USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
„ვლადიმერ პუტინი, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიცოცხლის გადარჩენისათვის ლოცულობდა“ - «The Spectator» (დიდი ბრიტანეთი)
Date:  514

„თუ ბელარუსი დიქტატორი გარდაიცვლება ან რაღაც მიზეზით თავის მოვალეობას ვეღარ შეასრულებს, მაშინ ვლადიმერ პუტინი - მისი მეზობელი, მფარველი და ერთადერთი მოკავშირე რეგიონში - დიდი ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დადგება“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნდა სათაურით „ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიცოცხლის გადარჩენისათვის ლოცულობდა“ (ავტორი - ოუენ მეთიუზი).

„70 წლის ვლადიმერ პუტინის პრობლემა იმაშია, რომ მას, ისევე როგორც 68 წლის ალექსანდრე ლუკაშენკოს, აშკარა მემკვიდრე არ ჰყავს. კოლმეურნეობის ექს-თავმჯდომარე, ქვეყნის ხელისუფლებაში 1994 წლიდან იმყოფება და ბელარუსს ერთპიროვნულად მართავს. მზაკვარი „ბაცკას“ მიერ შექმნილი რეჟიმი მისივე მმართველი სისტემის დამცველია, თუმცა ხელისუფლების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშაა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებული ხმები იმას მოწმობს, რომ რუსეთი შეშფოთებულია - თუ ბელარუსის პრეზიდენტი უუნარო აღმოჩნდება, ქვეყანაში ისევ დაიწყება კრიზისი და კრემლს აღარ ექნება ისეთი შესაძლებლობა, როგორიც 2020 წელს ჰქონდა: რადგანაც უკრაინის ომმა მოსკოვს ძალა გამოაცალა და გავლენა დაუსუსტა, დემონსტრაციის ტალღის შეჩერება შეუძლებელი გახდება. იმიტომ, რომ უკრაინაში კრემლის სამხედრო წარუმატებლობამ ბელარუსული ოპოზიცია გაათამამა და საპროტესტო აქციებისადმი რწმენა დაუბრუნა.

ვლადიმერ პუტინისათვის ძალიან სარისკო იქნება ბელარუსის ოფიციალური ანექსია, რომელიც, 1998 წელს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბორის ელცინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ სუბიექტს წარმოადგენს. თეორიულად, თუ ანექსია განხორციელდება, კრემლის ასეთი ნაბიჯი კარგად „უთავსდება“ ვლადიმერ პუტინის განცხადებას „სლავი ხალხების გაერთიანების“ თაობაზე, რომელიც მან უკრაინაში შეჭრის წინ გააკეთა. მაგრამ ეკონომიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეცდომა იქნებოდა: რუსეთი იძულებული გახდება „ზურგზე მოიკიდოს“ ბელარუსი, რაც იქაური ოპოზიციის წინააღმდეგობას გამოიწვევს. მეზობლები - პოლონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები (ნატოს წევრები!) - ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ რუსეთის გეგმების რეალიზებას.

მაგრამ იმავდროულად კრემლს ბელარუსის დაკარგვა არ სურს, მოსკოვს მინსკი ჰაერივით ჭირდება: მართალია, 9,3 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომში ოფიციალურად არ ჩაბმულა, მაგრამ ბელარუსის ტერიტორია, თუ საჭირო გახდება, საკვანძო პლაცდარმი იქნება უკრაინაზე  რუსეთის შეტევისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: თუ ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი დაეცემა და პროევროპული დემოკრატიული ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს იქნება სერიოზული დარტყმა ვლადიმერ პუტინს რეჟიმის მიმართაც და მისი გრანდიოზული პროექტის - „რუსეთის დიდების აღორძინების“  - კრახიც.

რითაც არ უნდა გახდეს ავად ალექსანდრე ლუკაშენკო, ვლადიმერ პუტინმა უნდა ილოცოს, რომ მისი მოკავშირე ყოველთვის ჯანმრთელი იყოს. იმის გამო, რომ უკრაინა მსხვილი კონტრშეტევისათვის ემზადება, რუსეთს ახლა ყველაზე მეტად არ სურს ის, რომ მის დასავლურ ფლანგზე კრიზისი წარმოიქმნას. ასე რომ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბედი, პირდაპირი გაგებით, ვლადიმერ პუტინის ბედთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/vladimir-putin-must-be-praying-that-lukashenko-survives/

 

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way