USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Тбилиси
ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსი დააკავეს და ბრალი წარუდგინეს
дата:  723

არიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.

გამოძიების ინფორმაციით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც.

"კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. ტუმბოების მოწყობის ინსტრუქციაში არ იყო მითითებული, რომ ტუმბოები უნდა დამონტაჟებულიყო დამცავი გათიშვის მოწყობილობის გამოყენებით, ასევე პროექტში არ იყო ასახული ელექტროტუმბოს დახურვის მეთოდი ისე, რომ ელექტროტუმბო ყოფილიყო მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მასში ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის აუზის გარეთ, ხოლო კორექტირებულ პროექტში ტუმბოები შეტანილია შადრევნის აუზში",- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტროდენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა.

ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

"კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში. ამასთან, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური)",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი დადგინდა.

კერძოდ, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,გრინსერვისი +“-ს შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტიურად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ,,გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. აღნიშნულ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს ,,გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა.

საბოლოოდ, შპს ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ელექტროტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2020 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს LMC -ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს LMC -მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანს“ მიმართა.

2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მან ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი რომლებსაც შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს LMC -ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати