საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ბრიტანეთი უსაფრთხო დასვენების მიზნით „საჰაერო ხიდის“ იდეის ფარგლებში განიხილავს. ამის შესახებ საუბარია Express.co.uk-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი, დევიდ მედოქსი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრები წნეხის ქვეშ მოექცნენ უცხოეთის მთავრობების მხრიდან, რომლებიც კარანტინის წესების გადასინჯვას მოითხოვენ, რათა ბრიტანელებმა მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში უცხოეთში დასვენება შეძლონ.
„ესპანეთმა და საფრანგეთმა უკვე მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების ხილვა სურთ დამსვენებელთა რანგში მომავალ წელს, ხოლო ბორის ჯონსონი „საჰაერო ხიდის“ იდეას იხილავს უსაფრთხო ქვეყნებში ბრიტანელთა დასვენების მიზნით. ამგვარ ქვეყანათა რიცხვში ახლახან საქართველოც მოხვდა, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მინიმალური მაჩვენებლები გააჩნია და იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ტურიზმის ბუმზე კაპიტალიზაციას მოახერხებს” - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 15 ივნისიდან გახსნის, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1 ივლისიდან იქნება მზად.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომლის ქვეყანა ტურიზმის ბუმზე კაპიტალიზაციას იმედოვნებს, აცხადებს, რომ „საჰაერო ხიდები“ უნდა გაიდოს უსაფრთხო ქვეყნებთან, სადაც ინფიცირების უმნიშვნელო მაჩვენებელი ფიქსირდება. მის ქვეყანაში 12 ადამიანი დაიღუპა ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 700-ს ასცდა, ამჟამად კი ვირუსისგან თავისუფალია. ბატონი გახარია ადასტურებს, რომ საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 15 ივნისიდან გახსნის, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1 ივლისიდან იქნება მზად“ - ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს 2019 წელს 9.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რითაც ის ყველაზე სწრაფად მზარდი დანიშნულება გახადა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ადგილობრივი და საერთაშორისო დამსვენებლებისთვის ქვეყანაში უსაფრთხო პირობების შექმნა ვირუსთან ბრძოლის კონტექსტში მთავრობის წარმატებული ძალისხმევის უახლეს ეტაპზე მოიაზრება. ბატონი გახარია ასევე აცხადებს, რომ „საქართველო საერთაშორისოდ არის აღიარებული ახალი კორონავირუსის პანდემიისადმი ჩვენი ქმედითი რეაგირების გამო. მსოფლიომ შეიძლება საქართველოს შესაძლებლობების ირწმუნოს, რადგან საერთაშორისო მოგზაურთათვის და სტრესის გარეშე დასვენების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე დახვდებათ ჩვენთან. მთავრობა გააგრძელებს ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას, რათა ზრუნვის უმაღლესი სტანდარტი შენარჩუნდეს და იმავდროულად ტურიზმის სექტორში სამუშაო ადგილები და არსებობის პირობები იქნეს დაცული“- ციტირებს გამოცემა გიორგი გახარიას განცხადებას.