USD 2.8323
EUR 2.9742
RUB 2.7300
თბილისი
ვერტიკალური გამწვანება - 21-ე საუკუნის ჟანგბადის წყარო
თარიღი:  3062

ურბანულ გარემოში მიმდინარე პროცესების – მზარდი მშენებლობების ფონზე , რომელიც   იწირავს ქალაქში დარჩენილ მწვანე კუნძულებს, რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანია აქ  მცხოვრებთათვის და ასევე, ეკოლოგიური პირობები, რომელიც წლიდან წლამდე უარესდება, ასეთ დროს  განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს გამწვანების საკითხები და ადამიანის დამოკიდებულება ბუნებასთან.

ურბანული თუ ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად მიისწრაფვის სილამაზისკენ და ცდილობს არ გაწყვიტოს კავშირი ბუნებასთან. სასიამოვნო დიზაინით მოწყობილ ლანდშაფტს კი შეუძლია დადებითი ემოციები მოგვანიჭოს, ახალი ენერგიით დაგვმუხტოს და უფრო მეტი შემოქმედებითობისკენ გვიბიძგოს, რაც ასევე სასიამოვნოდ აისახება ადამიანების კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

 „გამწვანებული„ არქიტექტურა - თანამედროვე ქალაქების მიკროკლიმატის გაუმჯობესების ერთ-ერთი ქმედითი და ესთე­ტური საშუალებაა. შენობები ფასადების ვერტიკალური გამწვანებით, გაზონებით და პარკებით სახურავზე, მრავალრიცხოვანი გამწვანებული ტერასებით სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათი ფუნქციური დანიშნულება მრავალფეროვანი შეიძლება იყოს - კერძო რეზიდენციებიდან მრავალბინიან სახლებამდე და სასტუმროებამდე, სასწავლო დაწესებულები და ოფისებიდან სამთავრობო შენობებამდე.

ქალაქში ვერტიკალური გეგმარების სისტემები - მეგაპოლისების მჭიდრო განაშენიაების პირობებში დაბინძურებული ჰაერის ფილტრაციის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. ვერტიკალური ბაღები და კლუმბები, ორიგინალური ფიტომოდულები და ფიტოკედლები - არქიტექტორები მცენარეების საშუალებით ქმნიან უჩვეულო ესთეთიკის მქონე ცოცხალი კედლების კონცეფციებს, რათა მოქალაქეების ცხოვრება უფრო ეკოლოგიური და კომფორტული გახადონ. მეცნიერები ვერტიკალური კლუმბების  შექმნისთვის წყალმცენარეების  და ცოცხალი კედლების ფორმირებისათვის ნოვატორული მასალების გამოყენების ორიგინალურ იდეებს  ამუშავებენ. ვერტიკალურ გამწვანებასთან ერთად ინჟინრები ენერგომომარაგების და თბოუზრუნველყოფის ვერტიკალურ, არატრივიალურ კონცეფციებს გვთავაზობენ.

შენობების ვერტიკალური გამწვანების დანიშნულება (უპირატესობანი):

  • შენობების ვიზუალური მხარის გაუმჯობესება, მათი მიმზიდველობა და ბუნებრივ გარემოსთან უკეთესი შერწყმადობა, შესაძლებელია გამწვანებული გარემოს განვრცობა შენობის ფასადზე; შენობის ექსტერიერი ხდება ცვალებადი დროში და სხვადასხვა სეზონებზე, განსხვავებულად მიმზიდველი.
  • შენობების თერმორეგულირება და ხმაურის იზოლიაცია უმჯობესდება.
  • შენობების საცხოვრებელი სივრცესა და გარემოში  ეკოლოგიური  გაჯანსაღება ხდება მცენარეთა ცხოველმყოფელობის,-ფოტოსინთეზის, ჰაერის ტენიანობის სტაბილიზაციის, CO²-ის ემისიის, ჟანგბადის გამოყოფის, მტვრის შთანთქმის, მზის გამოსხივების შერბილების და სხვ. მექანიზმების საშუალებით.
  • იქმნება დამატებითი სარელაქსაციო, მოსასვენებელი და სპეციფიური ეფექტური სამუშაო  სივრცეები. წარმოიქმნება ბუნებრივ გარემოში ყოფნის ფსიქოლოგიური ეფექტი.
  •  ამავე დროს მოითხოვს გარკვეულ დამატებით დანახარჯებსა და საზრუნავს:
  • შენობების პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ტერასებისა და დასარგავი სივრცეების და კონტეინერების, გასამწვანებელი ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეების სპეციფიური მისადაგება: ჰიდრო და ფესვთა სისტემის იზოლიაცია; ზოგან ჰიდროპონური სისტემების ინსტალაცია; როცა საშუალებაა მხვიარა და მცოცავი მცენარეების უპირატესი გამოყენება მათი სიიაფისა და სიმარტივის გამო.

ამისათვის საჭირო იქნება:

  • არქიტექტორთან ერთად (კოლაბორაცია)პროექტირებაში ჩაერთოს ვერტიკალური გამწვანებისა და ფიტოდიზაინის სპეციალისტიც.
  • დასარგავი მედიის, საკვები კონცენტრატებისა და ხსნარების, სასუქი და აბსორბენტი მასალების და სხვ. სპეციფიური საშუალებებისა და ნივთიერებების შერჩევა და გამოყენების უზრუნველყოფა.
  • მცენარეების ქარვარდნისაგან და ქარის მიმართ მდგრადობისათვის უზრუნველყოფა;
  • მცენარეთა საკმარი და ზომიერი განათების რეგულირება;  
  • მცენარეთა ესთეტური, ეკოლოგიური (კლიმატური, ექსპოზიციური და სხვ.), სიცოცხლისუნარიანობითი მისადაგებული ასორტიმენტის შერჩევა კონკრეტული ადგილმდებარეობისათვის.
  • მდგრადი მცენარეული თანასაზოგადოებების  ჩამოყალიბება და მათი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა რისკების, ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის მინიმიზაციის პირობებით.
  • მორწყვის სისტემების დაპროექტება და ფუნქცირება ბუნებრივი ნალექების რეზერვირებისა და უტილიზებული წყლის გადამუშავების (გასუფთავების) საფუძველზე.
  •  მწვანე ნარგაობის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფი მოვლა-პატრონობის (მეინთენენსი) და მენეჯმენტის სისტემის შემუშავება.

  არქიტექტურული ობიექტის მშენებლობის დასრულებისათვის მომზადებული უნდა იყოს სარგავი და ნარგაობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურა. ზუსტად გაიწეროს ლოჯისტიკური და გასაშენებელი მენეჯმენტის გეგმა. თუ უკვე არსებული შენობის ვერტიკალური გამწვანება იგეგმება, საჭიროა მისი შესწავლა ადაპტირების უმჯობესი ვარიანტისა და საშუალებების შერჩევა-დაპროექტება. ვერტიკალური გამწვანების დანახარჯებსა და ფასს წარმოქმნის სპეციალისტების საპროექტო და საშემსრულებლო ჰონორარები, მასალებისა და ასორტიმენტის ღირებულება, ენერგო (მორწყვის სისტემებისათვის, ტუმბოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის) და ჰიდრორესურსების მიმდინარე ხარჯები, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების, მოვლა-პატრონობის ხარჯები.

პატრიკ ბლანკი ვერტიკალური ბაღების მაესტრო

 

ფრანგი ბოტანიკოსი პატრიკ ბლანკი უკვე 30 წლია ქმნის ვერტიკალურ ბაღებს - ფაქტიურად ის, სახლის ფასადების კეთილმოწყობით ქალაქის გამწვანების ფუძემდებლად ითვლება. ცნობილმა არქიტექტორმა ჟან ნუველმა პატრიკ ბლანკი სიდნეის საცხოვრებელი კომპლექსის One Central Park პროექტზე სამუშაოდ  მიიწვია. კომპლექსი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობაა, რომელსაც 116 მეტრი სიმაღლის მცენარეების ცოცხალი კედელი აქვს. შენობის ორიგინალური დეტალი - გამოსაწევი სარკის პანელებია, რომელებიც მზის სხივების ქვედა დონეებზე პროეცირებას ახდენს,  მცენარეების უკეთესი ინსოლაციისთვის.

 

One Central Park სიდნეი , არქიტექტორები Ateliers Jean Nouvel

 ეს საცხოვრებელი კომპლექსი ცნობილი არქიტექტორის ჟან ნუველის და ლანდშაფტის დიზაინერის პატრიკ ბლანკის ერთობლივი შემოქმედების  შედეგია. მისი მშენებლობა 2014 წელს დასრულდა.  მაღლივი  მშენებლობის  და ქალაქის გარემოს საბჭომ One Central Park წლის საუკეთესო მაღლივ შენობად აღიარა.

არქიტექტორების ჩანაფიქრით  ნაკვეთის ცენტრალურ ნაწილში განლაგებული პარკი თანდათანობით მინის კოშკების ფასადზე ადის. კოშკებიდან ყველაზე მაღალს მასშტაბური კონსოლი  აგვირგვინებს, სადაც ძვირადღირებული პენტჰაუსებია განლაგებული. გარდა ამისა მასზე განლაგებულია სპეციალური სარკეები, რომლებიც მზის სინათლეს ქვემოთ არსებული ბაღებისკენ მიმართავენ.

ფასადებზე მცენარეების განსათვსებლად, გამოყენებული იყო ინდივიდუალურად დაპროექტებული ყუთები, რომლებსაც იატაკის ფილები იკავებენ. გარე ვერტიკალური ბაღებისთვის გამოყენებულია  650 სახეობის მცენარე., როლებიც ნორმალურად არსებობა და ზრდა შეუძლიათ 116 მ სიმაღლეზე ძლიერი ქარის და მწვავე მზის  პირობებში. მცენარეები საცხოვრებელი კომპლექსის მიერ მოხმარებული და სპეციალურად გაწმენდილი წყლით ირწყვება. ამ თვალსაზრისით One Central Park მდგრადი არქიტექტურის მაგალითია და მცენარეებს  მხოლოდ  ეფექტურ და ძვირადღირებულ დეკორად არ იყენებს.

Bosco Verticale (ვერტუკალური ტყე) მილანი. იტალია , არქიტექტორი Stefano Boeri Arhitetti

Bosco Verticale  აშენებულია 2014 წელს. საცხოვრებელი კომპლექსი  ორი 110  და 76 მ სიმაღლის კოშკისაგან შედგება. ეს ერთიერთი პირველი ევროპული პროექტია სადაც შერწყმულია მაღლივი მშენებლობის იდეა და ქალაქის ლანდშაფტური გამწვანება.  არქიტექტორებმა უბრალოდ ბეტონის შენობა კი არ ააშენეს და მრავალრიცხოვანი მცენარეებით მორთეს, არამედ ნამდვილი ეკო-სისტემა შექმნეს, რომელიც ნმიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის დაბინძურებას რაიონში, ფილტრავს მტვერს და მცირებს ხმაურის დონეს. ეს თვის მხრივ შენობაში კომფორტულ მიკროკლიმატს ქმნის. მცენარეებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ყოველი  მათგანის მდებარეობაა  გააზრებული.  კომპლექსის ორივე კოშკში  900 - მდე ხეა, რამოდენიმე ათასი ბუჩქი და თითქმის 11000 მრავალწლიანი მცენარე. მთელი ამ ბიომრავალფეროვნების ჩვეულებრივ პირობებში განსათავსებლად დაახლოებით 7000 კვადრატული მეტრი იქნებდა საჭირო.

Stone House. , ჰანოი, ვიეტნამი  არქიტექტორები  Vo Trong Nghia Architects

„მწვანე“ სახურავები და კედლები მხოლოდ მრავალსართულიან შენობებში არ გამოიყენება. ეკოდიზაინი  პოპულარულია კერძო რეზიდენციების მშენებლობისას.  2012 წელს ვიეტნამის დედაქალაქის ჰანის პრესტიჟულ  რაიონში გაჩნდა  Stone House. ამ სპირალურ ქვის სახლს ბაღი მხოლოდ ეზოში კი არა სახურავზეც აქვს. არქიტექტორები ცდილობდნენ შეექმნათ „სივრცე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე   ბუნებრივი მასალის დაძველების შედეგად ცვალებადობის და დროის კვალის დაფიქსირებდას შეძლებდა“.  ეზო და მწვანე სახურავი ერთმანეთში გადადის და ერთიანი ბაღის სივრცეს ქმნის, ექსტერიერი და ინტერიერი აქტიურად ავსებს ერთმანეთს.

ხელოვნების სკოლა, სინგაპური, არქიტექტორები - WOHA Architects

თანამედროვე სასწავლო დაწესებუელბებიც აქტურად ხდბა „მწვანე“ არქიტექტურის წარმომადგენელი. WOHA Architects მიერ დაპროექტებულია  სინგაპურის ხელოვნების სკოლა ორი ვიზუალურად დაკავშირებული ჰორიზონტალური შრისგან შედგება: ღია საზოგადოებრივი სივრცე ქვევით და აუდიტორიები კომფორტული და უსაფრთხო სასწავლო პროცესისთვის - ზევით. ასეთი კონცეფციის საშუალებით ერთდროულად რამოდენიმე საკითხი წყდება: ღია, აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციისათვის და  სასწავლო კლასების შექმნა, სადაც  მთლიანად შეიძლება სწავლაზე კონცენტრირება.

შენობის მწვანე ფასადები ეს არსებული გარემოს ფილტრია, რომლებიც მტვერს და ბლიკებს აშორებენ, შენობაში ინარჩუნებენ სიგრილეს  და აკუსტიკურ ჭერთან ერთად ქუჩის ხმაურს შთანთქავენ.

სახურავი დიდი პარკის სახითაა შესრულებული. სადაც გაკვეთილებს შორის შეიძება დასვენება.

Oasia Hotel Downtown, სინგაპურიმ არქიტექტორები- WOHA Architects

WOHA Architects  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია  სასტუმრო Oasia Hotel Downtown სადაც არქიტექტორები  კლასიკური მინის და ბეტონის ცათამბჯენების მორგებას შეეცადნენ  ცხელი ტროპიკული ქვეყნების კლიმატისთვის. პრობლემა იმაშია, რომ მსგავსი კონსტრუქციები მალე ცხელდება ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში და მათი ექსპლუატაციისთვის აუცილებელია კონდიცირების მძლავრი და ძვირადღირებული სისტემები. 

ალუმინის ფასადიანი ოცდაათსართულიანი სახლის დამატებით გასაგრილებლად  არქიტეტორებმა შენობას ოცდაათი სახეობის ლიანისგან შექმნილი ბადე შემოახვიეს. ამას კიდევ სასტუმროს ტერასებზე განთავსებული  33 სახეობის მცენარე და ტროპიკული ხე ემატება. უნდა აღინიშნოს, რომ კოშკის ბუნებრივ გაგრილებას  მისი კონსტრუქციული თავისებურება - გამჭოლი  ღიობების არსებობა უწყობს ხელს. მწვანე ტერასებიან ამ ღიობებში ცირკულირებს ჰაერი და მისი მოძრაობა შენობას გადახურების საშუალებას არ აძლევს.Naman Spa, დანანგი, ვიეტნამი, არქიტექტორი - MIA Design Studio

ფასადების საერთო გამწვანება ხშირად გამოიყენება სასტუმროების ინდუსტრიაში, განსაკუთრებით ცხელ ქვეყნებში. ვიეტნამის სპა-სასტუმრო Naman Spa -ში არქტიქტურულ-დიზაინერული ბიუროს მიერ შემუშავებული ბუნებრივი ვენტილაციის გამოყენება, სიგრილეს ინარჩუნებს შენობის შიგნით. შენობის ფასადი გისოსებიანი ორნამენტების და ადგილობრივი მცენარეებით ვერტიკალური განწვანების მორიგებებისაგან  შედგება. მცენარეები ფილტრავენ ძლიერ ტროპიკული მზის სინათლეს და ტექსტურულ კედლებზე შუქ ჩრდილების სასიამოვნო თამაშს  ქმნიან. მცენარეები აქ არქიტექტურული კონსტრუქციის სრულუფლებიან ელემენტად  გვევლინებიან.

ATLAS HOTEL, ჰანოი, ვიეტნამი, არქიტექტორები Vo Trong Nghia Architects

სასტუმრო ATLAS ფასადი მოპირკეთებულია ადგილობრივი ქვიშაქვით, რომელიც ბეტონის ღია ფილებთან ერთად გამოიყენება. მთელი ფასადის გასწვრივ განლაგებული მცენარეები უზრუნველყოფენ მზისგან დაცვას და გრილ ჰაერით შენობის განიავების. გარდა ამისა, პერფორირებული ქვის კედლები დღის შუქს ატარებენ , არ აფერხებენ ჰაერის ნაკადს. ეს სქემა შენობის ბუებრივი ვენტილაციის უზრუნველყოფის და კონდენციონერების მინიმალურადა გამოყენების საშუალებას იძლევა. ბუნებრივი მასალის და მცენარეების გამოყენება ნათლად გამოხატავს Vo Trong Ng  მისიას - ეს არის გამწვანების დიზაინში ინტეგრაცია, ქალაქია რაიონების გაახალგაზრდავებლისთვის და საზოგადოების გაჯანსაღებისთვის. თავისი არსით სასტუმრო ატლასი ადამიანს და ბუნებას აერთიანებს.

 FUKUOKA PREFECTURAL INTERNATIONAL HALL, იაპონია, არქიტექტორი  - Emilio Ambasz

ემილიო ამბასის ბოლოდრიონდელ პროექტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ACROS Fukuoka - საპრეფექტურო საერთაშორისო ცენტრს. ეს არქიტექტორის შემოქმედებაში ქალაქის და პარკების ყველაზე მასშტაბური სინთეზია. შენობის ჩრდილოეთი ნაწილი წარმოადგენს თანამედროვე ელეგანტურ ქალაქურ ფასადს, რომელიც ფუკუოკის ფინანსური რაიონის ყველაზე პრესტიჟულ ქუჩაზე გამოდის. სამხრეთი  ნაწილი აფართოებს არსებულ პარკს მთელი რიგი ტერასული ბაღების ხარჯზე, რომლებიც მთელი შენობის სიმაღლეზე ადის  და მშვენიერი ბელვედერით მთავრდება. ბელვედერიდან ულამაზესი ხედი იშლება ქალაქის ნავსადგომზე.

პარკის თხუთმეტი ერთსართულიანი ტერასის ქვეშ განლაგებლია ერთ მილიონზე მეტი კვადრატული ფუტის მრავალმიზნობრივი სივრცე. აქ არის  საგამოფენო დარბაზი, მუზეუმი, 2000 კაცზე გათვლილი თეატრი, საკონფერენციო დარბაზები, სამთავრობო  და კერძო ოფისები, ასევე მიწისქვეშა მრავალდონიანი ავტოსადგომი და მაღაზიები.

არქიტექტორი შეწუხებული იყო მშენებლობის გავლენით ცენტრალურ პარკზე - ტენჯი. ეს ერთადერთი მწვანე, ღია სივრცეა ქალაქის ამ ნაწილში, ამიტომ თავის პროექტში ის ცდილობდა ფუკუოკის მოსახელობისთვის დაებრუნებინა მთელი ის მიწა, რომელსაც მშენებლობა ქალაქს დააკლებს.

უცნობი ნაცნობი
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.