უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა და 90-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის მიერ დღეს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქების 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. გენშტაბის ცნობითვე, სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს, ნაღმმტყორცნებს და არტილერიას.
უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 3 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელეს 21 დარტყმა. გენშტაბის თანახმად, დადასტურებულია 16 რაიონში კონცენტრაციის ადგილების და საყრდენი პუნქტების და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 5 პოზიციის განადგურება. სარდლობის ცნობითვე, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის 14 ობიექტზე და დანაკრგები ჯერ დაზუსტებული არ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი განაგრძობს საკუთარ არმიაში დანაკარგების არასტანდარტული მეთოდებით შევსებას და ქვედანაყოფების გასაძლიერებლად ქალაქ ტამბოვიდან უკრაინაში გაგზავნა 400 პირი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
ბოლო ხანს გავრცელდა არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომრად წასვლას და ამ პროცესს ხელმძღვანელობს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებლად მიჩნეული, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/