USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
„ვლადიმერ კლიჩკო, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კრივში: „წააგო თუ არა უკრაინამ ომი?
Date:  501

 „როცა „ჰამასელი“ ტერორისტები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და 1400-მდე ებრაელი დახოცეს, მსოფლიოს საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღება უკრაინიდან  ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომზე გადაერთო“, - ნათქვამია ინტერვიუში, რომელიც გერმანულ ყოველდღიურ უდიდეს გაზეთ „ბილდში“ (Bild)  გამოქვეყნდა სათაურით „ვლადიმერ კლიჩკო, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კრივში: „წააგო თუ არა უკრაინამ ომი?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

47 წლის სპორტსმენს, კიევის მერის - ვიტალი კლიჩკოს (ასევე მოკრივის) ძმას ესაუბრება ჟურნალისტი პაულ რონცჰაიმერი. ექს-ჩემპიონი პასუხობს კითხვებს - გრძნობს თუ არა უკრაინა თავს მიტოვებულად და დავიწყებულად, ჩაიშალა თუ არა კონტრშეტევა და როგორია უკრაინის მოსახლეობის განწყობა.

„მსოფლიო უკრაინას არ მიატოვებს“

„ისევე როგორც ყველა მსოფლიოში, მეც შევძრწუნდი, როცა „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტვის ამბავი გავიგე. დიახ, მსოფლიოს ყურადღება დღეს ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ უკრაინას არ დაივიწყებენ. შესაძლოა მცირე ხნით, რაღაც პაუზა იქნება ისრაელში დატრიალებული საშინელების გამო, მაგრამ უკრაინა დასავლეთის ხედვის არედან არ გაქრება. მსოფლიო ისევ გააგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერას“, - ამბობს ვლადიმერ კლიჩკო.

არადა, სწორედ ახლა, როცა ზამთარი ახლოვდება და ტემპერატურა იკლებს, უკრაინა კვლავ ენერგეტიკული პრობლემის გამწავავების წინაშე დგება. რუსებმა ისევ დაიწყეს უკრაინისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგოობიექტების დაბომბვა. კონკრეტულად ეს ნიშნავს ელექტრო- და თბოსადგურების მწყობრიდან გამოყვანას, ელექტროგამანაწილებელი პუნქტების აფეთქებას და ყველაფერი იმის დაზიანებას, რაც საჭიროა მოსახლეობისათვის - რომ არ გაიყინონ და მათ სახლებში რომ შუქი ენთოს.

კითხვა ვლადიმერ კლიჩკოს:

- „როგორც ცნობილია, უკრაინის ჯარების სარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანული „ეკონომისტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ფრონტზე შექმნილი სიტუაცია საკმაოდ ობიექტურად შეაფასა და აღიარა, რომ „რუსეთთან ომი ჩიხში შევიდაო“. თქვენ რას იტყოდით ფრონტზე ამჟამად შექმნილი სიტუაციის ირგვლივ?

- დასამალი არ არის, რომ რუსეთის არმიას ჰქონდა დრო თავდცვის ხაზი გაემაგრებინა და მნიშვნელოვანი ზღუდეები აეგო, დაენაღმა ადგილები ისეთი დონით, რომ ჩვენ მათი სწრაფად გადალახვა არ შეგვიძლია. უბრალოდ, წინ ნელა მივდივართ. რუსეთი, მართალია, ფრონტზე უამრავ ჯარისკაცს გზავნის, მაგრამ ისინი ბევრი იხოცება. ეს ეხება რუსების ტექნიკას, არტილერიას, რაკეტებს... ჩვენი შეიარაღებული ძალები უამრავ რუსულ ტანკს, რაკეტას და დრონს ანადგურებს“, - ამბობს მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კრივში.

ვლადიმერ კლიჩკო უკრაინის ომსა და კრივს შორის პარალელს ავლებს:

„ომში ხშირად ხდება როგორც წინსვლა, ასევე უკუსვლაც. შეტევები, კრივის მსგავსად, რამდენიმე რაუნდად შეიძლება განხორციელდეს. ომი საშინელებაა, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. მთავარია, არავინ არ  დაიღალოს არც უკრაინაში და არც დასავლეთში - ის ადამიანები, ვინც მხარს უკრაინას უჭერს. ჩვენ ყველას სიმტკიცისა და ამტანობის მაგალითი უნდა ვაჩვენოთ. სწორედ ამით უდა დავამარცხოთ მსოფლიოში სიდიდით მეორე არმია“.

- არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია „უკრაინის დაღლა-გამოფიტვის“ შესახებ იმუშავებს?

- მე დარწმუნებული ვარ, რომ ომი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ თვითონ რუსეთის მოსახლეობა არ მიხვდება იმას, რომ უკრაინაზე თავდასხმა კრემლის მიერ დაშვებულ უდიდეს შეცდომას წარმოადგენს. როცა რუსები ამას გააცნობიერებენ, მაშინ რუსეთი უკვე სხვა პოლიტიკას გაატარებს - რუსებს სხვა პრეზიდენტი ეყოლებათ“.

ვლადიმერ კლიჩკომ მკაფიოდ აღნიშნა:

„სანამ ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოსწინაშე არ წარსდგება, მანამ, სამწუხაროდ ომი არ შეწყდება. არ ვიცი, ეს როდის მოხდება და როდის ექნება დასასრული ომს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი წინააღმდეგობა მტრის მიმართ სამართლიანია, ჩვენ ვიცავთ საკუთარ სამშობლოს აგრესორი მეზობლისაგან, ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი ცხოვრებისათვის, მტრის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის“.

უკრაინის მოსახლეობის განწყობის თაობაზე მსოფლიოში სახელგანთქმული მოკრივე ამბობს: „რაც უფრო მეტად გვიტევს რუსეთი, რაც უფრო მეტად გვბომბავს და ანგრევს უკრაინას, რაც უფრო ცდილობს ჩვენთვის დემოკრატიისა და თავისუფლების წართმევას, მით უფრო მეტი იქნება ჩვენი წინააღმდეგობა მტრის მიმართ“.

წყარო: https://www.bild.de/politik/ausland/politik-ausland/ex-boxweltmeister-klitschko-ist-der-ukraine-krieg-verloren-86069640.bild.html

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way