USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
უწმიდესი და უნეტარესი კირიონ ll სიტყვა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამო
თარიღი:  1117
 
"ეს არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამასა შინა’’
დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა!
დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღეთ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვილება. ღმერთმა განუსვენოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისათვის და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. დიდი წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება და ობლის კვერივით გვიან გამოცხვა.
მადლობა ღმერთს, ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ხალხს. ესე უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა. აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავისუფალ საქართველოში. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძნე-სიფხიზლეს თხოულობს ჩვენგან.
ერთობაში არის ძალაო, ამბობენ, და თუ ეს ესეა, ეხლანდელი მომენტი მით უმეტეს მოითხოვს ყველასაგან ძმურ შეერთებასა და შრომას.
თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია - როდესაც კაცს უბედურება დაატყდება, ველური კაცის ხარისხზედ ჩამოდის იგი. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ცხოვრებისა. თავისუფლება ღვთიური ნიჭია.
ჭეშმარიტი მამულიშვილი მოვალეა თუ პოლიტიკური გარემოება მოითხოვს, იარაღით ხელში დაიცვას
მოპოვებული თავისუფლება. „კაცი ჯაბანი რითა სჯობს“ , - ამბობს უკვდავი შოთა, „დიაცსა ქსლისა მბეჭველსა“ და „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“.
მაშ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს! გაუმარჯოს ყველა ამ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!
ლოცვა -კურთხევა და მადლი უფლისა ჩვენისა გიძღოდეთ და მარად ჰფარავდეს ქართველ ერსა.
ამინ."
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის