USD 2.7201
EUR 3.1714
RUB 3.2718
თბილისი
ვიკინგები საქართველოში და სასირეთის ბრძოლა
თარიღი:  2381
ვიკინგები საქართველოში და სასირეთის ბრძოლა ევროპაში სახელგანთქმულმა ნორმანებმა მტკვრისა და თეძმის ხეობაში მარცხი იწვნიეს.
IX საუკუნის დასავლეთ ევროპის კათედრალებსა თუ მონასტრებში ხშირად წარმოთქვამდნენ სავედრებელ ლოცვას: ”უფალო, შენ დაგვიფარე ნორმანთა მძვინვარებისგან”. ევროპული ქრონიკები ნორმანებად სკანდინავიიდან გამოსულ მეომრებს მოიხსენიებდნენ. მეორენაირად, მათ ვიკინგებსაც უწოდებდნენ. საუკუნეთა განმავლობაში ისინი ცეცხლითა და მახვილით არბევდნენ ევროპის ქალაქებსა და სოფლებს. დღემდე მსჯელობენ მეცნიერები, რამ განაპირობა ვიკინგთა ასეთი წარმატება. სამხედრო შეიარაღებაში მათ რამე განსაკუთრებული იარაღი არ გააჩნდათ, ისევე იყვნენ აღჭურვილი, როგორც სხვა დასავლეთევროპელი მეომრები. არც სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკაში შეუტანიათ ნორმანებს რევოლუციური ცვლილებები. მათი წარმატების ყველაზე დიდი საიდუმლო მდგომარეობდა ზღვაზე სწრაფ და მოხერხებულ გადაადგილებაში. ამიტომაცაა, რომ როცა ვახსენებთ ვიკინგს, სკანდინავიელ მეომარს, თვალწინ უპირატესად გულადი მეზღვაური წარმოგვიდგება. ვიკინგები პატარა გემებზე ამხედრებული, შენიღბვით, უცაბედად ესხმოდნენ თავს მოწინააღმდეგეს. VIII საუკუნიდან მოყოლებული, დღევანდელი სკანდინავიის ტერიტორიიდან ვიკინგთა სამხედრო აგრესია რამდენიმე მიმართულებით წარიმართა: ნორვეგიიდან და დანიიდან გამოსულმა მეზღვაურებმა ძირითადად თანამედროვე გერმანიის, საფრანგეთისა და ინგლისის სანაპირო ზოლის აოხრებას მიჰყვეს ხელი. შვედები აღმოსავლეთ ევროპის - კიევის რუსეთისა და სხვა სლავური სამეფო-სამთავროების დარბევით იყვნენ დაკავებული.
 
IX საუკუნიდან მოყოლებული, ნორმანები დიდი მდინარეებით კონტინენტური ევროპის სიღრმეში იჭრებიან. ამავე დროს სკანდინავიელები ახერხებენ ინგლისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ პროვინციების დაპყრობას. ვიკინგთა სამხედრო რაზმები პატარა გემებით, რომელზეც 50-დან 100 მეომრამდე ეტეოდა და რომლის ქიმზე ურჩხული იყო გამოსახული, თანდათანობით გიბრალტარის სრუტით ხმელთაშუა ზღვის აუზში იკიდებდნენ ფეხს. სამხრეთ იტალიაში XI საუკუნეში ნორმანებმა საკუთარი სამეფოს შექმნა მოახერხეს.
 
გადმოცემით, 1000 წელს ნორმანმა მეზღვაურებმა თვით ჩრდილოეთ ამერიკამდეც კი მიაღწიეს.
 
X საუკუნის II ნახევრიდან ვიკინგთა მრავალრიცხოვანი სამხედრო რაზმები მსახურობდნენ ბიზანიის იმპერატორის კარზე. ბერძნები მათ ვარანგებად იხსენიებდნენ. კონსტანტინოპოლში, ადგილს, სადაც ვარანგები - ვიკინგები ცხოვრობდნენ, ვაერინგჯა სკიფტი ან ვაერინგჯა სეტა ერქვა. დაქირავებულ მეომრებს სასახლისა და იმპერატორის დაცვა ევალებოდათ. ბიზანტიაში ვიკინგები ძირითადად რუსეთის გავლით ხვდებოდნენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც კიევისა და ნოვგოროდის დაწინაურება, ხოლო შემდეგ კიევის სახელმწიფოს ფორმირება ნაწილობრივ დაკავშირებულია ვიკინგებთან. პირველ რუს მთავრებსაც სკანდინავიური სახელები ერქვათ. ნაწილი მეომრებისა პირდაპირ კონსტანტინოპოლში მიდიოდა სამხედრო სამსახურში, ნაწილი ჯერ კიევში ჩადიოდა, ხოლო რაღაც დროის შემდეგ ბიზანტიაში გადადიოდა. იმპერატორის კარზე მყოფი რაზმები ივსებოდა ასევე სიცილიაში დამკვიდრებულ ნორმანთა ხარჯზეც.
 
ქართველებს ვიკინგთა არსებობის შესახებ სწორედ ბიზანტიელებისგან უნდა გაეგოთ. ქართულ წყაროებში მოხსენიებული სახელი `ვარანგ~ ბერძნული სახელწოდების ადეკვატურია. ამავე პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული კავშირები ჰქონდა სლავურ სამყაროსთან, სადაც ვიკინგები მეტად პოპულარული იყვნენ. ასე რომ, სკანდინავიელი მეომრების ბრძოლისუნარიანობის, შემართების შესახებ ქართველებს უტყუარი ცნობები ექნებოდათ. სწორედ ამან განაპირობა კიდეც XI საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის გადაწყვეტილება, დაექირავებინა ვიკინგები - ვარანგები აჯანყებული კლდეკარის ერისთავის, ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ.
XI საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში საშინელი ძმათამკვლელი ომი იყო გაჩაღებული. ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის მეთაურობით და განდგომილი ფეოდალი - ლიპარიტ ბაღვაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ პირველობის მოსაპოვებლად. ამ ომმა შესვენებებით თხუთმეტ წელიწადს გასტანა.
 
1041 წელს მოხერხდა დაპირისპირებულ მხარეთა დაზავება, მაგრამ მშვიდობა ქვეყანაში დიდხანს არ გაგრძელებულა. 1045 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა ბიზანტიელთა მხარე დაიკავა და ბაგრატ IV-ს ანისის სომხური სამეფო დააკარგვინა. ამ ფაქტით ძმათამკვლელი ომის ახალი ეტაპი დაიწყო.
 
იმავე წელს მოწინააღმდეგეებმა თავი აარიდეს ერთმანეთთან პირისპირ ბრძოლას. როგორც ბაგრატ IV-მ, ისე ლიპარიტ ბაღვაშმა ძალების მობილიზაციის ტაქტიკა არჩიეს. ლიპარიტმა დასახმარებლად ბიზანტიელებს უხმო. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კი იმ დროს ბიზანტიიდან სამშობლოში მიმავალ ვიკინგებს დაუკავშირდა, რომელთა ნაწილი 1043 წელს კონსტანტინოპოლზე რუსთა თავდასხმაში მონაწილეობდა. მათ, ბიზანტიელთა მიერ დატყვევებულებმა, სამი წელიწადი გაატარეს ტყვეობაში. იმპერატორის ბრძანებით, ტყვე რუს-ვიკინგთა ერთი ნაწილი დაასახიჩრეს.
 
დაქირავებული ვარიაგები პირველად რიონის დინებით სოფელ ბაშში დაბანაკდნენ. ბაგრატ IV-მ საქართველოში სულ 3000 ვიკინგი მოიწვია. გადამწყვეტ ბრძოლაში მეფემ მხოლოდ 700 ვარიაგი წამოიყვანა. როგორც ჩანს, დარჩენილ 2300 კაცს, მძიმე ტყვეობისგან ძალაგამოლეულებსა და დასახიჩრებულებს, ბრძოლა აღარ შეეძლოთ.
 
ლაშქარმა ლიხის მთა გადმოიარა და დღევანდელი კასპის რაიონში, სოფელ სასირეთის ჭალასთან დაიბანაკა. ლიპარიტ ბაღვაში მოპირდაპირედ, მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს იყო გამაგრებული. ბრძოლის დაწყებას არც ერთი მხარე არ აპირებდა. ბაგრატ IV კიდევ ელოდა დამატებით ძალებს მესხეთიდან, მაგრამ ამ დროს საკუთარ სიმამაცესა თუ სიძლიერეში დარწმუნებულმა ვიკინგებმა, სარდლობასთან შეუთანხმებლად იერიში მიიტანეს ლიპარიტის ბანაკზე. ამან საქართველოს მეფე იძულებული გახადა, ბრძოლაში ჩართულიყო. ქართველი მემატიანე გაკვირვებით აღნიშნავს: `ვარანგები მესხებს აღარ დაელოდნენ და ლიპარიტს შეუტიეს~. კლდეკარის ერისთავს ბიზანტიელთა გარნიზონები უმაგრებდნენ ზურგს. სისხლისმღვრელი შეტაკება მცირერიცხოვან ვიკინგთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის დამარცხებით დასრულდა. ევროპაში სახელგანთქმულმა ნორმანებმა მტკვრისა და თეძმის ხეობაში მარცხი იწვნიეს. ლიპარიტ ბაღვაშმა ვიკინგებს სამარცხვინო სასჯელი მიუსაჯა. მათ პური გააცხრილვინა, შემდეგ კი, ბაშში დაბანაკებულ თანატომელებთან გაისტუმრა. როგორც ჩანს, ლიპარიტმა ვიკინგებისგან უმთავრესი პირობა მიიღო, რიონის ნაპირებთან დაბრუნებისთანავე ისინი დარჩენილ 2300 მეომართან ერთად საქართველოს უნდა გაცლოდნენ. ეს იყო ერთადერთი სამხედრო ეპიზოდი, როცა ვარიაგები საქართველოში იმყოფებოდნენ. სასირეთის ბრძოლას შეიძლება ისტორიაში არც დაეკავებინა ისეთი გამორჩეული ადგილი, რომ არა მასში ვიკინგთა მონაწილეობა.
 
ამის შემდეგ კიდევ ათ წელიწადს ლიპარიტ ბაღვაში და ბაგრატ IV უწინდებურად განაგრძობდნენ დაპირისპირებას, მაგრამ ვარიაგების მოწვევა არც ერთ მხარეს აღარ გახსენებია. ვიკინგი-ვარიაგი საქართველოში უძლეველი მეომრის სინონიმად ვერ იქცა, ხალხს კარგა ხანს ემახსოვრებოდა პურის საკაზმავად (პურის გასაცხრილად) დამსხდარი ვარიაგები, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ლიპარიტ ბაღვაშის გულმოწყალებით მოახერხეს.
ჟურნალი ”ისტორიანი”, 2013 წლის იანვარი, #1/25
(ავტორი: ჯაბა სამუშია)
თბილისი
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება
დაისის პირველი შესახვევის N13-თან გზის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება. ამჯერად, კიდევ ერთი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაისის პირველი შესახვევის N13-თან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 17 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი.
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.