USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
„უილიამ ბერნსი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დირექტორი, უჩვეულო უფლებამოსილებით“ - «The New York Times» (აშშ)
თარიღი:  524

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 10 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „უილიამ ბერნსი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დირექტორი, უჩვეულო უფლებამოსილებით“ (ავტორი - რობერტ დრეპერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მცირე შემოკლებით:

67 წლის უილიამ ბერნსი ამერიკული დიპლომატიური სამსახურის - სახელმწიფო დეპარტამენტის ვეტერანს წარმოადგენს. მას დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, იყო აშშ-ის ელჩი რუსეთში და მუშაობდა ბოლო წლების დემოკრატი თუ რესპუბლიკელი პრეზიდენტების ყველა ადმინისტრაციაში, რონალდ რეიგანიდან დაწყებული (დონალდ ტრამპის გარდა).

(...)

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოში უილიამ ბერნის ორწლიანი სამსახურის დროს თავდაპირველად მისი გავლენა მნიშვნელოვანი, მაგრამ იმავდროულად შეუმჩნეველი იყო. უილიამ ბერნსმა, ჯო ბაიდენის უახლოესი გარემოცვის წევრმა, რომელიც თითქმის 15 წლის წინათ ამერიკის ელჩი იყო რუსეთში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროინდელ დემორალიზებულ სააგენტოს (ხომ გახსოვთ დ.ტრამპის განცხადება, რომ იგი „პუტინს უფრო მეტად ენდობოდა, ვიდრე საკუთარ დაზვერვას“) პრესტიჟი აღუდგინა და „დაამტკიცა CIA-ს უპირატესობა ვლადიმერ პუტინთან შედარებით“. ბოლო დროს კი, მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა საქმიანობა ტრადიციულად ჩრდილში რჩება ხოლმე, აშშ-ის ადმინისტრაციამ უილიამ ბერნსის საქმიანობა საჯარო გახადა და საზოგადოების წინაშე გამოიტანა.

სწორედ უილიამ ბერნსი და არა ენტონი ბლინკენი (აშშ-ის სახელმწიფო მდივანი) გაგზავნა ჯო ბაიდენმა მოსკოვში 2021 წლის ნოემბერში, სადაც კრემლიდან იგი სოჭში მყოფ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და გააფრთხილა - „ყველაფერი ვიცით თქვენი გეგმების შესახებ და უკრაინაში არ შეიჭრეთო“.  ამ მოვლენამდე სამი თვით ადრე მისტერ ბერნსი ქაბულში იმყოფებოდა და ავღანელი თალიბების ლიდერებს შეხვდა - აუცილებელი გახდა გარკვეული დელიკატური საკითხების მოგვარება, რადგან ამერიკას ამ ქვეყნიდან ჯარის გაყვანა ჰქონდა დაგეგმილი (თუმცა ავღანეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებში CIA-ს დირექტორმა მაინც დაუშვა გარკვეული შეცდომები).

(...)

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წინა დირექტორები, რა თქმა უნდა, გარკვეულ როლს ასრულებდნენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გატარებაში, მაგრამ ეს თანამდებობა მაინც ტრადიციულად განიხილებოდა როგორც სადაზვერვო მონაცემების შემკრები და მათი გადამამუშავებელ დაწესებულების ხელმძღვანელის სახით, რომელიც პოლიტიკის გარეთ დგას, მაგრამ იმავდროულად, პოლიტიკაზე გავლენას ახორციელებს.

უილიამ ბერნსი CIA-ს პირველი ისეთი დირექტორია, რომელიც პროფესიონალ დიპლომატს წარმოადგენს და 32-წლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. იგი პირადად იცნობს უცხოეთის ქვეყნების ლიდერებს. უილიამ ბერნსი თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად, ფრანგულად და არაბულად. მასთან ყოველდღიურად აქვთ კონტაქტი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და ჯეიკ სალივანს, პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში.

(...)

ჯო ბაიდენი და უილიამ ბერნსი ერთმანეთს უკვე მეოთხედი საუკუნეა იცნობენ - იმ დროიდან, როცა ბერნსი აშშ-ის ელჩი იყო იორდანიაში, ბაიდენი კი სენატის საერთაშორისო ურთიერთობებეის კომიტეტეის წევრი. ისინი ერთმანეთს განსაკუთრებით დაუახლოვდნენ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, როცა ბერნსი სახელმწიფო მდივნის მოადგილე გახდა, ბაიდენი კი - ვიცე-პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ მათი აზრი ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვეოდა - მაგალითად, ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის და ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის რეჟიმების დამხობის მიმართ. ბაიდენი წინააღმდეგი იყო, ბერნსი კი აქტიური მომხრე.

(...)

თუ ჯო ბაიდენი მეორე ვადით იქნება არჩეული აშშ-ის პრეზიდენტად, თეთრ სახლთან  ახლოს მდგომი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების ვარაუდით, უილიამ ბერნსი ენტონი ბლინკენს შეცვლის. პირადად ბერნსი და მისი კოლეგა-თანამშრომლები ამაზე  არაფერს ამბობენ. თუმცა, როგორც რიჩარდ არმიტიჯი, მისი მეგობარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამბობს, „პრეზიდენტმა რაც არ უნდა სთხოვოს, იგი ყველაფერს გააკეთებს“.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/05/09/us/politics/william-burns-cia-biden.html

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის