USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
Tbilisi
უხვმა ნალექმა და სეტყვამ დააზიანა ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი. მიმდინარეობს ზარალის დათვლა
Date:  822

სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზარალა. თითქმის 100%-ით განადგურდა როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის ვენახის ნაწილი.

ძლიერმა სეტყვამ საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილებიც დააზიანა. დაიტბორა სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტრომომარაგების მხრივაც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის ზონაში ვითარებას ადგილზე გაეცნო ყვარლის მერი. გივი ზაუტაშვილის განმარტებით, სპეციალური კომისია ზარალს უკვე ითვლის.

„უხვმა ნალექმა და სეტყვამ დააზიანა ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ჩვენი ადგილობრივი ძალებითა და სამაშველო სამსახურების დახმარებით გაწმენდილია გზები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.

სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ლაგოდეხის მერის მოადგილის, ზურაბ კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, “თითქმის მთლიანი მუნიციპალიტეტი დაისეტყვა”.

“ახლა მერიის წარმომადგენლებთან ერთად დავდივართ და ობიექტებს ვათვალიერებთ… ზარალს კომისია დილიდან დაითვლის და შეაფასებს, მაგრამ რეალურად, პრობლემა ყველა სოფელშია”, — აღნიშნა კოჭლამაზაშვილმა.

ლაგოდეხის მერიამ ამ საკითხზე სოციალურ მედიაშიც დაწერა. უწყების ცნობით, “სტიქიამ, მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები”.

“ადგილობრივი ტექნიკის საშუალებით პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს”, — აღნიშნავს მერია და ამატებს, რომ ზარალის დათვლის შემდეგ, მოსახლეობას დახმარებას “შესაძლებლობის ფარგლებში” აღმოუჩენენ.

business
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way