USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
უცხოელების თვალით დანახული საქართველო
Date:  954

ქართველი ხალხი ცნობილია უძველესი კულტურითა და მდიდარი ტრადიციით. უცხოელი მოგზაურები, იტალიელი მისიონერები აღფრთოვანებულნი არიან ქართული ცხოვრების წესით, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ქართველთა შინაგანი კულტურით, განსაკუთრებით ქართველი ქალების კდემამოსილებით, ოჯახისადმი ერთგულებით, სილამზითა და სათნოებით. საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებებით ისინი საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ქართველების, ქართველი ქალების შესახებ.

შარდენის აზრით, “ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”

 

ჟან შარდენი

მეორე ფრანგი მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელმაც საქართველოში 1820-იან წლებში იმოგზაურა, შარდენის მსგავსად, ქართველებს ადამიანის მოდგმის ნიმუშად მიიჩნევდა. მისი აზრით, ქართველები მეტად ლამაზები, გონიერები და თავაზიანები არიან. იტალიელი მისიონერის დონ ჯუზეპე მილანელის დახასიათებით კი, “ქვეყანა და განსაკუთრებით ქალები მეტისმეტად ლამაზებია. ამ მხარეში უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყანაში, დიდი თავშეკავებაა საჭირო, რომ ცდუნებაში არ ჩავარდეს კაცი.”

საქებარ სიტყვებს არც იტალიელი მისიონერი და მხატვარი დონ ქრისტოფორო კასტელი იშურებს (1627-1654 წწ-ში ცხოვრობდა საქართველოში). იგი მოხიბლულია ქართველი ქალების სილამაზითა და გონიერებით. მის მიერ დახატულ ქართველი ქალის სურათზე იგი ასეთ წარწერას აკეთებს: “იგი ნაწილობრივ ზეციური იყო დედამიწაზე შექმნილთა შორის.” სხვა სურათზე გაკეთებული წარწერა კი გვამცნობს: “უკეთილშობილესი ქართველი ქალი, მამუკა ბისკაიას მეუღლე, როდია მიქელაძე, ნიჭიერი, უმაღლესი სათნოებისა და პატიოსანი ყოფაქცევით შემკული მხატვარი ქალია, უმაღლეს მთებში მცხოვრები.”

ვინკელმანი: “ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან, სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.”

სტრაბონი: “არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.”

სტრაბონი

მარკო პოლო: “ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ბარს შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი აღება და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი). საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ.”

იმანუელ კანტი: “საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.”

პიეტრო დელა ვალე: “ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან. მოლაპარაკების დროს არ არიან ჯუიტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება”.

ბარონი ფონი: “ქართველები უნიკალური, ყოველმხრივ დაჯილდოებული ხალხია.”
ალ.დიუმა: “ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ, ზეცა იერიშით აიღონ.”

ბარონ დე-ბაი (ფრანგი არქეოლოგი): “მთელი საქართველო მშვენიერ წალკოტს წარმოადგენს, ხოლო კახეთი საქართველოს ედემია… მომხიბლა ქართულმა ხელოვნებამ, გამოფენამ… ქართველი განსაკუთრებით პატივისმცემელია მანდილოსნისა, აქ მის სურვილს ხშირად უსიტყვოდ ემორჩილებიან. საკმარისია ქალმა მანდილი ჩააგდოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმულთა შორის, რომ ჩხუბი მყისვე შეწყვიტონ, თითქოს რაღაც ზეციური შუამავალი ჩაერია…”

კარლ კოხი: “საქართველო ძველთაგანვე ცნობილი კლასიკური მიწა-წყალია… ჯერ კიდევ სამი ათასზე მეტი წლის წინათ იყო მაღალი კულტურის ქვეყანა, შემდეგ მტერთა სათარეშოდ ქცეული, არაერთხელ გაპარტახებული და კვლავ გამოცოცხლებული, აყვავებული.”

ფრიდრიხ ბოდენშტედტი: “ქართველები-კოლხები, კახელები, იმერლები, გურულნი, მეგრელნი, სვანები და სხვანი ერთ მშობლიურ ენაზე-ქართულად მეტყველებენ დასაბამიდან და ეს იყო მათი ენა აყვავების ხანაშიც, როცა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, თერგიდან არაქსამდე მეფობდნენ.
საქართველოვ, მშვენიერო ჩემო მხარევ!
სწორედ შენზე დაბერტყილა უფლის კალთა,
შენს წალკოტში დადის გუნდი ტურფა ქალთა,
სილამაზით მათი მსგავსი არსად არი,
არც ყოფილა ქვეყნად მათი დასადარი…”

ტონინიო გუერა

ჰანს შერფიგი (დანიელი მწერალი): “საქართველო-ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა.”

ბილი ჯოელი (ამერიკელი მომღერალი): “ქართველებს გამორჩეული, მშვენიერი სახე აქვთ და ამაყობენ თავიანთი მშვენიერი ქვეყნით, როგორც მე ვამაყობ იმით, რომ ნიუ-იორკელი ვარ. საქართველოში კვლავ დავბრუნდები.”

ტონინო გუერა: “თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი.”

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way