალი ყავახანები, რომლებიც შეხვედრების, კულტურისა და მეცნიერების მუშაკთა თავშეყრის ადგილებად იყო მიჩნეული. მათი მუდმივი სტუმრები იყვნენ ვოლტერი, რუსო, რობესპიერი, ჰიუგო, გოეთე და სხვა დიდი მოღვაწენი. XVII საუკუნის შუა ხანებში ყავა ჩრდილოეთ ამერიკაშიც გავრცელდა. საინტერესოა, რომ ამ მაგიურ სასმელს სხვა ხალხებთან შედარებით ხშირად მიირთმევენ შვედები, ფინელები და ნორვეგიელები. ერთ-ერთი პირველი ადგილი ერთ სულ მოსახლეზე ყავის სმის მიხედვით, სწორედ შვედებს უკავიათ.


როგორ შევარჩიოთ კარგი ყავა?

თუ ნამდვილი ყავის დალევა გსურთ, შეიძინეთ მხოლოდ მისი მარცვლები, თვითონვე დაფქვით და მოხარშეთ აღმოსავლური წესით ან სხვა რეცეპტების მიხედვით. როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ყავა ფალსიფიცირებულისაგან? სპეციალისტთა აზრით, ყავის ხარისხის განმსაზღვრელი მარტივი ხერხი არსებობს: ცივი წყლით სავსე გამჭვირვალე ჭიქაში ერთი კოვზი დაფქული ყავა ჩაყარეთ. თუ ყავა ნატურალურია, არ ჩაიძირება და წყლის ზედაპირზე იტივტივებს, ყალბი კი თანდათან ჩაიძირება და ფსკერზე დაილექება. ნატურალური ყავა წყალს ფერს არ შეუცვლის, ყალბში კი ყოველთვის არის საღებავი, რომლის წყალობითაც წყალი ფერს იცვლის. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენს ფინჯანში აღმოჩნდება ჯადოსნური სითხე, რომელიც ჯოჯოხეთივით ცხელი, ტარტაროზივით შავი, ანგელოზივით წმინდა და სიყვარულივით ტკბილია - სწორედ ისეთი, როგორიც ნამდვილი ყავა უნდა იყოს.             

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.