USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
უჩა მამაცაშვილის იურისტის განცხადება
Date:  780

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის იურისტი ამირან გიუნაშვილი აცხადებს, რომ ისინი ანტიკორუფციულ ცენტრს სიცრუის გავრცელებისთვის უჩივიან.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში გიუნაშვილმა საქმის დეტალების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სარჩელი ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გაკეთებულ შვიდ სხვადასხვა განცხადებას ეხება, რომლებშიც ისინი მამაცაშვილს თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობაში, ასევე გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფთან კავშირში ადანაშაულებენ.

კითხვას - რატომ გადაწყვიტა უჩა მამაცაშვილმა დღეს სასამართლოსთვის მიმართვა, გიუნაშვილი ასე პასუხობს:

“რატომ ახლა? - მეც დავუსვი ეს კითხვა ჩემს კლიენტს, რაზე პასუხიც იყო შემდეგი - ერთია, როდესაც გაბრალებენ პოლიტიკურ აფილაციას, მეორეა, როდესაც გაბრალებენ საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობას და მესამე, რასაც აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობა და მისი სპიკერები, რომ თითქოს ელექტროენერგიის გაძვირება დაკავშირებულია უჩა მამაცაშვილის კორუფციულ ინტერესებთან და რომ გაზრდილი ტარიფიდან სარგებელს შავი ფულის სახით იღებს ბატონი უჩა მამაცაშვილი.

ეს არ უტოვებს ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ საზოგადოების წინაშე აქვს ანგარიშვალდებულება, რომ არ გასცეს ამაზე პასუხი. ეს პასუხი არის სწორედ იმგვარი სახითაც, როგორი სახითაც შეიძლება დღეს საკანონმდებლო სივრცეში იმოქმედოს ადამიანმა და სასამართლომ დააკისროს მას პასუხისმგებლობა იმ ცილისწამებასა და ტყუილზე, რომელიც საჯაროდ გაავრცელა და ამით მორალაური ზიანი მიაყენა და საქმიანი რეპუტაცია შეულახა მოსარჩელე მხარეს.

ანტიკორუფციული მოძრაობის მხრიდან ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ტყულის კამპანია. ის მიმართული იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და მეორე, ამით შელახულიყო უჩა მამაცაშვილის საქმიანი რეპუტაცია. გუშინდელმა ეთერმაც დამარწმუნა, რომ ეს კამპანია იყო ცილისმწამებლური, რადგანაც არანაირი მტკიცებულება მათ არ აქვთ; მეტიც თქვეს, რომ ეს განცხადებები იყო შეფასებითი კატეგორიის.

შვიდი განცხადება გვაქვს ამოღებული, რომელიც ადასტურებს, რომ მათი განცხადებები სცდება შეფასებით კატეგორიას და იყო მტკიცებითი ხასიათის.

ჩვენ მითითებული გვაქვს, რომ 150,000 ლარი, რასაც თუკი გავიმარჯვებთ და დაეკისრებათ მოპასუხეებს გადასახდელად, მიემართება მოხუცებულთა პანსიონის ბენეფიციარებისკენ, რომელთაც სხვათაშორის ბატონი უჩა მამაცაშვილი ეხმარება და პატრონაჟს ახორციელებს.

2017 წლიდან ბატონი უჩა მამაცაშვილის სახელი დაკავშირებულია მაღალტექნოლოგიური პროექტების განხორციელებასთან, არის ასეთი კომპანია Middle Seas Capital, სადაც გამჭვირვალედ წერია ვინ არის ბატონი უჩა მამაცაშვილი და რა პროექტებს ახორციელებს,”- განაცხადა ამირან გიუნაშვილმა.

სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ანტიკორუფციული მოძრაობის ლიდერმა ვასო ურუშაძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ მსგავსი სასამართლო სარჩელები მიზნად არასამთავრობო სექტორის საქმიანობისთვის დისკომფორტის შექმნას ემსახურება.

"ქართულ ოცნებაში და მათმა არაფორმალურმა მმართველებმა მიიღეს "სტრატეგიული" გადაწყვეტილებაა. თითქოს, ეს ყველაფერი ცილისწამებაა და ეს ყველაფერი ემსახურება ერთს - ადამიანს აღარ გაჩნდეს სურვილი გაპროტესტების. ვინც ვართ არასამთავრობო ორგანიზაციები, შეგვიქმნან დისკომფორტი, შეგვაშინონ და შევწყვიტოთ მათი მხილება. ეს არის წარუმატებელი მცდელობა", - ამბობს ვასო ურუშაძე.

უჩა მამაცაშვილის შესახებ:

უჩა მამაცაშვილმა საინვესტიციო საქმიანობა მან 1993 წელს „ბანკ როსიისკი კრედიტში“ დაიწყო და საინვესტიციო მიმართულებით წამყვანი პოზიციები ეკავა. 1996-2002 წლებში იგი „მეტალოინვესტის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2006-2012 წლებში კი, ერთ-ერთ უმსხვილეს აგროსამრეწველო ჰოლდინგს – „სტოილენსკაია ნივას“ ხელმძღვანელობდა.

2013 წელს უჩა მამაცაშვილი – „საპარტნიორო ფონდის“, 2016 წელს კი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. 2017 წელს მან დააფუძნა საინვესტიციო კომპანია „Middle Seas Capital“-ი.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way