USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც პუტინი!
თარიღი:  572

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვ პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდებებით.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობს, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“ - კულტურის მინისტრმა ეს განცხადება "იმედის" ეთერში 18 მაისს გააკეთა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ქალბატონ წულუკიანთან. მე მაშინ საქართველოში მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, როცა ,,ნაციონალური მოძრაობისა" და მიშას (სააკაშვილის) გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის განათლებული ადამიანია, წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის. ის დემოკრატიის მხარდამჭერი იყო.

ახლა რაღაც მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციებს. მე ,,ნაციონალური მოძრაობის" ბანაკში არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ! მიკვირს, რატომ ამირჩია მე. რადგან აქ, ევროპის პარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთნაირად ფიქრობს.

მისი ბრალდებები ჩემზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმედგამაცრუებელია. წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი! როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება"- ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანს ევროპარლამენტარი დღეს, 18 მაისს.

კულტურის მინისტრის თქმით, ვიოლა ფონ კრამონი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობენ, საქართველოს მთავრობის "გადასაყირავებლად".

„ამ უცხოელების პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ, მაგალითად, ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მე მგონი, თავის საარჩევნო ოლქში არ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ დაკავებულია, პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში და ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამისი უფლება აქვს.

ასევე, არის ბატონი იან კელი, რომლის.. ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს სწორედ ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება, მაგალითად, რომ ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს ან მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა“, — თქვა თეა წულუკიანმა 18 მაისს და დაამატა, რომ "„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი „მოგვყიდოს როგორც თვით ევროპა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის“.

ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის ბრალდებებს 19 მაისს, დღის ბოლოს ტვიტერზეც გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ არ სურდა კომენტარი გაკეთებინა "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებზე, მაგრამ არჩევანი აღარ დაუტოვა ქართული პოლიტიკოსების მხრიდან დეზინფორმაციულმა კამპანია. ევროპარლამენტარი ქართული ოცნების დეზინფორმაციულ კამპანიას კრემლის დეზინფორმაციულ კამპანიებს ადარებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" უკვე თითქმის კრემლის დონეზეა.

"ქართული ოცნება" არ არის საქართველო და როცა მე ვაკრიტიკებ "ქართულ ოცნებას", ეს არ ნიშნავს, რომ მე ვაკრიტიკებ საქართველოს. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე თავს არა "ქართული ოცნების" , არამედ საქართველოს მეგობრად მივიჩნევ. ნუ ეფარებით საქართველოს კარგ სახელს. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს შეცდომებზე. სხვათაშორის, ქართულმა ოცნებამ ისე დააზიანა დემოკრატია ქვეყანაში და ისე უკან დაწია მედიის თავისუფლება, რომ 1 წლის განმავლობაში მესამოცედან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ სიტყვის თავისუფლების ინდექსში. თუ გინდათ სერიოზულად აღიქმებოდეთ, შეწყვიტეთ პირობების აგტეხვა, შეწყვიტეთ ქართული მყიფე დემოკრატიის დაზიანება, აღიარეთ კანონის უზენაესობა და შეწყვიტეთ მიკროფონების მოპარვა, სიძულვილი და პოლარიზაცია" - წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.

 
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის