"ვილა ამბასადორი" სასტუმრო კომპლექსის "ამბასადორი კაჭრეთის" ახალი მიმართულებაა და 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილას აერთიანებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ დოლარია. ამის შესახებ BM.GE-ს "ანაგი დეველოპმენტში" განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, "ვილა ამბასადორი" "ამბასადორი კაჭრეთის" და "ანაგი დეველოპმენტის" ერთობლივი პროექტია, რომლის მენეჯენტს "კაჭრეთი დეველოპმენტი" ახორციელებს. პროექტის განხორციელება კომპანიამ 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და დღეისთვის ვილების გაყიდვა მიმდინარეობს.
"ჩვენი ვილები განკუთვნილია საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ადგილობრივი და უცხოელი კლიენტებისთვის, რომლებიც თბილისის გარეთ უძრავი ქონების შეძენას განიხილავენ, როგორც პირადი მოხმარებისთვის, ისე – საინვესტიციოდ. ვილების გაყიდვა დეკემბრიდან დაიწყო და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში ვილების გაქირავებას "კაჭრეთი დეველოპმენტი" უზრუნველყოფს.
მომავალი მესაკუთრეების ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. ვილების ფასი 200 000 დოლარიდან იწყება და ვილების ტიპების მიხედვით იცვლება: ტიპი N1 (4 ვილა) - $450 000; ტიპი N2 (2 ვილა) - $470 000; ტიპი N3 (30 ვილა) - $200 000; ტიპი N4 (4 ვილა) - $280 000; ტიპი N5 (5 ვილა) - $400 000. ვილები ბარდება გარემონტებული და სამზარეულოს ავეჯით მოწყობილი. პროექტი 2020 წლის დეკემბერში დასრულდება. ვილის მფლობელებს ექნებათ შეუზღუდავი წვდომა სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთის" ყველა სერვისსა და უპირატესობებზე", - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც "ანაგი დეველოპმენტში" ამბობენ, ვილები 50 ჰექტარ გამწვანებულ ტერიტორიაზეა განთავსებული და სასტუმრო კომპლექსის განუყოფელი ნაწილია. "ვილა ამბასადორი" 5 ტიპის ერთ და ორსართულიანი ექსკლუზიური ვილებისგან შედგება. აღნიშნული კომპლექსი აერთიანებს 2, 3 და 4–საძინებლიან სახლებს, რომლებიც მუკუზანის, რქაწითელის და საფერავის უბნებშია განლაგებული. ვილების საერთო ფართები 141.99 მ2-დან 300.5 მ2-მდე მერყეობს.
"მენეჯმენტ კომპანია დამატებით გთავაზობთ ყოველთვიურ სერვისულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს შემდეგ სერვისებს: რეცეფცია; კონსიერჟი; დასუფთავება და გამწვანება; 24/7 დაცვა; 24/7 ტექნიკური ჯგუფის მომსახურება; გაქირავების სერვისი; პარკინგი. მომსახურების ყოველთვიური გადასახადი 1 კვ.მ-ზე 0.80 დოლარს შეადგენს", - ამბობენ დეველოპერულ კომპანიაში.
წყარო: https://bm.ge/
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?
- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.
- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?
- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?
- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.
- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.
წყარო:https://bm.ge/