USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«Junge Welt» (გერმანია): „ვისთვის არის კაშხლის დანგრევა მომგებიანი?“
Date:  

გერმანულ გაზეთ „იუნგე ველტში“ (Junge Welt), მდ. დნეპრზე არსებული კახოვკას ჰესის კაშხლის გარღვევასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვისთვის არის კაშხლის დანგრევა მომგებიანი?“ (ავტორი - რეინჰარდ ლაუთერბახი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გეორგ ჰეგელს უთქვამს ერთხელ, რომ ომი ისეთი მდგომარეობაა, რომელშიც ყველა ამქვეყნიური სიკეთის ამაოება და დროებითობა ყველაზე უფრო უკეთ ჩანსო. ამ კონტექსტში სწორია ის აზრიც, რომ ომის (კონფლიქტის) დროს ერთ-ერთი რომელიმე დაპირისპირებული მხარე ყოველთვის ურიგდება თავისი კონტროლის ზონაში მომხდარ ყველა ნგრევას, თუ იგივე ნგრევა უფრო დიდ ზიანს მოუტანს მოწინააღმდეგე მხარეს. ამგვარ სიტუაციებში არცერთი მხარის პასუხისმგებლობა არ უნდა გამოირიცხოს. ასე მოიქცა, მაგალითად, რუსეთის არმიის სარდლობა 1812 წელს საფრანგეთთან (ნაპოლეონ ბონაპარტთან) ომის, როცა მოსკოვი თვითონ გადაწვა, რათა ფრანგ დამპყრობლებს ნორმალურად გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლები არ ჰქონოდა.

კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების თაობაზე ჯერ-ჯერობით ბევრი რამ უცნობია, მაგრამ გარკვეული მტკიცებულებებისა და მოტივების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ ვის სტრატეგიაში შედიოდა ყველაზე მეტად მდ. დნეპრზე არსებული ყველაზე დიდი წყალსაცავის ჯებირის დანგრევა.

ზოგიერთი ასპექტი უკრაინის ინტერესებზე მიუთითებს: ჯერ ერთი, რომ კაშხლის გარღვევით გამოწვეულმა წყალდიდობამ პირველ რიგში რუსეთის მიერ კონტროლირებული მდინარის მარცხენა - შედარებით უფრო დაბალი - ნაპირი დააზარალა; მეორე - რუსეთმა ხერსონიდან ანუ დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან უკან რომ დაიხია, მარცხენა ნაპირზე პოზიციები გაამაგრა და დანაღმა, უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში. ახლა კი წყალმა ყველაფერი წალეკა და ამ ადგილებში უკრაინელი მედესანტეები შედარებით უსაფრთხოდ გაივლიან; მესამე - უკრაინა დიდი ხანია იმარაგებდა სასმელ წყალს იმ შემთხვევისათვის, თუ მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებული პუნქტები, კაშხლის სავარაუდო დანგრევის შემთხვევაში, უწყლოდ დარჩებოდნენ (ქალაქ კრივოი როგის უკრაინელმა მერმა განაცხადა, რომ წინასწარ მოიმარაგეს სასმელი წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობა);

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წყალსაცავის დონის დაკლებისა და მისი გაქრობის შემთხვევაში წყალი აღარ იქნება ჩრდილოეთ ყირიმის არხშიც, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფს. 2014 წელს არხი კახოვკასთან უკრაინელებმა ჩაკეტეს და ყირიმს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რის შემდეგაც 2021 წლის დიდი გვალვის დროს ყირიმს უდიდესი ზარალი მიადგა. სწორედ ამიტომ რუსეთის არმიამ შარშან თებერვალში სწრაფად დაიკავა კახოვკა და არხში წყალი გაუშვა. ახლა კი ყირიმის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი აქსენოვი ძალიან ცუდ ხასიათზეა. აღსანიშნავია ისისც, რომ კახოვკის წყალსაცავიდან მარაგდებოდა სასმელი წყლით რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები ბერდიანსკი და მელიტოპოლი, რომლებიც ახლა წყლის დეფიციტს განიცდიან.

რას ნიშნავს ეს უკრაინისათვის? ნიშნავს იმას, რომ კაშხლის განადგურებით და მისგან გამოწვეული უწყლოობით ყირიმი და სხვა ოკუპირებული რეგიონები რუსეთისთვის ეკონომიკურ მნიშვნელობას კარგავს. ანუ, სიტუაცია ასეთია: უკრაინას მათი უკან დაბრუნება ბრძოლით არ შეუძლია, მაგრამ არც რუსეთისათვის აღარ არის მომგებიანი. ამ თვალსაზრისით კაშხლის განადგურება შეიძლება განხილული იქნას როგორც თავის დაზღვევა იმ შემთხვევისათვის, თუ უკრაინის არმიის კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდება.

თუმცა, კიევის მხარესაც აქვს „ალიბი“, რადგან თუ მეომარი მხარე დარწმუნებულია გამარჯვებაში და მტრისგან თავისი მიწა-წყლის გათავისუფლებაში, ის ყოველთვის ცდილობს დასაკავებელი ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას.

წყარო: https://www.jungewelt.de/artikel/452268.wem-n%C3%BCtzt-es.html

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way