USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
თბილისი
ვის ეკუთვნის საქართველოში მოქმედი ბანკები?
თარიღი:  799

საქართველოს საბანკო სექტორი 90,641,476,000 ლარის ტოლია, ეს 2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომაზე 4 მილიარდი ლარით მეტია. 2024 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მიერ გაცემული კრედიტების მოცულობაა 60.5 მილიარდი ლარი, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი 59.7 მილიარდ ლარს აჭარბებს.

საფინანსო სექტორი, დღეს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მოგებიანი ნაწილია, 2024 წლის 9 თვეში სექტორის მოგებამ 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

გთავაზობთ სტატისტიკას ქართული ბანკების აქტივების ზომისა და მათი მესაკუთრეების შესახებ:

1) თიბისი ბანკი - მთლიანი აქტივები, 35.4 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 23.5 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 22.8 მილიარდი ლარი.

თიბისი ბანკის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შესაბამისად მის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო ინვესტორები ფლობენ, სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, თიბისის 5%-ზე მეტს მხოლოდ შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • მამუკა ხაზარაძე - 9.55%;
  • Dunross & Co. - 6.82%;
  • ბადრი ჯაფარიძე - 5.90%.

2024 წლის 9 თვეში "თიბისის" წმინდა მოგება 895 მილიონ ლარს შეადგენდა.

2) საქართველოს ბანკი - მთლიანი აქტივები, 35.2 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 22.8 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 25.1 მილიარდი ლარი.

საქართველოს ბანკის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შესაბამისად მის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო ინვესტორები ფლობენ, სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს მხოლოდ შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • Georgia Capital JSC - 19.08%.

2024 წლის 9 თვეში "საქართველოს ბანკის" წმინდა მოგება 1.1 მილიარდ ლარს შეადგენდა.

3) ლიბერთი ბანკი - მთლიანი აქტივები, 4.8 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 3.5 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 3.2 მილიარდი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • ირაკლი ოთარ რუხაძე - 31.47%
  • ბენჯამინ ალბერტ მარსონი - 31.47%
  • იგორ ალექსეევი - 31.47%

2024 წლის 9 თვეში "ლიბერთი ბანკის" წმინდა მოგება 84 მილიონ ლარს შეადგენდა.

4) ბაზისბანკი - მთლიანი აქტივები, 3.8 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 2.8 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 2.4 მილიარდი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • მიე ენხვა - 41.752%
  • მი ზაიქი - 56.266%

2024 წლის 9 თვეში "ბაზისბანკის" წმინდა მოგება 56.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

5) კრედო ბანკი - მთლიანი აქტივები, 2.9 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 2.4 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 1.2 მილიარდი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • British International Investment PLC (UK) - 5.98%
  • European Investment Bank (Luxembourg) - 5.98%
  • International Finance Corporation (USA) - 7.52%
  • Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) - 6.43%
  • LFS Advisory GmbH (Germany) - 12.02%
  • Dr. Bernd Zattler (Germany) - 7.21%
  • Omidyar Tufts Active Citizenship Trust (USA) - 5.67%
  • Agence Francaise de developpement - 12.54%

2024 წლის 9 თვეში "კრედო ბანკის" წმინდა მოგება 45.9 მილიონ ლარს შეადგენდა.

6) პროკრედიტ ბანკი - მთლიანი აქტივები, 1.9 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 1.4 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 1.3 მილიარდი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • Zeitinger Invest GmbH - 18.30%
  • KfW - Kreditanstalt für Wiederaufbau - 13.20%
  • DOEN Participaties BV - 12.50%
  • EBRD - European Bank for Reconstruction and Development - 8.70%
  • TIAA-Teachers Insurance and Annuity Association - 8.60%

2024 წლის 9 თვეში "პროკრედიტ ბანკის" წმინდა მოგება 25.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

7) ტერაბანკი - მთლიანი აქტივები, 1.9 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 1.4 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 1.2 მილიარდი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • Sheikh Nahayan Mabarak Al Nahayan (UAE-ს ტოლერანტობის მინისტრი) - 65%
  • Sheikh Mansoor Bin Zayed Bin Sultan Al-Nahyan (UAE-ს ვიცე-პრემიერი) - 15%
  • Sheikh Mohamed Buti Al Hamed - 15%
  • LTD "Investment Trading Group" - 5%

2024 წლის 9 თვეში "ტერაბანკის" წმინდა მოგება 23 მილიონ ლარს შეადგენდა.

8) ქართუ ბანკი - მთლიანი აქტივები, 1.8 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 1 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 1.2 მილიარდი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" - 100%, თავის მხრივ ფონდის 100%-ის მფლობელია უტა ივანიშვილი.

2024 წლის 9 თვეში "ქართუ ბანკის" წმინდა მოგება 28 მილიონ ლარს შეადგენდა.

9) ხალიკ ბანკი - მთლიანი აქტივები, 905 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 726 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 260 მილიონი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • ტიმურ ყულიბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის სიძე) - 35%,
  • დინარა ყულიბაევა (ნურსულთან ნაზარბაევის შვილი) - 35%
  • The Bank of New York (ნომინალური მფლობელი) - 28%

2024 წლის 9 თვეში "ხალიკ ბანკის" წმინდა მოგება 14.7 მილიონ ლარს შეადგენდა.

10) პაშა ბანკი - მთლიანი აქტივები, 612 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 352 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 431 მილიონი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • არიფ პაშაევი (მეჰრიბან ალიევას მამა) - 8.99%
  • არზუ ალიევა (ილჰამ ალიევის შვილი) - 35.21%
  • ლეილა ალიევა (ილჰამ ალიევის შვილი) - 35.21%
  • მირ ჯამალ პაშაევი - 10.59%

2024 წლის 9 თვეში "პაშა ბანკის" წმინდა მოგება 6.2 მილიონ ლარს შეადგენდა.

11) ვითიბი ბანკი (სანქცირებულია 2022 წლის თებერვლიდან და შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს, ბანკის საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის უდიდესი ნაწილი სანქცირებიდან მალევე ბაზისბანკმა და ლიბერთი ბანკმა შეიძინეს) - მთლიანი აქტივები, 458 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 197 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 14.5 მილიონი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო - 60%.

2024 წლის 9 თვეში "ვითიბი ბანკის" ზარალი 0.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

12) იშ ბანკი - მთლიანი აქტივები, 452 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 270 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 207 მილიონი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • თურქეთის იშ ბანკის საპენსიო ფონდი - 38.37%
  • თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია - 28.09%

2024 წლის 9 თვეში "იშ ბანკის" წმინდა მოგება 11.7 მილიონ ლარს შეადგენდა.

13) ზირაათ ბანკი - მთლიანი აქტივები, 234 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 154 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 135 მილიონი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • ბანკის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია "თურქეთის რესპუბლიკის ზირაათ ბანკი“, ბანკის საბოლოო ბენეფიციარია თურქეთის ქონების მართვის ფონდი.

2024 წლის 9 თვეში "ზირაათ ბანკის" წმინდა მოგება 4.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

14) სილქ ბანკი - მთლიანი აქტივები, 215 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 106 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 152 მილიონი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • გიორგი რამიშვილი - 36.01%
  • ერკინ ტატიშევი, ყაზახეთი - 36.01%
  • ალექსი თოფურია - 16.63%
  • დევიდ ფრანც ბორგერი, გერმანია - 5.54%
  • ალექსანდრე ხეთაგური - 5.54%

2024 წლის 9 თვეში "სილქ ბანკის" ზარალი 8.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

15) პეისერა ბანკი - მთლიანი აქტივები, 16.2 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 0 ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 3.5 მილიონი ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • მინდია საბანაძე - 10.14%
  • ზაზა ბუაძე - 8.78%
  • დიმიტრი ქუმსიშვილი - 27.03%
  • ირაკლი ვეკუა - 27.03%
  • ივანე თევდორაშვილი - 27.03%

2024 წლის 9 თვეში "პეისერა ბანკის" ზარალი 967 ათას ლარს შეადგენდა.

16) ჰეშ ბანკი - მთლიანი აქტივები, 12.4 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 0 ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 1,000 ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • ვოლოდიმირ ნოსოვი - 50.00%
  • სულხან პაპაშვილი - 30.50%
  • ლაშა პაპაშვილი - 19.50%

2024 წლის 9 თვეში "ჰეშ ბანკის" ზარალი 3 მილიონ ლარს შეადგენდა.

17) პეივ ბანკი - მთლიანი აქტივები, 8.5 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 0 ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 0 ლარი.

სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:

  • ომარ-სალიმ დანანი - 65%
  • დმიტრი ბოჩაროვ - 15%
  • საიმონ ჯეიმს ვანს-კოლინა - 20%

2024 წლის 9 თვეში "პეივ ბანკის" ზარალი 374 ათას ლარს შეადგენდა.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის