USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
თბილისი
ვლადიმერ იაშვილი - ქართველი რომლის ხელითაც მოკლული იქნა, გიორგიევსკის ტრაქტატის დამრღვევი პავლე პირველი
თარიღი:  2147

1801 წლის 12 მარტის (ახალის სტილით 24 მარტის) ღამეს სანკტ-პეტერბურგში, თავის სასახლეში, თავის საძინებელში შეთქმულებმა მოკლეს რუსეთის იმპერატორი პავლე I. ის იყო შვილი პეტრე III-სა და ეკატერინე II-სა.

სწორედ პავლე პირველი გახლდათ გიორგიევსკის ტრაქტატის დამრღვევი, გიორგი XII-სთან მოლაპარაკებების უგულებელმყოფი და ქართლ-კახეთის სამეფოს გამაუქმებელი.

მან 1801 წლის 18 იანვარს  გამოაქვეყნა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. მაშინ როცა ორმოციც არ იყო გასული გიორგი XII-ის გარდაცვალებიდან.

სულ ორ თვეში კი თავადაც ემსხვერპლა საქართველოს წინაშე ჩადენილ ბოროტებას  – 1801 წლის 11 მარტს, და მის სიკვდილში ქართველმა კაცმაც მიიღო მონაწილეობა.

ეს ქართველი კაცი იყო ვლადიმერ იაშვილი. იგი იბრძოდა რუსეთ–თურქეთის ომში 1787–91 წლებში, ბენდერის, კინბურნის, ბრძოლებში, იზმაილის აღებაში. ებრძოდა პოლონელებნს 1792-94 წლებში.  1800 წლიდან ირიცხებოდა პოლკოვნიკად ბოგდანოვის საცხენოსნო ბატალიონში.

 შეთქმულებას მეფის წინააღმდეგ ხელმძღვანელობდნენ პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორი გრაფი პალენი და ცნობილი საბრძოლო გენერალი ბენიგსენი. სხვა ვერსიით, ინიციატორთა შორის, პალენთან ერთად, იყვნენ ვიცე–კანცლერი პანინი და ადმირალი რიბასი.

იმისათვის, რომ პანინის გეგმა შესრულებულიყო, საჭირო იყო ალექსანდრეს თანხმობა. პანინის წერილი იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნასადმი ცხადყოფს, რომ თანხმობა, და ისიც წერილობითი, მიღებული იყო. ესე იგი,  ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე თანახმა იყო, ოღონდ  ყველაფერს უმტკივნეულოდ უნდა ჩაევლო – მეფე კი არ უნდა მოეკლათ, უნდა გადაეყენებინათ და ახალი იმპერატორი ალექსანდრე, დესპოტური და ქაოტური მმართველობის ნაცვლად, წესრიგს დაამყარებდა.

11 მარტის საღამოს შეთქმულები ვახშმად შეიკრიბნენ. აქ იყვნენ მკვლელობის თანამონაწილენი და რა თქმა უნდა, მათ შორის იყო იაშვილიც. თვითონ იმპერატორს ძალიან ძლიერი ეჭვები ჰქონდა – გრძნობდა, რომ მის თავზე ცა შავი ღრუბლებით გაივსო. ყოველთვის ეშინოდა რომ მოწამლავდნენ, ამიტომაც, არ ენდო თანამემამულე მზარეულებს და ეს საპატიო მისია ინგლისიდან ჩამოსულ ბებერ, კეთილ მზარეულს დააკისრა.

ზოგადად, პავლე პირველს ყოველთვის ეშინოდა, რომ მოკლავდნენ, მანამდეც კი, სანამ ტახტზე ავიდოდა.  მოხდა ისე, რომ,  იმპერატორ მიხეილის საკმაოდ ძლიერად დაცულ სასახლეში, სადაც პავლე პირველი ოჯახისგან განცალკევებით ცხოვრობდა, შეთქმულები შეიჭრნენ და მონარქი სიცოცხლეს გამოასალმეს.

ამ მოვლენათა მემატიანე ისტორიკოსების მიერ ერთხმად სახელდება მეფის უშუალო მკვლელი – პოლკოვნიკი ვლადიმერ იაშვილი. საძინებელში წასვლამდე იმპერატორმა შვილებთან ერთად ივახშმა, საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო და, რატომღაც უთქვამს: „რაც მოსახდენია, მოხდება“. სხვადასხვა ისტორიკოსი თვითონ მკვლელობის სცენას სხვადასხვანაირად აღწერს, მაგრამ, ფაქტია, რომ მეფემ ხმაური გაიგო და ფარდის უკან დაიმალა, თუმცა, ის იპოვეს და მოკლეს. როცა დაუცავად დარჩენილმა იმპერატორმა თქვა, ოღონდ არ მომკლათ, გადადგომაზე ხელს მოვაწერო (და დანდობის იმედიც ექნებოდა), ვლადიმერ იაშვილს შეუძახია: "დიახ, დღეს ხელს მოაწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გვინდა, ხვალ კი ყველას ეშაფოტზე თავებს დაგვაყრევინებს". ექიმი ვილიე მთელი ღამის განმავლობაში აწესრიგებდა  იმპერატორის ხმლებით აკუწულ სხეულს, რომ დილით მისი გარდაცვლილი სხეული ჯარისთვის ეჩვენებინათ და დაემტკიცებინათ, რომ ის ბუნებრივი გზით გარდაიცვალა. თუმცა, ამის დაფარვა მაინც ვერ შეძლეს.

1909 წელს, პავლეს მკვლელობიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ჟურნალმა "რუსსკაია სტარინამ" გამოაქვეყნა ვლადიმერ იაშვილის წერილი ახალი იმპერატორის, ალექსანდრე პირველისადმი, საიდანაც ნათელი ხდება მკვლელობის პოლიტიკური წინარეგანზრახულობა:

 "მეფეო, იმ დღიდან მოყოლებული, რაც მამათქვენი ტახტზე ავიდა, მე გადავწყვიტე თავი შემეწირა, თუკი ეს საჭირო იქნებოდა რუსეთის ინტერესებისათვის, ქვეყნისთვის, რომელიც დიდი პეტრეს სიკვდილის შემდეგ, ჯერ მედროვეების სათამაშოდ იქცა, შემდეგ - მსხვერპლადაც... ჩვენი ქვეყანა თვითმპყრობელობის ხელშია, მილიონობით ადამიანის ბედ-იღბალი ერთი ადამიანის ჭკუაზე და სულისკვეთებაზეა დამოკიდებული. პეტრე დიდს კი შეეძლო, მართლაც, ყოფილიყო თვითმპყრობელი, მისი ბრძნული მმართველობით ქვეყანა ისვენებდა, მაგრამ გენიოსები ხომ ესოდენ იშვიათია...

 ღმერთმა ხომ იცის, ჩვენ ხელები სისხლში პირადი გამორჩენის გამო არ გაგვისვრია. გვინდოდა მსხვერპლს სიკეთე მოეტანა. გაგვიგეთ, ჩვენ დიდი მოწოდება გვამოძრავებდა. ტახტზე რომ ზიხართ, თუკი ეს შესაძლებელია, იყავით პატიოსანი ადამიანი, რუსეთის მოქალაქე. გაიგეთ, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანს ყოველთვის აქვს გამოსავალი და სამშობლოს დაღუპვამდე ნუ მიიყვანთ.

 ადამიანს, რომელმაც რუსეთისათვის თავი გასწირა, შეუძლია თქვენ ასე გითხრათ. მე ახლა უფრო დიდი ვარ, ვიდრე თქვენ, იმიტომ, რომ არაფერი მსურს, არაფერს მოვითხოვ... მეფეო! მე ხელმწიფისათვის, სამშობლოსათვის ვარ, შვილისათვის კი - მამის მკვლელი!"

წერილი ცხადყოფს, რომ  პავლე I-ის ნამდვილი მკვლელი ვლადიმერ იაშვილი კი არა, იმპერატორი ალექსანდრე I იყო. მან ყველაფერი იცოდა და წინასწარ ხელები დაიბანა. შემდეგ კი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერ შუაში იყო, ამიტომაც შემდეგში "ცბიერი ბიზანტიელის" სახელიც დაიმსახურა.

არც ერთი დაპირება ქვეყანაში მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ ახალ იმპერატორს არ შეუსრულებია. სწორედ ამან დააწერინა ვლადიმერ იაშვილს ესოდენ აღელვებული წერილი. მეორე მხრივ, მამისმკვლელ ალექსანდრეს, ეტყობა, მართლაც ქენჯნიდა სინდისი. ამიტომაც შეეცადა, ყველა შეთქმული, დიდი იქნებოდა თუ პატარა, თავიდან მოეცილებინა.სანქციები, რასაკვირველია, ვლადიმერ იაშვილსაც შეეხო.

1803 წელს მას თანამდებობა დაატოვებინეს და იმპერატორ ალექსანდრე I–ის ბრძანებით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, თავის სოფელ მურომცევოში (კალუგის გუბერნია) გადაასახლეს. ამიერიდან მას ორივე დედაქალაქში, პეტერბურგში და მოსკოვში, ბინადრობის უფლებაც აღარ ჰქონდა. ასე იცხოვრა სოფელში გვარდიის პოლკოვნიკმა (სხვა ცნობით, გენერალ-მაიორმა) ვლადიმერ იაშვილმა მთელი 9 წლის განმავლობაში, დარწმუნდა, რომ ახალი იმპერატორი არაფრით ყოფილა ძველზე უკეთესი. 1812 წელს, როცა რუსეთს ნაპოლეონი შემოესია, იაშვილმა თხოვნით მიმართა გენერალ შეპელევს, უფლება მიენიჭებინათ ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად, რის შემდეგაც კალუგის გუბერნიაში რაზმი ჩამოაყალიბა და ბრძოლაში ჩაება. მცირე ხნის მანძილზე მან დიდი წარმატება მოიპოვა ელნიასთან ბრძოლითა და მისი გათავისუფლებით. ომში მისი მონაწილეობა სულ 45 დღე გაგრძელდა.

როცა ეს ამბავი იმპერატორმა ალექსანდრე I -მა გაიგო, სასტიკად განრისხდა. მან უბრძანა კუტუზოვს, დაუყოვნებლივ განეშორებინა მისი მამის მკვლელი სამხედრო მოქმედებებისგან და დაებრუნებინა გასახლების ადგილას, რაც 1812 წლის 31 ოქტომბერს განხორციელდა. 1815 წელს, ვლადიმერ იაშვილი 50 წლისა გარდაიცვალა მურომცევოში.

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.