USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ვიკიპედია - საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
თარიღი:  838

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასაქართველოს სსრ (რუს. Грузинская Советская Социалистическая Республика, Грузинская ССР; 25 თებერვალი, 1921 — 9 აპრილი (დე ფაქტო) [26 დეკემბერი (დე იურე)], 1991) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი თბილისი.

საქართველო, სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკა „საქართველოს სსრ“-ის სახელით ცნობილი იყო 1990 წლის 15 ნოემბრამდე. გარდამავალ პერიოდში 1991 წლის 9 აპრილამდე საქართველო „საქართველოს რესპუბლიკის“ სახელით კვლავ რჩებოდა სსრკ-ის მოკავშირე რესპუბლიკად[კ 1].

მიუხედავად საბჭოთა კავშირში მიღებული 1990 წლის 3 აპრილის კანონისა, რომლის მიხედვითაც გაწერილი იყო თუ რა პროცედურები იყო საჭირო მოკავშირე ქვეყნის კავშირიდან გასასვლელად, საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარებული 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი იყო 1990 წლის კანონისაგან დამოუკიდებელი მოვლენა ქვეყნის ისტორიაში, რომლის საფუძველზე 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს კავშირში 70-წლიანი ყოფნა გამოაცხადა ქვეყნის ოკუპაციის პერიოდად და საქართველოს რესპუბლიკა გამოაცხადა 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დე იურე და დე ფაქტო დამოუკიდებელი გახდა 1991 წლის 9 აპრილიდან, საბჭოთა კავშირი მაინც თვლიდა მას მოკავშირე რესპუბლიკად ვიდრე მის დაშლამდე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მალევე მოჰყვა შედეგი აღიარებების სახით. საქართველოს დამოუკიდებლობა სცნეს: 1991 წლის 27 აგვისტოს — რუმინეთი და მოლდოვა, 30 აგვისტოს — აზერბაიჯანი, 13 სექტემბერს — სომხეთი, 12 დეკემბერს — უკრაინა, 16 დეკემბერს — თურქეთი, 20 დეკემბერს — ლიეტუვა და მონღოლეთი, 25 დეკემბერს — აშშ, კანადა და ირანი, 26 დეკემბერს — ინდოეთი, ბრაზილია, კუბა, ტაილანდი, 27 დეკემბერს — ჩინეთი, ბელორუსია, სლოვენია, ვიეტნამი, ეგვიპტე, ალჟირი, 28 დეკემბერს — ხორვატია, იორდანია, 30 დეკემბერს — ლიბანი, 31 დეკემბერს — პაკისტანი, 1992 წლის 2 იანვარს — ერაყი, ეთიოპია, ლაოსი და ა.შ[1].

ისტორია

წინარეისტორია

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები. 1918 წელს საბჭოთა რუსეთმა სცადა საქართველოს დაპყრობა, თუმცა უშედეგოდ. 1918-1920 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის გამო ბოლშევიკებს საშუალება არ ჰქონდათ კავკასიაში აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინათ. 1920 წელს საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1920 წელს რუსეთმა მოახდინა აზერბაიჯანისა და სომხეთის ოკუპაცია, რაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დიდ საფრთხეს უქმნიდა. ამ დროისთვის საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას სრულად ემორჩილებოდა ჩრდილოეთ კავკასიაც.

საქართველოს გასაბჭოების გეგმას უშუალოდ ამზადებდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით. ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა რუსეთის XI წითელი არმია, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთში იყო განლაგებული. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე, ბუდუ მდივანი, ვლადიმერ დუმბაძე, შალვა ელიავა და სხვები. მოსკოვში საქართველოს გასაბჭოების საქმეს კოორდინაციას უწევდა რუსეთის ეროვნებათა საქმის კომისარი იოსებ სტალინი.

ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ

რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოზე აგრესია შენიღბული ყოფილიყო. წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დახმარების მოტივით. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორეს ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორის. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს რუსულ სოფლებში დაიწყო პროვოკაციული აჯანყება. წინასწარი გეგმის მიხედვით 16 თებერვალს საქართველოში შეიქმნა „საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (რევკომი)“, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მშრომელთა „აჯანყებისთვის“. რევკომში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე (თავმჯდომარე), მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, საშა გეგეჭკორი და სხვები. იმავე დღეს, 16 თებერვალს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს, საბჭოთა რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა, რადგან წითელმა არმიამ საქართველოს საზღვრები 15 თებერვალს გადმოლახა. ხოლო საქართველოს რევკომის თხოვნა 16 თებერვალს გაიგზავნა.

საქართველოში შემოიჭრა სომხეთსა და აზერბაიჯანში მდგარი XI წითელი არმია. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს კიდევ ორი მხრიდან შემოუტია, სოჭის რაიონიდან აფხაზეთისკენ და მამისონის უღელტეხილიდან ქუთაისისკენ. ძალები არათანაბარი იყო, მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ თურქეთმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არდაჰანსა და ართვინში ჯარების შეყვანა დაიწყო. საქართველოს მთავრობამ ეს ტერიტორიები დათმო. მიუხედავად ასეთი ფართომასშტაბიანი აგრესიისა, რუსეთი საქართველოს ომს მაინც არ უცხადებდა. რუსების დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა, თითქოს აჯანყებულებს რევკომი ხელმძღვანელობდა, ხოლო XI წითელი არმია საქართველოში აჯანყებულთა დასახმარებლად იყო შესული.

1921 წლის 15-16 თებერვალს გამართული ბრძოლების შემდეგ, ქართულმა ჯარებმა უკან, თბილისისკენ დაიწყეს სვლა. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. ქართული ჯარის, სახალხო გვარდიის და მოხალისეების გმირული ბრძოლის შემდეგ 20 თებერვალს მოწინააღმდეგემ უკან დაიხია. ამ ბრძოლებში თავი გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა იუნკერებმა. 22 თებერვალს ბოლშევიკებმა კვლავ შემოუტიეს თბილისს, მაგრამ ამჯერადაც დამარცხდნენ. 23 თებერვალს თბილისში დიდი პატივით დაკრძალეს თბილისის დაცვისთვის დაღუპულები. 24 თებერვალს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, მოწინააღმდეგეებმა შევსება მიიღეს, ქართულ ჯარს კი რეზერვები ელეოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისი დატოვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის XI წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შემოვიდა. საქართველოს მთავრობა ბათუმში გადავიდა. საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის დატოვებამ შეარყია ქართველების ბრძოლის სულისკვეთება. საქართველომ დასავლეთ ევროპისგან დახმარება ვერ მიიღო, ამას ისიც დაერთო, რომ 1921 წლის 16 მარტს თურქები ბათუმში შევიდნენ და მოითხოვეს იქ მყოფი ქართული ჯარის განიარაღება. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ.

საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვების მიუხედავად, ის ოკუპანტებთან შეთანხმების პოლიტიკას არ დასდგომია. უფლებამოსილება არ მოუხსნია არცერთ სახელმწიფო ორგანოს, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში

საბჭოთა რუსეთი საქართველოს დაპყრობას არ აღიარებდა, ფორმალურად საქართველო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, ფაქტობრივად კი საბჭოთა საოკუპაციო რაჟიმი დამყარდა.

ოკუპაციის პირველივე დღიდან საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს. ქალაქებში, მაზრებში, სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლება რევკომის ხელში გადავიდა. 1921 წელის მარტში რევკომმა მიიღო გადაწყვეტილება რომლის ძალითაც დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება დათხოვნილ იქნა. საქართველოს რევკომმა გააუქმა დამოუკიდებელი საქართველოს მთელი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ადგილობრივი მმართველობა, დაშალეს ქართული ჯარი და სახალხო გვარდია. რევკომი ფორმალურად საქართველოს მმართველი იყო, სინამდვილეში კი საბჭოთა რუსეთის ნების აღმსრულებელი გახდა. ოკუპირებულ საქართველოში, ისევე როგორც მთელ ამიერკავკასიაში მთელ ძალაუფლებას ფლობდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, რომლის სათავეში სერგო ორჯონიკიძე იყო. საბჭოთა რუსეთის XI წითელ არმიას სახელი გამოუცვალეს და უწოდეს „კავკასიის განსაკუთრებული არმია“.

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება პირველივე დღიდან შეუდგა რეპრესიების გატარებას. რეპრესიებს თავდაპირველად იშვიათი ხასიათი ჰქონდა. საქართველოს გასაბჭოებიდან მალე თბილისში ჩავიდა სტალინი, რომელიც სიტყვით გამოვიდა ნაძალადევის თეატრში გამართულ დახურულ მიტინგზე. სტალინის შემდეგ სიტყვებით გამოვიდნენ სოციალ-დემოკრატები, ალექსანდრე დგებუაძე, რომელიც სახალხო გვარდიის შტაბის წევრი იყო და ისიდორე რამიშვილი. მათ მკაცრად გააკრიტიკეს სტალინიცა და საბჭოთა პოლიტიკაც საქართველოში. ამის შემდეგ დაიწყო მასობრივი რეპრესიები. აპატიმრებდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილ პოლიტიკურ და სამხედრო პირებს. დააპატიმრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე, ყოფილი სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, დამფუძნებელი კრების წევრები, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები სილიბისტრო ჯიბლაძე და მრავალი სხვა. მასობრივად აპატიმრებდნენ და დევნედნენ იმ მუშებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას არ თანაუგრძნობდნენ. გურიაში, სადაც მრავლად იყვნენ სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერები, მთავრობამ ჩეკისტი ალექსანდრე ობოლაძე მიავლინა. ობოლაძემ მრავალი გლეხი დააჭერინა და დაახვრეტინა. ის ყოფილმა გვარდიელმა გოგია ღლონტმა მოკლა და თურქეთში მიიმალა. ამის საპასუხოდ რეპრესიები გაძლირდა. საგანგებო კომისიას გურიის 80 სოფლის მასწავლებელი დახვრიტა. ბევრ მათგანს ღლონტის გვარიც არ ჰქონდა განაგონი. ლენინიც კი შეშფოთებული იყო საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით. 1923 წლის 5 მარტს ის ტროცკის წერდა, იქნებ საქართველოს დაცვა იკისროთ, რადგან ის ახლა სტალინისა და ძერჟინსკის დევნის ქვეშ იმყოფებაო.

საბჭოთა ხელისუფლება მიისწრაფოდა იმისთვის, რომ საოკუპაციო ხელისუფლებას კანონიერი სახე მიეღო. ამასთანავე აუცილებლად მიაჩნდათ რევკომების ხელისუფლება შეცვლილიყო საბჭოთა ხელისუფლებით. საქართველოშიც უნდა დამყარებულიყო ისეთივე პოლიტიკური სიტუაცია როგორც რუსეთში, ე.ი. ძალაუფლება როგორც ცენტრში, ისე ადგილზე, უნდა გადასულიყო მუშათა და გლეხთა დეპუტატთა საბჭოებში. საქართველოში საბჭოების არჩევნები უმკაცრეს პირობებში ჩატარდა. საოკუპაციო ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ ხალხს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ასეთ ვითარებაში საბჭოების უმრავლესობა მოიპოვეს ბოლშევიკებმა. ბოლშევიკებმა უმრავლესობა მოიპოვეს საქართველოს საბჭოების I ყრილობის დელეგატთა არჩევნებშიც. საქართველოს საბჭოების I ყრილობა გაიხსნა საქართველოს ოკუპაციის ერთი წლის თავზე. ყრილობამ დაამტკიცა „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ კონსტიტუცია. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა საქართველოს საბჭოების ყრილობა, ყრილობიდან ყრილობამდე კი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკი). საქართველოს უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლებას წარმოადგენდა სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო), რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა ცალკეულ უწყებებზე – სამხედრო კომისარიატზე დაყრდნობით. ხელისუფლება გუბერნიაშიც გადავიდა საბჭოების ხელში.

ავტონომიური ერთეულების შექმნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა

საბჭოთა რუსეთი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აუცილებლად მიიჩნევდა ავტონომიური ერთეულების შექმნას. ახლო წარსულში დამოუკიდებელ საქართველოს არსებობის პერიოდში საბჭოთა რუსეთის წაქეზებით აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა ხელყვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. 1921 წელს განხორციელებული ოპერაციის შემდეგ აფხაზ და ოს სეპარატისტებს მფარველად მოევლინათ საბჭოთა რუსეთი. 1921 წლის მარტში საბჭოთა რუსეთის მითითების თანახმად აფხაზეთი გამოცხადდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. 1921 წლის მაისში მოსკოვის ძალდატანების შემდეგ რევკომმა ცნო აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკა. 1921 წლის დეკემბერში საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. მართალია აფხაზეთი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, მაგრამ ის ავტონომიის სტატუსით სარგებლობდა. აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადება ყოვლად გაუმართლებელი იყო, მართალია აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში რჩებოდა მაგრამ ამ აქტით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა.

საბჭოთა რუსეთი მფარველად მოევლინა ოს სეპარატისტებსაც. საქართველოს რევკომმა, ისევ მოსკოვის ნებით, 1921 წელს საქართველოს შემადგენლობაში შიდა ქართლის ტერიტორიაზე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ავტონომიური ოლქის შექმნის მომენტში სამაჩაბლოს მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, ამიტომ ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა არ იქნებოდა გამართლებული. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი პრაქტიკულად გამოცხადდა 1922 წელს.

სულ სხვა ვითარებაში მოხდა საქართველოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამოცხადება. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, 1921 წლის მარტში ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებას. თურქეთმა აჭარა რუსეთს იმ პირობით დაუთმო, თუ აჭარა რელიგიურ და კულტურული უფლებების დაცვის მიზნით მიიღებდა ფართო ადმინისტრაციულ ავტონომიას. 1921 წელს საქართველოს რევკომმა ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში შექმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

გაერთიანება ამიერკავკასიის ფედერაციასა და საბჭოთა კავშირში

საბჭოთა ხელისუფლებამ ახალი იმპერიის შესაქმნელად ახალი ფორმა გამონახა, საბჭოთა რესპუბლიკები - რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი – ერთმანეთს შორის ნებაყოფლობით დებდნენ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ახალ სამოკავშირეო სახელმწიფოში ყველა რესპუბლიკა თანასწორი უნდა ყოფილიყო, საბჭოთა რუსეთის ზეწოლის შედეგად ყველა რესპუბლიკამ თანხმობა განაცხადა სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლაზე. საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საბჭოთა რესპუბლიკების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებამდე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალდატანებით გააერთიანა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში. მოსკოვის გეგმის თანახმად ახალი სახელმწიფო უნდა შექმნილიყო რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკებისგან. ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართველი ბოლშევიკები (ფილიპე მახარაძე, მიხეილ ოკუჯავა, კოტე ცინცაძე, ბუდუ მდივანი და სხვები). მათ ნაციონალ-უკოლნისტები უწოდეს. ისინი წინააღმდეგნი არ იყვნენ სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებისა, ოღონდ საქართველო ამ სახელმწიფოში უნდა შესულიყო დამოუკიდებელი და არა ამიერკავკასიის ფედერაციით, ნაციონალ-ოკულნისტები დამარცხდნენ. სერგო ორჯონიკიძემ შეძლო საქართველოს გაერთიანება ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციულ კავაშირში. 1922 წლის დეკემბერში შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა. 1922 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა დეკლარაციას სამოკავშირეო სახელმწიფოს – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ. ახალი საბჭოთა იმპერია ამიერიდან იურიდიულად გაფორმდა. დეკლარაციით და 1924 წელს მიღებული კონსტიტუციით საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა სახელმწიფო სუვერენული იყო და სარგებლობდა სამოკავშირეო სახელმწიფოდან გასვლის უფლებით. ეს ფორმალური უფლება ძალაში დატოვა 1936 წლის კონსტიტუციამაც.

ეროვნული მოძრაობის დასაწყისი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია

ეროვნული მოძრაობა საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებისთანავე იწყება. დაიწყო ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. 1921 წლის ზაფხულში აჯანყებამ მოიცვა სვანეთი. აჯანყებულებმა ადგილობრივი რევკომები დაამხეს, ადგილობრივი მილიცია განაიარაღეს და სვანეთისკენ მიმავალი გზები ჩაკეტეს. აჯანყება გავრცელდა რაჭაშიც, აჯანყებულებმა თბილისში დელეგაცია გააგზავნეს და რევკომს მოთხოვნები წაუყენეს: რუსების გასვლა საქართველოსდან, ახალი ხელისუფლების ასარჩევად თავისუფალი არჩევნების ჩატარება. სვანეთში აჯანყების ჩასახშობად დამსჯელი რაზმები გაგზავნეს. სვანებმა მტერი დაამარცხეს, 500 ჯარისკაცი ტყვედ იგდეს. ზამთარში ახალი დამსჯელი რაზმების გაგზავნისთვის ხელისუფლებამ თავი შეიკავა და აჯანყების ჩახშობა 1922 წლის გაზაფხულისთვის გადადო. სვანებმა ამჯერადაც დაამარცხეს მტერი, ისინი 6 თვის განმავლობაში უმკლავდებოდნენ რეგულარულ შეტევას, ბოლოს აჯანყება დამარცხდა და დაიწყო რეპრესიები. 1921 წელს პარტიზანული რაზმი ჩამოყალიბდა კახეთსა და ხევსურეთში, აჯანყების ორგანიზებას შეუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ქართლში შეიარაღებული რაზმი შექმნა მიხეილ ლაშქარაშვილმა. 1922 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა, ჟინვალთან, დაამარცხა რუსეთის ჯარის ერთ-ერთი რაზმი. ხელისუფლებამ არაგვის ხეობაში დიდი სამხედრო ძალა გაგზავნა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა უკან დაიხია და ხევსურეთში გადავიდა.

საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა საქართველოს მუშათა კლასი. 1921 წლის ოქტომბერში თბილისის მუშათა დელეგაციამ საქართველოს რევკომს გადასცა მემორანდუმი. მემორანდუმში მოცემული იყო რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მოღვაწეობის ანალიზი და აღნიშნული იყო იმის შესახებ, თუ რას უქადდა ეს ყველაფერი საქართველოს. თბილისის მუშების დელეგაციის ნაწილი დააპატიმრეს, რასაც მოჰყვა მუშების საპროტესტო მოძრაობა. ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები მუშების მიმართ.

ეროვნული მოძრაობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლს წარმოადგენდა, საქართველოს კათოიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას, მემორანდუმი გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი. 1922 წლის აპრილში იტალიის ქალაქ გენუაში გაიხსნა კონფერენცია, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრობლემები. კონფერენიის მუშაობაში მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთიც. ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელნი ამ კონფერენციაზე არ დაუშვეს. ამბროსი ხელაია გენუის კონფრენციისგან მოითხოვდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოდან დაუყოვნებლივ გაყვანას, ქართველი ერისთვის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებში თავისუფლების მინიჭებას. საქართველოს ხელისუფლებამ ამბროსი ხელაია დააპატიმრა.

1924 წლის აჯანყება

შეფიცულები
ქაქუცა ჩოლოყაშვილი ემიგრაციაში

ემიგრაციაში მყოფი მთავრობა, ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ყოველ ღონეს ხმარობდა დასავლეთის ქვეყნების საქართველოს პრობლემით დასაინტერესებლად, თუმცა უშედეგოდ. დასავლეთის ქვეყნები არ აპირებდნენ საქართველოს ინტერესების დაცვას. საქართველოსთვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანა კანის (1922), გენუისა (1922) და ლოაზის (1922-1923) კონფერენციებმა. საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლას სათავეში უდგებიან სოციალ დემოკრატები, სოციალ ფედერალისტები, ეროვნულ დემოკრატები, სოციალ რევოლუციონერები. პარტიებს შორის წინააღმდეგობების მიუხედავად, 1921 წლის გაზაფხულიდან იწყება აჯანყებისთვის მზადება. 1922 წლის გაზაფხულზე კი შეიქმნა ინტერპარტიული ორგანი – საქართველოს დემოკრატიული კომიტეტი (დამკომი). დამკომის წევრები იყვნენ: გოგიტა ფაღავა, იასონ ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, ნიკიფორე იმნაიშვილი, სამსონ დადიანი. საქარართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ გოგიტა ფაღავა, შემდეგ ნიკოლოზ ქარცივაძე, ხოლო ბოლოს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეუერთდნენ ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგელებიც.

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ 1922 წელს შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, როლის აქტიური მოღვაწეები იყვნენ გოგიტა ფათავა, ვარდენ წულუკიძე, როსტომ მუსხელიშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი და სხვები. სამხედრო ცენტრს სათავეში ედგა გენერალი კოტე აფხაზი. 1923 წელს სამხედრო ცენტრი ჩავარდა, საოკუპაციო ხელისუფლებამ კოტე აფხაზს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. სამხედრო ცენტრის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო მასობრივი რეპრესიები. დამსჯელმა ექსპედიციებმა ააოხრეს გურია, კახეთი, სვანეთი და მთელი საქართველო. სიკვდილით დასაჯეს ადრე დაპატიმრებული პოლიტიკური მოღვაწეებიც.

1924 წლის 28 აგვისტოს ჭიათურაში დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაიწყო შეიარაღებული გამოსლები. ჭიათურის სამხედრო გამოსვლის შემდგომ საოკუპაციო ხელისუფლებამ მთელ საქართველოში საგანგებო წესები შემოიღო. დაიწყო მოსახლეობის დარბევა, ტერორმა მოიცვა მთელი საქართველო. დამსჯელი ექსპედიციები განსაკუთრებით სისასტიკით უსწორდებოდნენ მოსახლეობას თბილისსა და ბათუმში.

მიუხედავად შეიარაღებული დაპირისპირების არაორგანიზებული დაწყებისა, აჯანყება მოედო გურიას, სამეგერლოს, იმერეთს, ქართლს, კახეთს. იგი სამი დღე გრძელდებოდა. საოკუპაციო ხელისუფლებამ თავიდანვე ხელში აიღო ინიციატივა. მანგლისთან მარცხის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დუშეთი დაიკავა, მოგვიანებით მიხვდა აჯანყების წარუმატებლობაში და საქართველო დატოვა. 4 სექტემბერს შეიპყრეს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. აჯანყების პირველივე დღეს თბილისის ციხეებიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს პოლიტპატიმრები. სიკვდილით იქნენ დასჯილები ის ქართველი პოლიტპატიმრებიც, რომლებიც რუსეთის ციხეებში იხდიდნენ სასჯელს. განსაკუთრებული სისასტიკე იქნა გამოჩენილი სადგურ ყვირილასთან სადაც ვაგონებშივე ჩახოცეს ჭიათურიდან ჩამოყვანილი ადამიანები. მარტო სამეგრელოში დახოცეს 450 ადამიანი. სულ ამ აჯანყებას ემსხვერპლა 4000 ადამიანი.

1925 წელს საოკუპაციო ხელისუფლებამ მოაწყო 1924 წლის აჯანყებულთა სასამართლო პროცესი. კონსტანტინე ანდრონიკაშვილს, იასონ ჯავახიშვილს, ნიკოლოზ ქაცვიძეს და სხვებს მიესაჯათ რუსეთში ხანგრძლივი ვადით პატიმრობა.

საბჭოთა წყობილების მშენებლობა

იოსებ სტალინი
საქართველოს სსრ. 1930

1921 წლის 6 აპრილს მიღებულ იქნა დეკრეტი, რომლითაც აიკრძალა მიწაზე კერძო საკუთრება და განხორციელდა მიწის ნაციონალიზაცია.[2]

კოლექტივიზაცია

საბჭოთა წყობილებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სოფლად შექმნილი ვითარება წარმოადგენდა. კერძო საკუთრების არსებობის გამო საბჭოთა ხელისუფლების პოზიციები სოფლად სუსტი იყო. ეს კი ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკები მთავარ პრინციპს – კერძო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად. ქალაქად ვითარება შედარებით სტაბილური იყო. ფაბრიკა-ქარხნები, ასევე რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში იყო გადასული. ბურჟუაზიის წინააღმდეგობაც დათრგუნვილი იყო, თუმცა ცხოვრების დონის დაქვეითებას შეიძლებოდა ქალაქშიც დაეძაბა ვითარება. გარდა ამისა, თუ მრეწველობა არ განვითარდებოდა, საჭირო დონეს ვერ მიაღწევდა ქალაქის თავდაცვისუნარიანობა, რაც გარესამყაროსთან დაპირისპირებულ საბჭოთა კავშირისთვის ძალზე საჭირო იყო.

საბჭოთა წყობილების მიერ სოფლად გატარებული რეფორმები ცნობილია კოლექტივიზაციის სახელით. ამ რეფორმის მიზანი იყო სოფლად კერძო საკუთების ლიკვიდაცია და კოლექტიური მეურნეობის შექმნა. 20-იან წლების დამდეგს სოფლად მემამულური და მსხვილი მიწისმფლობელობის სხვა ფორმების ლიკვიდაციამ საბჭოთა ხელისუფლებას სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. მიწის მესაკუთრე გლეხობისთვის, ბოლშევიკების მიერ შეთავაზებული სოციალური იდეები მიუღებელი აღმოჩნდა. მართალია საბჭოთა ხელისუფლება კერძო საკუთრების წინააღმდეგი იყო, თუმცა ის ერთ დროს პოლიტიკური მოსაზრებით გლეხებისთვის მის მიერვე ნაჩუქებ მიწებს უკანვე ვერ წაართმევდა. ასეთი ნაბიჯი გლეხობას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდა, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. ხოლო თუ მიწები კერძო მესაკუთრე გლეხობის ხელში დარჩებოდა, მათ ხელშივე დარჩებოდა პურით და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ქალაქის მოსახლეობის და უზარმაზარი არმიის მომარაგების საქმე, რასაც საბჭოთა ხელისუფლება არ დაუშვებდა. რადგან საბჭოთა ხელისუფლებას გლეხობისთვის მიწის წართმევა არ შეეძლო, შემუშავდა სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაციის სხვა ფორმა. სოფლის მეურნეობის სწრაფი აღმავლობის მოტივით წვრილი გლეხური მეურნეობები გააერთიანეს კოლექტიურ მეურნეობებში (კოლმეურნეობებში). კოლმეურნეობაში შესული გლეხის მიწა და სხვა ქონება ხდებოდა მთელი კოლექტივის საკუთრება. მიღებული მოსავალიც კოლექტივის წევრებზე ნაწილდებოდა. თავდაპირველად სახელმწიფო კოლმეურნობის საქმეებში ნაკლებად ერეოდა. შემდგომ წლებში კოლმეურნეობები ვალდებულნი გახდნენ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გეგმები შეესრულებინა და ამასთანავე ეს ყველაფერი სახელმწიფოს დაუქვემდებარეს. ღარიბი გლეხობა რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ნებაყოფლობით გაერთიანდა კოლმეურნეობებში. საშუალო გლეხობა მერყეობდა, ხოლო მდიდარი გლეხობა („კულაკობა“) სასტიკი წინააღმდეგი იყო მისი საკურთრების კოლექტიურად გადაქცევის. საბოლოოდა საბჭოთა ხელისუფლებამ ღარიბ გლეხობაზე დაყრდნობით მოახერხა კოლაკობის წინააღმდეგობის დაძლევა და სოფლად კოლმეურნეობები დაამყარა.

საქართველოში კოლექტივიზაციისთვის მზადება 1927-1928 წლებში მიმდინარეობდა. 1929 წელს კოლმეურნეობათა რიცხვმა 122-ს მიაღწია.[3] მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, საბჭოთა ხელისუფლებამ 1932 წლისათვის დაასრულა სოფლების კოლექტივიზაციის პროცესი, მოსპობილ იქნა კერძო საკუთრება. კოლმეურნე გლეხობაზე დაყრდნობით საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლად სერიოზული დასაყრდენი იპოვა.

ინდუსტრიალიზაცია

კომუნისტური პარტიის მიერ წარმოებული სოციალური მშენებლობა ითვალისწინებდა მრეწველობის ინდუსტრიალიზაციას, მსხვილი წარმოების უპირატეს განვითარებას. საქართველოში ინდუსტრიალიზაციას სერიოზული წარმატება ვერ შეიძლება მოეპოვებინა, რადგან მრეწველობის დონე 1925 წლისათვის 1914 წლის დონეს ვერ უტოლდებოდა. თუმაცა ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკური ეფექტი კოლექტივიზაციაზე გაცილებით დიდი იყო. ინდუსტრიალიზაციის პროცესში მეტი ინტენსივობით ამუშავდა ჭიათურის მარგანეცის ქარხანა, ტყვარჩელის ქვანახშირის წარმოება, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 1933 წელს ამუშავდა ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანა. პირველი წარმატებები მოპოვებულ იქნა ქვეყნის ელექტროფიკაციაში. ძველი სამრეწველო სიმძლავრეების ამოქმედებამ და ახალი საწარმოების მშენებლობამ შესაძლებელი გახადა მუშახელის დასაქმება.

საბჭოთა ადამიანის ჩამოყალიბების დასაწყისი

20-30–იან წლებში დაიწყო საბჭოთა ადამიანის, საბჭოთა მოქალაქის მორალური სახის ფორმირება. კომუნისტური პროპაგანდა ახალგაზრდობას ზრდიდა საბჭოთა იდეოლოგიის საფუძველზე. ეს იდეოლოგია უპირველესად ემყარებოდა კომუნიზმს – ეროვნულის უარყოფისა და „საერთო საკაცობრიო ღირებულებების მქონე“ სოციალისტური იდეოლოგიისადმი ერთგულებას. იდელოგიურ მუშაობაში კომუნისტურ პარტიას დიდ დახმარებას უწევდა ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირი (კომკავშირი). საბჭოთა იდეოლოგიის წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის რომ, ახალგაზრდათა დიდმა ნაწილმა ირწმუნა ამ იდეოლოგიის ჭეშმარიტება და ჩაება ახალი წყობილების მშენებლობაში. საბჭოთა მორალი თრგუნავდა ყოველგვარ ეროვნულს. ქართული ერის ნაწილი პოლიტიკური სისტემის ნების აღმსრულებელ საბჭოთა ადამიანად იქცა.

30-იანი წლები

30-იანი წლების შუა ხანებისთვის საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში სოციალისტური საზოგადოება აშენდა. ე.წ სოციალისტური სისტემის გამარჯვება დააკანონა 1936 წლის კონსტიტუციამ. 1936 წლის კონსტიტუციით გაუქმდა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო საბჭოთა კავშირში შევიდა ცალკე მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით. 1937 წელს მიღებული იქნა საქართველოს კონსტიტუცია. ახალი კონსტიტუცია ძალაში ტოვებდა ბოლშევიკების დიქტატურას. ეკონომიკის საფუძვლად ცხადდებოდა სახელმწიფო და საკოლმეურნებო სისტემა. ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო საქართველოს უმაღლესი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება კვლავ სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭოს) ხელში დარჩა.

30-იან წლებში საბჭოთა კავშირი გამალებით ემზადება გერმანიასთან ომისათვის. მთელი ეკონომიკა ომისთვის მზადებას დაექვემდებარა. საქართველოს სასოფლო სამეურნეო სისტემას მძიმე ტვირთად დააწვა სახელმწიფო რეზერვების შექმნა. კოლმეურნეობის მიერ მოწეული მოსავლის დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიჰქონდა. 30-იანი წლების მეორე ნახევარში დიდი ინტენსივობით მიმდიანრეობდა კოლხეთის დაბლობის ათვისება სუბტროპიკული კულტურის გაშენებით.

30-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიები

პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში 1917 წლიდან, ხოლო საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო. პოლიტიკური რეპრესიები, პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზეზით, სულ უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიღწია. 30-იანი წლების რეპრესიების მასშტაბურობა და სისასტიკე განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით: მოსახლეობის უმრავლესობას, რომელთაც მართლაც ჰქონდათ რწმენა იდეოლოგიის და სოციალისტური წყობის შექმნისა, იმედი გაუცრუვდა. სოციალისტური სისტემის ნაცვლად მათ თვალწინ ჩამოყალიბდა ძალმომრეობაზე დამყარებული სისტემა, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ადამიანს აქცევდა პოლიტიკური სისტემის ბრმა შემსრულებლად; კომუნისტურ პარტიაში სტალინის კურს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ; ძველი ინტელიგენცია, რომელიც არასდროს შერიგებია საბჭოთა სისტემას. ყველა ამ მიზეზთა გამო ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძლიერი ოპოზიციური აზრი, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა კომუნისტურ პარტიას.

იოსებ სტალინმა და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების მიზნით, დაეწყოთ დიდი პოლიტიკური რეპრესიები. პოლიტიკურ რეპრესიებს საქართველოში ატარებდა ლავრენტი ბერია, რომელიც ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკას, ხოლო შემდგომ საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში და ფაქტობრივად ერთპიროვნულად წყვეტდა ყველა საკითხს.

30-იანი წლების რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ გამოჩენილი მწერალი: მიხეილ ჯავახიშვილი, ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ლიტერატურათმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი, სახელგანთქმული პოეტები პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები. ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა მრავალი წელი გადასახლებებში და ციხეებში გაატარა. პოლიტიკური რეპრესიები უმკაცრესად შეეხო ქართველ ბოლშევიკებსაც, სიკვდილით იქნა დასჯილი: მიხეილ კახიანი, მამია ორახელაშვილი, ლევან ღოღობერიძე, ბუდუ მდივანი, მიხეილ ოკუჯავა, სამსონ მამულია და სხვები.

საქართველო მეორე მსოფლიო ომში

1941 წლის შუა ხანებისთვის გერმანიამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის სამზადისი დაასრულა და 22 ივნისს ომის გამოუცხადებლად, თავის მოკავშირეებთან ერთად (იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი), თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დაიწყო საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომი, რომელიც რუსეთის ისტორიაში დიდი სამამულო ომის სახელითაა ცნობილი, თუმცა საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოსთვის ეს ომი სამამულო არ იყო. მიუხედავად ამისა, საბჭოთა სინამდვილეში აღზრდილი ადამიანთა ნაწილისთვის, რომელთა ფსიქოლოგიაზე სისტემატურად მოქმედებდა საბჭოთა პროპაგანდა, ომმა პატრიოტული ხასიათიც კი მიიღო. საქართველო, როგორც საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკა, ომში ჩათრეული აღმოჩნდა.

გერმანიისა და მისი მოკავშირეების ჯარებმა ომის პირველივე დღეებიდანვე ხელთ იგდეს სამხედრო სტრატეგიული ინიციატივა და ფრონტზე, შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, წინ წაიწიეს. 1941 წელს მათ ხელთ იგდეს მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია და მოსკოვისკენ გაიჭრნენ. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის საწყისი პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მოსახლეობის მობილიზაცია და მოქმედი არმიის და ფლოტის გაწვევა. საქართველოში მობილიზაცია დიდი სიმკაცრით ტარდებოდა. მამაკაცებთან ერად ომში მასობრივად გაიწვიეს ქალებიც, ძირითადად ექიმები და ექთნები. სულ საქართველოდან გაიწვიეს 700 000 ადამიანი. საქართველოს გენოფონდი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. უშუალოდ ფრონტზე გაწვევის გარდა ქართველები მუშაობდნენ თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობებშიც. ამგვარ სამუშაოებში ქართველები მონაწილეობდნენ მას შემდეგ, რაც გერმანელები კავკასიონის მთავარ ქედს მიუახლოვდნენ.

ომის მოთხოვნათა შესაბამისად ქართული ეკონომიკა საომარ ყაიდაზე გადაიქმნა. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სტრატეგიული მნიშვნელობის წიაღისეულის (მარგანეცი, ქვანახშირი და სხვა.) მოპოვებას. ამიტომ ძლიერი დატვირთვით მუშაობდნენ ჭიათურის მარგანეცის, ტყიბულის, ტყვარჩელისა და ახალციხის ქვანახშირის საწარმოებში. ომის დაწყების დღიდან ქარხნები გადავიდა საბრძოლო იარაღის დამზადებაზე. თბილისში დიდი რაოდენობით ამზადებდნენ ტყვიამფრქვევებს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო ჭურვებს. ფრონტისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის საავიაციო ქარხნის პროდუქციას.

ფრონტზე მოსახლეობის გაწვევამ სოფლიოს მეურნეობა თითქმის მუშახელის გარეშე დატოვა. სოფლად მუშაობის მთელი სიმძიმე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებულებს დააწვა. მიუხედავად ამისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემა დაკისრებულ მიზანს ასრულებდა.

ქართველების მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში

საქართველოდან გაწვეული მოსახლეობა მონაწილობას იღებდა საბჭოთა კავშირ-გერმანიის თითქმის ყველა სამხედრო ოპერაციაში, მათ შორის ომის საწყის ეტაპზე გამართულ ბრძოლებში დასავლეთ ფრონტზე, მოსკოვის დაცვაში (1941 წლის ზამთარი), სტალინგრადის ბრძოლაში (1942-1943 წლები) და სხვები. ყველაზე დიდი რაოდენობით ქართველი მონაწილეობდა კავკასიის დაცვაში (1942-1943 წლები). კავკასიის დაცვის ბრძოლებში კიდევ უფრო დიდი დატვირთვით მუშაობდნენ საქართველოში განლაგებული სამხედრო ქარხნები და სამხედრო ჰოსპიტალები. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომში შეიქმნა ქართველთა დივიზიები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ყირიმისა და კავკასიის დაცვის ოპერაციებში. ომის წლებში თავი გამოიჩინეს ქართველმა გენერლებმა კონსტანტინე ლესელიძემ, პორფილე ჩანჩიბაძემ, ვლადიმერ ნანეიშვილმა და სხვ.

მრავალი ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი მონაწილეობდა გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაწყებულ პარტიზანტულ მოძრაობაში. ომის დასაწყისში, საბჭოთა არმიის უკან დახევის პერიოდში დიდი რაოდენობით სამხედრო შენაერთები ალყაში აღმოჩნდნენ და ბრძოლის პარტიზანულ მეთოდზე გადავიდნენ. შემდგომში პარტიზანებს შეუერთდნენ ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ჯარისკაცები და ოფიცრები, ასევე გერმანიის ჯარების ზურგში საბჭოთა სარდლების მიერ სპეციალური სავალდებულო დავალებით გადასხმული სამხედრო სპეციალისტები. უკრაინის ტერიტორიაზე პარტიზანულ ბრძოლებში სახელი გაითქვა დავით ბექრაძემ, ბელორუსიაში – ივალე შუბითაძემ და ვლადიმერ თაკვერაძემ.

ქართველები მონაწილეობდნენ გერმანიის მიერ ოკუპირებული ევროპული ქვეყნების პარტიზანულ ბრძოლებში. პოლონეთში ამგვარ ბრძოლებში თავი გამოიჩინა ვასილ მანჯავაძემ, იტალიაში - კონსტანტინე ლეჟავამ, ნოე კუბლაშვილმა, ფორე მოსულიშვილმა და სხვებმა, საფრანგეთში – ვახტანგ სეხნიაშვილმა, ოთარ იშხნელმა და სხვებმა. 1945 წლის მაისში გერმანიის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე განლაგებულმა ქართულმა ბატალიონმა.

ეროვნული მოძრაობის გამოცოცხლება

ქართული ლეგიონის აღლუმი დამოუკიდებელი საქართველოს დროშით, პოლონეთი, 1942
ქართველების მემორიალი ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე

საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ გამოცოცხლდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწეობა. ემიგრაციას ომში საბჭოთა მარცხის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის იმედი ჩაესახა. ქართული ემიგრაციის სოციალ-დემოკრატიული ნაწილი (ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი და სხვ.) თავს იკავებდა ნაცისტურ გემანიასთან აშკარა თანამშრომლობაზე, თუმცა ყოველნაირად ცდილობდნენ გერმანიის გამარჯვებისთვის ხელი შეეწყოთ. გერმანიასთან აქტიური ურთიერთობები ჰქონდათ ეროვნულ-დემოკრატებს (სპირიდონ კედია და სხვ.). ქართული ემიგრაციის საერთო მისწრაფებას წარმოადგენდა გერმანიის დაინტერესება საქართველოთი. ამ მიზნით დიდ მუშაობას ეწეოდა გერმანიის არმიის გენერალი შალვა მაღლაკელიძე. ქართული ემიგრაციის ძალისხმევით ტყვედ ჩავარდნილი ქართული ოფიცრებისგან და ჯარისკაცებისგან ჩამოყალიბდა ქართული ბატალიონი (სულ 7 ბატალიონი), რომელთა ნაწილი კავკასიის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას. 1941 წლიდან ქართველი ემიგრანტებისა და ქართველი სამხედრო ტყვეებისგან გერმანიაში დაიწყო ბატალიონების შექმნა. სულ შეიქმნა ორი ბატალიონი, „თამარ I“ და „თამარ II“. კავკასიაში იბრძოდა სპაციალური სამხედრო ნაწილი „ბერგმანი“, რომელშიც ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ. ომის წლებში საქართველოში სპეციალური დავალებით არალეგარულად შემოვიდნენ ემიგრანტი პოლიტიკური მოღვაწეები.

ომის წლებში საქართველოში გამოცოცხლდა ეროვნული მოძრაობა. 1941 წელს ახალგაზრდების ჯგუფმა: გიორგი იმერლიშვილმა კონსტანტინე ხიმშიაშვილმა, კონსტანტინე ჯოგლიძემ და სხვებმა შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია. მალე ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს. 1942 წელს სამხედრო ტრიბუნალმა ამ ორგანიზაციიდან 17 კაცს დახვრეტა მიუსაჯეს.

ქართული ინტელიგენცია (შალვა ნუცუბიძე, გიორგი წერეთელი, ლევან გოთუა და სხვ.) იმედოვნებდა, რომ ომში საბჭოთა კავშირი დამარცხდებოდა და შესაძლებელი გახდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, თუმცა მათი იმედები გაცრუვდა, რადგან გერმანიამ ვერ მოახერხა კავკასიის გადმოლახვა და საქართველოს დაკავება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართულმა ემიგრაციამ, როგორც პოლიტიკურმა ძალამ ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა.

მეორე მსოფლიო ომის შედეგები საქართველოსთვის

მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა 300 000 ქართველი. უამრავი ადამიანი დასახიჩრდა, ბევრმა მიიღო მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა. ომის შედეგად მიღებული ჭრილობებით დაიღუპა უამრავი ქართველი. ყოველივე ამან ძალზე გააუარესა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა. ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას. გაიძარცვა წიაღისეულის საწარმოები.

XX საუკუნის 40-50–იან წლებში

ნიკიტა ხრუშჩოვი და იოსებ სტალინი
თბილისში 9 მარტს დახვრეტილ მომიტინგეთა მემორიალი
1944 წლის მარტში ჩეჩნების, ინგუშებისა და ყაბარდოელების გადასახლების შემდეგ საქართველოს სსრ-ს რუსეთის სფსრ-სგან გადაეცა შემდეგი ტერიტორიები: 1) შაროევის რაიონის დასავლეთ ნაწილი, გალანჩოჟის, გალაშინის და მაშინდელი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ს სამხრეთ ნაწილები. რსფსრ-ს უკან დაუბრუნდა 1957 წელს. 2) ყარაჩაის აო-ს მიკოიანოვსკის და უჩკულანსკის რაიონები. რსფსრ-ს დაუბრუნდა 1955 წელს.

პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო. რეპრესიები შეეხო იმ ქართველ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ომის მიმდინარეობისას, ტყვეობაში აღმოჩნდნენ. მათი დიდი ნაწილი სამშობლოს ღალატის ბრალდებით საქართველოდან გადაასახლეს. რეპრესიები შეეხო პარტიზანული და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებსაც, მათ შორის იმ ადამიანებსაც რომლებმაც თავი გამოიჩინეს ნაცისტურ გერმანიასთან ბრძოლებში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მკაცრი იდეოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოექცა მწერლობა, ხელოვნების ყველა დარგი, გამკაცრდა ცენზურა. საბჭოთა იდეოლოგიის მესვეურები ყველგან ბურჟუაზიული იდეოლოგიის გამოვლინებას ებრძოდნენ. საბჭოთა იდეოლოგიის აგრესიულობამ აუტანელი პირობები შეუქმნა მწერლობის და ხელოვნების მოღვაწეებს.

1951 წელს საქართველოდან პოლიტიკური მოტივებით ყაზახეთსა და შუა აზიაში გადაასახლეს რამდენიმე ათასი კაცი, ძირითადად ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც 30-იან წლებში უკვე იყვნენ მსჯავრდებულები და სასჯელიც მოხდილი ჰქონდათ. გადასახლებულთა შორის კვლავ აღმოჩდნენ სამხედრო ტყვეები, პარტიზანები და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეები. რეპრესიებს ვერ გადაურჩნენ ისინიც, ვისაც ნათესავები საზღვარგარეთ ჰყავდათ.

პოლიტიკური რეპრესიების გრძელ ჯაჭვში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ე.წ „მეგრელთა საქმეს“. ამ საქმის პროვოკატორთა ჩანაფიქრები დღესაც არ არის ბოლომდე ცნობილი. 1951 წელს, ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა ერთ ჯგუფს ბრალად დასდეს საქართველოდან სამეგრელოს გამოყოფის მცდელობა და ამ მიზნით უცხოეთის დაზვერვასთან კავშირი. „მეგრელთა საქმესთან“ დაკავშირებით დააპატიმრეს მრავალი უდანაშაულო ადამიანი. მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გონს არ მოგებულიყო და ეს პროვოკაცია არ შეეწყვიტა.

1956 წლის მარტის მოვლენები

საქართველოში ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში სტალინის კრიტიკა მტკივნეულად აღიქმებოდა. მტკივნეულად აღიქვამდნენ სტალინის კრიტიკის დროს ქართველი ერის შეურაცმყოფელ გამოხტომებს. საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ 30-იანი წლების რეპრესიებში საქართველო სხვა მოკავშირე რესპუბლიკებზე ნაკლებად არ დაზარალებულა.

1956 წლის მარტში იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით თბილისში დაიწყო დიდი მიტინგები და დემონსტრაციები. განსაკუთრებით აქტიურობდა ახალგაზრდობა. თბილისის დემონსტრაციები და მიტინგები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ოფიციალური პოლიტიკური კურსის დაგმობად მიიჩნია. მოსკოვში შეშინდნენ, რომ მოძრაობა უფრო ფართო ხასიათს მიიღებდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. 1956 წლის 9 მარტს თბილისში არმიამ სამხედრო ტექნიკის გამოყენებით უმოწყალოდ დახვრიტა მშვდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები. დაიღვარა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სისხლი. დახოცილთა ოჯახების წევრებს მიცვალებულების დატირების უფლებაც კი არ მისცეს.

საბჭოთა სისტემის კრიზისი

საქართველოს სსრ–ის ცკ კომპარტიის მდივანი ედუარდ შევარდნაძე
საბჭოთა კავშირის მმართველი ლეონიდ ბრეჟნევი

საბჭოთა სისტემის კრიზისი, რომელიც აშკარად გამოვლინდა XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარსა და 60-იანი წლების დამდეგს, ნიკიტა ხრუშჩოვის მოღვაწეობის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა და ყოვლისმომცველი გახდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ცვლილების სათავეში ლეონიდ ბრეჟნევის ყოფნის პერიოდში (60-იანი წლების შუა ხანები–80-იანი წლების დამდეგი). მართალია, პოლიტიკური სისტემა გარეგნულად ძლიერად გამოიყურებოდა, მაგრამ სულ უფრო ჩანაგდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, განუხრელად ეცემოდა ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დონე. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით დიდი ხარჯები ხმარდებოდა სამხედრო მშენებლობას.

დაქვეითებას განიცდიდა ქართული ეკონომიკაც. დაეცა ქართული სამრეწველო პროდუქციის ხარისხი, განსაკუთრებით დაბალი ხარისხის იყო მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. სერიოზულ პრობლებას განიცდიდა სამოქალაქო მეურნეობა. კოლმეურნეობებსა და სხვა საბჭოთა მეურნეობებში განუხრელად ეცემოდა შრომის ნაყოფიერება. ეკონომიკის კრიზისმა გამოიწვია ფასების ზრდა, რამაც კიდევ უფრო გააუარესა ცხოვრების დონე.

ეროვნული მოძრაობის აღმავლობა

საბჭოთა სისტემის კრიზისის გაღრმავების კვალობაზე სულ უფრო ძლიერდებოდა ეროვნული მოძრაობა საქართველოში. საკუთრივ რუსეთშიც დაიწყო საზოგადოების დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ რაც 1975 წელს ჰელსინკიში ხელმოწერილ იქნა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ადამიანის დაცვასაც ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰელსინკის ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი, ადამიანის უფლებები მაინც ირღვეოდა. ადამიანის უფლებები ირღვეოდა საქართველოშიც. 1976 წელს ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ და ვიქტორ რცხილაძემ დააფუძნეს „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“. ამ მოძრაობის შექმნასთანაა დაკავშირებული საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დასაწყისი. ეროვნული მოძრაობის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა ზვიად გამსახურდიას სახელით განხორციელებულმა არალეგალურმა გამოცემებმა: „ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“, „საქართველო“ და სხვა.

საბჭოთა სისტემის კრიზისის მაჩვენებელი იყო ის ფაქტიც, რომ პოლიტიკური რეჟიმი ლიბერალიზაციის ნაცვლად კვლავ დიდმპყრობელურ შოვინიზმის გაღვიძების გზით ცდილობდა ეროვნული ურთიერთობების მოგვარებას. ეს ცხადად დადასტურდა 1978 წელს. ამ წელს უნდა განეხილათ და დაედასტურებინათ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუცია. მოსკოვის ნების თანახმად, საქართველოს ახალ კონსტიტუციაში აღარ იყო მუხლი რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ანიჭებდა. 14 აპრილს, როდესაც საქართველოს უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა ახალი კონსტიტუცია, თბილისში რუსთაველის პროსპექტზე გაიმართა გრანდიოზული დემონსტრაცია. საპროტესტო მოძრაობაში დიდი როლი შეასრულეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სხვა სასწავლებლებმა. ხელისუფლებამ თბილისის ქუჩებში არმია და სამხედრო ტექნიკა გამოიყვანა. მზადდებოდა დიდი სისხლისღვრა. ტრაგედიისგან თავის აცილებაში წვლილი მიუძღვის საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ლიდერს ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც სსრკ კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაარწმუნა დათმობის აუცილებლობაში. საქართველოს კონსტიტუციაში აღდგა მუხლი, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ანიჭებდა. ეს იყო ეროვნული მოძრაობის დიდი გამარჯვება.

დამოუკიდებლობის აღდგენა

ზვიად გამსახურდია (საქართველოს პირველი პრეზიდენტი).
მერაბ კოსტავა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა

XX საუკუნის 70-იან წლების დასასრულისა და 80-იანი წლების დამდეგისათვის საბჭოთა სისტემის კრიზისმა ყოვლისმომცვლელი ხასიათი მიიღო. დაეცა მრეწველობის დონე, ჯერჯერობით მაინც მუშაობდნენ ფაბრიკები, მაგრამ მათი მუშაობა სრულიად არმიის მომარაგებას ხმარდებოდა. კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა იყო სოფლის მეურნეობაში, კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები ვეღარ ახერხებდნენ ქვეყნის მომარაგებას. მოიშალა ტრანსპორტის მუშაობა. ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებდა საქალაქო მეურნეობა. პროდუქციაზე ფასები ძალიან გაიზარდა რაც მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა. საბჭოთა ხელისუფლება არარუსი ხალხის მიმართ კვლავ დიდმპყრობელურად მოქმედებდა.

1985 წელს საბჭოთა ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ გორბაჩოვი, ახალმა ხელისუფლებამ აღიარა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. აღიარებული იქნა ქვეყნის არადემოკრატიულობა, და ქვეყანაში დამყარებული დიქტატურა. გორბაჩოვმა დაიწყო გარდაქმნები, სულ მალე ცხადი გახდა რომ საბჭოთა კავშირს ვერავითარი გარდაქმნები ვერ უშველიდა.

ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის

ეროვნული მოძრაობის აღიარებულ ლიდერებთან ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთან მოძრაობაში ჩაებნენ ახალგაზრდა ძალები: თამარ ჩხეიძე, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და სხვები. „საქართველოს ჰელსინკის“ კავშირთან ერთად შეიქმნა ახალი ორგანიზაციები: ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს სახალხო ფრონტი, რუსთაველის საზოგადობა, საქართველოს მწვანეთა პარტია და სხვები. ეროვნული მოძრაობის მთავარ ძალას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ. ეროვნული მოძრაობის აღმავლობა იგრძნობოდა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში.

ანტისაბჭოთა მიტინგები და დემონსტრაციები გაძლიერდა 1988 წლიდან. ეს გამოსვლები მიმართული იყო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და მთავარ მოთხოვნად საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა წარმოადგენდა. 1988 წლის ნოემბრიდან თბილისში თითქმის ყოველდღე იმართებოდა მიტინგები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი დღითიდღე იზრდებოდა, ეს იდეა სულ უფრო პოპულარული ხდებოდა საქართველოს თითქმის ყველა ოციალურ ფენაში. 1989 წლის გაზაფხულიდან საქართველოში სიტუაცია ძალზე დაიძაბა, მოსკოვის წაქეზებით საქართველოს დაუპირისპირდნენ აფხაზი და ოსი სეპარატისტები. აფხაზმა სეპარატისტებმა 1989 წლის მარტში სოფელ ლიხნში გამართულ მრავალთასიან თავყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის და რუსეთთან შეერთების შესახებ. შიდა ქართლში ძლიერდებოდა სეპარატისტული მოძრაობა რომელიც მოითხოვდა სამხრეთ ოსეთის საქართველოდან გამოყოფას და რუსეთთან შეერთებას.

აფხაზი და ოს სეპარატისტების მოქმედებას დიდი აღშფოთება მოჰყვა საქართველოში. თბილისში მთავრობის სასახლის წინ ახალგაზრდათა ჯგუფმა დაიწყო შიმშილობა. 4 აპრილიდან მთავრობის სასახლის წინ მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. საბჭოთა პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეაშფოთა საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ, თბილისში მიმდინარე მოვლენებს შეიძლება გავლენა მოეხდინა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებზე, სადაც ასე ძლიერდებოდა ეროვნული მოძრაობები. მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში მიმდინარე აქციის ძალით აღკვეთის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ისარგებლეს საბჭოთა კავშირის პოლიტიკოსთა ყველაზე რეაქციულმა ნაწილმა და 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში მთავრობის სასახლის წინ რუსეთიდან ჩამოყვანილმა სპეცდანიშნულების რაზმმა, მომწამვლელი აირით და მესანგრეთა ალესილი ნიჩბების გამოყენებით დაარბიეს მომიტინგეები. ამ დარბევის დროს დაიღუპა 20, ხოლო დასახიჩრდა ასეულობით ადამიანი. 10 აპრილს არმიამ ალყა შემოარტყა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ამ დღეს მოსალოდნელი იყო კვლავ მომხდარიყო ტრაგედია მაგრამ გააზრებული მოქმედებების შედეგად ეს ასე არ მოხდა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც მოკავშირე რესპუბლიკებში, ასევე მთელ მსოფლიოში. ცხადი გახდა რომ საბჭოთა გარდაქმნები მხოლოდ მოჩვენებითი იყო. მრავალეროვანი საბჭოთა კავშირი განწირული იყო.

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოში შეიქმნა რამდენიმე პოლიტიკური პარტია, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა მოსკოვმა ვერ შეაჩერა. 1989 წლის 26 მაისს საქართველოში დიდი საზეიმო ვითარება იყო, ხალხი ზეიმობდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

1990 წლის მარტში თბილისში გაიმართა სხვადასხვა პარტიათა კონფერენცია. კონფერენციამ შექმნა ეროვნული ფორუმი, რომლის დანიშნულებას ეროვნული მოძრაობის ხელმძვანელობა შეადგენდა. ეროვნული ფორუმი მალევე დაიშალა. ფორუმი დატოვეს ზვიად გამსახურდიას მეთაურობით „ჰელსინკის კავშირმა“, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ“, „ტრადიციონალისტთა კავშირმა“ და სხვებმა. ეროვნულ ფორუმში დარჩენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა 1990 წლის მაისში საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე, გიორგი ჭანტურიას და ირაკლი წერეთელის ხელმღვანელობით შექმნეს ეროვნული კონგრესი. იმავე წელს ჩატარდა ეროვნული კონგრესის არჩევნები, ამ არჩევნებმა მოითხოვა საქართველოს გამოყოფა რუსეთისგან, საბჭოთა ორგანოების გაუქმება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

დამოუკიდებლობის გამოცხადება

საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება იძულებული გახდა ეროვნული მოძრაობისთვის ანგარიში გაეწია. საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ცნო, ხოლო 1922 წლის ხელშეკრულება საბჭოთა კავშირის შექმნის შესახებ საქართველოს მხრიდან გაუქმებულად გამოაცხადა.

ეროვნული მოძრაობის დიდ გამარჯვებას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს უზენაესი საბჭო იძულებული გახდა 1990 წლის 28 ოქტომბრისათვის ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს - უზენაესი საბჭოს - ახალი მრავალპარტიული არჩევნები დაენიშნა.

პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვება წილად ხვდა პოლიტიკურ პარტიათა ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია. ხოლო პრემიერ მინისტრად დანიშნა თენგიზ სიგუა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად ქვეყანაში გარადმავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ.

1991 წლის 31 მარტს მოეწყო რეფერენდუმი. რეფერენდუმის დროს საქართველოს ყოველ მოქალაქეს უნდა ეპასუხა კითხვაზე: თანახმა იყო თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა. რეფერენდუმის საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

საქართველოში კომუნისტური წყობილების ლიკვიდაცია მოხდა მშვიდობიანი გზით, რაც ეროვნული მოძრაობის სწორი ტაქტიკა იყო. ცხადია მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სეპარატისტების წინააღმდეგობის დაძლევა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.

1991 წლის 26 მაისის პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.

საქართველოს სსრ ტერიტორიული მოწყობა

1938 წლის 9 ივლისს გამოიცა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დადგენილება, რომელშიც საქართველოს სსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) მე-19 მუხლი მიღებულ იქნა შემდეგნაირად:

 
„19. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შესდგება აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა, აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა, სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქისაგან; აბაშის, ადიგენის, ამბროლაურის, ასპინძის, აღბულაღის, ახალქალაქის, ახალციხის, ბაღდადის, ბაშკიჩეთის, ბოგდანოვკის, ბორჩალოს, ბორჯომის, გეგეჭკორის, გორის, გურჯაანის, დუშეთის, ვანის, ზემო-სვანეთის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თბილისის, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლუქსემბურგის, მახარაძის, ონის, ორჯონიკიძის, საგარეჯოს, სამტრედიის, სიღნაღის, ტყიბულის, ქვემო-სვანეთის, ქუთაისის, ყაზბეგის, ყარაიას, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხარის, ჩხოროწყუს, ცაგერის, ცხაკაიას, წალენჯიხის, წალკის, წითელწყაროს, წულუკიძის, ჭიათურის, ხაშურის, ხობის რაიონებისაგან და ქალაქების: თბილისის და ფოთისაგან, რომლებიც რაიონის შემადგენლობაში არ შედიან[4].“
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა 1981 წელს

მმართველობა

სოციალისტურისაქართველოს ერთიანი სახელმწიფო აპარატი ემყარებოდა ხალხის წარმომადგენლობით ორგანოებს — სახალხო დეპუტატთა საბჭოებს, რომლებიც ახორციელებდნენ მთელ ძალაუფლებას რესპუბლიკის მასშტაბით. სახალხო დეპუტატთა საბჭოები — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოები, სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა რაიონული და საქალაქო, ქალაქების რაიონული, სადაბო და სასოფლო საბჭოები შეადგენდნენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ერთიან სისტემას. საქართველოს უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების უფლებამოსილების ვადა იყო 5 წელი, ხოლო სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოებისა კი — ორნახევარი წელი. საბჭოები ირჩევდნენ მუდმივ კომისიებს, ქმნიდნენ აღმასრულებელ და განმკარგულებელ, აგრეთვე სხვა მათ წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს.

საქართველოს სსრ მთავრობა

საქართველო სსრ სახალხო კომისართა საბჭო შეიქმნა 1938 წლის 11 ივლისს[5].

საქართველო სსრ მინისტრთა საბჭო შეიქმნა 1951 წლის 20 აპრილს[6].

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეები

  1. ფილიპე იესეს ძე მახარაძე (10 ივლისი 1938 — 10 დეკემბერი 1941);
  2. გიორგი თედორეს ძე სტურუა (3 იანვარი 1942 — 26 მარტი 1948);
  3. ვასილ ბარნაბას ძე გოგუა (26 მარტი 1948 — 6 აპრილი 1952);
  4. ზაქარია ნიკოლოზის ძე ჩხუბიანიშვილი (6 აპრილი 1952 — 15 აპრილი 1953);
  5. ვლადიმერ გედევანის ძე ცხოვრებაშვილი (15 აპრილი 1953 — 29 ოქტომბერი 1953);
  6. მირონ დიმიტრის ძე ჩუბინიძე (29 ოქტომბერი 1953 — 17 აპრილი 1959);
  7. გიორგი სამსონის ძე ძოწენიძე (18 აპრილი 1959 — 26 იანვარი 1976);
  8. პავლე გიორგის ძე გილაშვილი (26 იანვარი 1976 — 29 მარტი 1989);
  9. ოთარ ევტიხეს ძე ჩერქეზია (29 მარტი 1989 — 17 ნოემბერი 1989);
  10. გივი გრიგორის ძე გუმბარიძე (17 ნოემბერი 1989 — 14 ნოემბერი 1990).

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები

  1. იოსებ დიმიტრის ძე კოჭლამაზაშვილი — (8 ივლისი 1938 — 24 მარტი 1947);
  2. ვასილ ბარნაბას ძე გოგუა (24 მარტი 1947 — 26 მარტი 1948);
  3. არჩილ ალექსანდრეს ძე გიგოშვილი (26 მარტი 1948 — 18 აპრილი 1951);
  4. მიხეილ მიხეილის ძე ლელაშვილი (18 აპრილი 1951 — 6 აპრილი 1952);
  5. გივი დიმიტრის ძე ჯავახიშვილი (6 აპრილი 1952 — 15 აპრილი 1953);
  6. არჩილ დიმიტრის ძე გიორგაძე (15 აპრილი 1953—1954);
  7. ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე (1954 — 26 აპრილი 1963);
  8. რაფაელ რაფაელის ძე დვალი (26 აპრილი 1963 — 12 ივლისი 1971);
  9. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (12 ივლისი 1971 — 14 ნოემბერი 1990).

საბჭოთა საქართველოს მმართველები

სახელი თანამდებობის წლები ტიტული
ფილიპე მახარაძე თებერვალი 1921 – 1922 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პასუხისმგებელი მდივანი
მიხეილ ოკუჯავა აპრილი 1922 – ოქტომბერი 1922 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პასუხისმგებელი მდივანი
ბესარიონ ლომინაძე ოქტომბერი 1922 – 1924 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პასუხისმგებელი მდივანი
მიხეილ კახიანი 1924 – 6 მაისი 1930 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პასუხისმგებელი მდივანი;

1927 წლის 20 ნოემბრიდან - საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი

ლევან ღოღობერიძე 6 მაისი 1930 – 20 ნოემბერი 1930 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი
სამსონ მამულია 20 ნოემბერი 1930 - 13 ოქტომბერი 1931 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი
ლავრენტი ქართველიშვილი 13 ოქტომბერი 1931 – 14 ნოემბერი 1931 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი
ლავრენტი ბერია 14 ნოემბერი 1931 – 31 აგვისტო 1938 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი
კანდიდ ჩარკვიანი 31 აგვისტო 1938 – 27 მარტი 1952 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი
აკაკი მგელაძე 29 მარტი 1952 – 14 აპრილი 1953 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი
ალექსანდრე მირცხულავა 14 აპრილი 1953 – 4 სექტემბერი 1953 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი
ვასილ მჟავანაძე 4 სექტემბერი 1953 – 28 სექტემბერი 1972 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი
ედუარდ შევარდნაძე 28 სექტემბერი 1972 – 2 ივლისი 1985 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი
ჯუმბერ პატიაშვილი 6 ივლისი 1985 – 14 აპრილი 1989 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი
გივი გუმბარიძე 14 აპრილი 1989 – 14 ნოემბერი 1990 საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი;

1989 წლის 17 ნოემბრიდან - აგრეთვე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.