USD 3.0532
EUR 3.4477
RUB 4.2454
თბილისი
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
ვაჟა ლორთქიფანიძე - პატრიარქმა მთხოვა ალექსი მეორე საქართველოში ჩამომეყვანა
თარიღი : 06.16.2020 16:22  2307

ვაჟა ლორთქიფანიძე - სახელმწიფო სამსახური და მეცნიერება ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ერთად იყო.

ვაჟა ლორთქიფანიძე  იმ სახელმწიფო მოხელეთა შორისაა, ვინც  რთულ  90-იან  წლებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ეპიცენტრში იყო. მისი შრომითი ბიოგრაფია სტუდენტობის პერიოდიდან მეცნიერული საქმიანობით დაიწყო, ამ  საქმეს მაღალ თანამდებოებზე მუშაობის მიუხედავადაც ვერ შეელია, ასეთი პოზიციები კი მის წარსულში საკმაოდ მრავლადაა - ვაჟა ლორთქიფანიძე  იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. ვაჟა ლორთქიფანიძე კურიერებდა აფხაზეთის მიმართულებას ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში.       

წარსულის ნოსტალგია არ აქვს, თუმცა ექსმაღალჩინოსანი  გულწრფელად  წუხს მისი თაობის ბევრ ცნობილ და დამსახურებულ  ადამიანზე, რომლებიც მოგვიანებით, დროების ცვლილებასთან ერთად, დიდი წნეხის ქვეშ მოყვნენ. იხსენებს მათ როლს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, განსაკუთრებით, 70-80- იანი წლების დიდი თაობის  წარმომადგენლებს, რომელთაც "რენესანსის ეპოქა" შექმნეს  ქართულ მეცნიერებასა და კულტურაში. "ცხოვრებამ ბევრ საინტერესო  და დიდ ადამიანს შემახვედრა, რითიც ძალიან  ბედნიერი ვარ " - ამბობს "თბილისი პოსტთან"  ვაჟა ლორთქიფანიძე და ამ ადამიანებთან დაკავშირებულ ისტორიებს  გვიზიარებს.

    

საინტერესო, მაგრამ დაძაბული  ცხოვრების გზა გავიარე. ჩემი შრომითი ბიოგრაფია ადრეული ასაკიდან დაიწყო. სამედიცინო ინსტიტუტში ვაპირებდი ჩაბარებას და სასწრაფო დახმარების სადგურში სანიტრად დავიწყე მუშაობა. გარდა იმისა, რომ სამუშაო სტაჟი მჭირდებოდა, საკმაოდ დიდი ინტერესი  მქონდა, კარგი გამოცდილებაც მივიღე, თუმცა ექიმი არ გავხდი. უნივერსიტეტში  ჩავაბარე კიბერნეტიკის ფაკულტეტზე. მაშინ ეს ახალი და იშვიათი პროფესია იყო. არავითარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ კონიუქტურაში არ ჯდებოდა. ყველას, ვინც ამ სპეციალობაზე აბარებდა, მხოლოდ და მხოლოდ სფეროს ინტერესი ჰქონდათ. ზოგიერთს კიბერნეტიკა მხოლოდ კომპიუტერული მიმართულება ჰგონია, ეს ასე არაა, კიბერნეტიკასა  და კომპიუტერებს შორის ისეთი განსხვავებაა, როგორიც ტელევიზიასა და ტელევიზორის ხელოსანს შორის. კიბერნეტიკა არის მეცნიერება  მართვის ზოგადი კანონზომიერებების შესახებ. მართვის სისტემები ერთი და იგივე კანონზომიერებებით ხასიათდება ცოცხალ ორგანიზმებშიც და არაცოცხალშიც, დიდ სისტემებშიც და პატარაშიც, და რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მათემატიკურ მოდელირებაზეა დაყრდნობილი. თავიდან ავირჩიე ბიოკიბერნეტიკა, დაინტერესებული ვიყავი ხელოვნური ინტელექტის საკითხებით, მეხუთე  კურსის სტუდენტი ვმუშაობდი უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, ვიკვლევდი მართვის ავტომატიზირებულ სისტემებს. ამ თემას მიეძღვნა ჩემი სადიპლომო ნაშრომი "უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის და სამეცნიერო პროცესის  მართვის ავტომატიზირებული სისტემის შექმნა".

ჩემთვის საინტერესო გახდა საზოგადოების მართვის საკითხები, ჩავაბარე სოციოლოგიის ასპირანტურაში, ამის შემდეგ - მოსკოვში საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში, რომელიც იყო ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი სოციალური მეცნიერებების სკოლა, იქ მოხვედრა რთული და ლიმიტირებული იყო. ამ აკადემიაში მუშაობდნენ "პერესტროიკის" ფუძემდებლები, უდიდესი სოციოლოგები, პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტები, ეკონომისტები. ვმუშაობდი საკანდიდატო დისერტაციაზე, მაგრამ  90-იანი წლების ბოლოს, როდესაც უკვე მომხდარი იყო 9 აპრილის ტრაგედია, ვეღარ მივეცი ჩემ თავს უფლება ჩავსულიყავი მოსკოვში დისერტაციის დასაცავად, გადავდე გვერდით ჩემი დისერტაცია.

1991 წელს მუშაობა დავიწყე მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ- თანამშრომლად. ამ ინსტიტუტში 7 წელი ვიმუშავე. დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. უკვე ძალიან ვიყავი დაინტერესებული დემოგრაფიის საკითხებით. დემოგრაფია და სოციოლოგია ერთმანეთზე გადაჯაჭვული მეცნიერებებია, მათი გამიჯვნა რთულია.

ჯერ კიდევ სახელმწიფო სამსახურში ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში დავაარსე დემოგრაფიის  სამეცნიერო სასწავლო ლაბორატორია, შემდეგ კი - კათედრა, იქამდე ჩვენთან არ არსებობდა სისტემა, რომელიც გაზრდიდა დემოგრაფებს, არა და ეს აქტუალური თემა იყო, საქართველოში ურთულესი დემოგრაფიული პრობლემებია. 2000 წელს დაიწყო პროფესიონალ დემოგრაფთა გამოშვება.კათედრამ იარსება 2006 წლამდე, შემდეგ, როგორც ბევრი სხვა კათედრა უნივერსიტეტში, განათლების სფეროს  "დიად რეფორმებს"  შეეწირა. ისე თითქოს არც ყოფილა, არც ბოდიში მოუხდია ვინმეს ამისთვის და არც არაფერი.

ამის მიუხედავად, მე არ ჩამოვშორებულვარ ჩემს საქმიანობას, დემოპოლიტოლოგიას და დემოსოციოლოგიას ვკითხულობდი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, შემდეგ კი საპატრიაქროს უნივერსიტეტში, პატრიარქი ყოველთვის ინტერესდებოდა ამ თემით. 2006 წელს მისი უწმინდესობის დავალებით გავაკეთეთ კვლევა დემოგრაფიული პრობლემის დაძლევის შესახებ.  მისმა უწმინდესობამ მთავრობასაც წარუდგინა ეს ნაშრომი, მაგრამ  არავის ყურადღება არ მიუქცევია.

საპატრიარქოს უნივერსიტეტში ვკითხულობდი საქართველოს ისტორიულ დემოგრაფიას, ასევე სოციოლოგიას.  2014 წელს ამ  უნივერსიტეტში გავხსენით  საბაკალავრო პროგრამა დემოგრაფიასა და სოციოლოგიაში, ცოტა მოგვიანებით მოვახერხე  ჯავახიშვილის უნივერსიტეტში კვლავ დამებრუნებინა დემოგრაფია  სამაგისტრო პროგრამით " დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია."  ახლახან  ამ პროგრამამ მეორედ მოიპოვა შვიდ  წლიანი აკრედიტაცია.  

2016 წელს  გაიხსნა  დოქტორანტურა,  დღეს უკვე არსებობს სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა, რაც ძალიან დიდი მიღწევაა დემოგრაფიაში. ამას გარდა მე  ასევე ვარ დემოგრაფთა ასოციაციის  უცვლელი  პრეზიდენტი. ორი წლის წინ ამირჩიეს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ვარ აკადემიის წევრი, აკადემიკოსი. აკადემიაში არსებობს დემოგრაფიული საბჭო,  რაც  ვფიქრობ, რომ  ამ დარგის  დიდი  მხარდაჭერაა. ასევე  ვარ  7 მონოგრაფიის და 5 წიგნის ავტორი, მათ შორის ერთ-ერთი  წიგნი "კავკასიის მოსახლეობა" ნიუ იორკში  რამდენჯერმე გამოიცა და მას ამერიკის თითქმის ყველა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში იყენებენ.

სახელმწიფო სამსახურში ჩემი მუშაობის დროს არ ყოფილა არც ერთი პერიოდი, არც ერთი  დღე, კავშირი გამეწყვიტა მეცნიერებასთან, უნივერსიტეტთან. ეს ორი მიმართულება - სახელმწიფო სამსახური და მეცნიერება ყოველთვის ერთად იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც არ იყო იოლი, მაგრამ მაინც ვახერხებდი.

 მე ვიყავი მეკავშირე ეროვნული მოძრაობის  ლიდერებსა და ცენტრალურ კომიტეტს შორის - 1989 წლის პერიპეტიები  და აფხაზეთი  

როგორც ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგეს ხშირად მიწევდა ჩასვლა აფხაზეთში, სადაც მდგომარეობა ლიხნის შეკრების შემდეგ ძალიან დაიძაბა.  2 აპრილს ჩავედი სოხუმში, უკვე რთული სიტუაცია იყო.  იმ მღელვარებას, რაც ლიხნის შეკრებას და  იქ მიღებულ ცნობილ წერილს მოჰყვა დაემატა თავდასხმა ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე, რომლებიც თბილისიდან იყვნენ ჩასულები აფხაზეთში. მერაბ კოსტავას და ეროვნული მოძრაობის სხვა  წარმომადგენლებს  ბოევიკებმა გუდაუთაში ტყვიები დაუშინეს. ეს მოხდა 1 აპრილს. ამან გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით  დაიგეგმა გამოსვლები თბილისში, თუმცა თავიდან ეს  გამოსვლები და 9 აპრილის მიტინგი სოხუმში უნდა გამართულიყო.  ლიდერები მიხვდნენ, რომ ეს ძალიან დიდ სირთულეებს გამოიწვევდა, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ გადაწყვიტილება შეცვალა და გამოსვლები, რომელსაც ეროვნული მოძრაობის ყველა ლიდერი შეუერთდა,  დაიწყო თბილისში.  ფიქრობდნენ, რომ  მიტინგი  თბილისიდან სოხუმში  გადაინაცვლებდა. მდგომარეობა ძალიან  დაიძაბა. სიტუაცია რომ განმუხტულიყო,  მოვახერხეთ და გადავაყენეთ მაშინდელი საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ადლეიბა, რომელსაც  ლიხნის დოკუმენტზე ხელი ჰქონდა მოწერილი. ორი დღე მიმდინარეობდა ბიუროს სხდომა, ბიუროზე  შევძელით  ფარული კენჭისყით ადლეიბას  გადაყენება და ვლადიმერ ხიშბას არჩევა, ეს  არ იყო იოლი, სხვათაშორის, ადლეიბამ თავადაც ძალიან შეგვიწყო ხელი, რომ დაეტოვებინა დაკავებული პოზიცია და პროცესები მეტად არ გართულებულიყო.  

 9 აპრილს  სოხუმში ვიყავი. ჩამოსულები იყვნენ  აკაკი ბაქრაძე და სხვა ლიდერები,  მაგრამ  9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ  ჩვენ ვისაუბრეთ და გადაწყდა, რომ მიტინგი აღარ გაიმართებოდა.  იქ  უკვე მიმდინარეობდა  ძალიან ცუდი პროცესები, უფრო და უფრო  გააქტიურდა  გამოყოფაზე საუბარი, როგორც სოხუმის უნივერსიტეტში, ასევე  მწერალთა კავშირში და სოხუმის თეატრში. მაშინ თეატრის მთავარი რეჟისორი იყო გოგი ქავთარაძე. მან   მაშინ  დადებითი როლი შეასრულა თავისი გაბედული და ვაჟკაცური პოზიციით. ისეთ დროს არ მიატოვა მან  სოხუმის თეატრი, როდესაც ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული,  არა და იქამდე თბილისში გადმოსვლა უნდოდა. უფრო მეტიც, მან თეატრის კარი გაუხსნა  ეროვნული მოძრაობის ლიდერებს და პროცესები ქუჩიდან თეატრში გადაიტანა. გოგი ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი იყო იმ რთულ დროს, როდესაც ჩვენ მუდმივად გვიწევდა ცეცხლის კერების ჩაქრობა.

მე ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა როგორც ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, ასევე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან. ჩემთან მოდიოდა ზვიად გამსახურდია, ასევე ხშირი კონტაქტი მქონდა სხვა ლიდერებთანაც. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ზურა ჭავჭავაძე. მე მათ თანავუგრძნობდი ეროვნულ საკითხებში, ისინიც მენდობოდნენ, ენდობოდნენ ჩემს სიტყვას, რასაც არასდროს ვარღვევდი. შემიძლია ვთქვა, რომ  ერთადერთი მეკავშირე ვიყავი ეროვნული მოძრაობის ლიდერებსა და ცენტრალურ კომიტეტს შორის. 80-იანი წლები იყო  ჩემი ცხოვრების და შრომითი ბიოგრაფიის  ურთულესი პერიოდი. იმ დროს  საქართველომ დანის პირზე გაიარა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პერიოდში, სამი თვე ვიმუშავე მთავრობაში სოციალური მიმართულებით, პრაქტიკულად მინისტრის რანგი მეკავა, მაგრამ მაინც წამოვედი. ზვიადის თხოვნის მიუხედავად, არ დავრჩი ამ  თანამდებობაზე, სწორედ მაშინ დავიწყე მუშაობა დემოგრაფიის ინსტიტუტში. 

1992 წლის ამბების შემდეგ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში, მისი თხოვნით, დავიწყე მუშაობა  სახელმწიფო საბჭოში.

ვიყავი მთავარი სახელმწიფო მრჩეველი მეცნიერების და განათლების დარგში. ედუარდ შევარდანაძემ იცოდა ჩემი კავშირები აფხაზეთთან, არ დაგიმალავთ, მეგრული ვიცი კარგად, გარკვეული პერიოდი  იქ ნაცხოვრებიც ვარ და პრაქტიკულად მე ჩამაბარა ეს მიმართულება. 1992  წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ  გავხდი სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.  ადმინისტრაციის აპარატის ის მოდელი, რაც დღეს არსებობს, იმ დროს ჩამოვაყალიბეთ. როდესაც აფხაზეთში დაიწყო საომარი მოქმედებები, თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული პროცესებში, ჯარიდან დაწყებული ლოჯისტიკით დამთავრებული. სექტემბრის მოვლენების დროს  მე თბილისში ვიყავი, ედუარდ შევარდნაძე სოხუმში იყო. მთელი ორი კვირა  ჩაკეტილები იყვნენ, კავშირი არ არსებობდა. ერთადერთი კავშირი იყო ამერიკული რაცია, რომელიც ედგა ედუარდ შევარდნაძეს კაბინეტში  სოხუმში  და მე - თბილისში, დღეში ორჯერ ვუკავშირდებოდით ერთმანეთს სხვადასხვა საკითხების გადასაწყვეტად, რუსები ამ კავშირს ვერ გატეხავდნენ.   

იმის მიუხედავად, რომ უმძიმესი პერიოდი იყო,  ჩვენ მაშინ დავიწყეთ  ქვეყნის ორიენტაციაზე და რეფორმებზე ზრუნვა. საქართველომ დასავლური ორიენტაცია აიღო. მოგვიანებით, ვიღაცეებმა კი თავის თავზე მიიწერეს ყველაფერი, თითქოს 2003 წელს დაიწყო საქართველოში ცხოვრება და იმ დროს ამოვიდა მზე, მაგრამ ეს ასე ხომ არ იყო. 1992  წელს  აპარატში 3-4 ამერიკელი და 3-4 ევროპელი ექსპერტი ჩვენთან ერთად მუშაობდნენ როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ,  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, უსაფრთხოების საკითხებზე.  მაშინ ამერიკა რომ არ დაგვხმარებოდა, იმ მძიმე  მდგომარეობიდან ვერ გამოვიდოდით. პირველი სამი წელი ელექტროენერგიას ისინი გვაძლევდნენ.  იმ დროს დაიწყო ჩვენი ახლო ურთიერთობები. ედუარდ შევარდნაძეს ძალიან  კარგი კონტაქტები ჰქონდა მაშინდელ მსოფლიო ლიდერებთან. კლინტონი და ელ გორი იყვნენ პირველები,  ვინც მას  დაურეკეს,  სანამ ჯერ კიდევ ინაუგურაცია იქნებოდა. ამ საუბარს მე და გელა ჩარკვიანიც ვესწრებოდით. მისი მეგობრები იყვნენ ბეიკერი, შულცი. 1993 წელს  თბილისში ჩამოვიყვანეთ ბზეჟინსკი.

ამერიკულ მხარესთან  ძალიან აქტიური კომუნუკაცია  გვქონდა. მაშინ დაიწყო  ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის პროექტი.

1992 წელი იყო. გვიან ღამით შევედით ედუარდ შევარდნაძის სამუშაო კაბინეტში ამ თემაზე სასაუბროდ  მე,  თეფო ჯაფარიძე, გია ჭანტურია და გოგი ცომაია, რომელიც  ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე  იყო. ეს საკმაოდ რთული პროექტი იყო, არსებობდა უამრავი ინტერესი, ამერიკის, რუსეთის, რეგიონის. შევთავაზეთ ედუარდ შევარდნაძეს, ამ თემასთან დაკავშირებით  შექმნილიყო მუშა ჯგუფი.  ღამის ორი საათია. ომია თბილისშიც, აფხაზეთშიც. ედუარდი დაღლილი იყო,  რა დროს ესააა, თქვენ კარგად ხომ  ხართო - გვეხუმრა, თუმცა საუბრის შემდეგ დოკუმენტებს  მაინც მოაწერა ხელი. ძალიან მალე რუსთაველზე,  ისეთი სროლა ატყდა  ძლივს გამოვედით შენობიდან. დიდი საფრთხე მოდიოდა რუსეთიდან.უზარმაზარი გავლენა  ჰქონდა რუსეთს  ჩვენს ქვეყანაზე,  ვერ გვპატიობდნენ,  რომ საქართველომ დასავლური ორიენტაცია აიღო. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით,   არ გვქონდა ჩვენი ფული, სამანეთო ზონას თავს  იოლად ვერ  დავაღწევდით,  ჩვენს საზღვრებს რუსები იცავდნენ,  მიბმული ვიყავით მათზე, უამრავი ვალი დაგვადეს. 

და  ასეთ  პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის ფედერაციაში ელჩობა თქვენ  განდოთ.    

თავიდან ამის შესახებ  თავად არ მითხრა.  პირველად  ჯაბა იოსელიანისგან  და საშა ჩიკვაიძისგან შევიტყვე.  ჩემს დანიშვნამდე თვენახევრით ადრე.  ჯაბამ ჩვეული ხუმრობით დაიწყო, არ მინდა რუსეთში წასვლა- მეთქი, ვუთხარი.  როგორ არ გინდა იუზგარ, ძალიან თუ არ გინდა კარგი, თუ  ისე რა არ გინდა, "მოგაწვებიო." ორჯერ  რომ განმეორდა ეს "შემოტევა",  ბოლოს ვუთხარი,  როგორც ახლა თქვენ კალიმაზე გინდათ წასვლა, აი  ასე ვარ მეც-მეთქი. ამაზე ბევრი  იცინა. 1994 წლის ბოლოს ედუარდ შევარდნაძემ  უკვე თვითონ მითხრა უნდა წახვიდეო, არ გამოდიოდა უარის თქმა, ფრონტის ხაზი იქ გადიოდა.  სამწელიწადნახევარი ვიყავი რუსეთში ელჩი. რეალური პოლიტიკა იქ, მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრში კეთდებოდა.  ეს იყო  ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი.  ელცინი სხვა კატეგორიის კაცი იყო, თუმცა თავის  გარშემო ინტელექტუალების გუნდი ჰყავდა  შემოკრებილი. ამის აუცილებლობას ინტუიტიურად გრძნობდა. ის ადამიანები ჩემი ახლო  მეგობრები იყვნენ, ზოგიერთი მოგვიანებით გახდა ჩემი მეგობარი, შესაბამისად, მე ვტრიალებდი  ელცინის ადმინისტრაციის შიდა წრეში. ელჩების რეიტინგებში სულ პირველი ადგილი მეკავა.  მაშინ  აქტიურად დავძარით აფხაზეთის თემა, რუსეთის გარეშე ამას ვერ გავაკეთებდით. 3-4 ჯერ ჩამოიყვანეს მოსკოვში ჩემთან შესახვედრად არძინბა. ეს ურთიერთობები სხვა დონზე ავიყვანეთ, მაშინ  დაიწყო ჟენევის პროცესი. ოთხი კომისია შევქმენით, რომელიც აქტიურად მუშაობდა და ბევრი პრობლემაც მოგვარდა. რუსეთს ბევრ დათმობაზე უწევდა წასვლა.  მაშინ გამოვედით სამანეთო ზონიდან,  გაჩნდა ეროვნული ვალუტა, დაიწყო ბანკების  განსახელმწიფოებრიობა, რაც ძალიან  საჭირო  პროცესი იყო  ფინანსური სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი იყო  რუსული ბაზების გაყვანის პროცესის დაწყება, რომელიც დიდი პერიპეტიების და წინააღმდეგობის თანხლებით მიმდინარეობდა, ამ პროცესში  გადამწყვეტი როლი ეკუთვნოდა  ედუარდ შევარდნაძეს.       

ჩემი და ედუარდ შევარდნაძის გზები  პირველად  1975  წელს გადაიკვეთა.  

ის ორი წლის მოსული იყო ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად.  ის  პირველი იყო ცეკას მდივნებს შორის, ვინც  მოინდომა სტუდენტებთან შეხვედრა და ახალგაზრდების პრობლემების გაცნობა. რამდენიმე სტუდენტი წაგვიყვანეს შეხვედრაზე, მათ შორის  ვიყავი მე, როგორ უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ირაკლი მენაღარიშვილი იყო  სამედიცინო ინსტიტუტიდან და  კიდევ სხვები. 3-4  საათი ვისაუბრეთ.  ედუარდ შევარდნაძე  დაინტერესდა სტუდენტების პრობლემებით, ყველაფრით, რაც ეხებოდა ახალგაზრდებს. შემდეგ მოინდომა მოსვლა უნივერსიტეტში კომკავშირული აქტივის კრებაზე. ასეთ  ღონისძიებებზე  ვხვდებოდი ხოლმე მას,  შემდეგ, უკვე კომკავშირის ცეკაში ყოფნის დროს, მასთან ახლო საქმიანი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. წლების შემდეგ როდესაც ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან დაბრუნდა საქართველოში, მან თავად მოინდომა მივსულიყავი სახელმწიფო საბჭოში. ცოტა კურიოზული სიტუაცია  იყო, ვახტანგ გოგუაძემ დამირეკა, ედუარდ შევარდნაძემ მოგიკითხაო,  გამიხარდა მისი მოკითხვა. რამდენიმე დღეში ისევ დამირეკა და მეუბნება, მივესალმები მთავარ სახელმწიფო მრჩეველსო. გავოცდი. ვახტანგმა მითხრა,  ბრძანება უკვე დაწერილიაო. პირველად მაშინ მივედი "იმელის" შენობაში, ლუიზა შაკიაშვილი და რუსუდან ბერიძე დამხვდნენ  ვახტანგ გოგუაძესთან, რომელმაც მაჩვენა ბრძანება, რომლითაც მე დანიშნული ვიყავი სახელმწიფო მეთაურის მთავარ მრჩევლად. გადავწყვიტე ავსულიყავი ედუარდ შევარდნაძესთან, ავედი მასთან, მაგრამ  არ  მიმიღო, მდივანმა მითხრა, დღეს ისეთი  დატვირთული  დღე აქვს, ვერ შეგხვდებათო.  იგივე მოხდა მეორე-მესამე დღესაც. ორი კვირის განმავლობაში არ შემხვდა ედუარდ შევარდნაძე, მეც უკვე "გატეხილი" ვიყავი,  ბოლოს როგორც იქნა შევხვდით.

ედუარდ შევარდნაძე იყო უდიდესი მასშტაბის მოაზროვნე და პოლიტიკოსი. ის გამოირჩეოდა გონიერი აზროვნებით, ჯერ კიდევ საბჭოთა წყობის დროს აქვს ნათქვამი  ჩემთვის და გამკვირვებია კიდეც  მისი კრიტიკა საბჭოთა  ხელისუფლების  და პარტიის მიმართ. 

საბჭოთა საქართველოს  ლიდერი იყო და ერთხელ მითხრა კომუნისტურ პარტიაზე,  ასე რომ უძღვებიან, იმიტომაც აქვთ კარგად საქმეო.  ჩვენ ხშირი კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან.  აზრსაც ხშირად  მეკითხებოდა, სხვათაშორის  ძალიან  დიდ მნიშვნელობას აქცევდა, ვინ რას ეუბნეობოდა.  ერთხელ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე დამირეკა და აზრი მკითხა,  ვუპასუხე, რასაც ვფიქრობდი. ნახევარი საათი გავიდა და კიდევ დამირეკა იგივე თემაზე, იგივე ვუთხარი, ცოტა ხანში კიდევ დამირეკა იმავე თემით და ჩემგან იგივე პასუხი მიიღო.  მეოთხედ რომ დამირეკა,  პირდაპირ ამის მოყოლა დაიწყო -  ჩემს ახალგაზრდობაში ქუთაისის ქალაქკომის მდივანი იყო, ერთი ინსტრუქტორი ჰყავდაო. შევიდა ინსტრუქტორი უფროსთან და ეუბნება, ძალიან მიჭირს რომ გითხრათ, მაგრამ უნდა გითხრათ, ნათესავი გარდამეცვალა და რაიონში უნდა წავიდეო. კი ბატონო,  წადიო- უთქვავს ქალაქკომის მდივანს. კი წავალ, მაგრამ მერიდება, როგორ დაგტოვოთო - უფროსს დაუმშვიდებია, არა უშავსო.  არ გაჩერებულა ინსტრუქტორი, კი წავიდოდი, მაგრამ კომისია ჩამოდის და ასეთ  დროს როგორ დაგტოვოთო.  კიდევ დაუმშვიდებია უფროსს, ინსტრუქტორს ისევ დაუმატებია, არა და რომ არ წავიდე, სოფელია, ნათესავები რას იტყვიანო, აი აქ კი  გაბრაზებულა ქალაქკომის მდივანი, ერთი იმ შენი ნათესავების დედაც და შენიც, გინდა წადი, გინდა არაო. სიცილით  მომიყვა  ეს ისტორია და ბოლოს დაამატა, ვერ მეტყვი შენც მასეო?!  მას იუმორი ძალიან შველოდა საქმეში.  არაადამიანური შრომის უნარი ჰქონდა, ძალიან სწრაფად შეეძლო ენერგიის აღდგენა.  ღამის 4-5 საათზე გადიოდა სამსახურიდან და დილის  რვის ნახევარზე სამსახურში იყო.  ღამის ორ, სამ საათზე შემიტანია მასთან ხელმოსაწერად დოკუმენტები, ავტომატურად არაფერს მოაწერდა ხელს, სკულპულიოზურად კითხულობდა ყველაფერს. ღამენათევიც კი დილით  ისეთი ენერგიით მოდიოდა  სამსახურში, თითქოს ერთი თვის  დასვენებული იყო. ასეთი მომთხოვნი იყო სხვებთანაც, მაგრამ ურთიერთობაში გამოირჩეოდა  მაღალი ტაქტით  და კულტურით. ბუნებრივია, მთელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ჩემთან  იყრიდა თავს. დოკუმენტი რომ მომზადდებოდა,  მკითხავდა ხოლმე, ამაზე ვინ იმუშავაო. აუცილებლად დაიმახსოვრებდა იმ ადამიანის გვარს, ვინც ამ დოკუმენტზე მუშაობდა და მასთან  შემდეგ პერსონალურად იწყებდა მუშაობას. ძალიან ვაფასებდი მის ამ  თვისებას.

ასე მოხდა დათო უსუფაშვლის შემთხვევაშიც.  დათო  მე მოვიყვანე  ჩვენს აპარატში იურდიულ სამსახურში, მოადგილედ.

ეს იყო რეფორმების ცენტრი, სადაც მზადდებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი  თემები, რომელიც მტკიცდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის მიერ.  ერთხელ ძალიან სასწრაფო დოკუმენტზე  ვმუშაობდით, მითხრეს,  დათო უსუფაშვილი ხელს არ აწერსო, დავიბარე დათო, ამოვიდა  და კახური სიდინჯით მითხრა, მე ამ დოკუმენტს ამის  ამის გამო არ მოვაწერ ხელსო. მომეწონა დათოს პრინციპული ხასიათი. ორჯერ-სამჯერ განმეორდა ასეთი შემთხვევა. ამის შესახებ  შეიტყო ედუარდ შევარდნაძემაც. ერთხელ მის კაბინეტში ვართ მე, თენგიზ სიგუა  და ჯაბა იოსელიანი,  სასწრაფო დოკუმენტს განვიხილავთ და უცებ ეუბნებიან შევარდნაძეს, დათო უსუფაშვილი  ხელს  არ  აწერსო. იმდენად ბევრჯერ ჰქონდა  გაგებული უსუფაშვილის გვარი,  ვინ არის ეს უსუფაშვილი, ამოვიდეს ჩემთანო, დაიბარა. ამოვიდა დათო და ამდენ ხალხში გაიმეორა, რატომ არ აწერდა ხელს ამ დოკუმენტს. ედუარდს მოეწონა დათო უსუფაშვილის ასეთი ხასიათი, თავისებურად  გაეხუმრა კიდეც. ის სისტემურად უდგებოდა ყველაფერს, არა ქაოტურად, დღეს რომ ერთი უნდა თქვან და ხვალ-მეორე, ნახევარი ტონალობით იტყოდა რაღაცას, რომელიც ექვსი თვის შემდეგ  შესრულდებოდა და მაშინ მიხვდებოდით ხოლმე,  ეს რატომ თქვა.

პატრიარქმა მთხოვა ალექსი მეორე საქართველოში ჩამომეყვანა  

პატრიარქთან ჩემი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც კომკავშირში ვიყავი. ცენტრალურ კომიტეტში მუშაობის  დროს ჩვენ  ძალიან თბილი, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვიცე - პრემიერი გავხდი. მე  გავიტანე მთავრობაში საკითხი და  ეკლესია გავათავისუფლეთ ყოველგვარი გადასახადისგან.  მაშინ დაიწყო უამრავი ტაძრის მშენებლობა, საფუძველი ჩაეყარა სამების საკათედრო ტაძარს, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

როდესაც მოსკოვში გადავდიოდი  სამუშაოდ, პირველ რიგში მის უწმინდესობას  ვეახელი, მან მითხრა, იქნებ შეძლო და მოახერხო, რომ როგორმე რუსეთის პატრიარქი საქართველოში ჩამობრძანდესო. მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდათ, ალექსი მეორე ჩვენს პატრიარქს ცოცხალ წმინდანს ეძახდა. ჩემი სულიერი მამააო, ამბობდა ილია მეორეზე, სხვათაშორის ის ილია მეორემ აკურთხა პატრიარქად, სამწუხაროდ, მისთვის წესის აგებაც ჩვენს პატრიარქს მოუხდა.  მათი ახლო ურთიერთობის მიუხედავად მოსკოვში  იყო   გარკვეული პირი, ვინც უშლიდა ხელს  ალექსი მეორის საქართველოში ჩამოსვლას. მოსკოვში გადასვლიდან ერთ წელიწადში მოვახერხე რუსეთის პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლა, რის შემდეგაც მისი უწმინდესობაც ჩამობრძანდა მოსკოვში და იქ  ერთი კვირა დარჩა.  ეს ვიზიტი ჩემი მომზადებული იყო. სწორედ მაშინ  გავაცანი მის უწმინდესობას მოსკოვშ ი ბადრი პატარკაციშვილი.

პატრიარქი  ძალიან იყო დაინტერესებული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ედუარდ შევარდნაძესაც, ჯუმბერ პატიაშვილიც იყო ჩართული ამ პროცესში. პატრიარქმა ირაკლი აბაშიძეს,  რეზო თაბუკაშვილს და მე დაგვავალა ამ პროცესის მიხედვა. 1996 წელი იყო როდესაც პატრიარქი მოსკოვში ჩამოვიდა,   ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა:  მე შემოგეშველებით პატრიარქის მასპინძლობაში, ერთი საღამო იქნებ ჩემთანაც მოვიწვიოთო. ბადრის შესახებ მის უწმინდესს ვუთხარი. მითხრა, ხო მივალ ოღონდ ერთი პირობით, ის ჯვრის მონასტრის საქმეებში უნდა დაგვეხმაროსო. მართლაც ბადრიმ ძალიან დიდი როლი შეასრულა ამ საქმეში და მოგვიანებით, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ჩვენი სულიერების და კულტურისთვის.  პატრიარქს ბადრის მიმართ   იმდენად კარგი  და ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა,  რომ დღემდე თავის ოთახში მშობლების ფოტოებთან ერთად ბადრი პატარაკაციშვილის ფოტოც უკიდია.

 70- 80 იანი წლების  "რენესანსი"  და   დიდი თაობა -   ეს ადამიანები მადლობას არ ელიან, მაგრამ არც კრიტიკას  და ლანძღვას  იმსახურებენ  

70-80-იანი წლები  იყო  ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ლოგიკურია, რომ იმ  პერიოდს,  რენესანსის პერიოდიც   კი უწოდეს.

იმის მიუხედავად, რომ მაშინ, როდესაც საუბრობდი  ქართულ სოფელზე, კინოზე, კულტურაზე თუ მეცნიერებაზე, პოლიტიკური კლიშე - საბჭოთა, ოფიციალურად აუცილებლად  უნდა დაგემატებინა, ჩვენ გვქონდა ძალიან  დიდი მიღწევები და წარმატებები, რომელიც მაღალი ეროვნული და სულიერი ღირებულებით გამოირჩეოდა და დღეს  მსოფლიო დონის მონაპოვარია.  თაობა, რომელიც მოღვაწეობდა იმ პერიოდში, იყო გამორჩეული თაობა, რომელი მიმართულებაც არ უნდა ავიღოთ, ეს იყო კინო, თეატრი, მხატვრობა, მეცნიერება, ყველაფერში წარმატებულები ვიყავით.

საოცრებებს  ქმნიდნენ   რობიკო სტურუა, თემურ ჩხეიძე, ლანა ღოღობერიძე. იმ პერიოდს უკავშირდება ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჭილაძე. მაშინ მოსკოვისთვის თბილისი კარგი გაგებით, მაგრამ მაინც  პროვინციად ჩანდა. როდესაც რობიკო  სტურუა მოსკოვში ჩამოდიოდა სპექტაკლებით, იქ მოსკოვი ჩანდა პროვინციად  რობიკოს ნიჭის  წინაშე. იგივე მდგომარეობა იყო  იყო კინოშიც. რუსებს ჰყავდათ უზარმაზარი მოღვაწე კინოში და ის იყო გია  დანელია, ქართველი რეჟისორი.  ვინ იყო გია ყანჩელი? - ქართველი კომპოზიტორი.  იმ პერიოდს უკავშირდება  რეზო თაბუკაშვილის ქმნილებები, ელდარ შენგელაიას ფილმები. საოცარი მიღწევები სპორტში, მეცნიერებაში,  უდიდესი ხალხი  გვყავდა. 90- იან წლებში ლაშა თაბუკაშვლის პიესები იდგმებოდა, 5 წელი ტევა არ იყო რუსთაველის თეატრში, ასე გაგრძელდა 90- იან წლებამდე, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანას ძალიან უჭირდა, დუღდა  ქართული კულტურა.

მე მახსოვს,  როდესაც რობიკო სტურუამ  მოსკოვში დადგა "ჰამლეტი", მაშინ იქ ვმუშაობდი. სპექტაკლის ე.წ. " წინასწარ გასინჯვაზე" დამპატიჟა. "ჰამლეტის" როლში კონსტანტინე რაიკინი ათამაშა, რომელიც თავისი შეხედულებით და ჟანრით, რომელშიც ის მოღვაწეობდა,  არ იყო კლასიკური ჰამლეტის პერსონაჟი, მაგრამ ეს იყო უბრწყინვალესი დადგმა. რუსეთის მთელი ინტელექტუალური სამყარო დაესწრო ამ სპექტაკლს. რობიკოს, ისე უყურებდნენ,  როგორც გურუს.  სპექტაკლის შემდეგ მე და რობიკო თეატრის  საგრიმიოროში შევედით,  კოსტია  გრიმს იცილებდა და მითხრა, მამაჩემმა შემქმნა როგორც ადამიანი და მეორე ადამაინი, ვინც თავიდან დამბადა, რობიკო სტურუააო.

გამორჩეული  მეცნიერი და შესანიშნავი პიროვნება იყო ალეკო თავხელიძე,  ის იყო მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი და ექვსი თეორიის ავტორი. როდესაც  შვეიცარიაში დაიდგა დიდი კოლაიდერი, ამ თეორიის ავტორი ალეკოც  იყო. ამის გამო ორჯერ  წარადგინეს  ნობელის პრემიაზე, მაგრამ ორჯერვე ჩაუშალეს  ჩვენებმა  ეს ამბავი, ბოლოს კი  ალეკო აიძულეს დაეტოვებინა საქართველო. დაჭერას უპირებდნენ და წავიდა კაცი, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აკადემიისთვის გაეკეთებინათ ის, რაც გაუკეთეს.  ალეკომ  მოსკოვში დაარსა ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელად დარჩა  მაშინაც კი, როდესაც ის საქართველოში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად, მსოფლიო დონის მეცნიერები და ნობელიანტები ხრიდნენ თავს მის წინაშე და უდიდეს პატივს სცემდნენ.   სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაფასებთ ხოლმე იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად აქვს დამსახურება ქვეყნის წინაშე. 

ვერ ვიტყვი, რომ იმ წლების განსაკუთრებული ნოსტალგია მაქვს, თუმცა ხშირად მახსენდება  ხოლმე  მოვლენები  იმ  პერიოდიდან, როდესაც აქტიურად ვიყავი ჩართული პროცესებში,  მათ შორის,  რთული დღეებიც ბევრი მაქვს გასახსენებელი.  ძალიან საწყენია დამოკიდებულება რაც ხშირად არსებობს, რომ  იმ თაობის წარმომადგენელების მიმართ, ვინც იმ  პერიოდში  აქტიურად იყვნენ ჩართულები თუნდაც პოლიტიკაში, თუნდაც სხვა სფეროებში. მე ვიცი მათი წუხილი.  ისინი არ ითხოვენ არაფერს, არც მადლობებს, არც ჯილდოებს, ერთადერთი, ნუ ატკენენ გულს და   ნუ გალანძღავენ  ისეთი ადამიანები, ვისაც თვითონ არაფერი შეუქმნიათ, პირიქით, გააფუჭეს კიდეც  და ბევრი კარგად დაწყებული საქმე ცუდი გზით წაიყვანეს.  იმ ადამიანებმა   ურთულეს პერიოდში შეძლეს გაეკეთებინათ ყველაფერი, რითიც ეს  ქვეყანა აქამდე მოიტანეს, ახლა შენ გააგრძელე ეს ისტორია. ებრაელებს და გერმანელებს აქვთ  ერთი თვისება. დიდ პრობლემებს   ეტაპებად ყოფენ,  ერთი ბიოლოგიური თაობა ერთ ეტაპს გადის, შემდეგი წინა თაობის გაკეთებულს კი არ ანგრევს, პირიქით თავისას  ამატებს. ჩვენთან, სამწუხაროდ,  სხვა ტრადიციაა. ვინც მოდის, ყველა ნულიდან  იწყებს, ეს არაა სწორი,  თუ მუდმივად  ნულიდან იწყებ სულ ნულში იქნები.  წინ რომ წახვიდე, უკვე გაკეთებულს შენ, ახალმა თაობამ,  ახალი ეტაპი  უნდა დააშენო!    

თამარ ჩხენკელი  

         

ბლოგი
ნელსონ მანდელა- კაცი, რომელმაც მსოფლიო უკეთესი გახადა

თბილისი პოსტი აგრძელებს სტატიების ციკლს, სადაც ვიხსენებთ იმ საზოგადო მოღვაწეებსა თუ პოლიტიკოსებს, ვინც თავისი მოღვაწეობით და პირადი მაგალითით დიდი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში. დღეს გვინდა გავიხსენოთ ნელსონ მანდელა-  სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი, რომელმაც თავისი ცხოვრების ერთი მესამედი პატიმრობაში გაატარა და ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ნელსონ მანდელა იყო სიმბოლო სამხრეთ აფრიკის გარდაქმნისა მრავალრასობრივ, სრულყოფილ დემოკრატიად. ის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ჩაუდგა სათავეში იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობას, შემდეგ სამი ათეული წელი ციხეში გაატარა, როგორც პოლიტიკურმა პატიმარმა, და ბოლოს, ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

როლიჰლალა მანდელა სამხრეთ აფრიკის ტრანსკეის პროვინციაში დაიბადა 1918 წელს. ის ადგილობრივი ტომის ბელადის შვილი იყო. სახელი „ნელსონი“ მას სკოლის მასწავლებელმა შეარქვა, რომლისთვისაც „ნელსონი“ ალბათ უფრო იოლი წარმოსათქმელი იყო, ვიდრე როლიჰლალა.

ოჯახის წყალობით მანდელამ განათლება მიიღო უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ, ის ცოტა ხნით იოჰანესბურგში, პრაქტიკანტად მუშაობდა ერთ იურიდიულ ფირმაში. თუმცა აშკარა იყო, რომ კანის ფერის გამო მისთვის დაწინაურების შესაძლებლობა მეტად შეზღუდული იყო.

1948 წელს სამხრეთ აფრიკაში არჩევნები მოიგო ნაციონალურმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერდა აპარტეიდის პოლიტიკას - ერთმანეთისგან რასების სრულ განცალკევებას. ამ პოლიტიკის გამო შავკანიანებმა ის უმნიშვნელო უფლებებიც დაკარგეს, მანამდე რომ ჰქონდათ. მათ სამსახურებიდან ითხოვდნენ, უზღუდავდნენ თეთრკანიანებთან კონტაქტსა და საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებას, რის შედეგადაც თანდათან ისინი სრულიად გარიყეს საზოგადოებიდან.

აპარტეიდის სისტემის შემქმნელი, პრემიერ-მინისტრი ჰენდრიკ ფრენს ფერვურდი 1950-იან წლებში ხშირად ახსენებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მისი პოლიტიკის მიზანი იყო ქვეყანაში თეთრკანიანთა უწყვეტი ბატონობის უზრუნველყოფა: „მეგობრებო, ეს რესპუბლიკა ამ სამყაროში თეთრკანიანი ადამიანის სამფლობელოს ნაწილია!“ - ასე მიმართა ერთ-ერთ გამოსვლაში ფერვურდმა თავის მხარდამჭერებს.

ნელსონ მანდელა აფრიკის ეროვნული კონგრესის ახალგაზრდულ ფრთას შეუერთდა. ეს მოძრაობა მხარს უჭერდა არაძალადობრივ წინააღმდეგობას და უპირისპირდებოდა იმ კანონებს, რომელთა წყალობითაც პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას სრულად აკონტროლებდნენ თეთრკანიანები.



რამდენიმე ათეული წლით ადრე, სანამ აპარტეიდის მკაცრ კანონებს შემოიღებდნენ, იმჟამად ნაკლებად ცნობილი ინდოელი ადვოკატი, მაჰათმა განდი შთააგონა იმ ჩაგვრამ, რაც მან სამხრეთ აფრიკაში განიცადა. განდიმ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, თავის სამშობლოში, ინდოეთში დაეწყო არაძალადობრივი ბრძოლა რასობრივი თანასწორობისთვის.

თავის მხრივ, მანდელას არაერთხელ უთქვამს, რომ განდი მისი შთაგონების წყარო იყო. თითქმის ოცი წელი ის ერთგულად მიჰყვებოდა განდის გზას. მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში მანდელა და მისი თანამებრძოლები მიხვდნენ, რომ მათი მოძრაობა წინ არ მიიწევდა.

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, უფრო ხშირად იყენებდა ძალადობას წინააღმდეგობის ჩასახშობად და აპარტეიდის საწინააღმდეგო ყოველ გამოსვლას უსწორდებოდა. მანდელას თქმით, ამ გარემოებამ აფრიკის ეროვნული კონგრესი აიძულა, „ძალადობისთვის ძალადობითვე ეპასუხა“.

აფრიკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა გადაწყვიტა, არ დაეწყო პარტიზანული ომი და საფრთხე არ შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლისთვის. მათი ტაქტიკა სამთავრობო ობიექტებზე საბოტაჟის მოწყობა იყო. ისინი აფეთქებდნენ საფოსტო განყოფილებებსა და სატელეფონო სადგურებს. 1962 წელს მანდელა დაიჭირეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ერთი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას, მანდელასა და აფრიკის ეროვნული კონგრესის სხვა აქტივისტებს ბრალი დასდეს მთავრობის გადაგდების მიზნით შეთქმულების მოწყობაში. 1964 წელს მანდელასა და მის შვიდ თანამოაზრეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სასამართლოზე მანდელამ, შთამბეჭდავ ოთხსაათიან გამოსვლაში, დაიცვა საკუთარი მოქმედებები, განმარტა თეთრკანიანთა რეჟიმის წინააღმდეგ შერჩეული ტაქტიკა და მკაფიოდ ჩამოაყალიბა აფრიკის ეროვნული კონგრესის მოთხოვნები. კონგრესის ლიდერთა და მხარდამჭერთა უმთავრესი მოთხოვნა იყო შავკანიანი უმცირესობისთვის სრული პოლიტიკური თანასწორობა. მაშინ ზოგი ფიქრობდა, რომ მანდელას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ. პროცესის მსვლელობაში განსასჯელმა პირდაპირ უთხრა კიდეც მოსამართლეს, ჩამომახრჩეთ, თუ გამბედაობა გეყოფათო: „მე ვებრძოდი თეთრკანიანთა ბატონობას. მე ასევე ვებრძოდი შავკანიანთა ბატონობას. ეს არის იდეალი, რომელსაც ვუძღვნი ჩემს ცხოვრებას. თუმცა, ღვთის სახელით, თუ საჭიროა, მზად ვარ ამ იდეალისთვის მოვკვდე“, თქვა მანდელამ სასამართლო პროცესზე.

მოსამართლე შედრკა და მანდელა გადაიყვანეს კუნძულ რობენის ავადსახსენებელ ციხეში, სადაც მან 27 წელი გაატარა. ციხეში ყოფნისას მანდელას ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა და აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობამ საერთაშორისო განზომილება შეიძინა. გაერომ სამხრეთ აფრიკას დაუწესა იარაღის ემბარგო, გაიზარდა ბოიკოტების რიცხვი და მანდელა თანდათან იქცა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ „სინდისის პატიმრად“.



1990 წელს, ციხიდან გამოსვლისას, მას გმირივით შეეგება მთელი ქვეყანა. სამხრეთ აფრიკაში ახალი ეპოქა იწყებოდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მანდელა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ფრედერიკ დე კლერკთან ერთად ნიადაგს უმზადებდა აპარტეიდის ეპოქის დასასრულს. მათმა თანამშრომლობამ გზა გაუხსნა ქვეყნის პირველ, სრულფასოვან, დემოკრატიულ არჩევნებს. ამ მიღწევისთვის მანდელა და დე კლერკი ნობელის სამშვიდობო პრემიით დააჯილდოვეს.

1994 წელს ნელსონ მანდელამ გაიმარჯვა ქვეყნის პირველ, მრავალრასობრივ საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეზიდენტობის პერიოდში მანდელა აქტიურად ატარებდა შერიგებისა და შემწყნარებლობის პოლიტიკას, რისთვისაც საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა უკვე როგორც პოლიტიკურმა მოღვაწემ.

1999 წელს, როცა მანდელამ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სამხრეთ აფრიკაში, მართალია, ჯერაც უამრავი პრობლემა რჩებოდა მოსაგვარებელი, მაგრამ ქვეყანამ მაინც უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა წინ.

მოგვიანებით ნელსონ მანდელა აქტიურად ჩაება შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მოძრაობაში და მხარს უჭერდა საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობის კამპანიას. მისი უფროსი ვაჟი სწორედ შიდსით გამოწვეული გართულებებისგან დაიღუპა. მანდელამ კიდევ ერთხელ გამოავლინა გამბედაობა და საჯაროდ ისაუბრა შვილის სიკვდილზე იმ დროს, როცა შიდსზე საუბარი, შეიძლება ითქვას, ტაბუირებული იყო.

საჯარო ცხოვრებას ნელსონ მანდელა 2004 წელს ჩამოცილდა.  გარდაიცვალა 2013 წელს, 95 წლის ასაკში. თავისი მოღვაწეობით მანდელამ უზარმაზარი კვალი დაამჩნია სამხრეთ აფრიკის - და არა მარტო ამ ქვეყნის - საზოგადოებრივ ცხოვრებას. ბევრისთვის ის მაჰათმა განდის მსგავსი გმირია, რომელმაც საკუთარი ქვეყანა შეცვალა არა ძალის გამოყენებით, არამედ სხვებისთვის მორალური მაგალითის მიცემით.

სრულად
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, შეასრულებს თუ არა ქართული ოცნება დაპირებას არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.