USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ვინ არის რობერტ კიოსაკი? — ინვესტორის ბიოგრაფია
თარიღი:  

რობერტ კიოსაკი არის ანტერპრენერი, პედაგოგი, ინვესტორი და მწერალი, რომელმაც პერსონალური ფინანსების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი – Rich Dad Poor Dad დაწერა. გარდა ამისა, რობერტი არის Rich Dad Radio Show პოდკასტის წამყვანი, სადაც იგი სტუმრებთან ერთად განიხილავს ყველაფერს, დაწყებული საბანკო ისტორიით, დასრულებული გლობალური ეკონომიკური მდგომარეობით.

რობერტ კიოსაკიმ შექმნა ფინანსური განათლების იმპერია, რომელიც ქოუჩინგს, კურსებს და სამაგიდო თამაშებსაც კი მოიცავს. Rich Dad Poor Dad-ის გარდა მან ორ ათეულზე მეტი წიგნი დაწერა, მათ შორის ორი მათგანი დონალდ ტრამპთან ერთად.

ადრეული ცხოვრება

რობერტ კიოსაკი 1947 წლის 8 აპრილს ჰავაიში, ჰაილოში დაიბადა. იგი წარმოშობით იაპონელია.

კიოსაკი ამტკიცებს, რომ აღზრდისას, მის შეხედულებებზე ანტერპრენერობის, ფულისა და სიმდიდრის შესახებ ზემოქმედებდა ორი ფიგურა: მისი „მდიდარი“ მამა და „ღარიბი“ მამა. რობერტის ბიოლოგიური, ანუ „ღარიბი“ მამა იყო ძალიან განათლებული ადამიანი, რომელიც სახელმწიფო სამსახურში იყო დასაქმებული. თუმცა, კიოსაკის თქმით, მან თავისი ძალისხმევით მნიშვნელოვანი სიმდიდრე ვერ დააგროვა.

ამავდროულად, რობერტის „მდიდარმა“ მამამ მას არსებული რესურსების სიმდიდრის შესაქმნელად გამოყენების ძალა ასწავლა. ცოდნამ, რომელიც მან „მდიდარი“ მამის ქმედებებზე დაკვირვებით მოიპოვა, საფუძველი ჩაუყარა რობერტის შემდგომ მოღვაწეობას. კიოსაკის „მდიდარი მამა“ იყო რიჩარდ კიმი, ჰავაის უძრავი ქონების მეწარმე და რობერტის საუკეთესო მეგობრის მამა. კიოსაკიმ ეს 2009 წელს კიმის გარდაცვალების შემდეგ გაამხილა.

რობერტ კიოსაკი ნიუ-იორკში, Kings Point Merchant Marine Academy-ის (საზღვაო აკადემია) კოლეჯში სწავლობდა. მისი დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საზღვაო ქვეითთა კორპუსში ვერტმფრენის პილოტად. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი კიოსაკიმ Xerox-ში დაიწყო მუშაობა და ნომერ პირველი გამყიდველის პოზიციას მიაღწია. დაახლოებით ამ პერიოდში მან, ძმის დახმარებით, შექმნა თავისი პირველი კომპანია — Rippers.

კიოსაკი სწავლობდა რ. ბაკმინსტერ ფულერთან, რომელიც ამერიკელი არქიტექტორი, სისტემების თეორეტიკოსი, მწერალი, დიზაინერი, გამომგონებელი და ფილოსოფოსი იყო. მასთან მიღებულმა ცოდნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რობერტის კარიერულ ტრაექტორიაზე და საფუძველი ჩაუყარა მისი მოგზაურობის დასაწყისს — დანიშნულების ადგილი ფინანსური პედაგოგობა და ანტერპრენერობა იყო.

რობერტი კიოსაკი, როგორც მწერალი და ანტერპრენერი

კიოსაკის, როგორც ანტეპრენერის, კარიერა დაიწყო 1996 წელს, როდესაც მან და მისმა მეუღლემ შექმნეს და გამოუშვეს სამაგიდო თამაში — CASHFLOW, რათა ხალხისთვის ფულისა და ინვესტირების შესახებ სახალისო მეთოდით ესწავლებინათ. 1997 წელს რობერტმა დაწერა Rich Dad Poor Dad. ამასთან მან და მისმა მეუღლემ დააარსეს კომპანია — The Rich Dad Co.

Rich Dad Poor Dad

მას შემდეგ კიოსაკებმა დაწერეს მრავალი წიგნი პერსონალური ფინანსების შესახებ. მათ წამოიწყეს Rich Dad Radio Show და გააფართოვეს თავიანთი ბიზნესი საინვესტიციო მასტერკლასების, ქოუჩინგისა და საჯარო გამოსვლების მიმართულებით. რობერტ კიოსაკის მიერ დაწერილი რამდენიმე ყველაზე ცნობილი ნამუშევარია:

  • Rich Dad Poor Dad
  • Capitalist Manifesto
  • Rich Dad’s Increase Your Financial IQ: Get Smarter with Your Money
  • Rich Dad’s Guide to Investing: What the Rich Invest in, That the Poor and Middle Class Do Not!
  • Rich Dad Poor Dad for Teens
  • Rich Dad’s Who Took My Money?: Why Slow Investors Lose and Fast Money Wins!

სხვა ბიზნეს წამოწყებები

მიუხედავად იმისა, რომ კიოსაკის შემოსავალი ძირითადად წიგნების გაყიდვებიდან, ფინანსური განათლების კურსებიდან და სპიკერული საქმიანობიდან მოდის, ის და მისი მეუღლე ფულს სხვა საქმიანობებიდანაც გამოიმუშავებენ. 1997 წელს რობერტმა დააარსა Rich Global LLC, კონგლომერატი, რომელიც სპეციალიზებულია წარმოებაში, ფინანსურ განათლებასა და საცალო ოპერაციებში. იმავე წელს მან დააფუძნა Cashflow Technologies Inc., რომელიც Rich Dad-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებს. რობერტის ერთ-ერთი საყვარელი ინვესტიცია ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონებია.

რობერტ კიოსაკის ფინანსური ფილოსოფია

ფულის შესახებ კიოსაკის ფილოსოფია მარტივია: თქვენ არ გჭირდებათ მაღალი შემოსავალი იმისთვის, რომ მდიდარი გახდეთ. იგი ამბობს, რომ ამის ნაცვლად, სიმდიდრის შექმნის გასაღები ორ რამეშია:

  • პასიური შემოსავლის მომტანი აქტივების პორტფელის შექმნა
  • ვალის მინიმუმამდე შემცირება

კიოსაკი მხარს უჭერს ფინანსური განათლების განვითარებას არა მხოლოდ წიგნების ან კურსების, არამედ რეალურ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილების საშუალებით. რობერტის ფილოსოფიის მიხედვით, ფულის მუშაობის მექანიზმის გააზრება, პასიური შემოსავლის გამომუშავება და არასაჭირო ვალების თავიდან აცილება ფინანსურ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანს.

წყარო:https://investhub.ge/

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის